თელაველი "მფრინავი ძროხის რეკორდი" და უცნობი ავიაკატასტროფა ქუთაისთან, რომელსაც 17 ადამიანი ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

თელაველი "მფრინავი ძროხის რეკორდი" და უცნობი ავიაკატასტროფა ქუთაისთან, რომელსაც 17 ადამიანი ემსხვერპლა

მსოფლიოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებები პერიოდულად ავრცელებენ სენსაციურ ფოტოვიდეომასალას, თუ როგორ გადააქვს შვეულმფრენს ბაგირით ტანკი, სხვა შვეულმფრენი ან სულაც სამგზავრო ლაინერი. ეს ფოტოვიდეოკადრები დიდ რეზონანსს იწვევს, რადგან მართლაც ძალზე ეფექტიანი და, ამასთან, დაუჯერებელი ჩანს, როგორ შეუძლია შვეულმფრენს მასზე დიდი გაბარიტების მქონე ავიალაინერის ჰაერში აწევა და მით უფრო - ასეულ კილომეტრზე გადატანა.

mi-26-1713956407.jpg
კახეთის თავზე, 37 წლის წინ, უზარმაზარმა შვეულმფრენმა Ми-26-მა 20-ტონიანი ტვირთი ორ კმ-ის სიმაღლეზე ასწია, რაც იმ დროს მსოფლიოსთვის წამოუდგენლად მოჩანდა...

სოციალური ქსელების აქტიურ მომხმარებლებს საქართველოშიც არა ერთხელ გაუზიარებიათ, მაგალითად, ავღანეთში დაზიანებული საავიაციო ტექნიკის შვეულმფრენებით ევაკუაციის ეფექტიანი სურათები, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ შვეულმფრენით ტვირთის აწევის ერთ-ერთი რეკორდი თითქმის ოთხი ათეული წლის წინ დამყარდა... ქართულ ცაში. 1987 წელს საქართველოს ტერიტორიაზე საჯარისო გამოცდებს გადიოდა მსოფლიოში ყველაზე დიდი სერიული წარმოების სამხედრო-სატრანსპორტო შვეულმფრენი Ми-26. იმ პერიოდში წულუკიძესა (ხონი) და თელავში დისლოცირებულ საბჭოთა სატრანსპორტო-საბრძოლო საშვეულმფრენო პოლკებში უახლესი სამხედრო-სატრანსპორტო შვეულმფრენები - Ми-26-ები მიიღეს, რომლებსაც შესაბამისად ქუთაისის სადესანტო-მოიერიშე და ლაგოდეხის "ღამურების" ბრიგადების საჰაერო დესანტი უნდა გადაესხათ თურქეთისა და ირანის ტერიტორიებზე, საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემთხვევაში.

2-rekordi-1713956358.png
Ми-26-ს სატრანსპორტო ნაკვეთურში ერთი ჯავშანტრანსპორტიორის ან ქვეითთა საბრძოლო მანქანის წაღებაც შეუძლია

თელავის საავიაციო პოლკი საბჭოთა გენშტაბმა Ми-26-ების საჯარისო გამოცდების ჩასატარებლად აირჩია, რადგან შეიძლებოდა საცდელი ფრენების განხორციელება როგორც ვაკე, ისე - მთაგორიან რელიეფზე. ამ მიზნით თელავის Ми-26-ები, რომლებსაც სამხედროებმა მოფერებით "მფრინავი ძროხები" შეარქვეს, სისტემატურად დაფრინავდნენ თელავი-მოზდოკი-თელავის მარშრუტით, რისთვისაც 4,5 კმ სიმაღლის აღება სჭირდებოდათ, რაც შვეულმფრენისთვის ფრენის თითქმის მაქსიმალური სიმაღლეა. საბჭოთა გენშტაბმა თელავის პოლკს დაავალა, "მფრინავი ძროხა" მაქსიმალურ ტვირთამწეობაშიც გამოეცადა. საქმე ის არის, რომ მანამდე Ми-26-ის ტვირთამწეობა 15 ტ-ით იყო შეზღუდული, თითქმის ამდენივე კი მძიმე ამერიკულ შვეულმფრენს - CH-53 Sea Stallion-საც მიჰქონდა. საბჭოთა გენერალიტეტს სურდა, მათი "მფრინავი ძროხა" მსოფლიოში ყველაზე მძიმე ტვირთის ამწევ სამხედრო-სატრანსპორტო შვეულმფრენად ქცეულიყო, ამიტომაც მსოფლიო რეკორდის დამყარების ბრძანება თელავის პოლკმა მიიღო და დავალება წარმატებითაც შეასრულა - თელავის სიახლოვეს Ми-26-მა ბაგირზე ჩამოკიდებული 20-ტონიანი ტვირთი ორ კმ-მდე სიმაღლეზე ასწია, რაც სხვა ტიპის შვეულმფრენს არც მაშინ შეეძლო და არც დღეს შეუძლია...

3-rekordi-1713956314.png
მსოფლიოში უდიდესი შვეულმფრენი - Ми-26-ი ქართულ ცაში 2017 წლის აგვისტოში „დაბრუნდა“, როდესაც ბელარუსი ბორჯომის ტყის ხანძრის ჩაქრობაში გვეხმარებოდა...

თელავის 793-ე ცალკეული სატრანსპორტო-საბრძოლო საშვეულმფრენო პოლკი მხოლოდ მსოფლიო რეკორდებს არ ამყარებდა. მისი Ми-26-ების ეკიპაჟები სისტემატურად ვარჯიშობდნენ ბაგირზე ჩამოკიდებული Ми-24-ის ტიპის საბრძოლო შვეულმფრენების გადატანაში. გარდა ამისა, მათ გუდაუთის აეროდრომიდან თელავში გადაიტანეს ჩამოწერილი Як-28-ის ტიპის გამანადგურებელ-გზაგადამჭრელის რამდენიმე ფიუზელაჟი (ერთი მათგანი შავ ზღვაშიც კი ჩაუვარდათ), რომელთა აწევა-დაშვებაშიც ვარჯიშობდნენ (ზოგიერთმა, ვინც რუსული პოლკის გასვლის შემდეგ თელავის აეროდრომზე ამ Як-28-ების ფიუზელაჟის ნარჩენები ნახა, ჩათვალა, რომ თელავში ეს ზებგერითი საბრძოლო თვითმფრინავებიც დაფრინავდნენ, რაც, რა თქმა უნდა, სიმართლე არ არის). თელავის პოლკის "მფრინავმა ძროხებმა" 1992 წლისთვის, საქართველოდან რუსეთში გადაბაზირებამდე, კიდევ ერთი მსოფლიო რეკორდი დაამყარეს, ოღონდ ამჯერად - კატასტროფებისა და ავარიების რაოდენობით. 1987 წლის 24 ივნისს ქუთაისთან კატასტროფა განიცადა თელავის პოლკის Ми-26-მა, რომელსაც მიხა ცხაკაიიდან (სენაკი) ვაზიანში სამხედროები გადაჰყავდა და საავიაციო რაკეტები გადაჰქონდა. დაიღუპა შვეულმფრენის 17 მგზავრი. ჩამოვარდნილი უზარმაზარი შვეულმფრენის ფრაგმენტებმა სოფლის სიახლოვეს ადგილობრივი მცხოვრები გოგონა შეიწირა, ხოლო ბიჭმა დამწვრობა მიიღო. 1987 წლის 8 ივლისსა და 11 დეკემბერს თელავის პოლკის კიდევ ორმა "მფრინავმა ძროხამ" ავარია განიცადა დაჯდომისას, ორი წლის შემდეგ კი თელავის აეროდრომზე დაშვებისას ეკიპაჟის ერთ-ერთმა წევრმა შეცდომით ორივე ძრავა გამორთო, 50-ტონიანი შვეულმფრენი მიწას დაენარცხა და კუდი მოსწყდა.გარდა ამისა, თელავის პოლკის ორი უზარმაზარი Ми-26 ყარაბაღის ომის დროს, 1992 წლის 3 მარტსა და 12 მაისს, გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებით - "იგლებით" ჩამოაგდეს. ხუთი წლის განმავლობაში ერთი საავიაციო პოლკის მიერ მსოფლიოში უდიდესი ექვსი შვეულმფრენის დაკარგვა მართლაც მსოფლიო ანტირეკორდად უნდა ჩავთვალოთ.