რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს - შენობის წინ ხმაურია, პარტიების წევრები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ - კვირის პალიტრა

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს - შენობის წინ ხმაურია, პარტიების წევრები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი ნოდარ შეროზია თანამდებობიდან გადააყენეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება რუსთავის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

„ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თავმჯდომარის გადაყენებას მხარი საკრებულოს 18-მა წევრმა დაუჭირა.

„რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ რამდენიმე დღის წინ მიმართა საკრებულოს თავმჯდომარეს, ჩანიშნულიყო რიგგარეშე სხდომა, რომელზეც ძირითად საკითხებად იქნებოდა სწორედ საკრებულოს თავმჯდომარის, მისი მოადგილეების და საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეების გადაყენების საკითხი.

გავრცელებულ განცხადებაში ფრაქცია „ქართული ოცნება“ აღნიშნავდა, რომ რუსთავის მუნიციპალიტეტის მეშვიდე მოწვევის საკრებულოს შემადგენლობა ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჯეროვნად ვერ ასრულებდა საკუთარ მოვალეობებს.

არაერთხელ ჰქონდა ადგილი საკრებულოს მხრიდან საბოტაჟის მცდელობას, რაც გამოიხატებოდა ბიუჯეტის დამტკიცების ხელისშეშლაში, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის უარყოფითად შეფასებაში, კონკრეტული პროექტების შეფერხებაში, მოქალაქეების პოზიციების გაუთვალისწინებლობაში და ა.შ.

საკრებულოს რეგლამენტის უხეში დარღვევების გარდა შრომის ინსპექციამ და შემდეგ უკვე საქალაქო სასამართლომ დაამტკიცა საკრებულოს ხელმძღვანელობის უპასუხისმგებლო და უკანონო ქმედებები აპარატის თანამშრომელთა მიმართაც.

ცოტა ხნის წინ ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“ გამოეყო და პარტიიდან გავიდა ფრაქციის ოთხი წევრი, რაც კიდევ ერთი დამატებითი საფუძველი აღმოჩნდა „ქართული ოცნების“ გუნდისთვის, რომ დაეწყო რუსთავის საკრებულოს ოპოზიციური უმრავლესობის თანამდებობებიდან გადაყენების პროცესი“, - ნათქვამია პარტია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ წუთებში, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს შენობის წინ ხმაურია. „ქართული ოცნების“ წევრები, მათ შორის, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და „გახარია საქართველოსთვის“ წევრები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა რუსთავის მერს მიმართეს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკრებულოს თავმჯდომარეს იმპიჩმენტი „ნაცებთან“ ერთად გამოუცხადა.

„ნაცებთან“ ერთად უწყობთ თუ არა იმპიჩმენტს საკრებულოს თავმჯდომარეს ახლა, ნინო? მიპასუხეთ. თქვენ საკმარისი ხმები არ გაქვთ „ნაცების“ გარეშე“, - მიმართა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა რუსთავის მერს, ნინო ლაცაბიძეს.

„თქვენი უსაქმურობის დრო დამთავრდა, თავმჯდომარე გადადგა,“ – მიმართა რუსთავის მერმა „გახარია საქართველოსთვის“ წევრებს.

ნინო ლაცაბიძემ მედიასთან განმარტა, რომ რუსთავის მოქალაქეები გადაწყვეტენ ოპოზიციური საკრებულო ეყოლება, თუ არა.

„ეს პოლიტიკოსები დღეს პირველად არიან რუსთავში იმისთვის ჩამოსულები, რომ ეს მოაწყონ. ამის უფლებას მე არ მივცემ,“ -განაცხადა ლაცაბიძემ.

ცნობისთვის, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია, რომელიც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრია, თანამდებობიდან გადააყენეს. შეროზიას პოსტიდან გადაყენების საკითხს დეპუტატებმა კენჭი დახურულ ფორმატში უყარეს. კენჭისყრაში მონაწილეობა 21-მა დეპუტატმა მიიღო, მათ შორის 18 იყო მომხრე, 3 ბიულეტენი კი ბათილად გამოცხადდა.

პროცესის დაწყებამდე, საკრებულოს სხდომადა დარბაზი, პროტესტის ნიშნად „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატებმა დატოვეს, შესაბამისად, მათ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

რუსთავის საკრებულოს დღევანდელი სხდომის დღის წესრიგის მიხედვით, ახალ თავმჯდომარეს დღესვე აირჩევენ. ასევე, განიხილავენ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების გადაყენების და ახალი მოადგილეების არჩევის საკითხებს.

IPN