„ჩემი ზოიკო ისეთი ეჭვიანია, გიჟდება, დროს სხვებს რომ ვუთმობ“ - კვირის პალიტრა

„ჩემი ზოიკო ისეთი ეჭვიანია, გიჟდება, დროს სხვებს რომ ვუთმობ“

ჩვენს სტრესულ გარემოში, როდესაც შინ მისულ დაღლილ-დაოსებულს თუთიყუში ჟაკო შემოგხვდებათ და ლაპარაკს გაგიბამთ, ისღა დაგრჩენიათ, გაიღი­მოთ. თუკი მოუვლით და მოეფერებით, ის თქვენთან ერთად ლამის მთელი სიცოცხლე იქნება (ჟაკო 70 წელიწადს ცოცხლობს!) და თქვენი გამხიარულება არ მოსწყინდება. აი, ასე იქცევა თუთიყუში ჟაკო, სახელად ზოია, რომელიც დიდ დიღომში ცხოვრობს თავის მშვენიერ მეგობარ ბელა პაპაშვ­ილთან და შინიდან არც გამოდის, ისე მოიგო მთელი საქართველოს გული. ასე რომ, "ზოიკო ენდ ბელა" დიდი სიყვარულით სარგებლობენ "ტიკ-ტოკზე". ბელამ გვიამბო, როგორ ასწავლა თავის საყვარელ თუთიყუშს ლაპარაკი, რომელიც 4 თვისა შეიძინა და ვიდრე 70 წელიწადი არ შეუსრულდება, მანამდე უნდა აცოცხლოს. ისე, ბელას ზოიკოს ერთი "სერიოზული" ნაკლი მაინც აქვს, დიდი ეჭვიანი ვინმეა და ვერ იტანს, თუ მისი პატრონი მის ნაცვლად სხვებს უთმობს ყურადღებას.

- ბელა, ჟაკოს ჯიშის თუთიყუშს არაერთხელ გაუოცებია ხალხი "ბრძნული" აზრებით. შენი ზოიკო მართლა ისე მშვენივრად აზროვნებს, როგორც საუბრობს, თუ ზარმაცი მოსწავლესავით გაზეპირებული აქვს სიტყვები.

- არანაირი გაზეპირება! ჟაკოს 5 წლის ბავშვის აზროვნება აქვს. ზოიკო ისეთი ეჭვიანია და ისე გიჟდება, დროს სხვებს რომ ვუთმობ, რა თქმა უნდა, აზროვნებს.

- ეჭვიანი მეუღლეა აუტანელი, თორემ­ თუთიყუშს არა უშავს. ყველაზე მეტად ვისზე ეჭვიანობს?

- შინ ძაღლი გვყავს და თუ მოვეფერე, მივარდება და ბეწვის წიწკნას დაუწყებს, ოღონდ მსუბუქად, მაგრამ მაინც სჯის, სანამ მე არ ავიყვან და არ დავაშოშმინებ. თუ არ მივეალერსე და არ ვაკოცე, ვერ დამშვიდდება, ერთ ამბავშია, ჭყიპინებს.

tuta-1713723447.jpg

- ლაპარაკი როდის დაიწყო?

- ოთხი თვის მოვიყვანე და ერთი წლის რომ გახდა, პირველი სიტყვა მაშინ­ თქვა. უფრო სწორად, "დაიყეფა", ჩვენი ცუგო როგორც ყეფდა, ზუსტად გაიმეორა. მერე ოთახში რომ შევედი, ისეთი "გამარჯობით" შემეგება, როგორც სტუმრები ამბობენ სახლში შესვლისას, თანაც, ისეთი ინტონაციით, რომ იქვე გავჩერდი, სადაც გავიგონე. მეც ვეუბნები ხშირად გაგიმარჯოს-მეთქი. ზოია ახლა უკვე ნამდვილად "გვებაასება".

- სტუმრები უყვარს?

- თავიდან არ მოსწონს. 2 საათი­ ათვალიერებს, თუ დარწმუნდება, რომ მშვიდობიანი ხალხია, მხოლოდ მაშინ იწყებს ლაპარაკს. ჯერ მხოლოდ წლინახევრის არის და კიდევ ვერ ამბობს იმდენ სიტყვას, რამდენიც უნდა თქვას. უფრო რომ გაიზრდება, "სერიოზულ" ლაპარაკს მაშინ ისწავლის.

- აბა, რა, თანაც თუ შენისთანა მასწავლე­ბელი ეყოლება.­ ყველა ხომ ვერ უთმობს თუთიყუშს ამხელა­ დროს, რომ "ორატორობა" ასწავლოს. ისე, მაინტერესებს, ამხელა ბუმბულში როგორ გრძნობს, რომ ეალერსებით?

- ემოციურ დონეზე გრძნობს. როდესაც მოფერება უნდა, მომიხოხდება და თავს მადებს, თავზე მომეფერეო. გიჟდება, თავზე რომ ვეალერსები.

- ანუ პაწაწინა თაღლითია, სანამ მოფერებას არ გამოგტყუებს, არ გეშვება. სიტყვები­ რომელი უყვარს?

- "ვაიმე"! როცა ვეფერები, სულ ამ სიტყვას ვეუბნები მოფერებით და ისიც ბეჯითად იმეორებს, ძალიან საყვარლად. საერთოდ, როგორ ინტონაციითაც ეუბნები, იმავე ინტონაციით გეუბნება თვითონაც.

კიდევ ჩიტზეც ეჭვიანობს - პატარა პლასტმასის ჩიტი მაქვს და იმას რომ დავუწყებ ფერებას, ზოია გაიგონებს თუ არა, მაშინვე აიფოფრება, დაავლებს იმ პლასტმასის ჩიტს ნისკარტს და აღარ მიბრუნებს.

ყველაზე არა, მხოლოდ ჩემზე ეჭვია­ნობს. მე ვყავარ ამორჩეული პატრ­ონად. ასე იცის ჟაკომ, ერთ ადამიანს მიენდობა.

- შენც არ აეჭვიანო, ცოდოა.

- არ ვაეჭვიანებ, უბრალოდ, იმ დროს ძალიან საყვარელია და მახარებს.

- თქვენც საყვარელი ხართ, რომ ჩიტსაც კი ამხელა სიყვარულს უნაწილებთ. იმ ათასობით ადამიანის სახელით გეტყვით მადლობას, ვინც თქვენს ვიდეოებს უყურებს.

- მეც იმიტომ ვდებ, რომ ემოცია სხვებსაც გავუნაწილო. თუ ამას შევძლებთ "ბელა ენდ ზოიკო", ძალიან გაგვიხარდება.