"ამ ქვეყანაში რაღაცის ნაცვლად რაღაც უნდა დათმო. მთავარია, არ ჩამორჩე, მაგრამ მოვლენებსაც არ უნდა გაასწრო" - კვირის პალიტრა

"ამ ქვეყანაში რაღაცის ნაცვლად რაღაც უნდა დათმო. მთავარია, არ ჩამორჩე, მაგრამ მოვლენებსაც არ უნდა გაასწრო"

ქართული მოდისა და ღვინის ფესტივალი ნიუ-იორკში

27 აპრილს ნიუ-იორკში პირველად გაიმართება ქართული დიზაინისა და ღვინის ფესტივალი, სადაც წარმოდგენილი იქნება 15-მდე ქართველი დიზაინერის ნამუშევრები, საღამოს დაამშვენებს ფურშეტი და ღვინის დეგუსტაცია, გათამაშდება პრიზებიც. ამ ღონისძიების ორგანიზატორები არიან ამერიკაში წარმატებული შეფი, ბიზნესმენი მალხაზ მაისაშვილი და ქართველი დიზაინერი მერიკო ფხაკაძე. ბატონი მალხაზი უკვე 12 წელია, ნიუ-იორკში ოჯახთან, მეუღლესა და ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს. ის ამერიკის საუკეთესო შეფების ბაზაში ერთადერთი ქართველია.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" დაიბეჭდა:

"1989 წლიდან შეფმზარეული ვარ. სკოლის დამთავრების შემდეგ დავიწყე მუშაობა სასტუმრო „ივერიაში“ და შეიძლება ითქვას, გამიმართლა, რადგან მასწავლებელიც კარგი შემხვდა და გუნდიც. 16 წლის ვიყავი, შავნაბადაზე ზვიად გამსახურდიას ინაუგურაციაზე რომ მოვხვდი, ეს დღე კარგად მახსოვს..."

"2012 წელს საქართველოში შემარჩიეს, როგორც საუკეთესო შეფი და 2 კვირაში უკვე ვაშინგტონში, საქართველოს საელჩოში შეფმზარეულად დავიწყე მუშაობა. დღემდე ამერიკაში მნიშვნელოვან ღონისძიებებს, მაგალითად, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ასევე, კონგრესის, მსოფლიო ბანკის არაერთ ღონისძიებას ვაორგანიზებ. ვაშინგტონში საელჩოში მუშაობის პარალელურად, რესტორნებშიც დავსაქმდი. 2017 წლიდან სწრაფად განვითარდა ჩემი კარიერა. ამ წელს მოვხვდი ამერიკაში საუკეთესო შეფების ბაზაში, ერთადერთი ქართველი ვარ 66 შეფს შორის..."

"ამ ქვეყანაში რაღაცის ნაცვლად რაღაც უნდა დათმო. მთავარია, არ ჩამორჩე, მაგრამ მოვლენებსაც არ უნდა გაასწრო. პირველი 3 წელი, როგორც შვილს, ასე ზრდი კომპანიას და თუ გეყოფა ნებისყოფა, წარმატებასაც მიაღწევ. ჩემთვის ცოტა არ იყოს, რთული აღმოჩნდა ეს გზა. ჩემს კომპანიონებთან ერთად ვიყავი მომმარაგებელიც, მზარეულიც, ბოლოს კი სულ მარტო დავრჩი - ცომსაც თვითონ ვზელდი, ხინკალსაც ვახვევდი, ვფუთავდი კიდეც, მძღოლიც ვიყავი მარტივი არ ყოფილა, მაგრამ შევძელი..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 25 აპრილის ნომერში წაიკითხავთ.

ნინო ჯავახიშვილი