პუტინს მაგრად "აჭამეს" ანუ ბაიდენის საიდუმლო ბრძანება - როგორ მიაწოდა ამერიკის პრეზიდენტმა ზელენსკის ფარულად ბალისტიკური რაკეტები - კვირის პალიტრა

პუტინს მაგრად "აჭამეს" ანუ ბაიდენის საიდუმლო ბრძანება - როგორ მიაწოდა ამერიკის პრეზიდენტმა ზელენსკის ფარულად ბალისტიკური რაკეტები

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, მას შემდეგ, რაც ჯერ კონგრესის წარმომადგენლების პალატამ და შემდეგ - სენატმა მოიწონა კანონპროექტი, უკრაინისთვის თითქმის 61 მლრდ დოლარის სამხედრო დახმარების აღმოჩენაზე, დაუყოვნებლივ მოაწერა ხელი მას და ის ოფიციალურ დოკუმენტად აქცია, ნახევარწლიანი ბლოკირების შემდეგ, რასაც პროტრამპისტი ამერიკელი რესპუბლიკელი კონგრესმენების ნაწილი მიზანმიმართულად ახორციელებდა.

შესაბამისად, უკვე უახლოეს დღეებში მოსალოდნელია, დაიწყოს ამ 61 მლრდ-დოლარიანი დახმარებიდან, პირველი, ერთი მილიარდი ღირებულების პარტიის გაგზავნა უკრაინის არმიისთვის, რომელიც რაკეტებს, საარტილერიო ჭურვებს, ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო საშუალებებს შეიცავს, მაგრამ უმთავრესი დახმარება პრეზიდენტ ბაიდენს უკრაინისთვის, თურმე, უკვე გაუგზავნია...

15-1714029844.jpg
ამიერიდან უკრაინულ „ჰაიმარსებს“ 300 კმ-ზე მფრენი ამერიკული ბალისტიკური რაკეტებით უზუსტესი შურისმაძიებელი საჰაერო დარტყმების მიყენება შეეძლებათ იმ რუსული სამხედრო აეროდრომებისთვის, საიდანაც აფრენილი რუსული თვითმფრინავები დაუნდობლად ბომბავენ უკრაინულ ქალაქებს...

...იმის შემყურე, რომ მისი მთავარი პოლიტიკური მოწინააღმდეგის, ტრამპის მომხრე კონგრესმენები, როგორ სპეციალურად წელავდნენ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების კანონპოექტის განხილვას, გაბრაზებულ პრეზიდენტ ბაიდენს ჯერ კიდევ 2024 წლის თებერვალში საიდუმლო ბრძანებით გადაუწყვეტია უკრაინისთვის 300 კმ-მდე მფრენი ATACMS-ის ბალისტიკური რაკეტების მიწოდება, რასაც თავადვე ეწინააღმდეგებოდა ამ ომის ორი წლის განმავლობაში...

ამ ბალისტიკური რაკეტების უკრაინაში გაგზავნა განხორციელდა მარტში და ის შენიღბული სახით შევიდა იმ 300 მლნ-დოლარიან სამხედრო დახმარებაში, რომელიც ამერიკამ უკრაინას კონგრესის მიერ დაბლოკილი დახმარების გვერდის ავლით გამოუყო.

უფრო მეტიც -17 აპრილის გამთენიისას უკრაინამ ძალზე წარმატებული საჰაერო შეტევა მიიტანა ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის ჯანკოის სამხედრო აეროდრომზე, სადაც დააზიანა/გაანადგურა რუსი ოკუპანტების С-400 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემის ოთხი გამშვები დანადგარი და სამი რადიოლოკაციური სადგური, ამასთან, მწყობრიდან იქნა გამოყვანილი თვით რუსეთის არმიისთვისაც ძალზე დეფიციტური Фундамент-М ტიპის საჰაერო სივრცის კონტროლისა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებების მართვის ცენტრიც.

22-1714029888.png
17 აპრილს ანექსირებული ყირიმის ჯანკოის აეროდრომზე განადგურებული რუსი ოკუპანტების C-400 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების გამშვები დანადგარები...

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ასეთი მაღალი საბრძოლო შედეგიანობა აჩვენა „ჰაიმარსებიდან“ გაშვებულმა ATACMS-ის ექვსმა ბალისტიკურმა რაკეტამ და ჩაითვალა, რომ უკრაინამ ამ რაკეტების 165 კმ-მდე მფრენი ის ძველი მოდიფიკაციები გამოიყენა, რომელიც აშშ-მა ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე გაუგზავნა კიევს და მაშინაც მათი საშუალებით რუს ოკუპანტებს ლუგანსკისა და ბერდიანსკის სამხედრო აეროდრომებზე არანაკლებ 21 შვეულმფრენი დაუზიანეს/გაუნადგურეს...

ამ ვერსიას ამაგრებდა ის გარემოებაც, რომ ფრონტის ხაზიდან ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის ჯანკოის აეროდრომამდე პირდაპირი ხაზით (მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპირომდე, ახალ კახოვკასთან) მხოლოდ 145-150 კმ-ი იყო, რაც სრულიად შესაძლებელს ხდიდა 165 კმ-მდე მფრენი ATACMS-ის ბალისტიკური რაკეტების გამოყენებას...

თუმცა რამდენიმე საათის წინ... „შემიძლია დავადასტურო, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას, პრეზიდენტის პირდაპირი მითითებით, შორ მანძილზე მოქმედი ATACMS-ი მიაწოდა“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ვედანტ პატელმა.

3-1714029928.jpg
ჯანკოის აეროდრომზე უკრაინელების სარაკეტო დარტყმის შედეგად დაზიანებული რუსული მობილური მრავალფუნქციური რადიოლოკაციური სადგური 92Н6Е...

სააგენტო Reuters-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება, რომ შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები პირველად გასულ კვირას ოკუპირებულ ყირიმში, რუსეთის აეროდრომზე დასარტყმელად გამოიყენეს. New York Times-ის ცნობით კი ახალი რაკეტები, ასევე, გამოიყენეს სამშაბათს, ღამით, ოკუპირებულ საპორტო ქალაქ ბერდიანსკში, რუსეთის ჯარებზე თავდასხმისთვის.

გამოდის, რომ 17 აპრილს უკრაინას რუსი ოკუპანტების საჰაერო თავდაცვის საზენიტო დანადგარები და მობილური რადიოლოკაციური სადგურები ჯანკოის აეროდრომის ტერიტორიაზე არა 165 კმ-ზე, არამედ - 300 კმ-ზე მფრენი ATACMS-ის ბალისტიკური რაკეტებით აუფეთქებია...

46-1714029972.jpg
რუკაზე მწვანე ფერით მონიშნულია ის ტერიტორიები, სადამდეც წვდება „ჰაიმარსიდან“ გაშვებული 84 კმ-მდე მფრენი GMLRS რაკეტები, ყვითელი ფერი აღნიშნავს მოდერნიზებული GMLRS-ER რაკეტების 150 კმ-მდე მოქმედების ზონას, ხოლო წითლად კი - 300-კმ-მდე მფრენი MGM-140B ATACMS-ის ბალისტიკური რაკეტების დაფარვის სივრცეა მითითებული...

შეიძლება მკითხველების ნაწილმა იფიქროს - მერე რა დიდი განსხვავებააო? მაგრამ ასე არ არის - სწორედ ეს 140 კმ-იანი განსხვავება უკრაინის არმიას უდიდეს უპირატესობას მიანიჭებს ოპერატიულ-ტაქტიკური თვალსაზრისით, რადგან მის მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან მიწვდება არა მარტო მთელ ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულს, თავის ორჯერ აფეთქებული ხიდის ჩათვლით, არამედ - უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე: დონის როსტოვს, ვორონეჟს, კალუგას, სმოლენსკს იმ აეროდრომებიანად, საიდან აფრენილი რუსული თვითმფრინავებიც უმოწყალოდ ბომბავენ პლანირებადი საავიაციო ბომბებით უკრაინულ ქალაქებს, ხოლო თუკი პუტინის „ძმაკაცმა“-ლუკაშენკომ რაიმე გაბედა, მაშინ უკრაინელები ამ 300 კმ-ზე მფრენი ბალისტიკური რაკეტებით თვით ...მინსკსაც კი „ჩააკითხავენ“...

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელიც კატეგორიული წინააღმდეგი გახლდათ 300 კმ-მდე მფრენი ბალისტიკური რაკეტების უკრაინისთვის გადაცემაზე, რომ რუსული დაუნდობელი მუდმივი დაბომბვებით გამწარებულ უკრაინელებს საპასუხოდ რომელიმე რუსულ ქალაქზე შურისძიების დარტყმა არ განეხორციელებინათ, ეხლა იცვლის პოზიციას და ამ შორსმფრენი რაკეტების უკრაინაში გაგზავნას შემდეგნაირად ამართლებს - უკრაინის მშვიდობიან ქალაქებზე შეუწყვეტელი თავდასხმების და, ასევე, ჩრდილოეთკორეული ბალისტიკური რაკეტების რუსეთისთვის მიწოდების შემდეგ მე გადავწყვიტე უკრაინისთვის გამეგზავნა 300 კმ-ზე მფრენი ამერიკული ბალისტიკური რაკეტებიო...