ფოდოლა, კოკორა, სომინი... მესხი მეურნის მზის პურები - კვირის პალიტრა

ფოდოლა, კოკორა, სომინი... მესხი მეურნის მზის პურები

ზაზა ივანიძე მესხი მეურნეა. მისი საქმიანობა მრავალმხრივია: არის მეფუტკრე, მევენახე, მოჰყავს ხორბალი, მიჰყვება აგროტურიზმს. პოპულარულია მისი საოჯახო მესხური ფურნე, სადაც აცხობს მესხურ პურს, ქადასა და ქადა-ხაჭაპურს. ცდილობს ძველი ტრადიციების აღდგენასა და თანამედროვეობასთან მის შეხამებას, რაც საკმაოდ კარგად გამოსდის. ზაზა ივანიძე ჩვენი სტუმარია და თავის ამბავს მოგვითხრობს.

511b9610-e2ec-425d-8eaa-ff2d364bc871-1714049808.jpg

ზაზა ივანიძე:

- მეფუტკრეობა ბავშვობიდანვე დავიწყე, პაპაჩემის და იყო მეფუტკრე, რომელიც სოფლად ექიმბაშობდა კიდეც, ხალხს მკურნალობდა და მადლობა მას, რომ მასწავლა უნიკალური წამლების მომზადება და ზოგიერთი დაავადების მკურნალობა, შემაყვარა და მასწავლა მეფუტკრეობა. ასე რომ, თუთა ბაბოს მხარდაჭერით დავიწყე მეფუტკრეობა. მანვე მომცა ორი ოჯახი ნაყარი, რითაც გაჭირვების დროს, 90-იან წლებში, შევუდექი საქმეს, ოღონდ დასაწყისი რწყილი და ჭიანჭველას ამბავს ჰგავდა. ბევრი ადამიანი დამეხმარა. დღეს უკვე 100 ოჯახი მყავს.

მერე ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას საგრანტო პროექტი ჰქონდა, სადაც მივედი, მაგრამ იქიდან გამომიშვეს, რადგან მშობლების ხნის ხალხი იყო, ამ პატარა ბიჭს აქ რა უნდაო?! კიბეზე ტირილით რომ ჩამოვდიოდი, იმ ორგანიზაციის წარმომადგენლები შემხვდნენ, გამომელაპარაკნენ. ვუთხარი, რომ ტრენინგიდან გამომიშვეს, აქ საშენო ადგილი არ არისო. არადა, მეფუტკრე ვარ-მეთქი. პირიქით, შენნაირ ადამიანებს ვეძებთ, რამდენი ფუტკარი გყავსო? 12-მდე მყავდა და ვუთხარი, რომ მიჭირდა სკები, ასევე სანთლის რესურსი არ მქონდა. მიმიწვიეს ტრენინგზე და იმ საგრანტო პროექტით 40 სკა დამიფინანსეს. მაშინ დავდე პირობა, როგორც კი აქ გავიმარჯვებ, ჩემივე სოფელში გაჭირვებულ ოჯახებს უანგაროდ ვასწავლი-მეთქი. გაჭირვება რომ გამოვიარე და დამეხმარნენ, მინდოდა მეც დავხმარებოდი სხვებს. ამიტომ პირობა შევასრულე და მათ ფუტკრის ოჯახები გადავეცი.

- ახლა გაქვთ საოჯახო ბიზნესი, აგროტურისტული მეურნეობა, ასეა?

- კი, ასეა. სოფელი ღრელი ახალციხიდან დაახლოებით 2 კილომეტრითაა დაშორებული, აქ აგროტურისტულ მეურნეობაში ვართ ჩართული. ტურისტებს მესხურ კერძებს ვთავაზობთ. უკვე 3 წელია მე და ჩემი მეუღლე აქტიურად ვსაქმიანობთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ბავშვებს (2 და 4 წლის) დიდი ყურადღება სჭირდებათ, მეუღლე მხარში მიდგას. გვაქვს ფურნე და ვაცხობთ მესხურ, ტრადიციულ პურს, ქადასა და ქადა-ხაჭაპურს.

ფურნის იდეა მეუღლეს დაებადა. მე მესხურ სოფელ მუსხში ვცხოვრობდი, ახალციხიდან 14 კილომეტრის დაშორებით. როცა დავქორწინდი, ოჯახისგან დამოუკიდებლად დავიწყე ცხოვრება. მესხურ სოფელ ღრელში ოჯახი შევიძინეთ და ჩვენი მეურნეობის განვითარება დავიწყეთ.

fbd39be1-8e97-404e-93b5-b3e9a58ec137-1714049807.jpg

- ფურნე მარტომ ააშენეთ?

- მესხური ფურნე ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციის მხარდაჭერით, საგრანტო პროექტით ავაშენე. ვიცოდი ფურნეში გამომცხვარი პროდუქტის გემო და პროექტში დავწერე, რომ ფურნის მშენებლობა გვესაჭიროებოდა. დაგვაფინანსეს, მერე პანდემია დაიწყო და მეუღლემ, რომელიც ბაღის მასწავლებელია (ვეღარ მუშაობდა), მითხრა, გამოვაცხოთ, შენ უკეთ იცი მესხური ცხობის დეტალებიო.

- თქვენ რომ ცომს ამუშავებთ, ნამდვილი ხელოვნებაა... ანუ პანდემიის დროს დაიწყეთ ეს ბიზნესი.

- დიახ. შემდეგ ერთმა ორგანიზაციამ საგრანტო პროექტები მოგვაწოდა - მონაწილეობა მიიღეთ, გვინდა გაფართოვდეთ, რადგან ნამდვილად ტრადიციულ საქმეს მიჰყვებითო.

- ფურნეში რას აცხობთ?

- გახურებულ ფურნეში ვატარებთ მესხურ ე.წ. მაკარონს, ერიშტას, შემდეგ ცხვება თითიანი პური, კოკორა, ფოდოლა და მზის პურები - ასე ვეძახით. შემდეგ ფურნე თავისებურად ნელდება, სადაც ვატარებთ მესხურ ქადასა და ქადა-ხაჭაპურს, მერე უკვე კაკალა პურს, რძეში ან შრატში მოზელილ პურს. ბოლოს სომინი ცხვება - დიდი პური, რომელიც დაახლოებით ერთ თვეს ინახება.

- რა არის იმის საიდუმლო, რომ ამდენ ხანს ძლებს?

- დაბალ ტემპერატურაზე დაახლოებით სამ საათს იშუშება და ცხვება. ამიტომ უნიკალურ თვისებას იძენს და მთელ თვეს ინარჩუნებს თავს. ფურნეში ცხობა შრომატევადი საქმეა... ჩვენთან თვიდან თვეზე ანთებდნენ ფურნეს. სომინი რომ გამოილეოდა, საქმეს შეუდგებოდნენ. ამ ყველაფერში ძირითადად დიასახლისები იყვნენ ჩართული. სოფელში ფურნეს რომ ანთებდნენ, იქ თავს იყრიდნენ ნათესავები, მეზობლები, უმეტესად ერთი თაობის ხალხი. იყვნენ ახალგაზრდა რძლებიც. ეს იყო გარკვეულწილად ლხინიც და რიტუალების მთელი წყება. ადამიანებს ერთმანეთთან ყოფნა უხაროდათ, ერთმანეთის ჭირსა და ლხინს განიხილავდნენ, მოკლედ, თავშეყრის სერიოზული მიზეზიც იყო და თან საქმე კეთდებოდა.

გამოცხობის პროცესში 5-6 ოჯახი იყო ჩართული. წარმოიდგინეთ, რამდენი ცხვებოდა, მათი ოჯახის წევრები პურდებოდნენ. დიდ, განიერ ხის გობებში პურის სახეობები იზილებოდა. გამოცხობის შემდეგ სტუმრებს უმასპინძლდებოდნენ, ოჯახებშიც­ ატანდნენ. როდესაც ერთ დღეს ერთს ეხმარებოდნენ, პურის სახეობებს ატანდნენ, მეორე დღეს ის რომ გამოაცხობდა, ის ამას გამოატანდა. თუ ვინმეს სიმღერა ეხერხებოდა, მღეროდა, მოხუცები პატარებს ზღაპრებს უყვებოდნენ, რომ ბავშვებს უფროსებისთვის გამოცხობაში ხელი არ შეეშალათ. როცა ფურნიდან ქადა-ხაჭაპური გამოდიოდა, ეს ჩვენთვის, ბავშვებისთვის, ტორტიც იყო და უძვირფასესი ნამცხვარიც. ველოდებოდით, როდის გადაგვიტეხდნენ ქადა-ხაჭაპურს.

623732e3-5955-47ad-9997-27ba65529780-1714049807.jpg

- ეს ყველაფერი, რასაც დღეს აკეთებთ, პაპა-ბებიებისგან გქონიათ ნასწავლი...

- დიახ. იმ გაჭირვების ჟამს საკვების ისეთი სიმწირე იყო, პაპაჩემი თავთავებს გვაკრეფინებდა. ეს პრობლემა მის ბავშვობაშიც იყო. მოთიბულ ყანებში გავდიოდით და თავთავებს ვკრეფდით, მოგვქონდა, ხელით ვარჩევდით, მერე წისქვილში რვა თვალი მუშაობდა.

სამწუხაროდ, სოფლებში წისქვილები აღარ არის, გააუქმეს, ფურნის სახლებიც ამოქოლეს და ევრორემონტები გააკეთეს. დაკარგეს ეს ტრადიციები და პირის გემო. ჩვენს ფურნეში გამომცხვარი პური არომატული, მაწიერი და სასიამოვნოა.

- ვაზის ჯიშებსაც ხომ ახარებთ?

- ერთ-ერთმა ორგანიზაციამ მოგვაწოდა და გადმოგვცა ოთხი სახეობის ვაზი - შავი ასპინძურა, წიქვაძისეული შავი, მესხური მწვანე და მესხური ჩიტის კვერცხა. წლეულს სულ 300 ძირი დავრგე. ასევე მომყავს ჩვენი ადგილობრივი, შავი თამარისეული ვენახი, მესხური მწვანე ხომ გვაქვს და გვაქვს. ჩვენთან შაქრიანობა ნაკლებია, მაგრამ ყურძენი თავისი უნიკალურობით მაინც გამოირჩევა. მარანი ჯერ არა გვაქვს, ღვინოს მხოლოდ საოჯახოდ ხის კასრებში ვაყენებთ. ახალი ვენახი თუ გამიმართლებს, მინდა ესეც აგროტურისტული კუთხით გავაფართოო, ავამუშაო ანუ გვექნება ღვინო და პური...

6db987b7-1124-4d86-87fb-6cf81cf2cbf1-1714049807.jpg

- როგორც ვიცი, ხორბალიც მოგყავთ და თქვენი წარმოებული ფქვილისგან აცხობთ?

- ახალციხის წითელი დოლი ერთ ჰექტარზე მითესია, მაგრამ მინდა კიდევ მეტი დავთესო. კი, ჩვენს ფქვილს ვიყენებთ პროდუქტების მოსამზადებლად. ამასთანავე, ვთანამშრომლობთ ასოციაციასთან და ფქვილი რომ შემომაკლდება, წევრ ფერმერებთან გვაქვს კავშირი, მათგან ვყიდულობთ ხორბალს. მაქვს ხორბლის ენდემური ჯიშები მთელი მსოფლიოდან. ნაკვეთebში რიგებად მაქვს დათესილი და რიგს სახელი აწერია. სტუმრებს მესხური ლოკოკინებითაც ვუმასპინძლდებით.

0088a0db-cdad-4bd7-95d8-a4ec9512f29d-1714049808.jpg

- როგორია თქვენი გეგმები?

- მეურნეობის მეტად გაფართოება. ამასთანავე, მინდა კალოობის ისე მოწყობა, როგორც პაპაჩემი აკეთებდა. 150 სტუმრის მოწვევას ვფიქრობ. ხორბალს ხარებით გავლეწავთ. ასე გავაცოცხლებ ამ ტრადიციას, რასაც პაპაჩემის სულს მივუძღვნი. მისი ქალამნებიც კი მაქვს. მაქვს კევრიც, რომელიც კაჟებისგანაა შემდგარი. უნიკალურია, დაახლოებით ორი საუკუნის. უკვე გაცვეთილი კია, მაგრამ საქმეს მაინც გააკეთებს.

ხარები კი აღარ არის ჩვენს სოფელში, მაგრამ ვიქირავებ. ახალციხის ფოლკლორულi ანსამბლiს ხელმძღვანელ ზაზა თამარაშვილს ვთხოვ, კალოობა სიმღერით დაამშვენონ. დიდ ზეიმს გავმართავთ, შემდეგ ჩვენს ფურნეში პურს, ქადასა და ქადა-ხაჭაპურს გამოვაცხობთ და სტუმრებს გავუმასპინძლდებით.