"თუ ქვეყანას აქვს შესაძლებლობა მიიღოს სარგებელი, რატომ არ უნდა გააკეთოს ეს?" - კვირის პალიტრა

"თუ ქვეყანას აქვს შესაძლებლობა მიიღოს სარგებელი, რატომ არ უნდა გააკეთოს ეს?"

საქართველოს პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტის განხილვის პარალელურად, დაჩქარებულად განიხილა და ორ დღეში სამი მოსმენით დაამტკიცა ოფშორულ ზონებთან დაკავშირებული საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებები. ცვლილებები ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ კომპანიებს გადასახადებისგან ათავისუფლებს, თუკი ისინი თავიანთ აქტივებს საქართველოში დარეგისტრირებულ კომპანიას გადაუფორმებენ. ცვლილებებით, ოფშორული ზონებიდან საწარმოს გადმოტანის ანუ, კანონის თანახმად, ოფშორში რეგისტრირებული "საწარმოს ყველა აქტივზე (მათ შორის, წილზე/აქციაზე) საკუთრების უფლების, 2028 წლის 1-ლ იანვრამდე საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის შემთხვევაში", შეღავათიანი პირობები იმოქმედებს, რიგ შემთხვევაში 2030 წლამდე. შეგახსენებთ, რომ საქართველოში მოგების გადასახადი 15%-ია, საშემოსავლო - 20%, იმპორტის გადასახადი კი 5% ან 12%, საქონლის სახეობების მიხედვით.კანონპროექტის განმარტებით ბარათში მიზნად არის დასახელებული, რომ "ეს წაახალისებს ოფშორებიდან საქართველოში აქტივების გადმოტანის პროცესს". კანონის ერთ-ერთი ინიციატორის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძის განცხადებით, ცვლილების მიზეზი ის არის, რომ ოფშორულ ზონებში "მეტი გამჭვირვალობაა, მეტი მონიტორინგია და გადასახადებმა მოიმატა". ამიტომ კომპანიები, მისი თქმით, ასეთი ზონების დატოვებას აპირებენ.ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, ეს კანონი "ქართულმა ოცნებამ" ბიძინა ივანიშვილისა და რუსი ბიზნესმენების ქონების გადასარჩენად მიიღო და შიშობენ, რომ ამით საქართველო "შავი ფულის ბაზარი" გახდება. რეალურად რას ნიშნავს ეს ცვლილება და რამდენად საფუძვლიანი შეიძლება იყოს არსებული შიში, ამის თაობაზე ვესაუბრეთ ეკონომიკის დოქტორს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორ ვახტანგ ჭარაიასა და ბიზნესადმინისტრირების დოქტორს, "ბიზნესინსაიდერ საქართველოს" დამფუძნებელ გიორგი აბაშიშვილს.

"ყველაზე დიდ რისკს იმაში ვხედავ, რომ საგადასახადო შეღავათმა ადგილობრივ კონკურენციას შეიძლება პრობლემა შეუქმნას "

ვახტანგ ჭარაია: - ყურადღება იმაზე გავამახვილოთ, თუ ამან რა შედეგები შეიძლება მოიტანოს საქართველოსთვის. დავიწყოთ პოზიტიურით. შესაძლო პოზიტიური მხარე შეიძლება იყოს ის, რომ საქართველოში შემოვიდეს დამატებითი ინვესტიციები, ახალი თუ ძველი მოთამაშეები დაინტერესდნენ საქართველოში ფულის ნაკადების გადმოსროლითა და ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართვით. ეს, წესით, ცუდი არ არის, რადგან ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის და საბიუჯეტო შემოსავლებს დააგენერირებს.

იმის გათვალისწინებით, რომ 2030 წლამდე გადასახადებისგან თავისუფლდებიან, ცხადია, ბიუჯეტში განსაზღვრული გადასახადებიდან შემოსავლების მიღება შეიზღუდება, თუმცა ეკონომიკური აქტიურობა მაინც პოზიტიურ როლს შეასრულებს. ამაში უპირველესად იგულისხმება სამუშაო ადგილების შექმნა და პროდუქციის წარმოება თუ მომსახურება, რაც, ცხადია, ზრდის ეკონომიკურ აქტივობას და ირიბად - ბიუჯეტის შემოსავლებსაც. საბოლოო ჯამში იმაზე საუბარი, რა მასშტაბები შეიძლება მიიღოს ამან, მეტად რთულია, რადგან მხოლოდ კანონის მიღება არ არის გადამწყვეტი.

კანონი პირველი ნაბიჯია, რათა ესა თუ ის ინვესტორი დაინტერესდეს. ამიტომ ვამბობ, რომ სხვა თანაბარ პირობებში ეს დამატებითი ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობას ქმნის, რადგან ინვესტორი სწორედ ამ საგადასახადო შეღავათების გამო უნდა წამოვიდეს და ეს იქნება მისი სარგებელი, ხოლო ქვეყნის სარგებელი იქნება ის სამუშაო ადგილები, რომლებიც აქ, ადგილზე შეიქმნება, და ეროვნული წარმოება განვითარდება.

თუმცა, მეორე მხარე ის არის, რომ ოფშორებთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი მორალურიც არის და შესაძლოა ლეგიტიმურიც იყოს კითხვა, შესაძლებელია თუ არა ოფშორებიდან მოზიდულ ფულს თან რაიმე ხიფათი მოჰყვეს. ოფშორებიდან ფულის მიღება შეზღუდული არ არის, აქამდეც მოდიოდა საქართველოშიც და სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში. მთავარია, ოფშორიდან მომავალი ფული აკმაყოფილებდეს გამჭვირვალობის განსაზღვრულ კრიტერიუმებს - ვინ არის ამ ფულის შემომტანი, ვინ დგას მის უკან, ცალკეულ შემთხვევებში კი ეს ფული რა გზით არის ნაშოვნი და ა.შ., ან ის საწარმო, სადაც ინვესტირებას აკეთებს, ვისია, ვის რა წილები ეკუთვნის და მათ შორის რა დარგებში ხდება ინვესტირება. სხვადასხვა ქვეყანაში აკრძალვები სხვადასხვა დარგს შეეხება, მაგალითად, მედიას, ენერგეტიკას და სხვ. საქართველოს შემთხვევაში ჩვენ ბაზარი ღია გვაქვს და ინვესტორს ყველა დარგში შეუძლია შემოსვლა. თუ ინვესტორი აკმაყოფილებს გამჭვირვალობის კრიტერიუმებს, ოფშორიდან ფულის მიღება არ ქმნის პრობლემას არც საქართველოში და არც სხვაგან, რადგან ოფშორი არ მიიჩნევა შავ ხვრელად, საიდანაც ფულის მიღება გამორიცხულია. თუმცა, ცხადია, მნიშვნელოვანია, რა ინტერესების მქონე კომპანიები დაინტერესდებიან. შესაძლოა კონკურენციის თვალსაზრისით ადგილობრივ წარმოებას შეექმნას პრობლემა, რაკი ეს შემოსული კომპანია არ გადაიხდის გადასახადებს, ხოლო ადგილობრივი გადაიხდის. ეს კი კონკურენციისა და თანაბარი პირობების შესახებ კითხვებს ბადებს. სხვა საკითხია, რომ ვინც აქ შემოდის, აქაურ კანონმდებლობას უნდა დაექვემდებაროს და თუკი ეს მხარე მოწესრიგებულია, პრობლემა არ არის.

საერთაშორისო შეფასებები მიუთითებს, რომ ამ მხრივ პრობლემები არა გვაქვს. ამიტომ ცალსახა ნეგატიურ მხარეს ვერ ვხედავ, გარდა ადგილობრივი წარმოებისთვის არათანაბარი პირობების შექმნისა, რაც თავისთავად კარგი არ არის. ცხადია, გააჩნია ინვესტიციის მოცულობასაც და ა.შ.

მეორე მხრივ, შესაძლოა საქართველოს წინააღმდეგ შავი პიარის აგორების საფუძველი გახდეს.

- ეჭვი გაჩნდა, რომ ეს კეთდება რუსული კომპანიებისთვის, რათა სანქციებს თავი აარიდონ. ეს არ არის საფრთხე?

- ოფშორი არის მხოლოდ საბანკო ოპერაციებისთვის და საქართველოს თუ გამოიყენებენ იმ მიზნით, რომ აქ კომპანია დააფუძნონ, ეს არ ნიშნავს რუსული კომპანიის საქართველოში გადმოსვლას. ეს შეიძლება ნიშნავდეს ვიღაც რუსი ბიზნესმენის ფულის საქართველოში გადმოსროლას, მაგრამ ეს ფული გამჭვირვალობის რაღაც კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს და აქ კანონმა უნდა დაგვიცვას, რადგან საქართველოს ეროვნული ბანკი კანონისთვის გვერდის ავლას ვერ დაუშვებს. საბანკო საქმიანობა რეგულირდება საერთაშორისო რეგულაციებით, ეროვნულ ბანკს კიდეც რომ გაეპაროს ასეთი ტრანზაქცია, კომერციული ბანკი მაინც ვერ დაუშვებს ისეთ ტრანზაქციას, რომელიც შავი ფულის ან სანქცირებული ფულის საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილებას ნიშნავს. როგორც გითხარით, ყველაზე დიდ რისკს იმაში ვხედავ, რომ საგადასახადო შეღავათმა ადგილობრივ კონკურენციას შეიძლება შეუქმნას პრობლემა.

"ოფშორულ ზონებში მსოფლიო დონის კომპანიები საქმიანობენ და არასერიოზულია თქმა, რომ ისინი შავი ფულის რაიმე ფორმით მატარებლები არიან"

გიორგი აბაშიშვილი: - წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით, უარყოფით კონტექსტს ვერ ვხედავ. საქართველოს მთლიანობაში აქვს ძლიერი და წლების განმავლობაში ძალიან კარგად ფორმირებული საგადასახადო სისტემა საიმისოდ, რომ მაქსიმალურად გამოირიცხოს ხვრელები, რაც კი თეორიულად შეიძლება არსებობდეს საგადასახადო კუთხით. ამიტომ ძლიერი საგადასახადო ადმინისტრირების პირობებში ამ რისკებს ვერ ვხედავ. ასევე მინდა ვთქვა, რომ შემოსავლების სამსახურთან, მათ შორის ამ პერიოდში, რომელიც ყველაზე რთული იყო და არის, პოტენციური რისკების, სანქცირებული პროდუქციის თეორიული გადაადგილების შესახებ კითხვები არ არსებობს. არც ერთ საერთაშორისო პარტნიორს, არც ერთ ოფიციალურ პირს საქართველოსა და შემოსავლების სამსახურისთვის არ დაუსვამს კითხვა, ხომ არ მოხდა რამე. პირიქით, ხაზგასმულია, რომ შემოსავლების სამსახური ძალიან კარგად მუშაობს. თეორიაში კი რაღაც რისკები ყოველთვის არის, ამას არ სჭირდება მაინცდამაინც ოფშორი. შემოსავლების სამსახური ამ ყველაფერს უნდა აკონტროლებდეს.

რაც შეეხება თავად ამ ცვლილებას, მე მგონია, საქართველო პოზიციონირებს იმ სურვილით, რომ რაც შეიძლება მეტი უცხოური ინვესტიცია მოიზიდოს, და ეს კარგია, ვის არ უნდა ინვესტიცია? - თუ ქვეყანას აქვს შესაძლებლობა მიიღოს სარგებელი, სადაც ამის პოტენციალი არსებობს, რატომ არ უნდა გააკეთოს ეს? წმინდა ეკონომიკური პრინციპებიდან გამომდინარე, თუ ქვეყანაში შემოვა დამატებითი ფინანსური რესურსი, რას შეიძლება მოხმარდეს? ბიზნესის ბუნებიდან გამომდინარე, ეს ხომ ისევ და ისევ ეკონომიკური საქმიანობის გაძლიერებას ნიშნავს, რაც დასაქმებასაც უწყობს ხელს. ამიტომ, ჩემი აზრით, სრულიად უსაფუძვლოა ეს კითხვები თუ შიში.

- ამ კომპანიებისთვის ამდენი ხნით ასეთი შეღავათების დაწესება არ შექმნის უთანაბრო პირობებს, რაც კონკურენციაზე უარყოფით გავლენას მოახდენს?

- ამ შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვლაპარაკობთ დამატებით მოზიდვაზე და თუკი უფრო კარგი პირობები არ შეუქმენი, ვიდრე იქ აქვს, როგორ უნდა მოიზიდო? ბუნებრივია, თუ მოზიდვა გვინდა, განსხვავებული პირობები უნდა შევთავაზოთ. თუ არ შევთავაზებთ და არ ვიქნებით მიმზიდველი, მაშინ რატომ წამოვა? ეს ეკონომიკის მარტივი პრინციპია. მთელი მსოფლიო ასე იქცევა და ამ განსხვავებულის დანერგვა თუ დაგვეხმარება, მაშინ ეს რატომ არ უნდა გავაკეთოთ? მით უმეტეს, მოგების გადასახადის *ნაწილზე ყველა ტიპის რეინვესტირება გათავისუფლებულია, ვიდრე დასაბეგრი მოგება არ დადგება და კანონმდებლობა ამ შემთხვევაში ისედაც ლიბერალურია. მეტიც, აქამდეც მქონდა შთაბეჭდილება, რომ ეს საინვესტიციო შეთავაზებები მოგვიძველდა და რაღაც სიახლის შემოტანა იყო საჭირო. ჩვენ მიმზიდველი ვხდებით არა მხოლოდ იმ ქვეყნებისთვის, სადაც აქამდეც ვმუშაობდით, არამედ იმ არეალისთვისაც კი, სადაც ისედაც არსებობს საგადასახადო შეღავათები და ეს ჩვენს პოტენციალსა და შანსებს მხოლოდ და მხოლოდ ზრდის. კონკურენციაში შევდივართ საერთაშორისო საინვესტიციო ბაზრის ნაწილში და საერთაშორისო საინვესტიციო ბაზარს კონკურენციას გავუწევთ. ასე რომ, მე მხოლოდ პოზიტიურს ვხედავ.

- კონტექსტს ხომ აქვს მნიშვნელობა, რა ვითარებაში დაამტკიცეს, თან ეხება ოფშორებს, სადაც ვიცით, რომ ინტერესები აქვთ ივანიშვილსაც და რუსულ ბიზნესსაც. არაფერია საეჭვო? წმინდა ეკონომიკურ მხარეს რომ თავი დავანებოთ...

- რა დისკუსიასაც მოვკარი ყური, არგუმენტებისგან სრულად დაცლილია ის, რასაც ოფშორებზე ამბობენ. ყოველ შემთხვევაში, ეკონომისტები ოფშორებზე ასე არ ლაპარაკობენ. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ძალიან ავტორიტეტული, მსოფლიო დონის კომპანიები საქმიანობენ ოფშორულ ზონებში და ძალიან არასერიოზულია მათზე თქმა, რომ ისინი შავი ფულის რაიმე ფორმით მატარებლები არიან. ოფშორების გაიგივება შავ ფულთან უკიდურესი დილეტანტიზმია, რადგან შავი ფული, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, შეიძლება გადაადგილდებოდეს ყველგან, ძალიან ძლიერი საგადასახადო სისტემის ქვეყანაშიც კი.ასე რომ, ამ მხრივ რისკს ვერ ვხედავ.

- რუსული ბიზნესი ვერ ისარგებლებს ამით თუნდაც სანქციებისთვის თავის ასარიდებლად? ქართულ კომპანიაზე გადააფორმებს, შეღავათითაც ისარგებლებს და სანქციებსაც აარიდებს თავს. ეს არ არის საფრთხე?

- სანქციებთან დაკავშირებით საქართველო ჩვენს პარტნიორებთან სრულ კოორდინაციაშია და როგორ წარმოგიდგენიათ, ვინმეს ეს საფრთხე რომ დაემუქროს, საქართველოში გამოიქცევა იქიდან, სადაც თავს ძალიან დაცულად გრძნობს? ამიტომ ამ თემას რუსულ ბიზნესთან საერთოდ ვერ ვუკავშირებ.

- ოპოზიცია ივანიშვილის ინტერესზე საუბრობს...

- ამაზე კომენტარი რაც მოვისმინე, ძირითადად, პოლიტიკურია და კომენტარს ვერ გავაკეთებ, მაგრამ როგორც ეკონომისტი გეუბნებით, რომ აბსოლუტურად არაფერ შუაში მგონია ივანიშვილი ამ თემასთან. ეს არის ერთი რიგითი, მაგრამ ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი ცვლილება საგადასახადო კოდექსში, რომელიც ამ თემასა და ამ პროცესებს დაემთხვა. ეს არის და ეს.

- მაშინ დაჩქარებული წესით რატომ განიხილეს, 2-3 კვირა გადაწყვეტდა ყველაფერს?

- ალბათ, ჰქონდათ მიზეზი, მით უმეტეს, რომ ეს ცვლილება ფიზიკურ პირებსაც შეეხება და შესაძლოა მათთვის მნიშვნელოვანია. ამ კანონში მხოლოდ ეს ნაწილი ხომ არ იყო? ამიტომ საეჭვოს ვერაფერს ვხედავ, პირიქით, ვისურვებდი, რომ ამას ინტენსიური მუშაობა მოჰყვეს.

მე იმაზე უფრო გავაკეთებდი აქცენტს, ამის მერე რას ვაკეთებთ, როგორ ვმუშაობთ, რათა ამ შეტანილი ცვლილებიდან სარგებელი მივიღოთ. ბიზნესი გადაწყვეტილებას სწრაფად ვერ იღებს და ეს ვადები, რაც თქვენ დიდი გგონიათ, პირიქით, ძალიან ცოტაა და საჭიროა ფორსირებულად გადაწყვეტილების მიღება. ახლა მთავარია რა გავაკეთოთ, რომ ბიზნესებმა ეს გადაწყვეტილება დროულად მიიღონ.

ამასთან, მესმის, რომ საარჩევნო წელიწადია და სულ უფრო გაიზრდება ეკონომიკურ თემებზე საუბარი, მაგრამ ძალიან მიკვირს მათი, სულ რამდენიმე დღის წინ ჰაი-ჰუი რომ ჰქონდათ ატეხილი რუსეთ-უკრაინის ომის გამო, მაღალტექნოლოგიური კომპანიები უნდა შემოვიყვანოთო, და ახლა ამ ცვლილებას აკრიტიკებენ. გავიგე, რომ უნდა შემოვიყვანოთ, მაგრამ როგორ, თუ მიმზიდველი გარემო არ შევქმენით. თუ იმ კომპანიების გადაბირება, ვინც რუსეთიდან გავიდა, მხოლოდ საქართველომ მოიფიქრა? ძალიან დიდ კონკურენციაში ვართ და მაინც პატარა ბაზრად გვთვლიან, მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ნაწილი ვართ.

საგადასახადო შეღავათები

ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანია გადასახადებისგან გათავისუფლდება, თუკი ის თავის აქტივებს საქართველოში დარეგისტრირებულ კომპანიას გადაუფორმებს. კერძოდ:

♦ ამ ოპერაციის ფარგლებში რეგისტრირებული უცხოური საწარმოსა და პარტნიორი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი/სარგებელი, რომელიც ამ კოდექსის მიზნისთვის განიხილება საქართველოს წყაროდან მიღებულ შემოსავლად, გათავისუფლებულია მოგების/საშემოსავლო გადასახადისგან;

♦ აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანა/იმპორტი გათავისუფლებულია იმპორტის გადასახდელისგან. ამასთან, ამ პუნქტის გამოყენების წესსა და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი;

♦ საქართველოს საწარმო ამ ოპერაციის ფარგლებში მიღებულ აქტივთან დაკავშირებით გათავისუფლებულია ქონების გადასახადისგან 2030 წლის 1-ლ იანვრამდე. აქვე განმარტებულია, რომ ეს ნაწილი გამოიყენება მაშინ, თუ 1. ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოსა და საქართველოს საწარმოში წილის/აქციების 100%-ს ფლობს ერთი და იგივე ფიზიკური პირი (პირთა ჯგუფი); 2. მხოლოდ იმ აქტივის გადაცემის შემთხვევაში, რომელიც ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს საკუთრებაშია ამ ნაწილის ამოქმედების დღისთვის.

რუსა მაჩაიძე