"მე ახლა უცენზუროდ გიპასუხებდით..." - უკრაინის დაზვერვის შეფის მძიმე ინტერვიუ: ელის თუ არა ამ ქვეყანას "არმაგედონი" და როგორ შეაჩერებენ რუსებს? - კვირის პალიტრა

"მე ახლა უცენზუროდ გიპასუხებდით..." - უკრაინის დაზვერვის შეფის მძიმე ინტერვიუ: ელის თუ არა ამ ქვეყანას "არმაგედონი" და როგორ შეაჩერებენ რუსებს?

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის - „ბიბისის“ (BBC) უკრაინულმა სამსახურმა, სათაურით - „ჩვენ მძიმე პერიოდი გველოდება, მაგრამ უკრაინა ომს არ წააგებს“, გამოაქვეყნა ინტერვიუ გენერალ კირილ ბუდანოვთან, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსთან, რომელსაც ჟურნალისტი ოქსანა ტოროპი ესაუბრება.

„კირილ ბუდანოვი სამხედრო დაზვერვის ყველაზე საჯარო და ცნობადი ხელმძღვანელია, არა მარტო უკრაინის სპეცსამსახურების ისტორიაში, არამედ - მთელი მსოფლიოს მასშტაბით. იგი რეგულარულად აძლევს ინტერვიუებს ჟურნალისტებს, საკმაოდ ხშირად გამოდის საჯარო ღონისძიებებზე, სადაც ყოველთვის აუღელვებლად აჟღერებს ოპტიმისტურ პროგნოზებს უკრაინისათვის და რუსეთის დაშლას წინასწარმეტყველებს. სწორედ კირილ ბუდანოვი ამტკიცებდა თავის დროზე, რომ „აქტიური საბრძოლო მოქმედებები 2022 წლის ბოლომდე დასრულდება“, ხოლო „უკრაინის არმია ორიოდე თვეში ყირიმში იქნებაო“.. მიუხედავად იმისა, რომ კირილ ბუდანოვის არც ერთი ზემოხსენებული პროგნოზი არ გამართლებულა, სამხედრო დაზვერვის შეფი სულაც არ დარდობს ამას და ყველაფერს „გარემოებების შეცვლას“ აბრალებს: „ჩემი პროგნოზები რეალური დროის პროგნოზებია და თუ რაიმე არ ასრულდება, ბოდიში... სიტუაციას ზოგჯერ მათში კორექტივები შეაქვს“, - ნათქვამია პუბლიკაციის დასაწყისში.

ინტერვიუს დროს კირილ ბუდანოვი ბევრ კითხვას პასუხობს - ფრონტზე არსებულ მდგომარეობაზე, პროგნოზებსა და მოლოდინებზე, პოლიტიკასა და პირადულზე. ზოგიერთ კითხვაზე პასუხს დაზვერვის ხელმძღვანელმა თავი აარიდა - მაგალითად, საუბარს უკრაინის არმიის 2023 წლის ზაფხულის კონტრშეტევის წარუმატებლობის მიზეზებზე და რუსეთთან სავარაუდო მოლაპარაკებაზე.

რასაკვირველია, კირილ ბუდანოვმა კვლავ გააჟღერა თავისი პროგნოზები, მაგრამ ახლა უკვე - არც თუ ისე ოპტიმისტური, როგორც შარშან და შარშანწინ, თუმცა დარწმუნებულია, რომ უკრაინა ომს არ წააგებს. „არმაგედონი არ იქნება“, - ამბობს იგი, მცირე პაუზის შემდეგ კი ამატებს: - „როგორც ყოველთვის, ბოლო მომენტში რაღაცას მოვიფიქრებთ“.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- თქვენ სამი თვის წინ ამბობდით, რუსებს არსებითი წარმატებები არ აქვთო. თქვენი აზრით, დღევანდელი მომენტისათვის რუსებმა რაიმე არსებით წარმატებას მიაღწიეს?

- ვაღიარებ, რომ რუსებს მართლაც მიაღწიეს წარმატებას - მათ ქალაქი ავდეევკა დაიკავეს. ეს უკვე ფაქტია. ეს მათ შეძლეს. ყველა სხვა მომენტზე კი ჯერ ლაპარაკი ნაადრევია.

- აბა, მაშ რას იტყვით უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე რუსების დარტყმების შესახებ?

- თუ ასეა, ჩვენც ხომ ვურტყამთ რუსეთის ობიექტებს? ეს ერთგვარი გათანაბრებაა. ისინიც სადღაც რაღაცას აკეთებენ, ჩვენც სადღაც რაღაცას ვაკეთებთ. ზოგიერთი საქმე წარმატებულია, ზოგიც - ნაკლებად წარმატებული... და საერთოდ, ომის ბედი მსგავსი დარტყმებით კი არ წყდება, არამედ - ისე, როგორც უძველეს დროში: სანამ ჯარისკაცი დროშით ხელში არ შევა ტერიტორიაზე, მანამ არაფერი შეიცვლება, თუნდაც იქ მილიონი დრონი გაგზავნო, თუნდაც ასი ათასი ჭურვი გაისროლო... მოკლედ, ყველაფერს ცოცხალი ძალის შესვლა წყვეტს - ადამიანის, ჯარისკაცის მიერ ტერიტორიის დაკავება.

- უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები და მათ შორის - თქვენც, გასულ წელს ამბობდით, რომ რუსებს რაკეტები აღარ აქვთო...

- ჰო, მაგრამ მათ როგორღაც მოაგროვეს... ხომ ხედავთ, ერთი წელია, რუსებს ჩვენი ენერგეტიკული ობიექტები არ დაუბომბავთ. სრულიად გასაგებია, რომ მათ ქარხნები აქვთ, წარმოება აქვთ და მცირე რაოდენობით დააგროვეს. ჩვენ კარგად ვიცით, რომ მათ ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო შეიარაღების საზღვაო კომპონენტებიც აქვთ, მაგრამ ჯერჯერობით რატომღაც აქტიურად არ იყენებენ.

რაც შეეხება საავიაციო რაკეტებს, მისი მარაგი რუსებს უკვე ნამდვილად ეწურებათ, ასეთ რაკეტებს ვერ აწარმოებენ. სერიოზული რეზერვი აღარ აქვთ. ადრინდელისაგან განსხვავებით, ახლა მხოლოდ რაკეტებს ორი სტრატეგიული ბომბდამშენიდან ისვრიან. არა იმიტომ, რომ რუსებს სამიზნე ობიექტები არ აქვთ ჩვენს ტერიტორიაზე, არამედ იმიტომ, რომ რაკეტებს ეკონომიურად ხარჯავენ. რასაკვირველია, რუსებს შეუძლიათ, კიდევ მოგვაყენონ სერიოზული დარტყმები, მაგრამ ეს უსასრულოდ ვერ გაგრძელდება.

(...)

- თქვენ ცნობილი ხართ საკმაოდ პოზიტიური პროგნოზების გაკეთებით. ალბათ, უკვე მიხვდით, რა მაქვს მხედველობაში: გახსოვთ, როგორ ამტკიცებდით - „უკრაინის არმია მალე ყირიმში იქნებაო“. აბა, ახლა რას იტყვით? ხომ არ ნანობთ ნათქვამს?

- იცით, მე ვთქვი, რომ „ჩვენ ყირიმში შევალთ-თქო“. საერთოდ, მე თუ რაიმეს ვიტყვი, იმას არასოდეს ვნანობ. საერთოდ, ყველაფრის შესახებ [გასათვალისწინებელია] ის, რომ ზოგჯერ სიტუაცია მკვეთრად, კარდინალურად იცვლება ხოლმე... ბოლოსდაბოლოს, თუ ჩემს პირად ნათქვამ სიტყვებზე მსაყვედურობთ, მაშინ მე იმასაც გეტყვით, რომ ჩვენი ქვედანაყოფები ყირიმში მართლაც შევიდნენ...

- ნუთუ არ გიფიქრიათ იმაზე, რომ თქვენ ასეთი პროგნოზებით უკრაინელებს ფუჭ იმედებს აძლევთ?

- არა, ჩემი სიტყვებით ფუჭ იმედებს არ ვიძლევი. ეს არის რეალური დროის პროგნოზები. თუ სინამდვილეში რაღაც ცოტა სხვაგვარად ხდება - ბოდიში... სიტუაციას მასში თავისი კორექტივები შეაქვს.

(...)

- თქვენი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ოპერაცია იყო რუსეთის არმიის სამხედრო ვერტმფრენის ეკიპაჟის მეთაურის [მაქსიმ კუზმინოვის] უკრაინის მხარეს გადმობირება, თუმცა ამას წინათ იგი ესპანეთში მოკლეს. რა დასკვნები გააკეთეთ ამ ფაქტიდან?

- მე ახლა უცენზუროდ გიპასუხებდით, როგორი დასკვნებიც გავაკეთეთ... სამწუხაროდ, ის, რაც მოხდა, ადამიანების კლასიკურ ფსიქოლოგიურ შეცდომას წარმოადგენს. როცა ადამიანებს ჯიბეში ფული უჩნდებათ, თავს უდარდელად გრძნობენ, ჰგონიათ, რომ თავიანთ უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ... მაგრამ დიდების სურვილი ბევრს აბრმავებს და იყინჩებიან - „იცი, მე ვინ ვარ?“, შემდეგ რუსეთიდან გოგონებს იძახებენ, ნაცნობებს წარსული ცხოვრებიდან, ტრაბახობენ ბევრი ფულით და ჰყვებიან, თუ რა ზღაპრულად ცხოვრობენ ესპანეთში და ასე შემდეგ.

დიახ, საჭირო იყო ეს ყველაფერი თავიდან აგვეცილებინა, მაგრამ... სამწუხაროდ, ასეთი ფაქტები ხდება ხოლმე. ადამიანების მსგავსი ქცევა მსოფლიოში - სხვადასხვა დროს და სხვადასხვა სიტუაციაში - ტიპურ შეცდომას წარმოადგენს. ძალიან ვწუხვართ, რომ მსგავსი რამ ჩვენც შეგვემთხვა, ეს უნდა ვაღიაროთ. მე არასოდეს მეშინია შეცდომების აღიარებისა და ახლაც იგივეს თქმა შემიძლია. საჭირო იყო მისთვის მოგვევლო და მისი ნათქვამი არ უნდა დაგვეჯერებინა, რომ „მე უკვე დიდი ვარ და ვიცი, რა და როგორ გავაკეთო“.

(...)

- კირილ ბუდანოვი - ეს ის კაცია, რომელიც პროგნოზებს იძლევა. ამაზე უკვე ვილაპარაკეთ, თუმცა კიდევ გკითხავთ - გვითხარით რაიმე მიმდინარე წელიწადზე. როგორია თქვენი მოლოდინი? რას უნდა ელოდნონ უკრაინელები?

- უახლოესი პერიოდი, ჩემი აზრით, მძიმე იქნება, მაგრამ „მძიმე“ და „კატასტროფული“ - ეს სხვადასხვა მნიშვნელობის მქონე სიტყვებია. ჩვენ უკვე რამდენჯერმე გამოვიარეთ მძიმე პერიოდი და დამიჯერეთ, ამასაც გავივლით. არაფერი ექსტრაორდინარული არ მოხდება. რუსების ყველა გეგმა და ჩანაფიქრი ჩვენთვის წინასწარ არის ცნობილი. ბევრ მათგანზე პასუხები მომზადებული გვაქვს. დიახ, არის გარკვეული საკითხები, რომლებზეც თავის მტვრევა მოგვიწევს, მაგრამ პასუხებს მაინც მოვუძებნით. როგორც ყოველთვის, ბოლო მომენტში რაღაცას მოვიფიქრებთ და გამოსავალს ვიპოვით.

- მაგრამ ბევრი რამ არის დამოკიდებული უცხოეთის უწყვეტ დახმარებაზეც, პარტნიორების მიერ იარაღის მოწოდებაზეც...

- იცით, 21-ე საუკუნე ინტერკონტინენტური კავშირების ეპოქას წარმოადგენს. ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული: პოლიტიკა, ეკონომიკა... ამიტომაც ამა თუ იმ მოვლენაზე გავლენას ბევრი ფაქტორი ახდენს. ამასთან ერთად, კიდევ ერთხელ გეუბნებით - ნუ დაუჯერებთ „დივანის ექსპერტებს“, რომლებიც, ხომ გახსოვთ, რას ამბობდნენ: „უკრაინის ბედი სამ დღეში გადაწყდება და ყველაფერი ამით დასრულდებაო“.

- ანუ თქვენ ახლა შარშანწინდელ სიტუაციას მიმდინარე წლის სიტუაციას ადარებთ, როცა ახლაც იმავეს ამბობენ - „უკრაინა ომს აგებსო“?

- დიახ, მაგრამ გარწმუნებთ, რომ უკრაინა ომს არ წააგებს, უკრაინას ვერავინ დაანგრევს. ეს ყველას უნდა გააცნობიეროს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: