პროვოკატორის ბლოგი: ახალი მძლეთამძლე სახელად ალეკო და შიშებით მართული ქვეყანა - "აი, ასეთ აბსურდამდე მიდის საქმე, როდესაც..." - კვირის პალიტრა

პროვოკატორის ბლოგი: ახალი მძლეთამძლე სახელად ალეკო და შიშებით მართული ქვეყანა - "აი, ასეთ აბსურდამდე მიდის საქმე, როდესაც..."

"ასეთ აბსურდამდე მიდის საქმე, როდესაც ქვეყანას მართავენ პოლიტიკოსები, რომლებიც ერთი ადამიანის შიშებსა და მის ახირებებზე არიან დამოკიდებული"

წარმოიდგინეთ, ცოტა ხნის წინ ერი სრულად ერთიანი და ბედნიერი იყო.

ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლით ყველა ხარობდა. პოლიტიკურად ანგაჟირებული ხალხიც კი სულ ფეხბურთსა და ფეხბურთელებზე პოსტავდა. "ქოციც" და "ნაციც" ევროპის ჩემპიონატის მოლოდინით ცხოვრობდა.

ასეთი სიტუაცია ყველა ქვეყანაში ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს. ბედნიერ ხალხს პრობლემები ავიწყდება და პოლიტიკაზე საფიქრელად აღარც სცალია, აღარც განწყობა აქვს.

მიშამ, მაგალითად, ასეთი "ბედნიერება" ორჯერ ხელოვნურად გამოიგონა, როდესაც ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების დროს მთავრობამ თბილისში სხვადასხვა ქვეყნის ფანკლუბები დააორგანიზა და მთელი თვე სამთავრობო ტელევიზიების საინფორმაციო გამოშვებები სხვადასხვა ფანკლუბიდან ჩართვით იწყებოდა, ვითომ ქვეყანა მარტო ფეხბურთით ცხოვრობდა (გახსოვთ ეს ჩემპიონატები? თბილისის ყველა კაფეში რომელიღაც ქვეყნის ფანკლუბი რომ იყო? სრული სიგიჟე).

ახლა კი ეს რეალობა იქნებოდა და მართლა მარტო ფეხბურთით იცხოვრებდა ყველა ჩემპიონატამდეც და მით უმეტეს, ჩემპიონატის დროს. და ამასობაში რა ქნა ხელისუფლებამ? ხელი კი არ შეუწყო საყოველთაო სიხარულს, არამედ განხეთქილების ვაშლი შემოაგორა "გამჭვირვალობის შესახებ კანონის" სახით და სიტუაცია არია. რატომ შეიძლება ეს ნორმალურმა ხელისუფლებამ გააკეთოს? რომელი ხელისუფლება ცდილობს თავად არიოს სიტუაცია ქვეყანაში. ასეთს რა სარგებელს მოიტანს მათთვის ეს კანონი, რომ ამად უღირთ? აქ რა ლოგიკაა? მხოლოდ ერთადერთი: ვიღაცას ზემოთ რაღაცის "პარანოიკულად" ეშინია, თან ყველაფერთან ერთად, პირობაც ჰქონდათ დადებული, რომ ამ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ და ისიც გატეხეს. თუმცა "პირობის გატეხა" აღარ გვიკვირს: ჯერ 2020-ისთვის პროპორციულ არჩევნებს დაჰპირდნენ ხალხს და ბოლოს გადააგდეს (ხომ გახსოვთ, ვითომ მაჟორიტარები რომ აჯანყდნენ), შარლ მიშელის დოკუმენტს მოაწერეს ხელი და ის ხელმოწერაც უკან წაიღეს, ახლა ეს კანონპროექტი დააბრუნეს. აწი მათი სიტყვა ვინ უნდა დაიჯეროს?

ოპოზიცია ამ კანონს "რუსულს" ეძახის და არცთუ უსაფუძვლოდ, რადგან ორივე კანონს საერთო მიზანი აქვს: ქვეყანაში დასავლეთის გავლენის შეზღუდვა. სინამდვილეში პუტინი უფრო პატიოსნადაც კი მოიქცა, როდესაც "აგენტების შესახებ კანონი" მიიღო. ის პირდაპირ ამბობს, რომ ამერიკა და ევროპა, ანუ ზოგადად დასავლეთი მისი მტერია და არ მალავს, რომ ამ კანონით მტრების გავლენას ებრძვის. "ოცნება" კი ერთი მხრივ, ამერიკას და ევროპას პარტნიორებს და მეგობრებს ეძახის, დეკლარირებულად ევროკავშირისკენ მიისწრაფვის და მეორე მხრივ, იღებს კანონს, რომელმაც ქვეყანაში მათი ფინანსები უნდა შეზღუდოს.

სამთავრობო მედიების ეთერებიდან ყოველდღე მოგვიწოდებენ, ერთი არგუმენტი მაინც გვითხარით, რატომაა ეს კანონი რუსულიო? ეთერებში განსხვავებული აზრის ადამიანებს არ იწვევენ.

ორშაბათს მთელი დღე გამოდიოდა კომიტეტის სხდომაზე მამუკა მდინარაძე და ამ კანონის დაცვას ცდილობდა. ოპოზიციამ მას ცალკე ეუთოს უარყოფითი დასკვნა წარუდგინა ამ კანონპროექტზე, ცალკე - ევროსასამართლოს ორი გადაწყვეტილება უნგრულ და რუსულ ანალოგიურ კანონზე, ასევე - ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილება უნგრულ კანონზე (ყველა უარყოფითი) და მამუკა მდინარაძე მაინც მთელი დღე ამტკიცებდა, არგუმენტები ვერ მოვისმინეო. რა აზრი აქვს დებატებს, თუ ოპონენტი მესიჯბოქსიდან ვერ გამოდის?

ეტყობა, ეს გაიფიქრა ალეკო ელისაშვილმაც და მთელი დღე ხმა არ ამოუღია, სიბრაზეს აგროვებდა. დღის ბოლოს კი პირდაპირ მუშტი გაუშვა საქმეში.

მამუკა მდინარაძემ წინადღეს ამ კანონთან დაკავშირებით თქვა: ჯობია დღეს ავიტკიოთ თავი, ვიდრე არჩევნებზეო. ჰოდა, როგორც ჩანს, მისი ეს ნათქვამი ალეკო ელისაშვილმა პირდაპირი მნიშვნელობით გაიგო.

წინა კვირაში კი მდინარაძემ საოცარი რამე თქვა ბრიფინგზე. ჟურნალისტებმა ჰკითხეს, მაგალითი დაგვისახელეთ, სად და როგორ დაიხარჯა დასავლური დაფინანსება ცუდი საქმისთვისო? მდინარაძემ, - აგერ 2020-ში "სამართლიანმა არჩევნებმა" პარალელური დათვლის შედეგები გააყალბა დასავლური დაფინანსებითო. - და ეს კანონი რომ ყოფილიყო, რა შეიცვლებოდაო (იმ კამათში აღარ შევიდნენ, რომ ეს გაყალბება კი არა, შეცდომა იყო), ამ კანონის გარეშეც ხომ ცნობილი იყო, ვინ აფინანსებდა და რამდენითო? მდინარაძის პასუხი ასეთი იყო: ეგ კი გახლდათ ისედაც ცნობილი, მაგრამ დაფინანსების მიზნობრიობა იყო გაუმჭვირვალეო, ანუ მდინარაძის ლოგიკით, რა გამოდის: ეს კანონი რომ ყოფილიყო მაშინ, "სამართლიანი არჩევნები" დეკლარაციას შეავსებდა და ჩაწერდა: გრანტის მიზანია გავაყალბოთ პარალელური დათვლაო?

აი, ასეთ აბსურდამდე მიდის საქმე, როდესაც ქვეყანას მართავენ პოლიტიკოსები, რომლებიც ერთი ადამიანის შიშებსა და მის ახირებებზე არიან დამოკიდებული. თქვენც ხომ ხვდებით, ამ კანონის მიზანი გამჭვირვალობა კი არა (ამაზე ვრცლად დავწერე წინა ბლოგში), დასავლური დაფინანსების შეზღუდვაა, რომლისაც ასე ეშინია ერთ კაცს, რადგან ჰგონია, რომ დასავლეთი მას ეკა გიგაურის ხელით უპირებს დამხობას. მას აყოლილი მისი "გამპრავებლები" კითხულობენ, ფულს ისე ვინ მოგცემს, რაიმე თავისი ინტერესი თუ არ გაატარაო? აგერ სულ ბოლო ინფორმაცია ამერიკულ დახმარებაზე: "UშAID-ის პროექტის ფარგლებში გარდაბნის რაიონის სოფელ ლემშვენიერაში ქვეყანაში პირველი მცურავი მზის სადგური დამონტაჟდა. ქარხანა ყოველწლიურად 300 000 კვტ/სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რომელიც მიმდებარე ხეხილის ბაღების სარწყავ სისტემას მოხმარდება".

ჰოდა, ახლა ამ ხალხს გეკითხებით, ამერიკის რა მზაკვრული ჩანაფიქრი დგას ასეთი პროექტების უკან?