როდის მოხდება აპოკალიფსი?! - ლეგენდარული ფიზიკოსის წინასწარმეტყველება: გახდება თუ არა ადამიანი უკვდავი და როდის ამბოხდებიან მანქანები - კვირის პალიტრა

როდის მოხდება აპოკალიფსი?! - ლეგენდარული ფიზიკოსის წინასწარმეტყველება: გახდება თუ არა ადამიანი უკვდავი და როდის ამბოხდებიან მანქანები

ამერიკელი ფიზიკოსი-თეორეტიკოსი და მეცნიერი-პოპულარიზატორი მიტიო კაკუ დარწმუნებულია, რომ კაცობრიობის მომავალს კვანტური ერა განსაზღვრავს. მისი აზრით, ჯერჯერობით ნაადრევია სერიოზული შიში გვქონდეს ხელოვნური ინტელექტის არასასურველი განვითარების მიმართ. კვანტური კომპიუტერები დაგვეხმარებიან ადამიანის მრავალი სერიოზული და ნეგატიური ხასიათის მქონე პრობლემის მოგვარებაში, მაგრამ ერთის გამოკლებით - სიძულვილის აღმოფხვრა შეუძლებელი იქნება.

77 წლის მიტიო კაკუ, იაპონელი იმიგრანტების შთამომავალი, საყოველთაოდ ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც მან - როგორც თეორიული ფიზიკის პროპაგანდისტმა - ფართო საზოგადოებისათვის რთული მეცნიერული თეორემების ახსნა-განმარტება გასაგებად და უბრალო სიტყვებით დაიწყო. იგი ნიუ-იორკის უნივერსიტეტში თეორიული ფიზიკის პროფესორად მუშაობს, არის მრავალი წიგნის ავტორი. „ბი-სი-სის“ (BBC) კორესპონდენტმა ალეხანდრო მილან-ვალენსიამ მიტიო კაკუს თხოვნით მიმართა, პასუხი გაეცა რამდენიმე კითხვაზე, კაცობრიობის მომავალთან დაკავშირებით. ინტერვიუ გამოქვეყნებულია სათაურით - „ახალი ერა გვიახლოვდება: გახდება თუ არა ადამიანი უკვდავი? რა შეუძლიათ და რა არ შეუძლიათ კვანტურ კომპიუტერებს? რა საფრთხეს შეგვიქმნის ხელოვნური ინტელექტი?“.

გთავაზობთ ინტერვიუს შემოკლებით:

- თქვენი აზრით, შეიძლება თუ არა იმის თქმა, თუ როგორი იქნება უდიდესი აღმოჩენა, რომელსაც კაცობრიობა უახლოეს 100 წელიწადში მიაღწევს - დღევანდელი ცოდნის დონიდან გამომდინარე?

- წარსულში განხორციელებული მიღწევები ეხებოდა როგორც ძალიან მცირე, ასევე - ძალიან დიდ სფეროებს. მცირეებში, რა თქმა უნდა, ვგულისხმობ ადამიანის ტვინის აგებულებასა და ფუნქციებს, გენეტიკას, ძალიან დიდებში კი - „დიდი აფეთქების“ თეორიას. ამჟამად ჩვენ სამყაროს კვანტური თეორიის თვალსაზრისით განვიხილავთ. შემდეგი დიდი ნახტომი მეცნიერებაში მოხდება მაშინ, როცა შევძლებთ დიდის გაერთიანებას მცირესთან ანუ როცა მოვახერხებთ კვანტური თეორიით სარგებლობას გენეტიკისა და ადამიანის თავის ტვინის უკეთ შესწავლისათვის.

ამაში ჩვენ კვანტური კომპიუტერები უნდა დაგვეხმაროს. გარკვეული თვალსაზრისით, კვანტურ კომპიუტერად თვითონ ჩვენი დედა-ბუნება შეიძლება ჩაითვალოს. დღეს ჩვენ ვიყენებთ კომპიუტერებს, რომლებიც ბინარულ კოდებზე მუშაობენ, მაგრამ ბუნება სხვაგვარად არის მოწყობილი. ბუნება, ციფრული გონებისაგან განსხვავებით, ნულებითა და ერთეულებით არ აზროვნებს, მას კვანტური გონება აქვს. კვანტური გონებაში კი იგულისხმება ატომები, ელექტრონები და ფოტონები. სწორედ მათგან იქმნება სამყაროს ენა და სწორედ მასზე იქნება დაფუძნებული შემდგომი დიდი გარღვევა მეცნიერებაში.

- შეიძლება თუ არა, ველოდოთ ასეთ დიდ ნახტომს მხოლოდ ფიზიკაში თუ ის სხვა მეცნიერებებზეც გავრცელდება, ვთქვათ, მედიცინაზეც?

- თანამედროვე მედიცინა ცდებისა და შეცდომების მეთოდებით მუშაობს. როცა ახალი წამალი იქმნება, მთავარი კითხვა იბადება - 100%-იანი პოზიტიური გავლენა ექნება მას ადამიანზე? არ ექნება გვერდითი მოვლენები? -თავდაპირველად ეს არავინ არ იცის. დაეხმარება ადამიანს ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში? - ასევე, არ ვიცით. მოკლედ, ახალი წამლის შექმნას უამრავი ლაბორატორიული ცდა სჭირდება, რომლებიც ხშირად მცდარ შედეგს იძლევა.

ბევრი სასწაულმოქმედი წამალი შემთხვევით იქნა შექმნილი და აღმოჩენილი, მაგრამ თუ მედიცინაში კვანტურ თეორიას გამოვიყენებთ, მაშინ კვლევა მოლეკულურ დონეზე იწარმოებს. თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ და გაიგოთ, თუ როგორ მუშაობს ყოველი ცალკე აღებული მოლეკულა. გაჩნდება შესაძლებლობა იმისა, რომ ახალი წამლები პირდაპირ ნულიდან შევქმნათ.

ნიშნავს თუ არა ეს, რომ ქიმიკოსები უსაქმოდ დარჩებიან და მათ ფუნქციებს მთლიანად კვანტური კომპიუტერები შეასრულებენ? - სრულებითაც არა. ქიმიკოსები კვანტურ თეორიას ქიმიური რეაქციების უკეთ გასაგებად გამოიყენებენ. ბიოლოგები - დეზოქსირიბონუკლეინმჟავის (დნმ) ღრმა შესწავლისათვის. როგორც ვიცით, დნმ-ის მეშვეობით ცოცხალი ორგანიზმების განვითარების პროგრამები თაობიდან თაობას გენეტიკურად გადაეცემა. შესაბამისად, ბიოლოგებისაგან ეს სფერო უდიდეს შესწავლას მოითხოვს.

- ნიშნავს თუ ეს იმას, რომ ჩვენ, ადამიანები, უკვდავები გავხდებით? და რომ კიბო, როგორც სასიკვდილო სიმსივნე, მოისპობა?

- უკვდავები არა, მაგრამ კვანტური კომპიუტერების მეშვეობით სიცოცხლეს ძალიან გავიხანგრძლივებთ, კიბოზე მართლაც საბოლოოდ გავიმარჯვებთ. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ კიბოს სიმსივნეების პროგნოზირება მის გამოვლენამდე დიდი ხნით ადრე მოვახდინოთ. თქვენი დნმ-კოდი ნებისმიერ დროს ადვილად იქნება გამოთვლილი, ვთქვათ, შხაპს იღებთ თუ ტუალეტში ხართ. ანუ თქვენი მომავლის პროგნოზირება იოლი იქნება. კიბოს სიმსივნის ზუსტი წინასწარმეტყველება მის განვითარებამდე ათი და მეტი წლით ადრე იქნება შესაძლებელი.

აშშ-ში უკვე დღესვე შეიძლება კიბოს დიაგნოსტირება სისხლის ანალიზის მეშვეობით. ასეთი ანალიზი გარანტირებულად მოგცემთ პასუხს, გაქვთ თუ არა კიბო. კვანტური კომპიუტერების მეშვეობით კი თქვენს ორგანიზმში კიბოს განვითარების შესაძლებლობა ზუსტად დადგინდება და იოლი იქნება მისი თავიდან აცილება. სამომავლოდ სიტყვები „სიმსივნე“ და „კიბო“, როგორც ავადმყოფობა, უბრალოდ, ჩვენი ენის ლექსიკიდან გაქრება.

- თქვენს წიგნებში ასევე წერთ, რომ ინტერნეტი დღევანდელი სახით აღარ იარსებებს და რომ ჩვენი ტვინით ანუ გონებით, პირდაპირ მივუერთდებით გლობალურ საინფორმაციო ქსელს...

- სამომავლოდ ინტერნეტი ციფრული აღარ იქნება. შეიძლება ითქვას, რომ ციფრული ტექნოლოგიები უკვე ძალიან ნელ, დაყოვნებულ და უხეშ საშუალებად ითვლება. სამომავლო ინტერნეტი კვანტური იქნება და ადამიანის ტვინს შეერწყმება. მისი პირობითი სახელი იქნება „ბრეინეტი“ (ინგლისურად - brainet, ანუ „ტვინის ქსელი“). ადამიანის ფიქრები, უბრალოდ, მთელ მსოფლიოში გავრცელდება და კონტაქტს (კომუნიკაციას) განახორციელებს სხვა ადამიანის აზრებთან. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თქვენს აზრებს კვანტური კომპიუტერი გააძლიერებს და „ბრეინეტის“ პრინციპით მთელ მსოფლიოს გააცნობს.

- ბოლო დროს ბევრი მეცნიერი ლაპარაკობს იმ საფრთხეზე, რომელსაც კაცობრიობას ხელოვნური ინტელექტი უმზადებს. როგორ წარმოგიდგენიათ მომავალი ამ სფეროში?

- დიახ, არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ერთ მშვენიერ დღეს ჩვენ მიერ შექმნილი მანქანები ჩვენზე გონიერები გახდებიან და თავს დაგვესხმიან.

საერთოდ, დღეისათვის კაცობრიობას სამი საფრთხე ემუქრება: ბირთვული ომის შესაძლებლობა, ბიოლოგიური იარაღი და გლობალური დათბობა. ამ სიას შეიძლება მეოთხეც დავამატოთ - ხელოვნური ინტელექტისაგან მომდინარე საფრთხე, რომელსაც ორი, ერთმანეთისაგან განსხვავებული განზომილება შეიძლება ჰქონდეს. პირველი სრულიად კონკრეტულია და ცალკეული ადამიანების სიცოცხლეს შეიძლება დაემუქროს: დრონები, რომლებსაც ადამიანის სახის ნაკვთების გამოცნობა შეუძლიათ და ამიტომ ნებისმიერი ადამიანის ლიკვიდაცია ძალუძთ (განგებ თუ შემთხვევით), ნებისმიერ დროს. ამრიგად, ჩვენ სამომავლოდ მკვლელობისათვის ხელოვნური ტვინის მქონე ავტომატური მანქანა გველოდება, რომელსაც ფრენა შეუძლია, რომელიმე ადგილისა თუ პიროვნებისადმი თვალთვალი, ნებისმიერი ადამიანის იდენტიფიცირება, მისი მოკვლა, ავარიების მოწყობა და კატასტროფების გამოწვევა. და ეს მოხდება უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში.

მაგრამ მეორე საფრთხე უფრო სერიოზულია და მას გრძელვადიანი ხასიათი ექნება. ის მაშინ დადგება, როცა ადამიანის ინტელექტთან ყველაზე მიახლოებული ხელოვნური ინტელექტი შეიქმნება. თავი შეიძლება იმით დავიმშვიდოთ, რომ ჯერჯერობით მის შექმნამდე შორს ვართ, მაგრამ ადრე თუ გვიან ჩვენი რობოტები ინტელექტში ჯერ თაგვებს შეეჯიბრებიან, შემდეგ - ბოცვრებს, მოგვიანებით - კატებთან და ძაღლებთან შეჯიბრის დრო დადგება, ბოლოს კი ისინი მაიმუნებს აჯობებენ. აი, სწორედ იმ მომენტიდან ისინი ადამიანისათვის პოტენციურ საფრთხედ გადაიქცევიან - იმიტომ, რომ მაიმუნები გონებით ყველაზე ახლოს დგანან ადამიანებთან.

ჰოდა, ჩემი აზრით, სრულიად შესაძლებელია, რომ 100 წლის შემდეგ ჩვენ ადამიანისაგან, პრაქტიკულად, ძნელად გასარჩევი რობოტები გვეყოლება. მანამდე კი ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ტექნოლოგიურად განვითარებულ რობოტებს საკუთარი აზრის გაჩენის შანსი არ მივცეთ და რომ მათ არასოდეს მოუვიდეთ აზრად ჩვენზე თავდასხმა. გაადამიანებულ რობოტებს ტვინში ისეთი „ჩიპი“ (ინტეგრალური სქემა) უნდა ჩავუდგათ, რომლებიც მათ მომენტალურად გათიშავს, როგორც კი ჩვენი მოკვლის აზრი გაუჩნდებათ.

მაგრამ მე ვფიქრობ, რომ სავარაუდო „აპოკალიფსამდე“ ჯერ კიდევ შორს არის და კაცობრიობას რეზერვში საკმაოდ დიდი დრო აქვს დარჩენილი, სანამ ხელოვნური ინტელექტი განვითარების საშიშ დონეს მიაღწევს. ვიმეორებ, ამ ეტაპზე ადამიანისათვის უშუალო საფრთხეს მხოლოდ ხელოვნური ინტელექტის ჩანასახის მქონე ის დრონები წარმოადგენენ, რომლებთაც კონკრეტული ადამიანის ზუსტად გამოცნობა და მოკვლა შეუძლიათ.

- რა დონით შეუძლიათ კვანტურ კომპიუტერებს ჩვენი მომავლის განსაზღვრა-გამოცნობა?

- ზოგიერთები თვლიან, რომ კვანტურ რევოლუციას ისეთი მასშტაბური შედეგები ექნება, რომ მისი მეშვეობით ყველანაირი სნეულება აღმოიფხვრება და გაქრება. დიახ, კვანტურ კომპიუტერებს, როგორც უკვე ვთქვი, ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ. ვფიქრობ, რომ, საბოლოო ჯამში, მათი დახმარებით ადამიანის დაბერების პრობლემის გადაჭრა შეიძლება ანუ ადამიანები სიბერისა და მოხუცებულობისაგან აღარ გარდაიცვლებიან.

მაგრამ ვეჭვობ, რომ ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივება პიროვნებებს შორის არსებულ პრობლემებს გააქრობს. ანუ დარჩება ერთი ადამიანის ნეგატიური აზრი მეორის მიმართ, შუღლი, გაუტანლობა, სხვადასხვანაირი პოზიციები... ასეთი პროცესების მართვა ძნელია იმიტომ, რომ ისინი სოციალური ურთიერთქმედების ფონზე მიმდინარეობენ. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ უნდა გამოვნახოთ ადამიანთა გაერთიანების გზები, აღვუძრათ მათ ომების გარეშე მშვიდობიანად ცხოვრების სურვილი...

- და ბოლოს, რომელი მთავარი პრობლემის გადაწყვეტა იქნება შეუძლებელი კვანტურ ეპოქაში?

- ერთის გარდა. ვფიქრობ, რომ კვანტურ კომპიუტერებს შეუძლიათ გლობალური დათბობის შეჩერება ატომური ელექტროსადგურების შესაბამისი მართვის რეჟიმით, როცა აღარ იარსებებენ ბირთვული ნარჩენები. მათი დახმარებით შეიქმნება ახალი წამლები კიბოსა და ალცჰეიმერის დაავადების, პარკინსონის სინდრომის და აუტიზმის წინააღმდეგ. ისინი, უეჭველია, ხელს შეუწყობენ ადამიანის კეთილდღეობის დონის ზრდას.

მაგრამ არის ერთი საკითხი, რომლის აღმოფხვრა კვანტურ კომპიუტერებსაც კი არ შეუძლიათ და რომლებიც ზემოთაც ვახსენე: ისინი ვერ გააქრობენ ადამიანში ისეთი ნეგატივების გამოვლენას, როგორიცაა სიძულვილი, შუღლი და შური.

ევოლუციამ ჩვენ ბრძოლისა და თავდაცვის შესაძლებლობა მოგვცა. ევოლუციამ მრავალი მონაცემით „დაგვაჯილდოვა“, რომელთაგან ბევრმა კაცობრიობას სარგებელი მოუტანა და მოაქვს, ბევრმა კი - არა. მაგრამ ევოლუციას თავისი „ჯილდოების“ პოზიტიურ-ნეგატიური ხასიათი „არ ადარდებს“ - ის მხოლოდ ისეთ ადამიანებს ქმნის, რომლებსაც თავის გადარჩენა შეუძლიათ. და თუ ადამიანთა ერთი ჯგუფის გადარჩენა ითხოვს სხვა ადამიანთა მოკვლას, ევოლუციის თვალსაზრისით, ალბათ, მომავალშიც ასე იქნება. სწორედ ამაში გამოიხატება ის, რომ ადამიანები ჯერ კიდევ არ არიან სრულყოფილად განვითარებულები.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო