რა ლექსი მიუძღვნა ნოდარ მამისაშვილმა მომავალ მეუღლეს - კვირის პალიტრა

რა ლექსი მიუძღვნა ნოდარ მამისაშვილმა მომავალ მეუღლეს

„ჩემი ცხოვრების მიზანია, ჩემი შემოქმედებითი სიახლეებითა და საინჟინრო გამოგონებებით, ქართული აზროვნების უნიკალურობით, გლობალიზაციის პროცესში მოვიპოვო ჩემი „დინება“. ის მართლაც ღვთისგან დაჯილდოებული და ამოუწურავი შესაძლებლობების მქონე პიროვნება გახლდათ. მუსიკოლოგი ნანა ქავთარაძე ამბობს: „ნოდარ მამისაშვილი მუსიკაში იყო მეცნიერი და მეცნიერებაში ხელოვანი“. კომპოზიტორი მაკა ვირსალაძე - მისი სტუდენტი ასე იხსენებს პედაგოგს: „მასთან ურთიერთობა ზეიმი იყო. ის იმ იშვიათ ხელოვანთა რიცხვს მიეკუთვნება, ვისთვისაც შემოქმედება იდუმალებასთან, ლამის ჯადოქრობასთან არის გაიგივებული... გენიოსთა ხვედრია, რომ ყველა ვერ ხვდება მის აზრს, სიღრმეს, მრავალფეროვნებას“. ბატონ ნოდარზე სასაუბროდ მის მეუღლეს, მუსიკისმცოდნე ნუნუ ბახუტაშვილს ვეწვიე, რომელმაც კომპოზიტორის გვერდით გაატარა მთელი ცხოვრება.

- ეს ნოდარის ოთახია... როგორი ადამიანი იყო, იცით? რაზეც უნდა ემუშავა, იმ ნაწარმოებს როიალზე დებდა, იმას რომ დაამთავრებდა, მეორეზე გადადიოდა, მერე მესამეზე და ასე დაუსრულებლად. გარდა ამისა, იყო ლექციები, მოხსენებები, ლაბორატორიული საქმიანობა და სხვა. დრო არასდროს ჰქონდა, სულ მუშაობდა. თავისი ნაწარმოებების შესრულებაზე არ ზრუნავდა, ინიციატივა ყოველთვის შემსრულებლისგან მოდიოდა. თუმცა ეს კანტიკუნტად ხდებოდა. ახალგაზრდობაში მის ოთახს ვალაგებდი და ერთხელაც მითხრა: შემოგევლე, მე ამ არეულობაში ვპოულობ იმას, რაც მინდა, შენს დალაგებულში კი ვერაო. მის ნათქვამს ისე ხშირად ვყვებოდი, ანეკდოტი გახდა. ნოდარს კარგი იუმორი ჰქონდა. მშველელს მეძახდა, რადგან 90-იან წლებში ჩემი მოსწავლეების იმედად იყო მთელი ოჯახი და მაშინ შემარქვა. დღემდე მომყვება ეს სახელი, ნუნუ ყველას მშველელიაო, - ასე იმეორებდა. იდეალური ქმარი და სხვანაირი ბუნების კაცი იყო. ორი კვირით რომ უშვებდნენ მივლინებაში, 3-4 დღეში თავზე დაგვადგებოდა. ნოდარის ლექსების კრებული „მხოლოდ სიყვარული“ ჩვენი შვილიშვილის, ანა მამისაშვილის გაფორმებულია, ის მხატვარია. ძველ ლექსებს ახალს ვუმატებ და მინდა გამოვცე, წიგნს ისევ ანა გააფორმებს. ცხენი დაუხატა ანუშკამ პაპას, 80 წლისა როცა გახდა. რეალისტური პორტრეტის დახატვა არ უნდოდა, ნახატში გადმოსცა მუდმივი მოძრაობა. ნოდარი ხომ წამითაც არ ჩერდებოდა. მისი გარდაცვალების შემდეგ გამოიცა წიგნები „მისტიკური ანატომია“ და „კვალი წარუშლელი“, ჟურნალმა „ქართველოლოგი“ მის შესახებ საკმაოდ დიდი სტატია დაბეჭდა (60 გვერდი დაუთმო), რომელიც ინგლისურად ითარგმნა და საზღვარგარეთაც გავიდა. კიდევ უამრავი მასალა და ნოტია გამოსაქვეყნებელი. დღესაც მაგალითად, ახალი ნაწარმოები ვიპოვე: „მაისი, ძმობა და სიყვარული“. ყოველდღე თითო-თითო რაღაცას ვპოულობ. ამაზე ზრუნვა მაძლებინებს ნოდარის გარეშე.

- მისი 90 წელი როგორ აღნიშნეთ?

- უკვე ავად იყო, ძირითადად სატელეფონო მილოცვებს იღებდა. საერთოდ, არაჩვეულებრივი თამადა გახლდათ თავისი იმპროვიზაციებით, ლექსების საუცხოოდ კითხვით... აბსოლუტური სმენა ჰქონდა, მაგრამ არ მღეროდა. დაკვრით კი ყველაფერს უკრავდა, ოპერები ზეპირად იცოდა.

- მიამბეთ თქვენზე...

- ბებიაჩემი ოლღა ბახუტაშვილი-შულგინა საოპერო მომღერალი იყო. მან პირველმა შეასრულა ეთერისა და გულჩინას არიები ოპერებში „აბესალომ და ეთერი“ და „შოთა რუსთაველი“. მამიდა - ნინა კონსტანტინოვნა კონსერვატორიის პროფესორი იყო. ბებიის მსგავსად, ხმა მეც მქონდა და ჩვენებს უნდოდათ, ვოკალს გავყოლოდი. სამი წელი კონსერვატორიაში ვსწავლობდი ვოკალზე, თუმცა ტყუილად... არტისტი არ ვარ, ბუნებით პედაგოგს უზომოდ მიყვარს მოსწავლესთან ურთიერთობა. ჩემთვის უდიდესი ბედნიერებაა, როცა მოწაფის თვალებში ინტერესს ვაღვიძებ. მოსწავლეებთან დიდი სიყვარული მაკავშირებს, ალბათ, ისინიც ამას გრძნობენ და სიყვარულითვე მპასუხობენ. დედაჩემი ანა პატარქალიშვილი ქართული ენის მასწავლებელი იყო, მამა ვანო ბახუტაშვილი - ექიმი, თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის დირექტორი. 18 წლის ასაკში დავიწყე მუშაობა მუსიკის თეორიის და სოლფეჯიოს სტუდიაში მიშა ჩირინაშვილთან. ეს იყო ჩემი თვითდამკვიდრების უბედნიერესი წლები. ქსენია ჯიქიასთან, მე-4 მუსიკალურ სასწავლებელში ჩემი ლექტორი იყო ნოდარ მამისაშვილი, რომელიც ლექციაზე მხოლოდ მუსიკით არასოდეს შემოიფარგლებოდა. უბედნიერესი სტუდენტი ვიყავი.

- გადავიდეთ სიყვარულის ისტორიაზე.

- ნამდვილად არსებობს ერთი ნახვით შეყვარება... ბატონ ნოდარს სტუდენტები არ ვიცნობდით, პირველი ორი ლექცია გაგვიცდა, რადგან საზღვარგარეთ იყო წასული. მერე გვითხრეს, ჩამოვიდაო და ველოდებით... ვხედავ, კიბეზე ამოდის ვიღაც. უცბად გავიფიქრე, - ეს ხომ ჩემი ადამიანია!.. 19 წლისა ვარ, რა მოხდა არ ვიცი... 4 წელი ვიყავით მხოლოდ მოსწავლე-მასწავლებელი, კაციშვილმა არაფერი იცოდა, მაგრამ რასაკვირველია, მისგანაც ვგრძნობდი სხვანაირ დამოკიდებულებას. ჩვენ შორის ასაკობრივი სხვაობა დაახლოებით 7 წელია. დავამთავრე მუსიკალური სასწავლებელი და მაშინ გაამჟღავნა თავისი გრძნობა, ნოდარმა მომიძღვნა ლექსი - „ნუშისთვალება გოგონა, უჩუმრად შემომეპარა./ ნეტავი გამაგებინა, უსაზღვროდ რამ შემაყვარა./ პოეტიც რომ ვიყო, განა ლექსს დავწერდი?/ ლექსად ვიქცეოდი, ყვავილად გაქცევდი,/ მერე გიამბობდი ზღაპარს სიყვარულის,/ ყვავილად ქცეული პატარა ასულის“. ყველაზე მთავარი ის იყო, ეს ლექსი რომ დამიწერა, მომკიდა ხელი და მიმიყვანა ნინა გავრილოვნა ჩუბინაშვილთან (გიორგი ჩუბინაშვილის მეუღლე), რომელიც შვიდწლედში ნოდარს ასწავლიდა, მისი საყვარელი მოსწავლე იყო. ამ ქალმა კონსერვატორია გერმანიაში დაამთავრა, განათლებული პიროვნება გახლდათ. ნინა გავრილოვნას ძალიან მოვეწონე, ეტყობა იგრძნო ჩემი უდიდესი და ნამდვილი სიყვარული ნოდარისადმი და წერილი მისწერა (მაშინ ტელეფონები ნაკლებად იყო) ჩემს სადედამთილოს, რომ მისმა შვილმა საცოლე გააცნო... თუ როგორ დამახასიათა, ამას ვერ ვიტყვი, ჩემგან უხერხულია.

სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, მეორე წელს დავქორწინდით. ქორწილში ნინა გავრილოვნა და გიორგი ჩუბინაშვილიც იყვნენ. ზღაპარ ოჯახში მოვხვდი. დედამთილს - ნადია კვიჟინაძეს ისე ვუყვარდი, ჩემი მეგობრები ამბობდნენ, სულ შენს ქებაშია: ჩემი ნუნუშკა და ჩემი ნუნუშკაო. სხვათა შორის, ნადია არაჩვეულებრივად ხატავდა. როცა დადგა არჩევანის წინაშე - სამედიცინო ინსტიტუტი თუ სამხატვრო აკადემია, მან სამედიცინოზე ჩააბარა და ექიმი-პედიატრი გახდა. მამამთილი ლეო უნივერსიტეტში კათედრის გამგე იყო. დღეს საგარეჯოში ლეო მამისაშვილის სახელობის ქუჩა არსებობს. იქ იყვნენ ჩასახლებულები ფშავიდან. საგარეჯოში ახლაც არის მამისაშვილების ერთი დიდი უბანი.

- ბატონი ნოდარი თავმდაბალი პიროვნება იყო და დამსახურების მიუხედავად ჯილდოები, პრემიები არა აქვს, მხოლოდ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება ჰქონდა. ვინ იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც მის აღმოჩენებს მხარს უჭერდნენ?

- ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე რომ გახდა, გუგული თორაძის დამსახურებაა. ნოდარი მაშინ საკმაოდ ახალგაზრდა იყო. ის თავისთვის არასოდეს ირჯებოდა, თუმცა სხვებს ყოველთვის ეხმარებოდა და რეკომენდაციას უწევდა, რათა რომელიმე წოდება მიეღოთ. 60-იან წლებში ნოდარმა შექმნა სრულიად ახალი მუსიკალური სამფაზიანი სისტემა ქართულ ფოლკლორზე დაყრდნობით. ამ შრომის შესახებ გაიგო „საბჭოთა ხელოვნების“ რედაქტორმა ოთარ ეგაძემ და ნოდარს უთხრა: რადგან საკითხი ასეთ მნიშვნელოვან სიახლეს ეხება, რუსულად თარგმნე და წიგნს დაგიბეჭდავო. ნოდარი ოთარს არც იცნობდა. „სამფაზიანი კომპოზიციის მუსიკალური სისტემა“ რუსულ ენაზე გამოიცა. მადლობა ამისთვის ოთარ ეგაძეს. ნოდარი ოცნებობდა ჰოლოსტუდიის (ჰოლოფონია ნიშნავს სავსეხმოვანებას) დაარსებაზე. ეს იქნებოდა სპეციალური ტექნიკური პირობებით აღჭურვილი ნაგებობა, სადაც გაჟღერდებოდა ჰოლოფონიური პარტიტურა. მან გაამზადა სქემები, ნახაზები, გამოთვლები და გამოჩნდა ადამიანიც, ვინც მას დააფინანსებდა. ეს გახლდათ სოლიკო ხაბეიშვილი, მაგრამ მალე ის მოკლეს... სხვათა შორის, ამ გამოგონების შეძენა ამერიკელებს უნდოდათ, მაგრამ ნოდარმა არ გაყიდა, ეს საქართველოში უნდა დარჩესო.

- მისი გამოგონებების ჩამოთვლისას, ბევრჯერ შეგვიძლია გამოვიყენოთ სიტყვა „პირველად“. რამდენიმე მათგანი გავახსენოთ მკითხველს.

- ჯერ კიდევ 50-იან წლებში, როცა ის ცხოვრობდა ვაკეში მშობლებთან ერთად, მასთან სტუმრად მივიდნენ თანაკურსელები ნანა ქავთარაძე და ვილი გურევიჩი. მათ ნახეს კედელზე ჩამოკიდებული დაფა ცისარტყელას ყველა ფერის ნათურებით. ნაწარმოების შესრულების დროს ნოდარი ტონალობების ცვალებადობის შესაბამისად ცვლიდა ნათურის ფერებს. იგივე გამოგონება მოგვიანებით შექმნეს ფიზიკოსებმა და სკრიაბინის მუზეუმში კომპოზიტორის ნაწარმოებების მოსმენა ანალოგიური მექანიზმის საშუალებით ხდებოდა. ნოდარის ერთი ფუნდამენტური ნაშრომი ეხება სინათლის, ფერისა და ბგერის ურთიერთობას, რომლის საფუძველზეც ის ლექციებს (ანალოგი არა აქვს მსოფლიოში) უკითხავდა სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტებს. მან შექმნა 9 საეკლესიო ზარის რეზონანსული განაწილების აკუსტიკური სქემა, რის მიხედვითაც განაწილდა ზარები წმინდა სამების ტაძარში. როცა ნოდარი პატრიარქს შეხვდა, ილია მეორემ უთხრა: ნოდარ, სად უნდა წაიღო ამდენი ცოდნაო? მას ეკუთვნის ინოვაციები ბგერითი ეკოლოგიის, აკუსტიკის, ნოოსფეროს და სხვა არაერთ საკითხში.

- მისი რომელიმე კონცერტი და ის ემოციები გაიხსენეთ.

- ყველა კონცერტზე უდიდესი ღელვა და განცდა მქონდა, ნოდარი კი ყოველთვის მშვიდად იჯდა და ამბობდა: მე ვიცი, რაც დავწერე, ის სამუდამოა... შვეიცარიაში დავესწარით ფესტივალს „მუსიკა-კოსმოსი“, სადაც ბრწყინვალედ შესრულდა მისი ჩელოს კონცერტი. ჩელოს პარტიას ასრულებდა აღიარებული ვიოლონჩელისტი ივან მონიგეტი, დირიჟორობდა საიმონ კამარტინი. საინტერესოა დირიჟორის აზრი ამ კონცერტის შესახებ, რომელიც პრესაში გამოქვეყნდა: „შემიძლია ჩემი გამოცდილებით დავადასტურო, რომ ეს ნაწარმოები იყო საჩუქარი ზეციდან ორკესტრისთვის, დირიჟორისა და სოლისტისთვის“.

- თქვენთვის რამდენი ნაწარმოები აქვს მოძღვნილი?

- ბევრი, მაგრამ გამოცემული არც ერთი არ არის. პირველ ნაწარმოებს ჰქვია „მე შენ მიყვარხარ“, იმ დროს უკვე მისი მეუღლე ვიყავი.

- ბოლოს რაზე მუშაობდა?

- ერთი პატარა ლექსი დაწერა: „მოდის შემოდგომა ნისლებჩახვეული, / წვიმებით, ქარით და თოვლდამშეული./ მზე ღრუბლებს მიღმაა, ცეცხლგადარეული/ და მაინც, აქ არის იმედად ქცეული./ მზეს ქალი ატარებს, სხივივით გრძნეული,/ ლამაზი თვალებით, ლამაზი სხეულით“.

- დასასრულს, ხომ არ გინდათ რამე თქვათ?

- ივერ ფრანგიშვილი მოსკოვიდან როცა ჩამოვიდა, საინჟინრო აკადემია გახსნა, ნოდარი მრჩევლად აიყვანა და ლაბორატორია მისცა კიბერნეტიკის ინსტიტუტში. მერე იქ ვიღაცამ რემონტი მოინდომა და ის ოთახი დაანგრიეს, რომელიც გარკვეულ ისტორიას წარმოადგენდა. რა გახდა ერთი პატარა ოთახი? ამიტომ ვამბობ, რომ ოთარ ეგაძე იყო პატრიოტი, ხოლო ადამიანი იმ ინსტიტუტიდან - პატრიოტი არ იყო.

ნანული ზოტიკიშვილი

ჟურნალი "გზა"