უკრაინა რუსეთს სტრატეგიულ შეიარაღებასაც უნადგურებს, რისთვისაც ამერიკა დიდი მადლობელი უნდა იყოს... - კვირის პალიტრა

უკრაინა რუსეთს სტრატეგიულ შეიარაღებასაც უნადგურებს, რისთვისაც ამერიკა დიდი მადლობელი უნდა იყოს...

მესამე წელია რუსეთ-უკრაინის ფართომასშტაბიანი ომი მარტო უკრაინის მიწაზე გადაჭიმულ თითქმის 2000-კმ-იან ფრონტის ხაზზე როდი მიდის, მან დიდი ხანია თავად აგრესორი ქვეყნის - რუსეთის ტერიტორიის სიღრმეშიც გადაინაცვლა.

უკრაინელების საპასუხო საჰაერო დარტყმებისა და დივერსიული აქტების სამიზნეები უფრო და უფრო ხშირად ხდებიან რუსეთის ფედერაციის ის სამხედრო და ორმაგი დანიშნულების ობიექტები, რომლებსაც კრემლი იყენებს უკრაინის ქალაქების დასაბომბად, მაგრამ რომლებიც ასევე გათვლილია "დიდი ომისთვის" - დასავლეთსა და უპირველესად აშშ-თან შესაძლო ბირთვული დაპირისპირებისთვის.

ამის წამომწყები თავად კრემლია, როდესაც უკრაინასთან ომში ჩართო სტრატეგიული დანიშნულების ბირთვული იარაღის მატარებელი რაკეტმზიდ-ბომბდამშენი Ту-95МС-ები, შორი მოქმედების რაკეტმზიდ-ბომბდამშენი Ту-22М3-ები და შორეული რადიოლოკაციური აღმოჩენისა და მართვის თვითმფრინავი А-50У-ები, იგივე რუსული "ავაქსები".

ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში შექმნილი შეიარაღების ეს საშუალებები გათვლილი იყო სტრატეგიული საბრძოლო ამოცანების შესრულებისთვის, ძირითადად, ბირთვულქობინიანი რაკეტებისა და ბირთვული საავიაციო ბომბების გამოყენებით.

თუმცა უკრაინაზე თავდასხმის პირველი დღიდან რუსეთმა აქტიურად დაიწყო სტრატეგიული Ту-95МС-ებიდან Х-55 და Х-101 ტიპის იმ ფრთოსანი რაკეტების გამოყენება, რომლებიც ბირთვული ქობინების ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტამდე მიტანისთვის იყო განკუთვნილი.

2-u-1713722149.jpg
ჯერ კიდევ სტალინის დროს ჩაფიქრებულ ამ საბჭოთა/რუსულ Ту-95МС-დან გაშვებულ ბირთვულქობინიან ფრთოსან რაკეტებს დღესაც უფრთხიან აშშ-ში, უკრაინელები კი მას რუსულ აეროდრომზევე ანადგურებენ, რასაც პენტაგონში ვერც ინატრებდნენ...

Ту-22М3 ტიპის შორი მოქმედების რაკეტმზიდ-ბომბდამშენები კი Х-22 ტიპის ზებგერით ფრთოსან რაკეტებს არ ინანებენ უკრაინული ქალაქების დასანგრევად, თუმცა "ავიამზიდების მკვლელებს" იგივე რაკეტები, ოღონდ ბირთვული ქობინებით აღჭურვილი, ამერიკული ატომური საავიამზიდო საზღვაო ჯგუფების გასანადგურებლად უნდა გაეშვათ "დიდი ომის" დაწყების შემთხვევაში.

А-50У, იგივე რუსული "ავაქსი", გან­კუთვნილი იყო ევროპის ცაში ნატოს თვითმფრინავებისა და რაკეტების ადრეული აღმოჩენისთვის და საბჭოთა საბრძოლო თვითმფრინავების ევროპულ ქალაქებზე საჰაერო თავდასხმების მართვისთვის.

რაც შეეხება საჰაერო-კოსმოსური თავდასხმის ადრეული აღმოჩენის ჰორიზონტს მიღმა რადიოლოკაციურ სადგურ 29Б6 „Контейнер“-ს, ის რუსეთის ბირთვული უსაფრთხოების ერთ-ერთი უმთავრესი რგოლია, რადგან თითქმის 3 ათასი კმ-ის სიშორეზე შეუძლია თვითმფრინავებისა და რაკეტების ფრენის ადრეული დაფიქსირება და ამით რუსეთის საჰაერო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვისთვის იმ რამდენიმე წუთის მოგება, რაც საკმარისია საზენიტო და ანტირაკეტების გასაშვებად.

3-u-1713722149.jpg
უკრაინელი დივერსანტების გაგზავნილმა პატარა კამიკაძე-კვადროკოპტერმა რუსულ აეროდრომზე ეს ასტონიანი Ту-22М3, ამერიკული ატომური "ავიამზიდების მკვლელი" ააფეთქა...

რატომ ჩამოვთვალეთ რუსეთის ეს კონკრეტული შეიარაღების სახეობები?

იმიტომ, რომ უკრაინამ ამ ომის განმავლობაში მოახერხა მათი ნაწილის დაზიანება/განადგურება, რითაც დიდი საქმე გაუკეთა დასავლეთს, რადგან რუსეთს დღევანდელი საერთაშორისო სანქციების გამო ძალზე გაუჭირდება სტრატეგიული დანიშნულების ამ შეიარაღების აღდგენა.

ომის განმავლობაში უკრაინამ სხვადასხვა ტიპის კამიკაძე-დრონებით როგორც თავისი, ისე რუსეთის ტერიტორიიდან მიაყენა მეტ-ნაკლებად შედეგიანი საჰაერო დარტყმები რუსეთის იმ სამხედრო აეროდრომებს, სადაც ბაზირებდნენ Ту-95МС სტრატეგიული დანიშნულებისა და Ту-22М3 შორეული მოქმედების რაკეტმზიდ-ბომბდამშენები, ასევე А-50У რუსული "ავაქსები".

ამ საჰაერო ოპერაციების შედეგად დაზიანდა/განადგურდა რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების ერთი სტრატეგიული Ту-95МС, ექვსი Ту-22М3 და ორი А-50У, სამი საჰაერო მართვის პუნქტი Ил-22 და ექვსი მძიმე სამხედრო-სატრანსპორტო Ил-76, რომლებიც საბჭოთა დროიდან გათვლილი იყო ნატოს ევროპულ ქვეყნებში მასირებული საჰაერო დესანტის გადასასხმელად.

რუსეთის სტრატეგიული საბრძოლო დანაკარგიდან ცალკე აღსანიშნავია საჰაერო-კოსმოსური თავდასხმის ადრეული აღმოჩენის ჰორიზონტს მიღმა რადიოლოკაციური სადგური 29Б6 "Контейнер"-ი, რომლის დასაზიანებლად უკრაინამ ორი შორეული საჰაერო ოპერაცია ჩაატარა.

ეს უზარმაზარი რადიოლოკატორი ჩვეულებრივი რადარისგან ძალიან განსხვავდება - ეს არის 150 ერთეული 30 მ-იანი რადიოანძების კომპლექსი, რომელიც იყენებს დედამიწის იონოსფეროდან მოკლე, 10-100 მ სიგრძის რადიოტალღების არეკვლის პრინციპს და შესაბამისად, 3 000 კმ-ის მანძილზე ჰორიზონტს მიღმა შეუძლია მფრინავი ობიექტების აღმოჩენა.

საგულისხმოა, რომ უკრაინელების სამიზნე რუსეთის ფედერაციის მორდოვის რესპუბლიკის ქალაქ კოვილკინოსთან განთავსებული საჰაერო-კოსმოსური თავდასხმის ადრეული აღმოჩენის ჰორიზონტს მიღმა რადიოლოკაციური სადგურ 29Б6 "Контейнер"-ის მიმღები პოზიცია აღმოჩნდა (რომელიც უკრაინის ჩრდილოეთ საზღვრიდან თითქმის 600 კმ-ითაა დაშორებული), მაშინ როდესაც მისი გადამცემის (ანუ აქტიური) ნაწილი დამონტაჟებულია ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის ქალაქ გოროდეცთან, საიდანაც უკრაინამდე 800 კმ-მდეა.

რუსულ სტრატეგიულ "კონტეინერს" მორდოვაში უკრაინულმა დრონმა (სავარაუდოდ, კამიკაძედ გადაკეთებულმა სპორტულმა თვითმფრინავმა Аэропракт А-22-მა, რომელსაც დამწყები მფრინავების მოსამზადებლად თელავის აეროპორტშიც იყენებენ) პირველი საჰაერო დარტყმა 11 აპრილს მიაყენა, როდესაც ამ რადიოლოკატორის მართვის პუნქტის შენობა დააზიანა, მეორე დარტყმა კი 17 აპრილს მოხდა - თანამგზავრულ ფოტოზე დაფიქსირდა რადიოანტენების მწკრივის 200 მ სიგრძეზე გაჩენილი ხანძრის კვალი, რაც უსათუოდ დროებით მაინც გამოიყვანდა მწყობრიდან კრემლისთვის ასეთი დიდი მნიშვნელობის სტრატეგიული დანიშნულების ობიექტს.

მიიჩნევს თუ არა რუსეთის პრეზიდენტი პუტინი ამ სტრატეგიულ ობიექტებზე - აეროდრომებსა და რადიოლოკატორებზე თავდასხმას ერთგვარი "ბირთვული წითელი ხაზის" გადაკვეთად, მით უმეტეს, კრემლი ისედაც დროდადრო იმუქრება უკრაინაში ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებით?

პუტინისგან ყველაფერია მოსალოდნელი და არც ამ საფრთხის გამორიცხვა იქნებოდა მართებული, მაგრამ მაინც, დიდი ალბათობით, კრემლი ვერ გაბედავს ბირთვული, თუნდაც ტაქტიკური დანიშნულების იარაღის უკრაინის ტერიტორიაზე გამოყენებას, რადგან ამის კატეგორიული მოწინააღმდეგები არიან არა მარტო აშშ და ევროპული ქვეყნები, არამედ მოსკოვისთვის ანგარიშგასაწევი "ბირთვული სახელმწიფოებიც", მათ შორის ჩინეთი და ინდოეთი.

უკრაინა კი, როგორც ჩანს, კვლავ გააგრძელებს რუსეთის ფედერაციის სიღრმეში სტრატეგიულ ობიექტებზე საჰაერო დარტყმებს, მათ შორის მალე ციმბირშიც - უკრაინელებმა 3 ათას კმ-ზე შორს მფრენი კამიკაძე-დრონების შექმნა დააანონსეს.

P.S. "კვირის პალიტრის" ამ ნომრის 22 აპრილს გამოსვლისთვის უკვე ცნობილი იქნება, თუ რა გარდამტეხი გადაწყვეტილება მიიღო 20 აპრილის სხდომაზე აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობათა პალატამ - დაუჭირა თუ არა მხარი უკრაინისთვის იმ სამხედრო დახმარების გამოყოფას, რომელსაც პროტრამპისტი ამერიკელი რესპუბლიკელი კონგრესმენების ნაწილი მეშვიდე თვეა სპეციალურად ბლოკავდა, რასაც ფრონტის ხაზზე საბრძოლო საჭურვლის დეფიციტში აღმოჩენილი უკრაინის არმიის უკან დახევა მოჰყვა.

თუკი ეს 60-მლრდიანი ამერიკული სამხედრო დახმარება, ბოლოს და ბოლოს, გამოუყვეს, უკრაინის მდგომარეობა ომში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება, თუ არა და...