სექსი, აგვისტოს ომი, ევროპარლამენტარები და დიდი პოლიტიკა - "ღვინო, დუდუკი, ქალები":რუსული სპეცსამსახურების მთავარი იარაღი - კვირის პალიტრა

სექსი, აგვისტოს ომი, ევროპარლამენტარები და დიდი პოლიტიკა - "ღვინო, დუდუკი, ქალები":რუსული სპეცსამსახურების მთავარი იარაღი

ბევრმა „დამწყებმა პოლიტიკოსმა“ შეიძლება თავადაც არ იცის, თუ როგორ გულმოდგინედ სწავლობენ მის ბიოგრაფიას: ახალგაზრდობის წლებს, ნათესავ–მეგობრებს, კარიერის დასაწყისს, შეცდომა–წარმატებებს და რაც მთავარია მის ძლიერ და სუსტ მხარეებს. პოლიტიკოსობა ისეთივე რთული პროფესიაა, როგორიც მაგალითად ქიმიკოსობა: როდისმე გინახავთ, რომ ფეხბურთელმა, მოჭიდავემ ან კალათბურთელმა, კარიერის დასრულების შემდეგ, ქიმიკოსობა მოინდომოს? „მოყვარული პოლიტიკოსი“ შეიძლება მხოლოდ საქართველოში შეგვხვდეს. პოლიტიკა ურთულესი მეცნიერებაა, რომელიც შესაბამისი უნარ–ჩვევების დაუფლებასთან ერთად, მდგრად ფსიქიკას და სუფთა წარსულს მოითხოვს. თუ კომპრომატებია მიმალური თქვენს „ძველ სკივრში“, ან გადამეტებულად ეტრფით სასმელს, კაზინოს და მანდილოსნებს, მაშინ უმჯობესია სხვა საქმეს მოჰკიდოთ ხელი, რადგანაც იცოდეთ: თქვენზე ფარულად „ნადირობენ“!

გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ 2024 წლის 6–9 ივნისს ევროპის მომავალი გადაწყდება: ამ პერიოდში ტარდება ევროპარლამენტის არჩევნები და თუ პრორუსული პარტიები მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევენ, ბევრი რამ, სამწუხაროდ, პუტინის სასარგებლოდ შეიცვლება. ეს უპირველესად რუსეთის საწინააღმდეგო პოლიტიკურ–ეკონომიკურ სანქციების შესუსტებას და უკრაინის სამხედრო–საფინანსო დახმარების შემცირებას შეეხება. ეს კარგად იცის რუსეთის ხელისუფლებამ და უკვე დიდი ხანია თავადაც ემზადება ამ არჩევნებისთვის . რუსეთის სპეცსამსახურებს ადრევე ჰყავთ შერჩეული ევროდეპუტატობის კანდიდატები, რომლებიც მომავალში მათი „გავლენის აგენტები“ უნდა გახდნენ. პოლიტიკოსების „დამუშავების“ მრავალი მეთოდიდან ერთი ისეთივე უძველესია, როგორც თავად ჩვენი სამყარო.

სპეცსამსახურები ყოველთვის წარმატებით იყენებდნენ ყველა ადამიანისთვის დამახასიათებელ სისუსტეებს. კაცური განცხრომის ქართულ ფორმულაში (“ღვინო, დუდუკი, ქალები”), თუ “დუდუკს” - “ფულით” შევცვლით, მივიღებთ

აგენტურის გადაბირების უნივერსალურ გამზომილებას, სადაც ყველაზე შედეგიანი “სექს-ოპერაციაა”. ამ ოპერაციის საბოლოო მიზანი სხვა ქვეყნის საიდუმლო დოკუმენტაციის ხელში ჩაგდება, მაღალჩინოსანი პოლიტიკოს–ჩინოვნიკების გადაბირება ან კომპრომეტირებაა.

2010 წელს რუსეთის საგარეო დაზვერვამ ორი მტკივნეული მარცხი განიცადა: ჯერ 28 ივნისს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციიიდან გაირკვა, რომ გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლებმა რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ათი ადამიანი დააკავა. მათ შორის იყო “სექს-აგენტი”, მომხიბლავი რუსი “ნატაშა” – ანა ჩაპმანი, რომელიც

picture1-1713851734.jpg

ანა ჩაპმანი

შემდეგ ლამის რუსეთის ეროვნულ გმირადაც გამოაცხადეს: თავს არ ზოგავდა ქვეყნისთვისო . ორი წლის შემდეგ ეფ–ბე–აის ერთ–ერთმა ხელმძღვანელმა განაცხადა: ჯაშუშური რგოლი უკვე ისე ახლოს იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ერთ-ერთ წევრთან, რომ დაყოვნება უკვე აღარ შეიძლებოდაო. გაირკვა, რომ „აგენტი 90-60-90“ – ანა ჩაპმანი ცდილობდა ბარაკ ობამას ადმინისტრაციის ერთ-ერთი ახალგაზრდა თანამშრომლის ცდუნებას და სულ უფრო და უფრო „მეგობრულ ურთიერთობებს“ ამყარებდა სხვა მაღალი თანამდებობის ჩინოვნიკებთანაც.

მეორე შემთხვევაც არა ნაკლებ სკანდალური იყო. 2010 წლის 2 დეკემბერს დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურებმა დააკავეს რუსეთის მოქალაქე ეკატერინე ზატულივეტერი, რომელსაც ჯაშუშობის ბრალდება წაუყენეს და ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე მისი დეპორტაცია მოითხოვეს. ვინ იყო და რას მოღვაწეობდა ეს ქალბატონი ნისლიან ლონდონში?

ეკატერინე ზატულივეტერი დიდ ბრიტანეთში 2007 წელს ჩავიდა ბრედფორდის უნივერსიტეტში სამაგისტრო დისერტაციის დასაცავად. მანამდე მან დაამთავრა სანქტ–პეტერბურგის უნივერსიტეტი, სადაც სავარაუდოდ გადაიბირეს რუსეთის სპეცსამსახურებმა. ეკატერინე ზატულივეტერის სამაგისტრო ნაშრომის თემა სამხედრო კონფლიქტები იყო. “კატია”, როგორც რუს ქალბატონს მოფერებით ეძახდნენ, რაღაც „მანქანებით“ ლიბერალურ–დემოკრატიული პარტიიდან დიდი ბრიტანეთის პარლმანტის და ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი – თავდაცვის კომიტეტის, წევრის, მაიკ ჰენკოკი სტრასბურგში გაიცნო და მალევე ასისტენტი გახდა. „კატია“ თვეში სულ რაღაც 250 ფუნტი სტერლინგი ჰქონდა ანაზღაურება.

picture2-1713851734.jpg

“კატია”

თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ „კატია“ ერთდროულად რამდენიმე ფრონტზე “იბრძოდა” და მის ფინანსურ მდგომარეობაზე „მეგობრები“ ზრუნავდნენ. დაკითხვის პროცესში ზატულივეტერმა აღიარა, რომ თავის უფროსთან, მაიკ ჰენკოკთან წლების მანძილზე ინტიმურ კავშირში იმყოფებოდა. გარდა ამისა „კატია“ ზატულივეტერის მოვალეობებში შედიოდა: ჰენკოკის ამომრჩევლების მიღება პარლამენტში ვიზიტების დროს, პარლამენტის წევრის გამოსვლების ტექსტის შედგენა და საიდუმლო ინფორმაციის მიღების მიზნით საპარლამენტო მოთხოვნების გაგზავნა დიდი ბრიტანეთის მთავრობაში. მაგალითად „კატიას“ თხოვნით, ჰენკოკი იღებდა ინფორმაციას ბრიტანეთის ბირთვული არსენალის მდგომარეობისა და ატომური წყალქვეშა ნავების ბაზირების შესახებ. პარალელურად „კატია“ აქტიურად იყო ჩართული დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სფეროს ანალიტიკური ცენტრის მუშაობაში. ზატულივეტერის ასაკოვანი “ბოიფრენდი” მაიკ ჰენკოკი რუს ლამაზმანებთან “ცუღლუტობაში” ადრეც იყო შემჩნეული: სანქტ–პეტერბურგელ „კატიამდე“, მისი ასისტენტი ასევე რუსი, ეკატერინბურგელი ასევე „კატია“ –ეკატერინე პადერინა იყო.

picture3-1713851734.jpg

ეკატერინე პადერინა

კაცი სიბერეშია, თუ ფული აქვს და ჯანიც მოსდევს, ღმერთმა ხელი მოუმართოსო – იტყვის მავანი. თუმცა არც ასე მარტივადაა საქმე, რადგანაც ახალგაზრდა რუს ქალბატონებთან დროსტარებასთან პარალელურად, ჰენკოკი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრიც გახლდათ და სხდომებზე საქართველოს წინააღმდეგაც ასწრებდა გესლის დანთხევას და რუსეთის ხელისუფლების დეზინფორმაციის გავრცელებას „აგვისტოს ომის“ შესახებ. მას ყველაზე პრორუსულად განწყობილი დეპუტატისა და ვლადიმერ პუტინის თაყვანისცემლის რეპუტაცია ჰქონდა და აქვს.

picture4-1713851734.jpg

მაიკ ჰენკოკი

მაიკ ჰენკოკი ცნობილი მექალთანე რომ იყო ყველასთვის კარგადაა ცნობილი, ამიტომ არაა გამორიცხული, რომ პოლიტიკოსისთვის ამგვარი კომპრომატით კარგად ისარგებლა რუსეთის საგრეო დაზვერვამ და ორი “კატიას” სახით აგენტები მიუგზავნა. ეს კი რუსეთის საგარეო დაზვერვის ნაცადი ხერხია. შპიონაჟში სექსის „ილეთების“ გამოყენება რუსეთის სპეცსამსახურებმა მემკვიდრეობით მიიღეს საბჭოთა დაზვერვისგან. „კატიებს“ კი ასაკოვანი მაიკის მოხიბლვა არ გაუჭირდებოდა.

უკვე დამტკიცებული ფაქტია, რომ მაიკ ჰენკოკთან მუშაობისას ეკატერინე ზატულივეტერი, ჰენკოკის სახელით, აგზავნიდა ათობით საპარლამენტო მოთხოვნას თავდაცვის სამინისტროში უამრავ საიდუმლო ინფორმაციასთან დაკავშირებით. მოდიოდა პასუხები, ზატულივეტერი მას კითხულობდა, აკეთებდა ასლებს და უგზავნიდა რუსეთის დაზვერვას. ისივ გაირკვა, რომ 26 წლის “კატია” მხოლოდ ჰენკოკით არ იფარგლებოდა და უცხოელ დიპლომატებთან ხშირ კონტაქტებშიც იყო შემჩნეული. სასამართლო სხდომის ღია ნაწილის დროს, თავად ზატულივეტერმა მისცა ჩვენება, სადაც აღწრა მის ურთიერთობა ჰენკოკთან და ორ სხვა ევროპელ დიპლომატთან: ჰოლანდიელთან და ნატოს მაღალის რანგის ოფიციალურ პირთან.

შეიძლება ითქვას, რომ მეორე „კატიამ“ იმ პერიოდში გაცილებით დიდი ზიანი მიაყენა დიდ ბრიტანეთს, ვიდრე რუსეთის საგარეო დაზვერვის ლონდონის მთელმა რეზიდენტურამ.

სასამართლომ რუსი ასისტენტი გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლა. ამით ფაქტიურად დადასტურდა ის ვარაუდი, რომ დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურებს „კატია“ - ”ნატაშას” წინააღმდეგ პირდაპირი სამხილი არ გააჩნდათ. სავარაუდოდ მაიკ ჰენკოკისა და რუსეთის საგარეო დაზვერვის კონტაქტების შესახებ ბრიტანელებს მხოლოდ აგენტურული ინფორმაცია ჩაუვარდათ ხელთ, ამას კი მტკიცებულების ძალა არ ექნებოდა. ამიტომაც ბრიტანელებმა მცირედით დაკმაყოფილება არჩიეს: მაიკ ჰენკოკს ისეთი საერთაშორისო სკანდალი გამოუქექეს, რომელმაც მნიშვნელოვნად იმოქმედა მის პოლიტიკურ კარიერაზე: საეჭვო “მოღვაწეობის” გამო ჰენკოკმა ევროსაბჭოში რუსეთის საქმეებთან დაკავშირებული პარტიული ჯგუფის ხელმძღვანელის პოსტიდან გაათავისუფლეს. 2015 წელს კი დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო არჩევნებშიც დამარცხდა. თუმცა უცნობი დარჩა: ჰენკოკი მხოლოდ უნებლიეთ ეხმარებოდა “კატიას” სადაზვერვო საქმეებში, თუ თვითონაც რუსეთის “გავლენის აგენტი” იყო?

ერთი საინტერესო ფაქტიც: სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში „კატია“ – ეკატერინე ზატულივეტერი ლონდონში ცხოვრობდა და იმ პერიოდში მას სამსახური შესთავაზა რუსეთის ხელისუფლების მიერ დაფინანსებულმა ინგლისურენოვანმა არხმა „Russia Today“, რომელიც „Sputnik“–თან ერთად საზღვარგარეთ, მათ შორის საქართველოში, რუსული „რბილი ძალის“ ერთ–ერთი მთავარი გამტარებელია.

(მესამე ნაწილის დასასრული)