"დასაქმებულს უფლება აქვს ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით - წელიწადში 24 სამუშაო დღით" - შვებულების ხანგრძლივობა და მისი გაცემის წესი - კვირის პალიტრა

"დასაქმებულს უფლება აქვს ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით - წელიწადში 24 სამუშაო დღით" - შვებულების ხანგრძლივობა და მისი გაცემის წესი

გაზეთ "კვირის პალიტრაში" გრძელდება მკითხველებისთვის საინტერესო კითხვებზე პასუხების გაცემა. ამჯერად სამართლებრივ რჩევებს მოგცემთ იურისტი, საადვოკატო ფირმის დამფუძნებელი პარტნიორი, თსუ-ის სისხლის სამართლის მიმართულების დოქტორანტი გვანცა­ გურგენიძე.

- მყავს ახლობელი, რომელიც დაბადებიდან პირველი ჯგუფის შშმ პირია, მშობლები გარდაცვლილი ჰყავს, მეცოდება და მე ვუვლი. ხომ არ არის შესაძლებელი მას სახელმწიფო დაეხმაროს და რაიმე თავშესაფარი მისცეს?

- მსგავსი შესაძლებლობა არსებობს, თუმცა თავშესაფრის მიღებისას მნიშვნელოვანია არაერთი გარემოების შეფასება. ამ საკითხის განხილვის დასაწყებად უნდა მიმართოთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს "სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს". კერძოდ, დასახელებულ ადმინისტრაციულ ორგანოში უნდა დაწეროთ პირველადი განცხადება, რომელსაც თან უნდა ერთოდეს შეზღუდული შესაძლებლობების პირის დიაგნოზი - ფორმა #100, შშმ პირის სტატუსის მიმნიჭებელი დოკუმენტი და პირადობის მოწმობის ასლი. ამის შემდეგ საკითხის განხილვაში ჩაერთვება სოციალური მუშაკი, ასევე მიიღებთ ადგილზე კონსულტაციას შემდეგი ეტაპების თაობაზე. სააგენტო მდებარეობს თბილისში, მიხეილ ასათიანის #9-ში. მათვე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ნომერზე + (995 32) 2 39 53 11.

- კომპანია, სადაც წლებია ვმუშაობ, არ მინაზღაურებს შვებულებას და მიშვებს მხოლოდ ორი კვირით უფასო შვებულებაში. რამდენად სამართლიანია ეს და შემიძლია თუ არა მოვითხოვო ანაზღაურება?

- "საქართველოს შრომის კოდექსი" არეგულირებს შვებულების ხანგრძლივობასა და მისი გაცემის წესს. დასახელებული კანონის თანახმად, დასაქმებულს უფლება აქვს ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით - წელიწადში, სულ მცირე, 24 სამუშაო დღით. ასევე, დასაქმებულს უფლება აქვს, ისარგებლოს ანაზღაურების გარეშე შვებულებით წელიწადში, სულ მცირე, 15 კალენდარული დღით. რაც შეეხება შვებულების გაცემის წესს, კანონის თანახმად, დასაქმებულს შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა მუშაობის 11 თვის შემდეგ. თუმცა მხარეთა შეთანხმებით დასაქმებულს შვებულება შეიძლება მიეცეს აღნიშნული ვადის გასვლამდეც, რაც ასევე ხშირად გამოიყენება პრაქტიკაში. კითხვის თანახმად, დასაქმებული კონკრეტულ დამსაქმებელთან მუშაობს 11 თვეზე მეტია, შესაბამისად, კანონით აქვს სრული უფლება, მოითხოვოს ანაზღაურებადი შვებულება წელიწადში, სულ მცირე, 24 სამუშაო დღით. ხაზგასასმელია, რომ კანონი იცნობს გამონაკლისს და ადგენს, რომ თუ დასაქმებული­სთვის მიმდინარე წელს ანაზღაურებადი შვებულების მიცემამ შეიძლება სამუშაო პროცესის ნორმალურად წარმართვაზე უარყოფითი გავლენა მოახ­დინოს, დასაქმებულის თანხმობით, დასაშვებია შვებულების მომდევნო წლისთვის გადატანა. თუმცა აკრძალულია არასრულწლოვნის ანაზღაურებადი შვებულების მომდევნო წლისთვის გადატანა და ასევე ანაზღაურებადი შვებულების მომდევნო წლისთვის ზედიზედ 2 წლის განმავლობაში გადატანა. შეგახსენებთ, რომ თქვენს წინააღმდეგ შრომითი ნორმების დარღვევის შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ შრომის ინსპექციის სამსახურს მისამართზე ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ. 15ა, ასევე დაუკავშირდეთ ცხელ ხაზზე 1575.

- ვარ სამშენებლო კომპანიისგან დაზარალებული. სასამართლომ სამშენებლო კომპანიას დააკისრა თანხის გადახდა,­ ეს გადაწყვეტილება გამოტანილია 5 წელზე მეტია. ვიყავი ემიგრაციაში და ახლა ვაპირებ ჩამოსვლას. მაინტერესებს. სასამართლოს გადაწყვეტილებას ხომ არ გაუვიდოდა ვადა და სად შემიძლია ვიჩივლო,­ რომ თანხა დავიბრუნო? ახლობელი მეუბნება, რომ აღსრულებას უნდა მივმართო და თუ ვერ ამოიღეს თანხა, იმ თანხას,­ რასაც გადავუხდი აღსრულებას, ისევ უკან დამიბრუნებენ...

- სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა ათი წელი მაშინაც კი, როცა ეს მოთხოვნა უფრო ნაკლებ ხანდაზმულობას ექვემდებარება. შესაბამისად, თქვენ ჯერ კიდევ გაქვთ გადაწყვეტილების აღსრულების მოთხოვნით მიმართვის უფლება. ამისათვის უნდა მიმართოთ "აღსრულების ეროვნულ ბიუროს". კერძოდ, სააღსრულებო საქმის წარმოების დასაწყებად აუცილებელია სააღსრულებო ფურცელი, გადაწყვეტილება, რის საფუძველზეც ამოწერილია სააღსრულებო ფურცელი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე წარმომადგენლობის შემთხვევაში მინდობილობა სააღსრულებო ფურცლის შეტანის უფლებით. როგორც მოგეხსენებათ, დასახელებული მომსახურება ფასიანია და გაითვალისწინეთ, რომ ვალდებული ხართ გადაიხადოთ აღსრულების საფასური - მოთხოვნილი თანხის 2%, არანაკლებ 50 ლარი. რაც შეეხება დასახელებული თანხის ბედს, წარმოების საფასური დაბრუნებას არ ექვემდებარება.

- ვიქირავე ბინა და შევედი ისე, რომ ხელშეკრულება არ გამიფორმებია. ვინც შემიშვა, მას ვუხდიდი ბინის ქირას. ახლა მოვიდა უცნობი პირი, რომელიც ამბობს, რომ მას აქვს ბინის მესაკუთრისგან მინდობილობა და ითხოვს ბინიდან ჩემს გასვლას. თავად მესაკუთრე არ არის ქვეყანაში და მასთან დაკავშირებას ვერ ვახერხებ. ვინც მომაქირავა ბინა, ის ამბობს, რომ დავრჩე ბინაში, რადგან შეთანხმების ვადა ჯერ არ გასულა. ვიღაცამ გამითიშა ელექტროენერგია. რა უნდა მოვიმოქმედო?

- თავდაპირველად ხაზგასასმელია, რომ ხელშეკრულების გარეშე მსგავს სამართლებრივ ურთიერთობაში შესვლისას ყოველთვის რთული სამტკიცებელია ისეთი არსებითი დეტალები, როგორიცაა ქირის ოდენობა, ქირავნობის ვადა, ურთიერთობის შეწყვეტის პირობები და ა.შ. სწორედ ამიტომ გირჩევთ ყოველთვის წერილობით გააფორმოთ ქირავნობის ხელშეკრულება. რაც შეეხება უკვე არსებულ პრობლემას, კონკრეტული ბინისათვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის მოთხოვნის უფლება აქვს მესაკუთრეს ან მისი უფლებებით აღჭურვილ პირს. თუმცა, თუ ელექტროენერგიის გადასახადი სრულად გაქვთ დაფარული, ელექტროენერგიის მომწოდებელი ვალდებულია აღადგინოს თქვენთვის მომსახურების გაწევა. დასახელებულისათვის შეგიძლიათ განცხადებით მიმართოთ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას, რომელიც დაგეხმარებათ ელექტროენერგიის აღდგენაში. კომისიის მისამართია თბილისი, მიცკევიჩის #19. მათვე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე:+ 995 32 2420180. რაც შეეხება ქირავნობის ურთიერთობიდან გამომდინარე თქვენს სხვა პრობლემებს, შესაფასებლად აუცილებელია ადვოკატთან კონსულტაცია.

- სასამართლომ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხის საწინააღმდეგოდ და მას დაეკისრა თანხის გადახდა. როცა მოპასუხემ ეს შეიტყო, მან გადაწყვეტილება გაასაჩივრა სასამართლოში, თუმცა საქმის განხილვამდე გარდაიცვალა. სასამართლომ დაავალა მოსარჩელეს 1 წლის განმავლობაში წარედგინა უფლებამონაცვლე პირი. მოსარჩელემ 1 წლის განმავლობაში არ წარადგინა. ამ შემთხვევაში რა ბედი ელის გადაწყვეტილებას?

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება მოქალაქის გარდაცვალებისას, თუ სადავო-სამართლებრივი ურთიერთობა დასაშვებად თვლის უფლებამონაცვლეობას. აღნიშნულ შემთხვევაში საქმის წარმოება უნდა შეჩერდეს გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა. მოსარჩელის გარდაცვალებისას, თუ ამ ვადის გასვლის შემდეგ საქმეში უფლებამონაცვლე არ ჩაერთო, სარჩელი განუხილველად დარჩება. ასევე განუხილველად დარჩება მოსარჩელის მიერ შეტანილი სააპელაციო და საკასაციო საჩივრები.

- ერთი წელია მერიცხება ბინის ქირის გადასახადი ბანკში. მოქირავნე უთითებს დანიშნულებაში, რომ ეს არის ბინის ქირა, აქვს თუ არა წვდომა საგადასახადოს ბანკში ჩარიცხულ ანგარიშებთან და უნდა გადავიხადო თუ არა ასეთ შემთხვევაში შემოსავლების სამსახურში იჯარის გადასახადი?

- ფიზიკური პირი საცხოვრებელი ფართობის საცხოვრებელი მიზნით გაქირავების შედეგად მიღებულ შემოსავალზე, რომელიც მიღებული შემოსავლიდან გამოქვითვებს არ ახორციელებს, იბეგრება საშემოსავლო გადასახადით 5 პროცენტის ოდენობით. დასახელებული წესი მოქმედებს დამოუკიდებლად იმისა, ქირავნობის საფასური გერიცხებათ საბანკო ანგარიშზე თუ იღებთ ნაღდი ანგარიშსწორებით. რაც შეეხება შემოსავლების სამსახურის მიერ თქვენს საბანკო ანგარიშებზე წვდომას, პირის მონაცემთა ნებისმიერი ფორმით დამუშავებას სჭირდება კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი. მხოლოდ კითხვის შინაარსში მოცემული ინფორმაციით შეუძლებელია პასუხის გაცემა, შეიძლება თუ არა თქვენ მიმართ არსებობდეს მსგავსი საფუძველი.

გააგრძელეთ კითხვა