"ვერ ამიხსნია, რა აუცილებლობა იყო მისი დაკავება 2 წლის მერე... შესაძლოა, ქუჩაში აღმოვჩნდეთ" - კვირის პალიტრა

"ვერ ამიხსნია, რა აუცილებლობა იყო მისი დაკავება 2 წლის მერე... შესაძლოა, ქუჩაში აღმოვჩნდეთ"

ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ამ დღეებში 22 წლის ახალგაზრდა ბიჭის საქმის არსებით განხილვას დაიწყებს. ამ ეტაპზე სასამართლოში ნაფიცი მსაჯულების შერჩევის პროცესი მიდის. თუ ამ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგა, შესაძლოა ქუჩაში დარჩეს მისი ფეხმძიმე მეუღლე და მოხუცი დედა, რომელმაც თავის დროზე ქუჩაში ნაპოვნი ჩვილი რუდუნებით გაზარდა. თავად ბრალდებული, რომელსაც სამი მუხლით აქვს ბრალი წარდგენილი, დანაშაულს არ აღიარებს. მის ინტერესს იურიდიული სამსახურის ორი ადვოკატი იცავს, - გელა სორდია და ალუდა ბუჩუკური. ადვოკატებიც ირწმუნებიან, რომ საქმეში მათი დასაცავის ბრალეულობის დამამტკიცებელი სამხილები არ არის. ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ საქმეზე ნაფიცი მსაჯულები გამამართლებელ ვერდიქტს გამოიტანდნენ, ეს არ მოეწონა პროკურატურას და ბრალის წარდგენიდან 2 წლის შემდეგ, როცა რამდენიმე დღეში საქმის განხილვა უნდა დაწყებულიყო, მოსამართლეს აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით მიმართა. მოსამართლემ კი 22 წლის ბიჭი, რომელიც 2 წელია თავისუფლებაში მყოფი ელოდება საქმის არსებით განხილვას, ციხეში გაუშვა.

ბრალდებულის ადვოკატი გელა სორდია:

- ჩემი დასაცავი 22 წლის ბიჭია, რომელიც 2022 წლის 27 მარტს პოლიციამ ყაჩაღობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავა. 2 დღეში სასამართლო სხდომა გაიმართა და აღმკვეთი ღონისძიების საკითხზე იმსჯელა. პროკურატურა პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, მაგრამ მოსამართლემ ბრალდებულს გირაო შეუფარდა, ასევე დამატებით განუსაზღვრა სხვა ვალდებულებები. აუკრძალა მოწმესთან კომუნიკაცია, ჩამოართვა პირადობა და პასპორტი, ქვეყნიდან რომ არ გასულიყო. საქმეში სულ სამი მოწმე იყო, მათ შორის ერთ-ერთი ბრალდებულის შეყვარებულია. პროკურატურამ სასამართლოს განჩინება გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში, ის დაპატიმრებას ითხოვდა. სააპელაციოში ბრალდებულის შეყვარებული გოგონაც მივიდა. პროკურორმა ამ ფაქტზე გაამახვილა ყურადღება. თქვა, ბრალდებული მოწმესთან ერთად არის მოსული, მან დაარღვია შეთანხმებაო და პატიმრობის შეფარდება მოითხოვა. ამ გოგონამ მაშინვე განმარტა, - ბიჭს არ დავუპატიჟებივარ, ვიცოდი სასამართლო ტარდებოდა და ჩემი სურვილით მოვედიო. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემაც არ ჩათვალა ეს დარღვევად და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შეფარდებული გირაო ძალაში დატოვა. ეს მოხდა იმის მიუხედავად, რომ ბრალდებული პირობითი მსჯავრის ქვეშ იყო. მოვითხოვეთ, ნაფიცებს განეხილათ ეს საქმე.

- საქმის დეტალებზე იქნებ უფრო კონკრეტულად ისაუბროთ?

- სტუდენტი ბიჭია დაზარალებულად ცნობილი. ის 2022 წელს ახალი ჩამოსული იყო იორდანიიდან საქართველოში და დასაქირავებლად ბინას ეძებდა. დაუკავშირდა მამაკაცს, რომელიც ასევე უცხოელია, არაბი. ის დაჰპირდა ბინის პოვნაში დახმარებას. პროკურატურა ჩემს დასაცავს ედავება, რომ თითქოს იმ არაბთან ერთად დააყაჩაღა იორდანიელი სტუდენტი. დაზარალებული თავის ჩვენებაში ამბობს, მცემესო. ამიტომ სამი მუხლით აქვს ბრალი წარდგენილი. 3.300 ლარამდე თანხაზეა საუბარი. გამოძიების თქმით, უცხოელს წაართვეს ლეპტოპი და თანხა - 500 დოლარი. ჩემი დასაცავი კი ამბობს, - არაფერი წამირთმევია და არც არავინ მიცემიაო. ის იცნობდა ბრალდებულ არაბ ბიჭს, მან დაიბარა და შეხვდნენ ერთმანეთს. ჩემს დასაცავს თან ახლდა შეყვარებული გოგონა, სადაც მივიდნენ, იქ დახვდათ უცხოელი მამაკაცი, რომელიც დაზარალებულადაა ცნობილი. არაბმა ბიჭს ზურგჩანთა მისცა და უთხრა, ეს წაიღე და მოგვიანებით გამოგართმევო. მანაც წაიღო სახლში, სულ არ იცოდა, რომ ეს ჩანთა არაბის კი არა, იმ დაზარალებულის იყო და მასში ლეპტოპი იდო. ჩემს დასაცავს და მის მეგობარ გოგონას არც ესმოდათ, რაზე საუბრობდნენ არაბულად ის ორნი. მათი თანდასწრებით არანაირ შეხლა-შემოხლას, ფიზიკურ დაპირისპირებას არ ჰქონია ადგილი. ბიჭი დააკავეს, რადგან მასთან აღმოჩნდა ნაქურდალი ლეპტოპი და ბრალად ედება ყაჩაღობა ჯგუფურად, ბინაში შეღწევით. ბრალდებული ირწმუნება, რომ არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია. დაზარალებულთან მას კომუნიკაციაც კი არ ჰქონია, რადგან არ იცის არაბული, დაზარალებული კი ინგლისურად ვერ საუბრობს. ჩემი დასაცავი რომ დააკავეს, მისი ნაცნობი არაბი საქართველოდან იყო წასული. გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩამოვიდა და მაშინ დაიჭირეს. ვფიქრობ, პროკურატურამ ჩემი დასაცავის წინააღმდეგ აღძრული საქმის განხილვა განზრახ, სპეციალურად გააჭიანურა და დაელოდა მეორე ბრალდებულის მიმართ განაჩენის გამოტანას, რადგან ჩემი კლიენტის წინააღმდეგ საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.

- რამდენი მიესაჯა არაბს?

- 9-წელიწადნახევარი.

- რატომ აირჩიეთ ნაფიცი მსაჯულები? არ ენდობით სასამართლოს?

- მძიმე მუხლებით ბრალდებული ადამიანი მოსამართლემ გარეთ დატოვა, რადგან ნახა, საქმეში არ იყო საკმარისი მტკიცებულება და გირაო შეუფარდა. პროკურატურამ 6 აპრილს გამართულ სასამართლო სხდომაზე, სადაც ნაფიცი მსაჯულების შერჩევა მიდიოდა, ჩვენთვის მოულოდნელად 5 აპრილით დათარიღებული დოკუმენტი მოიტანა, ორი წლის შემდეგ კი მოითხოვა ჩემი დასაცავის დაპატიმრება, აღმკვეთი ღონისძიების შეცვლა. ეს მოხდა იმიტომ, რომ საქმეს ნაფიცი მსაჯულები იძიებენ, საფუძველი მოამზადა, მანამდე ჩასვა ციხეში, რომ ნაფიცებს შეჰქმნოდათ აზრი, თითქოს დამნაშავეა. ნაფიცი მსაჯულები არიან ჩვეულებრივი, რიგითი ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ სამართლებრივი განათლება და მათთვის რთული იქნებოდა, რომ ადამიანი, რომელიც იყო თავისუფლებაში, გაემტყუნებინათ და ციხეში გაეშვათ, ამიტომ ეს ხრიკი გამონახეს.

- ამდენი ხნის მერე, რა გახდა აღმკვეთის შეცვლის საფუძველი?

- ბრალდებულს გირაოს თანხა არ აქვს გადახდილიო. ეს ჩვენთვის მოულოდნელი იყო, რადგან საქმეში იდო მასალები, რითაც დასტურდებოდა, რომ გირაოს სანაცვლოდ ბრალდებულს მისი ერთადერთი უძრავი ქონება, ბინა ჰქონდა ჩადებული. საქმის მასალებიც კი არ ჰქონდათ წაკითხული. ვკითხეთ კიდეც, რას ითხოვთ, ხომ გადავიხადეთ გირაო-თქო? ეს რომ არ გამოუვიდათ, თქვეს, - მოწმესთან, რომელთანაც კომუნიკაცია აკრძალული ჰქონდა, 2022 წლის ბოლომდე ჰქონდა ურთიერთობაო. საუბარია იმ შეყვარებულზე. ისინი აღარ არიან შეყვარებულები. ბიჭმა სხვა შეირთო ცოლად და ახლა შვილს ელოდება. იმ გოგოსთან კი კომუნიკაცია საერთოდ არა აქვს. ამ დროის განმავლობაში ბიჭი პატიოსნად ცხოვრობდა, დაიწყო მუშაობა, შეირთო მეუღლე, ელოდება შვილს. ასეთი პოზიტიურ და დადებით გზაზე მყოფი ადამიანი, არ მესმის, რატომ უნდა დააკავო? არ ვამართლებ, კარგი არ გააკეთა, პირადობა რომ აიღო, მაგრამ ეს კანონის უცოდინარობითაა გამოწვეული. მას რომ მოემართა ჩვენთვის, ადვოკატებისთვის და ეთქვა, ამას აპირებდა, აუცილებლად მივმართავდით პროკურატურას და ვთხოვდით პირადობის მოწმობას, რადგან მას ეს სჭირდებოდა მხოლოდ იმისთვის, რომ სამსახური დაეწყო, ბანკში ბარათი გაეხსნა და ანგარიში ჰქონოდა. ეს პირადობა მხოლოდ ამ მიზნით გამოიყენა. ვერ წარმოიდგინა, რომ ეს დანაშაული იყო. კანონის უცოდინარობიდან გამომდინარე მოხდა ესეც. სრულიად მოულოდნელი იყო ჩვენთვის და ერთგვარი შოკიც, როცა მოსამართლემ მას პატიმრობა შეუფარდა და დარბაზიდან აიყვანა ნაფიცების შერჩევის ეტაპზე... უამრავი საქმე მაქვს ასეთი, სადაც გირაოც კი არ აქვთ ბრალდებულებს გადახდილი, მაგრამ ისინი გარეთ არიან. აქ მიზეზი ის იყო, რომ ძალიან ურთულდებოდა პროკურატურას ბრალდებულის გარეთ ყოფნით ამ საქმის მოგება და 6 აპრილს დააკავეს. სამწუხაროდ, ეს გადაწყვეტილება ვერ გასაჩივრდება. ახლა იძულებულები ვართ, საქმის არსებით განხილვას დაველოდოთ.

ბინაც ჩადებული აქვს გირაოში და შეიძლება ეს ერთადერთი ბინაც დაკარგოს ოჯახმა. ჩემს კოლეგა ალუდა ბუჩუკურთან ერთად ვიცავ ბრალდებულს და იმედი გვაქვს, მის უდანაშაულობას ნაფიც მსაჯულთა სასამართლოში მაინც დავამტკიცებთ. თუმცა არც ის არის გამორიცხული, პროკურატურამ უკვე გასამართლებული არაბი ბიჭი გამოიყენოს ჩვენს წინააღმდეგ. დაჰპირდეს მას საპროცესოს გაფორმებას, სასჯელის განახევრებას ჩემი დასაცავის მხილების სანაცვლოდ. სხვა სამხილი საქმეში არ არის და იმედი მაქვს, ეს არ გამოუვა პროკურატურას.

ჩვენ დავუკავშირდით ბრალდებულის დედას, რომელიც მძიმე ემოციურ მდგომარეობაშია. მან ისე ინერვიულა შვილის დაკავება, რომ კლინიკაში აღმოჩნდა. ნაფიც მსაჯულებს მიმართავს და სთხოვს, მისი შვილი არ გაუშვან ციხეში და ოჯახი არ დატოვონ ერთადერთი ბინის გარეშე. რადგან ბევრმა ახლობელმა არ იცის ბიჭის დაკავების ამბავი, ამიტომ გვთხოვა დედამ, რომ ვინაობა არ გაგვემხილა:

- არ ვიცი ეს ინტერვიუ წაადგება თუ არა ჩემს შვილს, მაგრამ მინდა საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე და როგორი უფლის სასწაულია ჩემს ცხოვრებაში მისი გამოჩენა. პატიოსნად ცხოვრობდა, მუშაობდა, ოჯახზე ზრუნავდა. ორი წლის წინ, როცა მას სასამართლომ გირაო - 15.000 ლარი შეუფარდა, თანხა არ მქონდა, ამიტომ ჩემი ერთადერთი ბინა, სადაც ვცხოვრობთ, გირაოში ჩავდეთ. მუშაობა დაიწყო, ცოლი მოიყვანა, შვილს ელოდებოდა, თავს ევლებოდა ცოლს. დაჰყვებოდა კლინიკაში, შვილის მოლოდინში იყვნენ ბედნიერები. მისი ასეთი მოულოდნელი დაკავების შემდეგ შესაძლოა, ქუჩაში აღმოვჩნდეთ, რადგან თვლიან, რომ მან დაარღვია გირაოს პირობები და შეიძლება ეს ერთადერთი ბინა ჩამოგვართვან. ეს დიდი დანაშაული იქნება. ყველაზე მეტად განვიცდი მის დაკავებას. ამდენი ხნის შემდეგ რატომ დააკავეს? პოლიციას არასოდეს გაუჩერებია, პრობაციაზე დადიოდა, არანაირი პრობლემა და დარღვევა არ ჰქონია.

- სასამართლო პროცესს თქვენც ესწრებოდით?

- არა, პროცესზე არ წავსულვარ. იქ რომ ვყოფილიყავი, ალბათ ამას ვერ გადავიტანდი. აღმოვჩნდი კიდეც ამ ამბის შემდეგ კლინიკაში და ეს არც იცის ჩემმა შვილმა. არ შემეძლო იმის მოსმენა, როგორ ანადგურებდნენ მას. თქვენ არ იცით როგორი რუდუნებით გავზარდე შვილი. ის უფლის საჩუქარია. 2002 წლის 9 ივნისს, წერეთლის მეტროსთან ქუჩაში მიტოვებული, ნაჭერში გახვეული ბავშვი ვიპოვე, მაშინ ავიყვანე და მას მერე ხელი არ გამიშვია. მართლა სული ვუბერე, რომ იტყვიან. 1 კგ 600 გრამი იყო, ჭიპიც კი არ ჰქონდა მოშუშებული. მე გავასუფთავე, დავბანე, პირველი აცრა გავუკეთე. კარგა ხანს მატყლის საბანში მყავდა გახვეული, მე შევუქმენი ინკუბატორი და ასე გავზარდე. ეს მართლა საოცრება იყო. უფლის საჩუქარი. მე და ჩემს მეუღლეს შვილი არ გვყავდა, 49 წლის ვიყავი მაშინ. უფალს სულ შევთხოვდი დედა გავმხდარიყავი, არ ჰქონდა მნიშვნელობა, ეს ჩემი შვილი იქნებოდა თუ სხვისი. თუ გინდა ქუჩაში მაპოვნინე, ოღონდ ბიჭი მაჩუქე უფალო, - ასე ვამბობდი და მართლა მომივლინა ეს სასწაული.

- მისი ბიოლოგიური მშობლები პოლიციას არ უძებნია?

- ეძებდნენ, მაგრამ ვერ მიაგნეს. ამიტომ თავიდან ბავშვი მინდობით აღზრდაში მყავდა. მითხრეს, შეიძლება გამოჩნდეს ბიოლოგიური მშობელი, ამიტომ ჯობია ასე გყავდესო. 10 წლის ასაკში ოფიციალურად სასამართლოთი ვიშვილეთ მე და ჩემმა მეუღლემ. ამიტომ მაქვს მისი ორი დაბადების მოწმობა, ერთი მაშინ აღებული, როცა ბავშვი ვიპოვე და მეორე, როცა ოფიციალურად შვილად ავიყვანე. კარგად ვუვლიდი, სოცმუშაკები მაკითხავდნენ, საცხოვრებელ პირობებს სულ ამოწმებდნენ და ხედავდნენ, არაფერს ვაკლებდით. ეკლესიაში, სკოლაში დამყავდა, მერვე კლასამდე მეც იმ სკოლაში ვმუშაობდი. სულ ჩემი თვალთახედვის არეში იყო. ასეთი გაზრდილი შვილია. რომ მოვიყვანე სახლში, სამი თვე შოკში იყო ჩემი მეუღლე, არ იჯერებდა ამ სასწაულს. ერთმანეთს ვცვლიდით და ისე დავდიოდით სამსახურში.

- იცის, რომ ნაშვილები გყავთ?

- კი, იცის, 3 წლის იყო, რომ ვუთხარი. ნელ-ნელა შევაპარე მას შემდეგ, რაც ერთხელ მითხრა, დედა ხომ არასოდეს მიმატოვებო? არასოდეს-მეთქი და სიმართლე ვუამბე... მისმა გამოჩენამ ჩემი ცხოვრება შეცვალა, მაგრამ დღეს ამ მწარე რეალობის წინაშე ვარ. ის ციხეში გამოკეტეს, ეს ბინა ჩადებულია გირაოში, რძალი ელოდება ბავშვს... იმედი მაქვს, ნაფიცი მსაჯულები ჩემს თხოვნას შეისმენენ და ჩემს შვილს ციხისთვის არ გაწირავენ. დაბადების მოწმობით და პირადობის ასლის წარდგენით არავინ მიიღო სამსახურში და პირადობა აიღო მხოლოდ იმიტომ, რომ მუშაობა დაეწყო. სულ შრომობდა, რომ თავისი ფული ჰქონოდა. ახლა დამირეკა ციხიდან, ძალიან მოწყენილი იყო, ჩემი ხმა არ მოეწონა, - დედა, რა ხდებაო? არ მითქვამს, რომ კლინიკიდან ახალი გამოსული ვარ. მანაც ვერ გაუძლო, ვერ შეძლო საუბრის გაგრძელება და ტელეფონი გამითიშა. ძალიან გაუჭირდა ჩემი ხმის მოსმენა. პატიმარს ათასი რამე სჭირდება, ხომ არ დაიჩაგრება ციხეში, უნდა შევუგზავნო რამე და ამიტომ სულ ვმუშაობ. გთხოვთ, გაითვალისწინოთ თხოვნა, არ უნდა გაიზარდოს მისი შვილი მამის სიყვარულის გარეშე. იმედი მაქვს, ნაფიცი მსაჯულები ამ ყველაფერს გაითვალისწინებენ, გულთან მიიტანენ ჩვენს მდგომარეობას. ის ნამდვილად არ ჩაიდენს დანაშაულს. ვფიქრობ და ვერ ამიხსნია, რა აუცილებლობა იყო მისი დაკავება 2 წლის მერე. გთხოვთ ყველას, გამოუშვით ჩემი შვილი.

ჟურნალი "გზა"