"როგორც კი ივანიშვილმა თქვა, რომ პოლიტიკაში მოდიოდა, "ქართუსგან" თანხის მიღებას მაშინვე დავუსვით წერტილი. ახლა მსახიობებს ვეღარ აკონტროლებენ, რადგან..." - კვირის პალიტრა

"როგორც კი ივანიშვილმა თქვა, რომ პოლიტიკაში მოდიოდა, "ქართუსგან" თანხის მიღებას მაშინვე დავუსვით წერტილი. ახლა მსახიობებს ვეღარ აკონტროლებენ, რადგან..."

მიმდინარე თვეში, ე.წ. ჯენზის თაობის მიერ გამართულმა აქციებმა ბევრ ქართველს გაახსენა ლევან გოთუას სიტყვები: "სხვა თაობა მოვიდა, ჩვენივე აღზრდილი... და ახლა მათაც ვაცალოთ. თავისი დრო და ადგილი აქვთ, თავისი მიზნები და მისწრაფებანი, თავისი აუცილებელი და აუცდენელი შეცდომები". ახალგაზრდების აქტიურობას ჩვენი საზოგადოების ნაწილი სიხარულით შეხვდა, თუმცა არის ხალხი, რომელსაც მათზე უარყოფითი შეხედულება აქვს. ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება ცნობილი მსახიობი და დირიჟორი ირაკლი ჩოლოყაშვილი.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" დაიბეჭდა:

"ისინი, ვინც ჩვენს ახალგაზრდებს "რადიკალებად" ნათლავს, ძირითადად, ხელისუფლების და "რუსული კანონის" მომხრეები არიან. აბა, მათი მოსაწონი საპროტესტო აქციაზე გამოსული ხალხი როგორ იქნება? გავიხსენოთ, რომ 1990-იან წლებში, ეროვნული მოძრაობის მონაწილეებსაც რადიკალებს ეძახდნენ და ახლა, ვინც "ქართული ოცნების" მოწინააღმდეგეა, ყველას ასე ნათლავენ, რატომ გვიკვირს? ამ ადამიანების მოსაწონი მხოლოდ ეს ხელისუფლებაა, თუმცა, მათი ნარატივი, საბედნიეროდ, არ მუშაობს..."

"როგორც კი ივანიშვილმა თქვა, რომ პოლიტიკაში მოდიოდა და პარტიას აფუძნებდა, ჩვენც მაშინვე დავუსვით წერტილი "ქართუსგან" თანხის მიღებას. ახლა მსახიობებს ვეღარ აკონტროლებენ, რადგან თითქმის ყველა მიხვდა, რომ "ქართული ოცნება" რუსული პროექტია. რასაკვირველია, ხელისუფლება უკმაყოფილოა, რომ მსახიობებს, მომღერლებს თუ სპორტსმენებს განსხვავებული პოზიცია აქვთ..."

"მე ერთ შეკითხვას დაგისვამთ: ყველა ხომ ვერ მოითმენს იმას, რაც ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს თავს ხდება? როცა უსამართლობას ხედავ, ადვილად ვერ გაჩუმდები. სწორედ ამიტომაა, რომ ხალხი აპროტესტებს. ისიც ფაქტია, რომ დასაკარგი ბევრი გვაქვს - უპირველესად კი, ევროპულ მომავალს ვკარგავთ. შეიძლება არჩევნებამდე ვერც მივიდეთ, თუ ეს კანონი ძალაში შევა. რუსეთშიც ასე მოხდა: თავიდან მიიღეს მსგავსი კანონი, რომელიც ძალიან "დავარცხნილი" და ზომიერი იყო, მაგრამ მერე შესწორებები შეჰქონდათ. დიდია ალბათობა, რომ აქაც იგივე განმეორდეს..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 25 აპრილის ნომერში წაიკითხავთ. ხათუნა ჩიგოგიძე