"ყველას ვურჩევ, ყოველთვის იბრძოლონ თავიანთი ოცნების ასახდენად... 900 000 მოწონება აქვს ჩემს ბოლო ვიდეოს "ინსტაგრამზე" - კვირის პალიტრა

"ყველას ვურჩევ, ყოველთვის იბრძოლონ თავიანთი ოცნების ასახდენად... 900 000 მოწონება აქვს ჩემს ბოლო ვიდეოს "ინსტაგრამზე"

"ყველას ვურჩევ, ყოველთვის იბრძოლონ თავიანთი ოცნების ასახდენად"

"ჩემს ბოლო ვიდეოს "ინსტაგრამზე" ბევრი ნახვა და მოწონება აქვს - 900 ათასი... მოკლე ვიდეოებს სოციალური ქსელებში ვტვირთავ, "ტიკტოკსა" და "ინსტაგრამზე"... ბოლო ვიდეო, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ის იყო, როცა ჩვენი ბიჭების გამარჯვება აღვნიშნეთ. გადავწყვიტეთ, ნაკრების მაისურებით მივსულიყავით რეპეტიციაზე", - ამბობს სუხიშვილების ანსამბლის სტაჟიორი, მოდელი ლინა სიჭინავა, რომელიც ჯერ მხოლოდ მეთერთმეტე კლასის მოწაფეა...

- დავიბადე ქალაქ ზუგდიდში, თუმცა იქ თითქმის არ მიცხოვრია, რადგან საცხოვრებლად მალევე თბილისში გადმოვედით. მხოლოდ ზაფხულობით ვახერხებ ჩასვლას. ძალიან მიყვარს ჩემი მშობლიური მხარე და ჩემთვის იქ ჩასვლა დღესასწაულია, სამეგრელოს ჩემს გულში უდიდესი ადგილი უკავია... ჩემი ბავშვობა მრავალფეროვანი იყო. მგონი სიარულზე ადრე, ცეკვა დავიწყე. ექვსი წლიდან ვცეკვავდი, შემდეგ ტანვარჯიშზე შემიყვანეს და საბოლოოდ, ისევ ცეკვას დავუბრუნდი.

- ცეკვის ნიჭი გენეტიკურად გაქვთ?

- მოცეკვავე არავინ მყავს, მაგრამ ჩემს ოჯახში ძალიან აფასებენ ხელოვნებას, განსაკუთრებით - ქართულ ფოლკლორს...

- სკოლაში სწავლა, ცეკვა, მოდელობა - ამდენს როგორ ასწრებთ?

- ბავშვობიდანვე ძალიან შრომისმოყვარე და მიზანდასახული ვარ, შეიძლება ითქვას, ნაადრევად გავიზარდე, რადგან შვიდი წლით უმცროსი ძმა მყავს და მისი დაბადების შემდეგ ყოველთვის დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. საკუთარი თავისგან ბევრს ვითხოვ... ამჟამად მეთერთმეტე კლასის მოსწავლე ვარ, დავდივარ რეპეტიტორებთან, ამავდროულად ვარ ანსამბლ სუხიშვილების სტაჟიორი. სამოდელო საქმიანობითაც ვარ დაკავებული, ბავშვობიდან მაქვს ფოტოსესიები და მოდის კვირეულებშიც მიმიღია მონაწილეობა... ვცდილობ ყველაფერი ერთმანეთს შევუთავსო. ვფიქრობ, გამომდის კიდეც... საგნებიდან ყველაზე მეტად მათემატიკა მიყვარს. ზოგადად ძალიან მიყვარს ჩემი სკოლა და მასწავლებლები, ისინი ყოველთვის მხარში მიდგანან და ხელს მიწყობენ. ასევე ძალიან მომწონს მოდელობა და გადაღებები, თუმცა ცეკვა ჩემი მთავარი მოწოდებაა. ყველაზე ბედნიერი მაშინ ვარ, როდესაც ვცეკვავ.

- სუხიშვილების ანსამბლის სტაჟიორი როგორ გახდით?

- იმისთვის, რომ სტაჟიორებში მოვხვედრილიყავი, ძალიან ბევრი ვიშრომე. ყოველდღიურად დატვირთულად და თავდაუზოგავად ვვარჯიშობდი, ცეკვებს ვამუშავებდი... და რა თქმა უნდა, კვლავ განვაგრძობ ვარჯიშს. ძალიან ვამაყობ "სუხიშვილებით", რადგან ეს ანსამბლი საქართველოს პოპულარიზაციას მთელ მსოფლიოში ახდენს და ეს უმნიშვნელოვანესია... ჩემი ბავშვობის ოცნება იყო ამ ანსამბლში მოხვედრა. ყველას ვურჩევ, ყოველთვის იბრძოლონ თავიანთი ოცნების ასახდენად.

- პირველად როდის გახვედით დიდ სცენაზე?

- პირველად სცენაზე რომ გავედი, ცხრა წლის ვიყავი. არასდროს დამავიწყდება ეს დღე, დავლურ-ქართული ვიცეკვე. სამი მარტი იყო და ინტერვიუ ჩამომართვეს. ვთქვი, რომ ამ ცეკვას დედას ვუძღვნიდი. დედაჩემი ყოველთვის მხარს მიჭერდა და სჯეროდა ჩემი.

- ტანვარჯიშზე რამდენ ხანს დადიოდით?

- ტანვარჯიშზე ერთი წელი დავდიოდი, რათა ფორმაში ვყოფილიყავი...

- სამოდელო სფეროშიც პატარა ასაკში აღმოჩნდით...

- 12 წლის ასაკში ერთ-ერთი სააგენტოს უფროსი დამიკავშირდა და მალევე კონტრაქტიც გამიფორმეს... სამოდელო სფერო პატარაობიდანვე მომწონდა. ჩვეულებრივ დეფილეს გაკვეთილები გვქონდა, ასევე გვასწავლიდნენ ვიზაჟს და მეტყველებას. კარგად მახსენდება ეს პერიოდი, ძალიან ვერთობოდი. გადაღებები და ჩვენებები მქონდა, შარშან მაღალი მოდის კვირეულშიც ვმონაწილეობდი, გიორგი ქებურიას ჩვენებაზე გამოვედი... მოდელობას იმდენ დროს არ ვუთმობ, რამდენსაც ცეკვას, თუმცა შეძლებისდაგვარად დავდივარ გადაღებებსა და ჩვენებებზე... პირველად პოდიუმზე რომ გამოვედი, 12 წლის ვიყავი, მაგრამ ჩემი სიმაღლე უკვე 1.70 სანტიმეტრს აღემატებოდა. ძალიან ვნერვიულობდი, თუმცა ამავდროულად მიხაროდა.

- შემდეგ პანდემიამ შეგაფერხათ?

- დიახ, სწორედ ამის მერე დაიწყო პანდემია და შეზღუდვებმა ამ სფეროს ხელი ძალიან შეუშალა. სამწუხაროდ, ამ პერიოდში ვერსად ვახერხებდი სიარულს, ცეკვაზე თითქმის ორწლიანი შუალედი მქონდა. პანდემიის შემდეგ კვლავ დავუბრუნდი საყვარელ საქმეს. სახლშიც არ ვჩერდებოდი, სარკის წინ ყოველდღე ვცეკვავდი. ვიდეოებიდან ვსწავლობდი ახალ-ახალ ცეკვას, ვცდილობდი არ მოვდუნებულიყავი. ჩემი ცხოვრება წარმოუდგენელია ცეკვის გარეშე.

- გამორჩეულად ბევრი მოწონება აქვს თქვენს ვიდეოებს...

- დიახ განსაკუთრებით ჩემს ბოლო ვიდეოს "ინსტაგრამზე". მოკლე ვიდეოებს სოციალური ქსელებში ვტვირთავ. ბოლო ვიდეოში, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ჩვენი ბიჭების გამარჯვებას აღვნიშნავთ. გადავწყვიტეთ, ნაკრების მაისურებით მივსულიყავით რეპეტიციაზე. ვერ ვიტყვი, რომ ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი ვარ, მაგრამ როცა საქმე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ეხება, ყოველთვის ჩართული გახლავართ... იმ ღამეს, როცა მოვიგეთ, უბედნიერესები ვიყავით, ყველა ერთმანეთს ვულოცავდით ჩვენს საერთო ჩათში, "ინსტაგრამზე"... ამ ამბის აღსანიშნავად გადავწყვიტეთ, რომ ყველას ნაკრების მაისური შეგვეძინა და ასე გვეცეკვა. მეორე დილას გავედი და ყველასთვის ვიყიდე მაისური, მერე კი პირდაპირ რეპეტიციაზე წავედი. საოცარი ატმოსფერო შეიქმნა, დიდი დღესასწაული იყო, ყველა გახარებული ვიყავით. ნამდვილად დაუვიწყარი დღე იყო.

- თანამედროვე ცეკვები უფრო მოგწონთ თუ კლასიკური?

- გულწრფელად გითხრათ, ორივეში კარგად ვგრძნობ თავს, ორივე ძალიან მიყვარს, მაგრამ ვფიქრობ, მოცეკვავეს ახალ პროგრამაში მეტი თავისუფლება ეძლევა და მას ყველა თავისებურ მანერაში ცეკვავს... თუმცა კლასიკური პროგრამა მაინც განუმეორებელი და შეუცვლელია.

- როგორია თქვენი ყოველდღიურობა?

- ყოველდღე ჩვეულებრივ, სკოლაში დავდივარ, შემდეგ კი მთელი დღე სტუდიაში ვვარჯიშობ, რეპეტიციები მაქვს. ზოგჯერ იქაც ვმეცადინეობ, ვემზადები მათემატიკასა და ქართულში რეპეტიტორებთან.

- პროფესიის არჩევას ტექნიკური მიმართულებით აპირებთ?

- ეს ჩემთვის რთული შეკითხვაა, ჯერ არ მაქვს არჩეული მომავალი პროფესია. მაგრამ დიახ, უფრო ტექნიკურისკენ მიმიწევს გული.

- ცეკვას და მოდელობას ხომ ისევ აპირებთ?

- დიახ, ცეკვის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. მოდელობასაც გავაგრძელებ.

მანანა გაბრიჭიძე

ჟურნალი "გზა"