ტრაგიკომიკური ამბავი ფრონტიდან: რუსების მხარეს ლენინის დროინდელი გემი იბრძვის - როგორ დაარტყეს უკრაინელებმა "კომუნას" - კვირის პალიტრა

ტრაგიკომიკური ამბავი ფრონტიდან: რუსების მხარეს ლენინის დროინდელი გემი იბრძვის - როგორ დაარტყეს უკრაინელებმა "კომუნას"

ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის მთავარ რუსულ სამხედრო-საზღვაო ბაზას სევასტოპოლში უკრაინული რაკეტებისა და კამიკაძე-დრონების საჰაერო თავდასხმები არ დაჰკლებია მთელი ომის განმავლობაში, რამაც რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარდლობა აიძულა ყველაზე ღირებული სამხედრო ხომალდები სევასტოპოლიდან განერიდებინა და ნოვოროსიისკის საზღვაო ბაზაში „გადაემალა“, თუმცა სევასტოპოლის სამხედრო პორტში მაინც რჩება რიგი რუსული სამხედრო ხომალდებისა, რომლებიც კვლავ ხდებიან უკრაინელების საჰაერო შეტევების სამიზნეები...

ასე მოხდა 21 აპრილის დილასაც, როდესაც სევასტოპოლის პორტის მიდამოებში აფეთქებების ხმა გაისმა და რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა „მორიდებით“ აღიარეს, რომ უკრაინელების ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა ჩამოაგდეს,მისი ნამსხვრევები ერთ გემს დაეცა და მცირე ხანძარი გამოიწვია, რომელიც მალევე ჩავაქრეთო...

1-kom-1713774188.jpg

საუკუნეზე მეტი ხნის „კომუნა“ კვლავ რჩებოდა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შეიარაღებაში...

თვითმხილველის გადაღებულ და შემდეგ ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ ვიდეოკადრებში კი ძლიერ ხანძარია დაფიქსირებული, რომელიც ნავმისადგომთან მდგარ ერთ-ერთ გემზე მძვინვარებს, გემის კორპუსი არ მოჩანს, მაგრამ ჩანს მისი რადიოანძა,რომლის მიხედვიდაც შეიძლება იმის მტკიცება, რომ უკრაინულმა რაკეტამ არ დაინდო თვით...ლენინის დროინდელი რუსული სამაშველო გემი Коммуна...

დიახ, არ გვეშლება-„კომუნა“ პირველადი სახელწოდებით „ვოლხოვი“ წყალში ჯერ კიდევ...1913 წლის 17 ნოემბერს ჩაუშვეს ანუ რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ მეორის მმართველობის პერიოდში ამ გემმა გამოიარა ლენინის, სტალინის, ხრუშჩოვის, ბრეჟნევის, გორბაჩოვის საბჭოთა პერიოდი და გადავიდა ჯერ ელცინის და შემდეგ პუტინის ეპოქაში...

ანუ რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების შავი ზღვის ფლოტის შეიარაღებაში ირიცხება(ან უკვე ირიცხებოდა) 111 წლის მცურავი საშუალება, რომელიც უკრაინული რაკეტის სამიზნე გახდა!

და ეს პირველად არ მომხდარა:

პირველი მსოფლიო ომის დროს „ვოლხოვი“ ბალტიის ზღვაში გამოიყენებოდა,როგორც რუსული წყალქვეშა ნავების მცურავი ბაზა და მონაწილეობდა საზღვაო ოპერაციებში, ძირითადად, ჩაძირული წყალქვეშა ნავების ამოსაღებად ზღვის ფსკერიდან, რასაც მისი კატამარანის კონსტრუქცია უწყობდა ხელს.

ომის დამთავრებისას რუსული „ვოლხოვი“ გერმანელებმა ალაფად წაიღეს, მაგრამ მალევე დაუბრუნეს რუსეთის ხელისუფლებაში მოსულ ლენინის ბოლშევიკურ მთავრობას და მას ახალი სახელი დაარქვეს -„კომუნა“.

2-kom-1713774287.jpg
მიუხედავად ასაკისა, „კომუნა“ სპეციალური წყალქვეშა აპარატებით აღმოაჩენდა და იკვლევდა შავ ზღვაში ჩაძირულ ხომალდებს...

„კომუნა“ მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე ძირითადად ბალტიის ზღვაში ჩაძირული წყალქვეშა ნავებისა და კატარღების კორპუსების ამოღებით იყო დაკავებული.

მეორე მსოფლიო ომში კი „კომუნამ“ ლენინგრადს შეაფარა თავი და არაერთხელ მოჰყვა დაბომბვებში.

1967 წელს ეს სამაშველო გემი კრონშტატიდან სევასტოპოლში გადმოიყვანეს და მას შემდეგ ჯერ საბჭოთა და მოგვიანებით კი რუსეთის შავი ზღვის ფლოტში აგრძელებდა სამსახურს.

მიუხედავად საუკუნოვანი ასაკის გადაბიჯებისა, „კომუნას“ რუსი ადმირალები უფრთხილდებოდნენ, რადგან ის ძალზე საჭირო ფუნქციას ასრულებდა-სპეციალური წყალქვეშა აპარატებით შეეძლო ჩაძირული სამხედრო ხომალდების, წყალქვეშა ნავების, კატარღების,თვითმფრინავებისა და შვეულმფრენების აღმოჩენა,გამოკვლევა და მათი მომზადება ზღვის ფსკერიიდან ამოსაღებად.

სავარაუდოდ, სწორედ „კომუნა“ გამოიყენეს რუსმა სამხედრო მეზღვაურებმა 2022 წლის 14 აპრილს ორი უკრაინული ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტის „ნეპტუნის“ მოხვედრის შედეგად ჩაძირული რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანის, სარაკეტო კრესისერ „მოსკვას“ გამოსაკვლევად...

ვიდეო - სევასტოპოლის სამხედრო პორტში საუკუნეს გადაცილებული რუსული სამაშველო გემი „კომუნა“ იწვის...

მალე გაირკვევა, თუ რა დონეზე დააზიანა უკრაინულმა რაკეტამ, შეიძლება სწორედ „ნეტპუნმაც“ კი, რუსული „კომუნა“ და თუკი ეს ყველაზე „მხცოვანი“ რუსული სამაშველო გემი აღდგენას აღარ დაექვემდებარება, ეს საკმაოდ მტკივნეული დანაკარგი გახდება რუსეთის შავი ზღვის ფლოტისთვის, რადგან ის სპეციალიზირებული სამაშველო მცურავი საშუალების გარეშე დარჩება, რომლის ბოლო იმედზე იყვნენ შავ ზღვაში მცურავი რუსული წყალქვეშა ნავების ეკიპაჟები...

P.S. ძნელი სათქმელია, სპეციალურად დაამთხვიეს თუ არა, მაგრამ 111 წლის „კომუნას“, რომელსაც პეტროგრადში ცოცხალი ლენინი „უნახია“,სწორედ ლენინის დაბადების დღის წინ გაუგზავნეს „საჩუქრად“ უკრაინული ფრთოსანი რაკეტა...