ევროპა კოშმარის მოლოდინში ანუ როგორ შეუძლია დონალდ ტრამპს ევროპის დანაწილება, თუ ის პრეზიდენტი გახდა - კვირის პალიტრა

ევროპა კოშმარის მოლოდინში ანუ როგორ შეუძლია დონალდ ტრამპს ევროპის დანაწილება, თუ ის პრეზიდენტი გახდა

ამერიკული გაზეთი „პოლიტიკო“ (Politico) აქვეყნებს სტატიას სათაურით - „როგორ შეუძლია დონალდ ტრამპის მეორე პრეზიდენტობას ევროპის დანაწილება“ (ავტორები - ბარბარა მონსი, იაკობ ბარიგაცი, კარლ მატისენი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით

ევროპაში სულ უფრო ნათლად აცნობიერებენ, რომ დონალდ ტრამპის დაბრუნება თეთრ სახლში სერიოზულ ცვლილებებს გამოიწვევს, როგორც ევროკავშირში, ასევე -საერთოდ, მთელ მსოფლიოში. მართალია, ჯერჯერობით არავის შეუძლია იმის მტკიცე პროგნოზირება, თუ ვინ გაიმარჯვებს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკები მაინც ემზადებიან უარესი სცენარისათვის.

დონალდ ტრამპის მეორე ვადით არჩევის შესაძლებლობა უკვე ყველაზე სერიოზულ გამოცდად ითვლება ტრანსატლანტიკური ურთიერთობებისა და ევროპული ერთიანობისათვის - იმდენად, რამდენადაც სამომავლო დაძაბულობას ბევრ საკითხში კონტინენტის ორად გაყოფა შეუძლია - დაწყებული ვაჭრობით და დამთავრებული თავდაცვით.

„ბრიუსელი უკვე ემზადება იმისთვის, რაც შეიძლება სავარაუდოდ მოხდეს“, - ამბობს POLITICO-სთან საუბრისას ევროკავშირის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი დიპლომატი. დღეს ყველა ნიშანი არსებობს იმისა, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის ახალი ვადა ძალიან რთული იქნება გეოპოლიტიკური დაძაბულობის, შეიარაღებული კონფლიქტებისა და ენერგეტიკული კრიზისის გათვალისწინებით. და საეჭვოა, რომ ყოფილი პრეზიდენტი თეთრ სახლში მისვლისას უეცრად პოზიციას და მუშაობის სტილს შეიცვლის და სხვა ქვეყნებთან ურთიერთობაში ზომიერ პოლიტიკას გაატარებს.

როგორც უკრაინის საკითხში ექსპრეზიდენტის პოზიციების კარგად მცოდნე ორი მაღალჩინოსანი ამბობს, უკვე ჩამოყალიბებულ ფორმას იძენს დონალდ ტრამპის გეგმა კიევის მიმართ. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, დონალდ ტრამპი დაბეჯითებით მოსთხოვს ვოლოდიმირ ზელენსკის, რომ მან ყირიმზე და დონბასის ნაწილზე საერთოდ აღარ იფიქროს. მხოლოდ ასეთ სიტუაციაში შეიძლება ვლადიმერ პუტინის დარწმუნება, რომ მან უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომი შეწყვიტოს.

მაგრამ თუ უკრაინასთან მიმართებით დონალდ ტრამპის პოზიცია მეტ-ნაკლებად გასაგებია, ასე არ არის ნატოსთან მიმართებით. ექსპერტები აცხადებენ, რომ ექსპრეზიდენტს მიზნად აქვს აშშ-ის აქტიურობის შემცირება ალიანსში. შესაძლოა, ეს გამოიხატოს სამიტებში და ერთობლივ წვრთნებში მონაწილეობაზე უარით.

ნატოს მიმართ დონალდ ტრამპის მიდგომამ ამერიკელი კანონმდებლები იმდენად შეაშფოთა, რომ კონგრესმენთა ნაწილმა თავისი მოთხოვნა ჩამოაყალიბა - ალიანსიდან გამოსვლის ნებისმიერ ოფიციალურ გადაწყვეტილებას აუცილებლად უნდა დაეთანხმოს კონგრესიც და თუ ასე არ იქნება, გადაწყვეტილება ძალაში არ შევა. თუმცა ევროპელებს ვერც ასეთი სიტუაცია დაამშვიდებს, რომლებსაც თავდაცვის სფეროში ამერიკის იმედი აქვთ.

გავიხსენოთ, რომ თებერვალში დონალდ ტრამპმა უკვე ეჭვქვეშ დააყენა ნატოს ხელშეკრულების მე-5 პუნქტისადმი ერთგულება, როცა განაცხადა, რომ ხელს არ შეუშლიდა რუსეთს იმ ქვეყნებზე თავდასხმაში, რომლებიც ალიანსის წევრები არიან და ამ დროს სამხედრო ბიუჯეტში სათანადო რაოდენობით ფულს არ რიცხავენ.

რასაკვირველია, ევროპა ამ ყველაფერს გრძნობს, ხედავს და ამიტომ შეშფოთებულია, განსაკუთრებით - აღმოსავლეთევროპელები და ბალტიისპირელები.

„თუ აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპი იქნება არჩეული, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მოსალოდნელი ტრაგიკული შედეგების თავიდან ასაცილებლად. სამწუხაროდ, ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ვერ მოვემზადებით ამერიკის გარეშე არსებობისათვის“, - აცხადებს ლიეტუვის თავდაცვის ექსმინისტრი რასა იუკნავიუჩენე.

იმის გათვალისწინებით, რომ თავდაცვითი ბიუჯეტების 2%-მდე გაზრდაც კი ზოგიერთი ნატოს წევრი სახელმწიფოსათვის რთული აღმოჩნდა, მაშინ რა დაუჯდებათ მათ აშშ-ის ჯარების ევროპიდან გაყვანა? როცა ლაპარაკი ეხება ბირთვულ საპირწონეს, ევროპელები მიეჩვივნენ, რომ ვაშინგტონის იმედზე იყვნენ. ევროპაში ბირთვული იარაღი მხოლოდ დიდ ბრიტანეთს და საფრანგეთს აქვს, ისიც - საკმაოდ მცირე რაოდენობით. „ეს ნიშნავს, რომ ნატოს ევროპული სახელმწიფოებიდან არც ერთს არ აქვს რუსეთის შეკავების არც ძალა და არც შესაძლებლობა, ამერიკის დახმარების გარეშე“, - ამბობს ნიკოლ ფონ ონდარზა, გერმანელი ექპერტი ბერლინის საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ინსტიტუტიდან, - „ევროკავშირი დღეისათვის ვერანაირ ელემენტარულ კითხვებს ვერ პასუხობს. არავინ იცის, თუ კონკრეტული საფრთხის პირობებში ვინ დააჭერს წითელ ღილაკს თითს - მხოლოდ საფრანგეთის პრეზიდენტი თავისი პიროვნული გადაწყვეტილებით? ან მხოლოდ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი? ევროკავშირის ხელმძღვანელობა? და თუ ევროკავშირის ხელმძღვანელობა, მაშინ კონკრეტულად ვინ - ევროკომისიის პრეზიდენტი თუ ევროპის საბჭოს პრეზიდენტი?“

დონალდ ტრამპი არ მალავს თავის გეგმებს, რომელიც ჩადებულია მის ლოზუნგებში - „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ და „დავუბრუნოთ ამერიკას თავისი დიდება“. და თუ გავითვალისწინებთ, რომ ევროპის ეკონომიკა ძალიან არის დამოკიდებული აშშ-ისთან ურთიერთობაზე (ექსპორტ-იმპორტის საკითხში), მაშინ დონალდ ტრამპის მუქარა საბაჟო გადასახადების გაზრდაზე ევროპისათვის კარგს არაფერს მოასწავებს.

ევროპა დღეს, რუსეთთან კავშირების გაწყვეტის გამო, ხაფანგშია მოქცეული. ამჟამად მისთვის საჭირო თხევადი გაზის თითქმის ნახევარს ევროპა აშშ-იდან იღებს ანუ ენერგეტიკულად ამერიკაზეა დამოკიდებული. ევროპელი ჩინოვნიკები შიშით ფიქრობენ, თუ რა მოხდება, როცა დონალდ ტრამპი თხევად გაზს ევროკავშირზე გავლენის განსახორციელებელ ბერკეტად გამოიყენებს.

როგორც ჩანს, ევროპის ბედი დონალდ ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადის დროს ბევრად იქნება დამოკიდებული იმაზე, შეინარჩუნებს თუ არა ევროკავშირი თავის ერთიანობას. ამ მხრივ ერთ-ერთ საფრთხეს უნგრეთი წარმოადგენს - პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის სახით. უნგრელმა ლიდერმა უკვე მოასწრო დონალდ ტრამპთან შეხვედრა, ამას წინათ, ფლორიდაში. ბუდაპეშტი დიდი ხანია, ითხოვს, რომ უკრაინამ სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს, რუსეთთან ომის შეწყვეტის მიზნით. ვიქტორ ორბანი იმედოვნებს, რომ მისი პარტია ევროპარლამენტის არჩევნებში (ივლისში) წარმატებას მიაღწევს.

მოკლედ, ევროკავშირისათვის დღეს ერთ-ერთ ყველაზე დიდ თავის ტკივილს ერთიანობის შენარჩუნება წარმოადგენს იმ სიტუაციისათვის, თუ ვაშინგტონი მასთან დისტანცირებას გადაწყვეტს ან პირიქით - თუ დონალდ ტრამპი ევროპელ ლიდერებს აიძულებს, უკრაინის საკითხში ისევე მოიქცნენ, როგორც თვითონ ჩათვლის საჭიროდ. გაუგებარია, ასეთ ვითარებაში რას იზამენ, ვთქვათ, გერმანია და იტალია.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო