"თამარი 27 წლის მეგონა და მერე საუბარში გაირკვა, რომ მისი უფროსი შვილი 23 წლისაა" - რაში გვეხმარება ცეკვა და როგორ მოვუაროთ სხეულს ზაფხულის დადგომამდე - კვირის პალიტრა

"თამარი 27 წლის მეგონა და მერე საუბარში გაირკვა, რომ მისი უფროსი შვილი 23 წლისაა" - რაში გვეხმარება ცეკვა და როგორ მოვუაროთ სხეულს ზაფხულის დადგომამდე

ალბათ ეს ის შემთხვევაა, როცა ადამიანი სწორი ფიზიკური აქტიურობითა და საინტერესო ჰობით ინარჩუნებს ახალგაზრდობას. თამარ კულუმბეგოვმა ხატვის, ცეკვის, იოგის, მასაჟისა და ასტროლოგის სინთეზით შექმნა ქალბატონების გაჯანსაღების კურსი და რჩევებს ჩვენც გვიზიარებს.

- გახლავართ მასაჟის სპეციალისტი და ტრენერი; აგრეთვე იოგის ტრენერი. ორივე სპეციალობა ჩემი ინტერესისა და სიყვარულის საგანია. მასაჟი მაგალითად, ბავშვობიდან გასდევს ჩემს ცხოვრებას. ვხედავდი, ნაინსულტარ ბებიას მასაჟისტი რას როგორ უკეთებდა და როცა ის მიდიოდა, მე ვაგრძელებდი მის გაჯანსაღებაზე ზრუნვას. წლების შემდეგ მამას დასჭირდა სისხლის მიმოქცევისა და კუნთებისათვის მასაჟი და ეს მისია ისევ მე ვიკისრე. ვხალისობდით, ვჯანსაღდებოდით! რა თქმა უნდა, ეს იმით დასრულდა, რომ უკვე ზრდასრულ ასაკში პროფესიულად შევისწავლე ეს სპეციალობა. ახლახან ვეზიარე კინეზიოლოგიურ ცენტრში მიოფასციალური ჯაჭვების შესწავლის კურსს და კიდევ ახალი მხრიდან შევხედე იმ კავშირებს, მიზეზშედეგობრიობას, რაც ჩვენს სხეულში ვლინდება. ეს ძალზე საინტერესო და ლამაზი პროცესია. საკუთარი სხეულის შესწავლით შეიცნობ მთელ სამყაროს და პირიქით... მინდა აღვნიშნო, რომ მასაჟი არ არის მხოლოდ გვერდების ფხანა, ეს ერთ-ერთი ძველი გამაჯანსაღებელი მეთოდია. მასაჟის დროს ადამიანი იწმინდება ყველა დონეზე, ადვილდება წვდომა მის ღრმა სტრუქტურებში და მასაჟის შემდეგ უკეთესობისკენ იცვლება. ყველაზე მეტად მიყვარს სარელაქსაციო მასაჟი, რა დროსაც სრული შემოქმედი ხდება სპეციალისტი, ეს არის შემოქმედებას დამატებული იმპროვიზაცია, მოკლედ ცოცხალი პროცესი. შეგიძლია ჩაატარო მასაჟი ხატვით, ცეკვით, დაკვრით...

იოგა ჩემს ცხოვრებაში 90-იანებში შემოვიდა. გახსოვთ ალბათ, უშუქობის პერიოდი რომ დაიწყო. წარმოიდგინეთ სანთლით განათებული ოთახი, ელემენტებზე მომუშავე რადიო ირაკლი ჩარკვიანის სიმღერით "მე გადავცურავ ზღვას..." და იოგის გაწელვები... ეს დედისგან მერგო, მან შეგვაყვარა იოგა. დედისგანვე მერგო ასტროლოგიის ცოდნაც. მოკლედ, წლებია იოგას "ვაპრაქტიკებ", კორონას დროს, მოწყენილობის ჟამს იოგას სატრენერო კურსი გავიარე.

რაც შეეხება ცეკვას, უფრო სამკურნალო მოძრაობებს დავარქმევდი. ვთვლი, რომ ქვეყნიერებაზე რაც კი შექმნილა, ყველაფერი სამკურნალოდ, დასახმარებლადაა ან კარგად გამოიყენება ამ მიზნით. მაგალითად, საცეკვაო ელემენტები ძალიან გვეხმარება დატესტვაში, თუ სად და რა უჭირს ადამიანს, შემდეგ იგივე ელემენტები შველის ამ მიზეზს. საოცრებას ახდენს ეს მეთოდი და შეიძლება პირველიც კი არის მრავალი ფიზიკური, მენტალური და ფსიქოემოციური პათოლოგიის განსაკურნებლად. ამით იხსნება სხეულში, გონებასა და ფსიქიკაში არსებული შეგუბებები და შეკუმშულობები, შედეგად სუნთქვა, სისხლისა და ლიმფის მიმოქცევა ხდება თავისუფალი, ამ და კიდევ ბევრი სხვა დადებითი რეაქციის შედეგად ადამიანი ჯანსაღდება და ივსება სასიამოვნო შეგრძნებებით.

- მინდა გკითხო ე.წ. ატლასის დაძვრაზე, რასაც პირადად შევეჯახე. ეს შეიძლება იყოს თანდაყოლილი თუ მობილურში "თავჩარგულობის" გამო ვითარდება?

- ატლასის მალა შესაძლოა დაბადების მომენტში დაიძრას და შემდგომ გამოვლინდეს დისკომფორტით დაწყებული - მისული ხერხემლის პათოლოგიამდე. ასევე ნებისმიერ ასაკში ხელშემწყობი პირობების ფონზე. ცხოვრების წესიდან გამომდინარე, არასწორი წოლის მანერაც უწყობს ხელს. ანუ როცა ხდება თავის ან კისრის ზედმეტი გადახრა რომელიმე მხარეს, ან მხოლოდ ერთ მხარეს წოლა. მობილურში "თავჩარგულობა" არა მხოლოდ ატლასის დაძვრას, კისრის ოსტეოქონდროზსაც უწყობს ხელს. ბოლო დროს ყველაზე ხშირად მოზარდთა საყრდენმამოძრავებელი პათოლიგიების გამო მაკითხავენ. ბავშვები თავჩარგულები რომ არიან მობილურებში, ეს უკანა მიოფასციალური ჯაჭვის გაწელვასა და წინა ჯაჭვის დამოკლებას იწვევს, რაც არღვევს ჯერ ტანადობას, რომელიც შემდგომში გადაიზრდება რაიმე პათოლოგიაში, ირღვევა კუნთოვანი კორსეტი და ხერხემალი კარგავს საყრდენს. ვითარდება გულმკერდის მალების ჰიპერკიფოზი, კისრის მალების ჰიოერლორდოზი, მკერდის ნეკნების შეზნექილობა.

- ზაფხული მოდის და ყველა ცდილობს ზედმეტი კილოგრამების მოცილებას, არის რაიმე სისტემა, რასაც შეიძლება მივდიოთ და გავიუმჯობესოთ ჩვენი წონა?

- როდესაც გვსურს შედეგის მიღება რაიმე მიმართულებით, აუცილებლად ცხოვრების წესის შეცვლა მოგვიწევს ან მინიმუმ რაიმე ღონისძიების გატარება. სხეულის ტრანსფორმაციისთვის ერთ-ერთი სასიამოვნო საქმიანობაა ცეკვა. დიახ, თუკი გვიყვარს ის. სხვა შემთხვევაში, კარგია ნებისმიერი ფიზიკური აქტივობა, რომელიც მოგვწონს და ყოველთვის სიხარულით შევასრულებთ, რადგან აქ უმნიშვნელოვანესი სისტემატურობაა... ყველაფერი, რაშიც ენერგიას და შრომას ჩავდებთ, აუცილებლად მოგვიტანს შედეგს.

- რა არის კარგად ყოფნის რეცეპტი - დიეტა და ცეკვა?

- დაივიწყეთ სიტყვა "დიეტა", შეცვალეთ ის "გონივრული კვებით" ან სულაც, "კვებით". ასევე მოეშვით თავის მართლებას მიდგომით "ჭამა სიამოვნებაა". ჭამა სიამოვნებაა მაშინ, როცა ჩვენ ვირჩევთ საკვებს. იყავით დაკვირვებული, საჭმელი ხომ არ გირჩევთ თქვენ თავისი მაცდუნებელი უნარ-თვისებებით: სუნით, ფერით, გემოთი?.. ხომ ვიცით, "რაც ბრწყინავს, ყველაფერი ოქრო არ არის". თქვენს ორგანიზმზე ძვირფასი მატერია არ გაქვთ, ამიტომ პატივი ეცით მას და მიართვით მეტად სასარგებლო და ნაკლებად სასიამოვნო პროდუქტები, თუმცა გარწმუნებთ, როდესაც ცოცხალი პროდუქტების მიღებით დაგეწმინდებათ რეცეპტორები, სულ სხვაგვარად დაიწყებთ გემოების აღქმას. გაამდიდრეთ რაციონი ბოსტნეულით, ნებისმიერი სახის მწვანილით, პარკოსნებით, ბუღულეულით... ასევე სცადეთ კმაყოფილებისა და ბედნიერების ჰორმონების სხვა წყაროებიდანაც მიღება, რომ არ იყოთ მხოლოდ საკვებზე დამოკიდებული, ანუ გააკეთეთ ის საქმე, რაც ბედნიერებას განიჭებთ.

- თუ ადამიანი ტკბილზე ვერ ამბობს უარს...

- მას აკლია ვიტამინები. და სჯობს, გამომშრალი ხილი ანუ ჩირეული მიირთვას. მოთხოვნილება ჩნდება რაღაცის ნაკლებობიდან. როდესაც ორგანიზმს მივაწვდით ნამდვილ, ცოცხალ ვიტამინებს ხილის, ბოსტნეულის სახით, ტკბილეულის ჭამის სურვილიც გაგიქრებათ. დათრგუნვით არაფერი გამოვა, უნდა დაკმაყოფილდეს ორგანიზმი საჭირო მინერალებითა და ვიტამინებით, რაც მხოლოდ ბიოჯანსაღი და ღირებულებაშენარჩუნებული წყაროდან ხდება. მაგალითად: ხილი, ჩირი, თხილეული, ბოსტნეული, მწვანილეული. გაიხადეთ ჩვევად, სამსახურში თან ატაროთ მსგავსი სასუსნავები და მაღაზიებში ჯერ ხილისა და ბოსტნეულის, ჩირის დახლები დაათვალიეროთ, სანამ ჭრელი და ლამაზი საცდუნებლები იმოქმედებს თქვენს ნებისყოფაზე... და სულ მალე შეგეცვლებათ ჩვევა, შედეგად კი სიჯანსაღეს და სილამაზეს მიიღებთ.

თუ ტკბილი გიყვართ და მასზე უარს ვერ ამბობთ, მიიღეთ ის დილით ადრე. სწორედ ამ დროს არის ის წამალი და არა საწამლავი. შუადღიდან 4 საათამდე შეგიძლიათ მიიღო ყველანაირი მძიმე საკვები, ორგანიზმი მას შესანიშნავად გუმკლავდება. ხოლო თუ ღამით ბრუნდებით სამსახურიდან და შიმშილი გაწუხებთ, რა თქმა უნდა, უნდა ჭამოთ და ამ დროს უმჯობესია ცილოვანი პროდუქტი მიირთვათ, მთავარია, ნახშირწყლებისგან თავი შეიკავოთ.

სამი ვარიანტი სხვადასხვა ინტერესისა და შესაძლებლობის ადამიანისთვის:

1. როგორი დაღლილიც უნდა ვიყოთ, დღეში 5-წუთიანი ან კვირაში 30-წუთიანი ცეკვა აგვაცილებს წონის მატებას და სისხლის მიმოქცევის გააქტიურება აგვიმაღლებს იმუნიტეტს, ასევე გუნება-განწყობილებას;

2. დღეში 15-წუთიანი იოგის გაწელვები დაგვიბრუნებს ახალგაზრდობას და აგვაცილებს ხერხემლის ნაადრევ დაბერებას.

ცეკვა და ვარჯიში დღის ნებისმიერ დროს კარგია. და აქაც საკუთარ თავს დავაკვირდეთ, როდის უფრო გვარგებს. ღამით ხომ არ გვაფხიზლებს და გვიშლის ძილს ან პირიქით, იქნებ კარგ ძილში გვიწყობს ხელს, აქ დიდ დატვირთვაზე არ ვსაუბრობთ. მთავარი წესია, ჭამიდან ერთი საათის შემდეგ და ასევე ჭამამდე ერთი საათით ადრე;

3. წყალი საჭირო რაოდენობით, არც ცოტა, არც ბევრი, არც შუაღამით მიღებას გირჩევთ, არამედ გამოითვალეთ საკუთარი ინდექსით, მეთოდები ბევრია და შეგიძლიათ "დაგუგლოთ". და დააკვირდით, ეს რაოდენობა ხომ არ შეგაშუპებთ? შეირჩიეთ სასარგებლო რაოდენობა და სვით წყალი, ის სჭირდება სახსრებს, კანს... და აუცილებელია "ცელულიტთან" საბრძოლველად.

გააკეთეთ აქედან რომელიმე, რომ შეგეძლოთ თქვათ, ცხოვრების წესის შეცვლისკენ ნაბიჯი გადადგით, შედეგი კი აუცილებლად სასიამოვნო იქნება.

რუსუდან გელაშვილი

ჟურნალი "გზა"