"დაბრუნება სამოთხის კართან", "ბებოს სახლის დარდები" და სხვა... - ხათუნა ემის ნამუშევრები გამოფენაზე გამოჩნდა - კვირის პალიტრა

"დაბრუნება სამოთხის კართან", "ბებოს სახლის დარდები" და სხვა... - ხათუნა ემის ნამუშევრები გამოფენაზე გამოჩნდა

20 აპრილს შალვა ძნელაძის სახლ-მუზეუმში ქართველი მხატვრების ჯგუფური გამოფენა გაიხსნა. სტუმრებს ძალიან საინტერესო ნამუშევრების დათვალიერება შეუძლიათ. გამოფენა 30 აპრილის ჩათვლით გაიმართება და იქ მისულები უნიჭიერესი მხატვრის, ხათუნა მორჩიაშვილის (ხათუნა ემის) საოცარ ნამუშევრებს იხილავთ. ხათუნას საზოგადოება სოციალური ქსელიდან კარგად იცნობს. მისი ნახატები უკვე ბევრი ადამიანის სახლის კედელს ამშვენებს. სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები მუდმივად იძენენ მის ნამუშევრებს, მოსწონთ და იმდენად ივსებიან დადებითი ენერგიით, რომ მხატვარს სიყვარულით სავსე ტექსტებსაც ხშირად წერენ.

mxatvari-3-1713962842.jpg

- ხათუნა, ძალიან საინტერესო ნამუშევრები გაქვთ, როგორც ვიცი, ეს თქვენი პირველი გამოფენაა, გვიამბეთ ამ ემოციებზე.

- 20 აპრილს გაიხსნა ქართველი მხატვრების ჯგუფური გამოფენა, სადაც ჩემი ნამუშევრები წარმოვადგინე. ეს ჩემი პირველი გამოფენაა და ძალიან ბედნიერი ვარ იმ ემოციებით, რასაც აქ მოსული დამთვალიერებლისგან ვიღებ. მართალია, ბევრი გამომწერი მყავს და ხშირად მანებივრებენ კომპლიმენტებით ჩემი ნახატების შემძენი ადამიანები, მაგრამ როცა უშუალოდ გამოფენაზე ხედავ დამთვალიერებლის საოცარ ემოციებს, ეს ძალიან გახარებს მხატვარს. ჩემი ნამუშევრების აქ წარმოდგენა დიდი დამსახურებაა კურატორის, ქალბატონი ნანა ზაალიშვილის, მადლობა მინდა მას გადავუხადო.

mxatvari-10-1713965728.jpg

ასევე, მადლობა თამუნა კაპანაძეს. გამოფენის დასრულებამდე კიდევ რამდენიმე დღე დარჩა, 30 აპრილის ჩათვლით ყველას აქვს შესაძლებლობა, ბევრ საინტერესო ნამუშევართან ერთად, იხილოს ჩემი ნამუშევრები: "დაბრუნება სამოთხის კართან", "ბებოს სახლის დარდები" და კიდევ 3 სააღდგომო ნახატი. კიდევ მოუთმენლად ველოდებით ახალ დამთვალიერებლებს. მართლა ძალიან კმაყოფილი ვარ, სხვადასხვა ჟანრის ნახატების საინტერესო ექსპოზიცია შედგა, ეს ჩემთვის გამოცდილებაც არის და, ასევე, დიდი სტიმული იმისა, რომ უფრო მეტი ვიშრომო, უფრო მეტი საინტერესო ნახატი შევქმნა და უფრო მეტი შეცდომა გამოვასწორო. გამოფენის გახსნაზე მართლაც ბევრი სტუმარი გვეწვია და ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს.

- თქვენი ნამუშევრები ინტერნეტსივრცეში ძალიან პოპულარულია, როგორ მოვიდა ეს ცნობადობა?

- დიახ, ინტერნეტსივრცეში განსაკუთრებით დიდი პოპულარობით სარგებლობს ჩემი ნამუშევრები. აქამდე მოსასვლელი გზა არ იყო ადვილი, რადგან დიდი კონკურენციაა, ბევრი ნიჭიერი მხატვარი ჰყავს საქართველოს. ძალიან რთულია თავის დამკვიდრება, შენი ნიშა უნდა იპოვო, რამაც უნდა გამოგარჩიოს. შენი ნახატები უნდა შეიყვარონ - ან მიგიღებენ, ან - არა, მაგრამ ვთვლი, რომ მიმიღო საზოგადოებამ, ჩემი ნამუშევრები უყვართ, ძალიან მოთხოვნადი და გაყიდვადია. ეს უფრო მეტ პასუხისმგებლობას მაკისრებს, დიდ სტიმულს მაძლევს და ბედნიერი ვარ, რომ ხალხი ჩემს ნამუშევრებს ყიდულობს. თითოეულ ნამუშევარში დადებით ემოციებს ვდებ და ეს რომ ასე აღიქმება, ძალიან მახარებს. განსაკუთრებით მოსწონთ ანგელოზები, რომლებიც მართლაც განსაკუთრებულ აურას ატარებენ. ანგელოზები იმედია, სასწაულია, სიყვარულია, სიკეთეა. ისინი საზღვარგარეთ მცხოვრები ბევრი ემიგრანტის სახლის კედელს ამშვენებენ და სასიამოვნოა, როცა მათგან ისმენ - როცა დავბრუნდებით, ჩვენი სახლის კედელზე დაგვხვდებაო. მჯერა, რომ ისინი აუცილებლად დაბრუნდებიან სამშობლოში.

mxatvari-1713962798.jpg

- ხომ არ აპირებთ საზღვარგარეთ გაიტანოთ თქვენი ნამუშევრები?

- დიახ, წინ დიდი გეგმები მაქვს, ევროპის სხვადასხვა ქალაქში ვაპირებ ჩემი ნახატების გატანას. ახლა ბერლინში იგზავნება ჩემი ნამუშევარი, ერთ-ერთ გალერეაში უნდა განთავსდეს. ჩემი ძმა საქმიანობს ბერლინში და ის კურირებს ამ საკითხს. ნოემბერში აუცილებლად მექნება ჩემი პერსონალური გამოფენა შალვა ძნელაძის მუზეუმში. ქალბატონმა ნანა ზაალიშვილმა მართლაც დიდი სტიმული მომცა ამისთვის და ძალიან მადლიერი ვარ მისი. დიდ კოლექციას წარმოვადგენ საახალწლო განწყობით, უკვე ვემზადები ამისთვის. ჩემი ოცნებაა, ევროპის რომელიმე ლამაზ პატარა ქალაქში პერსონალური გამოფენა გავმართო.

mxatvari-2-1713962756.jpg

- როგორც ვიცი, პროფესიით სტომატოლოგი ხართ, გვიამბეთ, რა ასაკში დაინტერესდით ხატვით და როგორი იყო თქვენი პირველი ნამუშევარი?

- მეოთხე წელია, ვხატავ. ჩემი მეუღლის დიდი თანადგომით მოვედი აქამდე. ერთ დღეს ავიღე ფუნჯები და დავიწყე ხატვა. თითქოს ფერწერისთვის ცხოვრების დაკავშირებას ჩემი სული ითხოვდა, ეს საქმიანობა ჩემში ზის, ჩემთვის ეს არ არის პროფესია, ეს ცხოვრებაა. რაღაც კონკრეტული შთაგონება არსებობს, ბუნებრივია, მონახაზის და კონცეფციის დონეზე, სანამ ხატვას დავიწყებ ხოლმე. ჩემი ყველა ნამუშევარი ერთადერთი და საავტოროა. ხელოვნება, შესაბამისად, მხატვრობაც ადამიანთა სამყაროს, ამ სამყაროში არსებულ სილამაზეს, განცდებსა და ემოციებს ასახავს, ნახატი სიცოცხლის გაგრძელებაა, სადაც შეიძლება, მნახველმა ბევრად მეტი რამ დაინახოს, რაც შენ ვერ გადმოეცი. მას უდიდესი სულიერი სიმდიდრე უნდა მიჰქონდეს, ამიტომ ვთვლი, რომ ანგელოზები ჩემს ნახატებში იმედის და სიხარულის განცდის მომტანია, ამიტომაც ჭარბობენ ჩემს ნამუშევრებში. პირადად ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანია განწყობა და ხასიათი, რომელსაც ის ქმნის. ამიტომ ვთვლი, რომ ნახატი დადებითი ენერგიით უნდა იყოს დამუხტული, ცოცხალი ფერებითა და შინაარსით.

mxatvari-1713962611.jpg

- როგორ მოდის შთაგონება, როდის ხატავთ?

- ინსპირაცია შესაძლებელია ყველაფერში ვიპოვო, შევამჩნიო ისეთი დეტალები, რაზეც სხვები ყურადღებას არ ამახვილებენ. ცხოვრებას მხატვრის თვალით ვუყურებ, ყველგან ფერები და ჩრდილებია. ძირითადად, ღამით ვხატავ, თავისით მოდის ფანტაზიები. არ ვიცი, ვერ ვხსნი. ფაქტია, არავის ვბაძავ. რომ ეძებოთ, მსგავსს ვერსად ნახავთ. ჩემს ნახატებს სასიამოვნო განწყობის შექმნა, დადებითი ენერგიის მოტანა, სიმშვიდის დაუფლება შეუძლია, ალბათ ამიტომაც არის ასე მოთხოვნადი და გაყიდვადი.

R