"15 წლიდან აქტიურად ვიყავი ჩართული ქვეყანაში მიმდინარე სამოქალაქო პროცესებში" - როგორ დაუმეგობრდა 19 წლის სანდრო ქეცბაია დიპლომატებს - კვირის პალიტრა

"15 წლიდან აქტიურად ვიყავი ჩართული ქვეყანაში მიმდინარე სამოქალაქო პროცესებში" - როგორ დაუმეგობრდა 19 წლის სანდრო ქეცბაია დიპლომატებს

როგორ დაუმეგობრდა 19 წლის სანდრო ქეცბაია დიპლომატებს

სტუდენტური პარლამენტის ოფიციალური წარმომადგენელი თბილისის საკრებულოში და საქართველოში აკრედიტირებულ საელჩოებში, საგარეო საქმეთა სტუდენტური მინისტრი - სანდრო ქეცბაია ჯერ მხოლოდ 19 წლისაა, მაგრამ მისი მიღწევების გამო დიპლომატებთან ახლო მეგობრობა აკავშირებს...

- ჩემი პირველი ნაბიჯები საკმაოდ პატარა ასაკში დაიწყო, 15 წლიდან აქტიურად ვიყავი ჩართული ქვეყანაში მიმდინარე სამოქალაქო პროცესებში, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ ე.წ. ვორკშოფებსა და დიპლომატიურ ღონისძიებებში. ამ პერიოდის განმავლობაში უამრავი დიპლომატი და თანამდებობის პირი გავიცანი, რომლებიც ახლა ჩემი მეგობრები არიან და მუდმივად მხარს მიჭერენ, რის გამოც მათი მადლობელი ვარ.

- გვიამბეთ მათზე...

- დიპლომატებთან და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პერსონებთან შეხვედრისას რამდენიმე ადამიანი მინდა გამოვყო: უპირველესად, იციკ მოშე - ადამიანი, რომელიც პირადად ჩემთვის მაგალითია იმის, თუ როგორ უნდა გავაკეთო საქმე. ხშირად მომყავს მაგალითად, როცა ვსაუბრობ თემაზე, თუ როგორ შეიძლება საქმე დაიწყო ნულიდან და წარმატებული, ყველასთვის პატივსაცემი ადამიანი გახდე. გამოვარჩევდი ისრაელის ელჩს - ჰადას მეიცადს, რომელიც მუდმივად მზად არის, ახალგაზრდულ პერსპექტივებს შეუწყოს ხელი. ძალიან კარგი ადამიანია იმ რთულ მოცემულობაშიც, რაც ახლა გვაქვს... გამორჩეულია ჩემთვის ბულგარეთის ელჩი ვესელინ ვალკანოვი, რომელიც ჩემი უფროსი მეგობარია. მისგან ბევრი კარგი რჩევაც მიმიღია.

- ამბავი, რომელიც არასდროს დაგავიწყდება...

- ასეთი გამორჩეული ამბავი, რომელიც ალბათ არასდროს დამავიწყდება, ბულგარეთის ელჩს - ვესელინ ვალკანოვს ეხება: ერთ-ერთ შეხვედრაზე, სადაც თითქმის ყველა დიპლომატი იყო წარმოდგენილი, ჩემთან მოვიდა და ქართულად მომმართა: "როგორ ხარ, ძმაო? გილოცავ, ახალ წელს". ეს იყო ჩემთვის ძალიან დასამახსოვრებელი და იმის დამამტკიცებელი, რომ ის მართლა ძალიან არის შეყვარებული ამ ქვეყანაზე. ვფიქრობ, ეს მისთვის მხოლოდ დიპლომატიური მისია არ არის. ეს ის ქვეყანაა, რომელიც მას მართლა უყვარს თავისი სამშობლოს შემდეგ.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ მისიებს საკმაოდ დიდი როლი აქვთ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება/რესტავრაციაში. ამ მიმართულებით არ შემიძლია არ გამოვარჩიო აშშ-ის საელჩო და ელჩი რობინ დანიგანი. მე მას რამდენჯერმე შევხვდი. მისი ჩემდამი დამოკიდებულება ძალიან გულთბილი, მეგობრული იყო. ისინი არათუ მხოლოდ სტუმრობენ ან ათვალიერებენ ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობებს ვიზიტორის სტატუსით, არამედ ეწევიან ძეგლების პოპულარიზაციას, რაც ნამდვილად ამტკიცებს საქართველოსადმი მათ დიდ სიყვარულს.

- როგორია თქვენი გეგმები?

- აქტიურად ვმუშაობთ საელჩოებთან და დიპლომატიურ მისიებთან იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაცია მოვახდინოთ. საერთო თანამშრომლობით ბევრი კარგი საქმის კეთებაა შესაძლებელი, რაც გააუმჯობესებს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს და მეტ შესაძლებლობას მისცემს ქართველ ახალგაზრდებს, ჩაერთონ და განვითარდნენ მსგავსს პროექტებში, რითაც შეძლებენ საკუთარი თავის რეალიზაციას.

მანანა გაბრიჭიძე

ჟურნალი "გზა"