"საოცარი ტრანსფორმაცია: კატეგორიული მოწინააღმდეგე იყო და რატომღაც, სწრაფად გახდა მისი მტკიცე მომხრე" - როგორ მიაღწია მაიკ ჯონსონმა კონგრესმენების თანხმობას უკრაინის დასახმარებლად" (The New York Times) - კვირის პალიტრა

"საოცარი ტრანსფორმაცია: კატეგორიული მოწინააღმდეგე იყო და რატომღაც, სწრაფად გახდა მისი მტკიცე მომხრე" - როგორ მიაღწია მაიკ ჯონსონმა კონგრესმენების თანხმობას უკრაინის დასახმარებლად" (The New York Times)

აშშ-ის გაზეთი „ნიუ-იორკ ტაიმსი“ (The New York Times) აქვეყნებს ჟურნალისტ ქეით ედმონსონის სტატიას სათაურით - „როგორ მიაღწია მაიკ ჯონსონმა კონგრესმენების თანხმობას უკრაინის დასახმარებლად“, რომელშიც გადმოცემულია აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის „საოცარი ტრანსფორმაცია: იგი უკრაინის კატეგორიული მოწინააღმდეგე იყო და რატომღაც სწრაფად გახდა მისი მტკიცე მომხრე“.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებული სახით:

როგორც ცნობილია, რესპუბლიკელი მაიკ ჯონსონი ჯერ კიდევ გასულ წელს, უკრაინის დახმარების საკითხში ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპს ეთანხმებოდა და „უღრან“ სკეპტიციზმს ამჟღავნებდა მრავალმილიარდიანი სამხედრო პაკეტის გამოყოფის თაობაზე, მაგრამ არ გაუვლია ნახევარ წელიწადსაც კი, რომ პალატის სპიკერმა საკმაოდ სწრაფად შეიცვალა აზრი და კიევის მტკიცე მხარდამჭერი გახდა.

სწორედ მაიკ ჯონსონის წყალობით იყო დამუხრუჭებული რამდენიმე თვის განმავლობაში შესაბამისი კანონპროექტის განხილვა და ამერიკას ბოლო დრომდე არ შეეძლო უკრაინის არმიისათვის ესოდენ საჭირო და აუცილებელი შეიარაღების მიწოდება... და უეცრად, ამერიკელი საზოგადოება პალატის სპიკერის საოცარი მეტამორფოზის მოწმე ხდება - იგი პოზიციას უკრაინის სასარგებლოდ იცვლის და კონგრესიც სასწრაფოდ იღებს კანონპროექტს.

იბადება კითხვა: რამ აიძულა მაიკ ჯონსონი ასეთი მკვეთრი შინაგანი პირუეტის შესრულებაზე?

თუ ყურადღებას არ მივაქცევთ და გვერდზე გადავდებთ ამ ლუიზიანელი ქრისტიან-ევანგელისტის სულიერ შფოთვა-ბორგვას და მის მიერ დეკლარირებულ სურვილს - „იყოს ისტორიის სწორ მხარეზე“, თურმე, რეალურად, მაიკ ჯონსონს გონება მაშინ განათებია, როცა ამერიკული დაზვერვის მონაცემები წაუკითხავს უკრაინის რეალური მძიმე მდგომარეობის თაობაზე და რუსეთის დიქტატორი პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის საიდუმლო ბოროტი ზრახვების სავარაუდო შედეგები გაუსიგრძეგანებია.

„მე სინამდვილეში მართლაც მჯერა სადაზვერვო მონაცემების სერიოზულობისა... როცა წარმოვიდგინე, თუ როგორ გააგრძელებდა ვლადიმერ პუტინი თავის ევროპულ მარშს, თუ მას ამის ნებას მივცემდით, მაშინ ვფიქრობ, იგი ადრინდელივით კიდევ ერთხელ შეუსევდა თავის არმიას ბალტიისპირეთს... მჯერა, რომ ომს დაიწყებდა პოლონეთთან ან რომელიმე ჩვენს მოკავშირე ნატოელთან“, - განაცხადა მაიკ ჯონსონმა.

დაესხმება თუ არა რუსეთი ნატოს წევრებს? ბალტიისპირა ქვეყნები და პოლონეთი დიდი ხანია, უკვე ნატოს წევრები არიან და ომი არ დაწყებულა, ამიტომაც მაიკ ჯონსონის ნათქვამი მის სინდისზე იყოს.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ მაკოლი, რომელსაც არა ერთგზის განუხილავს უკრაინის დახმარების პრობლემა კაპიტოლიუმის „საიდუმლო ოთახში“, მაიკ ჯონსონთან და სხვა კონგრესმენებთან ერთად, სპიკერის ხედვების ცვლილებას „ტრანფორმაციულს“ უწოდებს.

„მოულოდნელად მაიკ ჯონსონმა გააცნობიერა, რომ მასზეა დამოკიდებული მსოფლიოს ყოფნა-არყოფნის საკითხი და რომ ის, რაც ხდება, ადგილობრივ პოლიტიკურ თამაშებს კი არ წარმოადგენს, არამედ - გლობალურს...“, - აღნიშნა მაიკლ მაკოლმა.

უკრაინისადმი დახმარების კანონპროექტის მიღებამ ნეგატიური ემოციების ახალი ტალღა გამოიწვია იმ რადიკალ-რესპუბლიკელებს შორის, რომლებიც კიევის მიმართ ხისტი პოზიციით გამოდიან. წარმომადგენელთა პალატაში ჯორჯიის შტატის წარმომადგენელმა მარჯორი ტეილორ გრინმა, რომელიც მაიკ ჯონსონის სპიკერობიდან გადაყენების კაპანიას ხელმძღვანელობს, განაცხადა, რომ მოღალატის წინააღმდეგ სულ უფრო მეტი რესპუბლიკელი გამოდის: „ეს უკვე მაიკ ჯონსონის მესამე ღალატია. კანონპროექტი, რომელიც პალატამ მისი პოლიტიკური მაქინაციების შედეგად მიიღო, ამერიკისათვის სასარგებლო არ არის. რაც მოხდა, საოცარია. იმედი მაქვს, ამერიკის მოსახლეობამ საბოლოოდ დაინახა, თუ ვინ არის ეს კაცი და დასკვნებს გააკეთებს“, - თქვა რადიკალმა რესპუბლიკელმა.

თავის მხრივ, მაიკ ჯონსონი კანონპროექტისადმი კენჭისყრის დროს გარკვეულწილად მორიდებით მოქმედებდა - იგი სხდომას არ ესწრებოდა, ხოლო მისი მიღების შემდეგ მკვეთრი განცხადებით გამოვიდა და დემოკრატებს უსაყვედურა, რომ წარმომადგენლების პალატის სხდომათა დარბაზში უკრაინის დროშების ფრიალი ზედმეტობაა და რომ დარბაზში მხოლოდ აშშ-ის სახელმწიფო დროშები უნდა იყოს გამოფენილი.

უფრო ადრე კი, სანამ სხდომა დაიწყებოდა, წინა დღით, მაიკ ჯონსონი ღრმად ჩაფიქრებული სახით ეუბნებოდა ჟურნალისტებს, რომ მსგავს მძიმე დღეებში იგი აშშ-ის მე-6 პრეზიდენტის - ჯონ ქუინს ადამსის გამოსვლას იხსენებს კონგრესში, რომელიც ქვეყნის მეთაური იყო 1825-1829 წლებში: ერთ-ერთ კანონმდებელს პრეზიდენტისთვის კითხვა დაუსვია - „ბატონო პრეზიდენტო, კიდევ რამდენჯერ უნდა გამოიტანოთ კონგრესის სხდომაზე თქვენი კანონპროექტი მონობის გაუქმების თაობაზე? ხომ ხედავთ, რომ მას არ ვიღებთ“. ჯონ ადამსს კი პასუხად უთქვამს: „ეს ჩემი ვალია, მისი მიღება-მიუღებლობა კი უფალზეა დამოკიდებული“.

„ჰოდა, მეც ასე ვფიქრობ. ჩემთვის პრეზიდენტის ნათქვამი ძალიან მანუგეშებელია. რა თქმა უნდა, კენჭისყრის შედეგები, საბოლოო ჯამში, ჩემზე არ არის დამოკიდებული, მაგრამ მე მისი სხდომაზე გატანით უფლის წინაშე ვალმოხდილი ვიქნები“, - უთხრა მაიკ ჯონსონმა ჟურნალისტებს.

დასკვნა: შეიძლებოდა გვევარაუდა, რომ სპიკერმა პოზიცია მართლაც სადაზვერვო მონაცემების გამო შეიცვალა - ემოციურად აღიქვა უკრაინის მძიმე მდგომარეობა, მაგრამ სინამდვილეში, მასზე გადამწყვეტი გავლენა, თურმე, პრეზიდენტის თითქმის 25 წლის წინანდელ ნათქვამს მოუხდენია...

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო