ვერდის „ოტელოს“  ტრიუმფალური დაბრუნება თბილისის ოპერის სცენაზე - კვირის პალიტრა

ვერდის „ოტელოს“  ტრიუმფალური დაბრუნება თბილისის ოპერის სცენაზე

ჯუზეპე ვერდის უკვდავი ოპერა “ოტელო” 30 წლის შემდეგ უდიდესი წარმატებით დაუბრუნდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს. სპექტაკლის დასასრულს მქუხარე ოვაციები დიდი ხანი გრძელდებოდა, აღფრთოვანებული მაყურებელი არ უშვებდა მომღერლებს სცენიდან. „ოტელოს“ ნახვის შესაძლებლობა დამსწრე საზოგადოებას კიდევ 26,27 და 28 აპრილს ექნება.

სპექტაკლებში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი მოწვეული მომღერლები და დირიჟორები. დამდგმელი დირიჟორია ზაზა აზმაიფარაშვილი, ქორმაისტერი ავთანდილ ჩხენკელი. დამდგმელი რეჟისორი ალექს აგილერა, სცენოგრაფი ბრუნო დე ლავენერი, კოსტიუმების მხატვარი ესტერ მარტინი, განათების მხატვარი ლორან კასტენი.

ესტერ მარტინი - კოსტიუმების მხატვარი

„ჩემი კოსტიუმების ინსპირაციის წყარო ყოველთვის მუსიკაა. ეს შემთხვევაც არ არის გამონაკლისი. ვერდი მუსიკის დახმარებით იმდენად ამომწურავად აღწერს გმირების სახეებს, მათ ხასიათს და ემოციებს, რომ ეს საქმეს გიმარტივებს. მე როგორც მხატვარს მხოლოდ ისტორიული კოსტიუმების გადახედვა და მათგან საინტერესო დეტალების ამოკრეფა მიწევს, რომ თითოეული გმირის ინდივიდუალიზმი წინ წამოვწიო.“

56-1713873435.jpg

ტეოდორ ილინკაი - ტენორი, ოტელოს როლის შემსრულებელი

„მაესტრო ვერდიმ მართლაც შედევრი შექმნა. ოტელო საოცნებო როლია ყველა ტენორისთვის. რთულია, იმიტომ რომ ძალიან ხანგრძლივია, სპექტაკლის განმავლობაში თითქმის სულ გიწევს სცენაზე ყოფნა და ამისთვის აუცილებელია ხმა შეინარჩუნო. ოტელო განსხვავდება სხვა პარტიებისგან იმითაც რომ თეატრალიზირებულია. ვოკალურ მონაცემებთან ერთად კარგი სამსახიობო მონაცემებიც გჭირდება და სწორედ ეს ხდის მას განსაკუთრებულს. ეს ჩემი პირველი გამოსვლაა თქვენს თეატრში. მიხარია რომ პრემიერამ ასეთი წარმატებით ჩაიარა“.

სალომე ჯიქია - სოპრანო, დეზდემონას როლის შემსრულებელი

„დეზდემონას პარტიაში დებიუტი შარშან იტალიაში, ვერდის ოპერა ტრიესტეში მქონდა, რომელსაც სახელგანთქმული მაესტრო დანიელ ორენი დირიჟორობდა. ზუსტად იმ პერიოდში მივხვდი რა საოცარია ვერდის მუსიკასთან, კერძოდ ისეთ გენიალურ ნაწარმოებთან შეხება როგორიცაა „ოტელო“. დეზდემონა არის საოცარი პერსონაჟი. მეოთხე მოქმედება ცალკე აღებული შედევრია. მონტე-კარლოს თეატრის ამ არაჩვეულებრივმა დადგმამ ხელი შეგვიწყო რომ შევსულიყავით როლში, კარგად გაგვეაზრებინა ჩვენი პარტია. ეს ნაცრისფერი დეკორაცია მართლაც ქმნის იმ განწყობას და ტრაგიზმის ემოციას რითაც თავდება „ოტელო“. თბილისის ოპერაში დეზდემონას შესრულება არის დიდი ბედნიერება. შინ სიმღერა ყოველთვის განსაკუთრებული და სასიამოვნოა.“

52-1713873435.jpg

ალბერტო გაძალე - ბარიტონი, იაგოს როლის შემსრულებელი

„ძალიან ბედნიერი ვარ რომ ვიმყოფები ამ ულამაზეს თეატრში. მადლობა მინდა გადავუხადო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს ბატონ ბადრი მაისურაძეს, რომ დამპატიჟა იაგოს როლის შესრულებისათვის. „ოტელო“ ეს ის ოპერაა, რომელიც მე ყველაზე მეტად მიყვარს ჩემს მიერ შესრულებულ უამრავ ოპერებს შორის. იაგოს პარტია მსოფლიოს მრავალ თეატრში მაქვს შესრულებული, მათ შორის ლა სკალაში. ამ პარტიის ხელახლა შესრულება ჩემთვის ენით აუწერელ ემოციებთან არის დაკავშირებული. ძალიან კმაყოფილი ვარ რომ აქ სწორედ ამ მეტად საინტერესო როლს ვასრულებ.“

101-1713873435.jpg

აღასანიშნავია, რომ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ჯუზეპე ვერდის „ოტელოს“ პრემიერა მილანური პრემიერიდან წელიწადნახევარში, 1888 წლის 3 ოქტომბერს შედგა და მაშინვე შევიდა თეატრის რეპერტუარში. თბილისის ოპერის თეატრში განხორციელებულ ვერდის „ოტელოს“ დადგმებს შორის აღსანიშნავია 1980 წლის 20 იანვარის „ოტელოს“ პრემიერა, რომლის რეჟისორი იყო დოდო ალექსიძე, მხატვარი ფარნა ლაპიაშვილი, დამდგმელი დირიჟორი გივი აზმაიფარაშვილი (მთავარ პარტიებს ასრულებდნენ: ზურაბ ანჯაფარიძე, მედეა ამირანაშვილი, ელდარ გეწაძე). „ოტელოს“ მეორე დადგმის პრემიერა თბილისის ოპერის თეატრში 1991 წლის 14 ივნისს შედგა. რეჟისორი - რობერტ სტურუა, მხატვარი - გოგი ალექსი-მესხიშვილი, დამდგმელი დირიჟორი - ჯანსუღ კახიძე (მთავარ პარტიებს ასრულებდნენ: ზურაბ სოტკილავა, ნაირა გლუნჩაძე, ელდარ გეწაძე). 1991 წლის 2 ივლისს „ოტელოს“ ეს დადგმა იტალიაში (ქ. ბუსეტო), ვერდის ფესტივალზე იყო წარდგენილი და დიდი წარმატება ხვდა წილად. ბოლოს „ოტელო“ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე 30 წლის წინ, 1994 წლის 18 თებერვალს შესრულდა.

ბესო მჭედლიშვილის ფოტოები