"აქ მცხოვრებ პატარა გოგო-ბიჭებს ირანის ხელისუფლება და მისი თანამოაზრეები ტვინს ურეცხავენ" - კვირის პალიტრა

"აქ მცხოვრებ პატარა გოგო-ბიჭებს ირანის ხელისუფლება და მისი თანამოაზრეები ტვინს ურეცხავენ"

"როგორც მოსალოდნელი იყო, კიდევ ერთხელ დაგვიპირეს დაბომბვა დრონებითა და ბალისტიკური რაკეტებით... ეს არც პირველი იყო და არც ბოლო იქნება. ძალიან ცუდი გამოცდილება გვაქვს და ასე იქნება მანამდე, ვიდრე ისრაელი საბოლოოდ არ გაანეიტრალებს ირანს. ამისთვის ჩვენ, ხალხი მზად ვართ, მაგრამ ხელისუფლება ყოყმანობს და მტერს უფლებას აძლევს, ნაბიჯ-ნაბიჯ ზიანი მოგვაყენოს. რკინის გუმბათი ეფექტურია, მაგრამ ასპროცენტიანი დაცვა არ არსებობს, ხან სად ჩამოვარდება რაკეტა, ხან სად. თუმცა, ამას რომ თავი დავანებოთ, მუდმივად, დღე-ღამეში რამდენჯერმე ბომბსაფრებში ჩარბენა ფსიქოლოგიურად ძალზე საზიანოა. ამიტომ ირანის დიქტატორული რეჟიმი უნდა განადგურდეს და ადგილობრივ მოსახლეობას ცხოვრების მშვიდად გაგრძელების შესაძლებლობა მიეცეს", - ამბობს ჟურნალთან "გზა" საუბარში ადგილობრივი ქეთი დური, რომლის თქმითაც, ისრაელელი ხალხი ბრძოლისთვის მუდმივ მზადყოფნაშია.

შეგახსენებთ, რომ 12 აპრილის ღამეს, ირანმა ისრაელის მიმართულებით დრონები გაუშვა, ასევე გამოიყენა ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტები, თუმცა, ისრაელის "რკინის გუმბათმა" შეტევა თითქმის სრულად მოიგერია. დაპირისპირება გრძელდება. საერთაშორისო ლიდერების შეფასებით, ეს ყველაფერი "ჰამას"-ისრაელის ომის ესკალაციისთვის ძლიერი ბიძგია. აშშ-ის განცხადებით, ის მხარს უჭერს ისრაელს.

ადგილობრივების თქმით, ისრაელი ირანულ იერიშებს მომზადებული შეხვდა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ თავი კარგად დაიცვა, რამდენიმე რაკეტა მაინც გაიპარა ისე, როგორც ადრე, "რადგან არ არსებობს უნაკლო ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები".

ადგილობრივი დიანა რონის თქმით, აშშ, ბრიტანეთი და სხვა ევროპული თუ რეგიონული მოკავშირეები ისრაელს დაეხმარნენ, მაგრამ მათ დამატებითი ესკალაცია არ სურთ.

- დასავლეთის ლოიალური პოლიტიკის გამო, ჩვენ მუდმივ ომში ვცხოვრობთ და ადამიანებს ვკარგავთ. არც ერთმა ლიდერმა არ თქვა, რომ დროა, ისრაელმა სრულმასშტაბიანი პასუხი გასცეს ირანს, რომელიც წლებია კვებავს როგორც ღაზას, ასევე პალესტინას. მათ რეგიონში ომი არ სურთ, მაგრამ რას ელოდებიან?.. აშშ დაეხმარა ისრაელს, ჩვენ გვესმის ეს, მაგრამ რომელია მთავარი, მოსახლეობის ინტერესები თუ ამერიკის პოლიტიკის გატარება? ამის გამო მუდმივად იძულებული ვიქნებით, მოკავშირეების მითითებით ვიცხოვროთ...

როგორც ამბობენ, ისრაელის მხრიდან პასუხი იმედია, მომდევნო დღეებში ან კვირებში იქნება. ეს ჩვენთვის უსაფრთხოების საკითხიც არის და ღირსებისაც. ნეთანიაჰუს მთავრობა ბოლო ხანებში დასუსტებულია და უმოქმედობა მის პოზიციებს კიდევ უფრო დაასუსტებს. ადგილობრივების აზრით, ახლა პოლიტიკური კამათის დრო კი არ არის, მნიშვნელოვანია, ისრაელმა იერიში მიიტანოს ირანის მოკავშირეებზე, მის სამხედრო ბაზებსა და თავად რეჟიმზე... ერთხელ და სამუდამოდ, მშვიდად ცხოვრების უფლება უნდა მოგვეცეს, ისრაელელი ხალხი ამას ვიმსახურებთ.

ოქტომბრის საშინელი თავდასხმისას ჭურვის ნამსხვრევი აბუ-გოშში მდებარე მეჩეთს მოხვდა, რომელიც მთავარი მეჩეთიდან 10 წუთის სავალზეა... ის განთავსებულია არაბულ სოფელში, ანუ გარშემო არაბული დასახლებებია.

იმ დღეს, როდესაც იერუსალიმსაც დაარტყეს, მასშტაბური შეტევა იყო. ნაწილი განეიტრალდა, მაგრამ ყველა ვერა... ერთი ბიჭი, რომელიც ეტყობა, ბომბსაფარ ოთახში არ შევიდა, ჭურვის ნამსხვრევისგან მძიმედ დაიჭრა. ყოველთვის შეუძლებელია, ბომბსაფარში წამებში ჩახვიდე, ზოგს შინ შშმ პირები ჰყავს, ზოგს მოხუცი ან ბავშვი, მათ კი სამშვიდობოს ჩასასვლელად დრო სჭირდებათ.

- ბომბსაფრები ხომ ყველა სახლს აქვს?

- დიახ, ჩვენი კანონმდებლობის თანახმად, ყველა სახლს, რომელიც შენდება, სპეციალური ბომბსაფარი ოთახი აქვს გამოყოფილი, მაგრამ უმთავრესად ქვედა სართულზეა, ბოლო ხანებში კი რამდენჯერ ჩავდივართ იმ ოთახში, ალბათ იოლი წარმოსადგენია. როდესაც ოჯახში მცირეწლოვნები არიან, ეს ძალზე რთულია...

ჩვენს საცხოვრებელთან ახლოს არის დიდი საავადმყოფო, სადაც ჩვენთან ერთად სამედიცინო მომსახურებას არაბული მოსახლეობაც იღებს; ჩვენი შვილები ერთსა და იმავე საბავშვო ბაღებსა და სკოლებში სწავლობენ. საერთო სავაჭრო ობიექტებით ვსარგებლობთ, ერთ სივრცეში ვცხოვრობთ. თუმცა, იმავე არაბულ უბნებსა და დასახლებებში უამრავი ისრაელის მოწინააღმდეგე ცხოვრობს და ხშირად გვესმის სროლის ხმა, განსაკუთრებით ღამით აქტიურდებიან... პოლიცია მუდმივად გვაფრთხილებს, თუ რამე საეჭვო შენიშნეთ, მაშინვე გაგვაფრთხილეთო. ყველა დიდ ობიექტს, სკოლა იქნება თუ სავაჭრო ცენტრი, დაცვის თანამშრომლები სპეციალური აპარატურით ისე ამოწმებენ, როგორც - აეროპორტში შესვლამდე ჩანთასა და სხვა პირად ნივთებს. ასეთი პრევენცია ტერაქტების გამო შემოიღეს.

ისრაელში 1994 წელს ჩამოვედი. უნივერსიტეტში წასვლა ავტობუსით მიწევდა და ყოველი მგზავრობისას, გულში ვლოცულობდი, - ცოცხალი გადავრჩე-მეთქი. ტერორისტები კვირაში ერთხელ მაინც აფეთქებდნენ ავტობუსებს და სხვა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტს... ამის შემდეგ გახდა საჭირო ზომების გამკაცრება.

ისრაელი არაბ ხალხს არ ებრძვის. სავაჭრო ობიექტებში ახლაც მუშაობენ არაბები და სახელმწიფოს განვითარებაში თავიანთი წვლილი შეაქვთ. ისრაელი ებრძვის ტერორიზმს, დანაშაულს და არა უბრალო ადამიანებს. სულ ასე იყო. გასაგებია, რომ ირანი ბირთვული სახელმწიფოა და მასთან დაპირისპირებას ერიდება აშშ, თან არჩევნები აქვთ წინ და ბაიდენს სულაც არ უნდა რეგიონში სიტუაციის დაძაბვა, მაგრამ ისრაელი თავისი ხალხის სიცოცხლით თამაშის უფლებას არავის მისცემს. საკმარისია, რაც ვიტანჯეთ. ბოროტების სათავე უნდა განადგურდეს ერთხელ და სამუდამოდ. თუ არა და, ნეთანიაჰუს მმართველობა ამას გადაჰყვება, ისედაც უამრავი კითხვის ნიშანია დაგროვილი, როგორ შემოიჭრა ოქტომბერში "ჰამასი" ასე მოულოდნელად და ეფექტურად...

აქ მცხოვრებ პატარა გოგო-ბიჭებს ირანის ხელისუფლება და მისი თანამოაზრეები ტვინს ურეცხავენ, ჩვენს წინააღმდეგ ამხედრებენ. შიდა დაპირისპირებისთვის წვრთნიან... არადა, ახლობლები, თანამშრომლები, მეზობლები მყავს არაბები, ჩემს შვილებს არაბული წარმოშობის კლასელები ჰყავთ, ისინიც ისრაელის მოქალაქეები არიან და ტერორისტების მათაც ეშინიათ. მშვიდობიანი, სტაბილური ცხოვრება სურთ, მაგრამ აზრის გამოხატვის ეშინიათ.

ღაზის სექტორის მოსახლეობის დიდი ნაწილი ნატრობდა, ნეტავ ისრაელმა დაგვიპყროსო, ისევე როგორც ახლა ირანელები ნატრობენ, ისრაელმა დაარტყას ირანის რეჟიმსო. მათაც სურთ სტაბილური ცხოვრება, განათლება და განვითარება. იციან, რომ კატარიდან, ევროპიდან მილიარდები შედის, მაგრამ ეს თანხა "ჰამასის" ლიდერების კეთილდღეობას, ბომბებსა და იარაღს ხმარდება.

- ისრაელში სავალდებულო სამხედრო მომზადებას ყველა გადის. თავად მოგიწიათ?

- მე არა, მაგრამ ჩემმა შვილმა გაიარა. ჯერჯერობით, მას არ უწევს რეზერვში წასვლა, მაგრამ ჩემი მეუღლის ნათესავები წავიდნენ. 21 წლის ასაკში სავალდებულო სამხედრო სამსახურს ამთავრებენ და შემდეგ რეზერვისტები ხდებიან, რომელთაც 45 წლამდე უწევთ მსახურება, ოღონდ გააჩნია, რომელ ნაწილში გაიარეს მომზადება. არიან გოგონები, რომლებიც საბრძოლო დანაყოფში გაამწესეს; თუ ლოჯისტიკის გამოცდილება აქვთ, იმ საქმეს ემსახურებიან. ჯარისკაცის სამსახური ჩვენთან ყოველთვის დაფასებული იყო. ოქტომბრის მძიმე დღეებში, სავაჭრო ობიექტებთან მოხალისეები იდგნენ კალათებით, ჯარისკაცებისთვის სურსათს ვაგროვებდით. ვინც მარკეტიდან გამოვიდა, თავისი სანოვაგიდან ყველა რაღაც პროდუქტს იღებდა, მათ უნაწილებდა. ისინი როგორც სხვა დროს, დღესაც ჩვენს უსაფრთხოებაზე ზრუნავენ. თუ ჯარისკაცები ყველაფრით უზრუნველყოფილი არ იქნებიან, მშვიდად ვერ ვიქნებით. ისრაელელ ხალხს სჯერა თავისი არმიის. ამიტომაც, აუცილებლად გავიმარჯვებთ.

ეკა ქურხული:

- არის დღეები, როდესაც განგაშის შეტყობინებები არ წყდება. 7 ოქტომბრიდან ჩვენი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა. აქაურებს პანიკა არ სჩვევიათ, მაგრამ დაიღალნენ დაუსრულებელი შიშით, რომ ახლა შეიძლება განგაში ატყდეს და ბომბსაფრებში უნდა ჩავიდნენ... ამ ხალხის შეშინება ადვილი არ არის, ბევრი რამ აქვთ გადატანილი და საკმაოდ მშვიდად შეუძლიათ ყველანაირი განსაცდელის მიღება, გაძლება და გადატანა. ახლახან თქვეს, ხალხი მარაგს იკეთებსო, სინამდვილეში ამაში ახალი არაფერია. წლებია აქ ვცხოვრობ და ვხედავ, სამი თვის მარაგს იკეთებენ. მაცივრები, სარდაფები, ყველა სათავსი სავსე აქვთ ნახევარფაბრიკატებით, ბურღულეულით, შაქრით, მარილითა თუ სხვა პროდუქტით. ბებიაჩემი მეტყოდა ხოლმე, ვისაც ომი აქვს გამოვლილი, თადარიგის დაჭერაც იცისო... ტელეფონში ყველას გვაქვს აპლიკაცია, საიდანაც ინფორმაციას ვიღებთ, სად ცხადდება განგაში და სად შეიქმნა სახიფათო სიტუაცია. როდესაც გაფრთხილებას ვიღებთ, ფანჯრებზე ჟალუზები ან მუქი სქელი ფარდები უნდა ჩამოვაფაროთ... შუქი არ უნდა გავიდეს. ქუჩაში ძალიან მკრთალი განათებებია, მტერმა წერტილოვანი დარტყმები რომ არ განახორციელოს. ასევე გაგვაფრთხილეს, როდესაც უცხო ნომრიდან ზარი შემოდის, არ უპასუხოთო. პასუხის შემთხვევაში ხმა შეიძლება არც ამოიღოს ან ავტომოპასუხემ გიპასუხოს, რითიც ჩვენს ადგილმდებარეობას, მონაცემებს იგებენ და შესაძლოა, იმ კონკრეტულ ადგილზე მიიტანონ იერიში.

ამ ერს ბავშვობიდან ვიცნობ. ბიძაჩემი, დედაჩემის ძმა თბილისში, ლესელიძეზე ცხოვრობდა. სტუდენტობისას სულ იქ ვიყავი, ბიძაშვილებს ებრაელი კლასელები ჰყავდათ და მათ წრეში ვტრიალებდი. ქართველი ებრაელები და აქაურები ერთმანეთისგან ტრადიციებით არ განსხვავდებიან, რადგან უფროსები მომავალ თაობას თავიანთ ადათებს ზეპირსიტყვიერად გადასცემდნენ და არაფერი დაკარგულა. მათმა რწმენამ, მთავარმა იდეამ, რომ თავიანთ ისტორიულ მიწა-წყალს დაჰბრუნებოდნენ, დროს გაუძლო.

საერთაშორისო ხელშეკრულების თანახმად, ისრაელი ღაზის სექტორს უფასოდ აწვდიდა დენს, წყალს, გაზსა და საწვავს, კეთილმეზობლური ურთიერთობის გარანტად, თუმცა, ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ, ეს შეიცვალა. ვიღაცები დაობენ, თავად ებრაელები აწყობენ, ყოველთვის ისინი აკეთებენ პროვოცირებასო - არადა, ყველამ იცის, რომ "ჰამასი" ირანმა და რუსეთმა მოამარაგეს...

დღემდე უამრავი ადამიანი ჰყავთ გატაცებული, მათ შორის, ბავშვები, მოზარდები. იმ საბედისწერო ფესტივალზე ბევრი ადამიანი იმყოფებოდა და უამრავი მათგანი დღემდე "ჰამასის" ტყვეობაშია. ადვილი წარმოსადგენია, რას განიცდიან მათი ოჯახები. ასე რომ, ამ და ბევრი სხვა მიზეზის გამო, მოსახლეობას ძალიან უნდა საქმე ბოლომდე მიიყვანოს. ვინაიდან ქვეყანაში ამხელა მსხვერპლია და საბრძოლო მოქმედებებმა უკვე ასეთი მასშტაბური სახე მიიღო - უკან დახევა არ შეიძლება. თუ საქმეს ბოლომდე არ მიიყვანენ, რა პასუხი უნდა გასცენ დაღუპულების ოჯახებს, რას შეეწირნენ ის ბავშვები?..

- თქვენი გარემოცვიდან ვინმე მსახურობს სამხედრო სამსახურში?

- ერთ-ერთი ქართულ-ებრაული ოჯახიდან სამი ახალგაზრდაა წასული. ასევე, იმ ოჯახში, სადაც ვმუშაობ, ტყუპი გოგონა წავიდა.

ერთხელ, ფერისცვალებას, თაბორის მთაზე ვიყავით. ძალიან ბევრი ხილი ვიყიდე და უკან ავტობუსით წამოვედი. გაჩერებაზე, ჩემი დიდი ჩანთით რომ ჩამოვედი, ერთი ტყუპისცალი იქ ყოფილა და შემამჩნია. სამხედრო ფორმით იყო. მაშინვე აიტაცა ჩემი ტვირთი და ნახევარი კმ-ის მანძილზე ზურგით ათრია. ვერ მოვითმინე და ფოტო გადავუღე, როგორ ეზიდებოდა ჩემს ჩანთებს... გარდა იმისა, რომ შრომისმოყვარე ერია, სხვის შრომასაც პატივს სცემენ, ძალიან თავმდაბლები არიან... ვუთხარი, - ქართველი ვარ, დღეს ჩვენი ქრისტიანული დღესასწაულია-მეთქი. ქართველები ძალიან უყვართ. არაფერს ვამბობ ქართველ ებრაელებზე, რომლებიც საქართველოს ნამდვილი პატრიოტები არიან. ყველა ერთად დარწმუნებულია, რომ ისრაელს უძლეველი არმია ჰყავს და გამარჯვება გარდაუვალია. ეს რწმენა რომ არ ჰქონდეთ, აქამდე ვერც იარსებებდნენ. პალესტინელ არაბებშიც არიან მშვიდობისმსურველები, მაგრამ ტერორისტების ეშინიათ. ძალიან დიდ ნაწილს არ უნდა "ჰამასი", მაგრამ ეშინია, შვილები, ოჯახი არ დაუხოცონ და რა ქნან?!

- ბოლო დღეებში, ომის პარალელურად, ცხოვრება საგრძნობლად გაძვირდა?

- არა, მსგავსი არაფერი, ისრაელელები საკუთარი ხალხის უბედურებაზე ხელს არ მოითბობენ. ეს ვინმემ რომ გააკეთოს, არ აპატიებენ. პირიქით, ცდილობენ, ერთმანეთის ხელი მოუმართონ; რითაც შეუძლიათ, დაეხმარონ.

ლალი პაპასკირი

ჟურნალი "გზა"