ამერიკა, ევროპა, "ანგლია", "კიტაი" ანუ როგორ უნდა მოემზადოს დასავლეთი მომავალი მასშტაბური ომისთვის?! - კვირის პალიტრა

ამერიკა, ევროპა, "ანგლია", "კიტაი" ანუ როგორ უნდა მოემზადოს დასავლეთი მომავალი მასშტაბური ომისთვის?!

ამერიკული „უოლ სტრიტ ჯორნელი“ (The Wall Street Journal) ბეჭდავს სტატიას სათაურით - „ახლა უკრაინის დახმარებაზე ინიციატივა ევროპამ უნდა აიღოს - ამერიკას, ალბათ, სხვა ომებისათვის მზადება მოუწევს“ (ავტორები - ჯონ დენი და ლიზა არონსონი).

უკრაინელებმა შვებით ამოისუნთქეს: ფრონტზე მძიმე მდგომარეობაში მყოფი მათი არმია უკიდურესად აუცილებელ საბრძოლო მასალას და სამხედრო ტექნიკას მიიღებს, მაგრამ აქედანვე აშკარაა (და ეს ყველასათვის ცნობილი იყო), რომ კონგრესის მიერ გამოყოფილი და პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი დახმარება, 61 მილიარდი დოლარის ოდენობით, უკრაინას რუსეთზე გამარჯვების მოსაპოვებლად არ ეყოფა. და თუ უკრაინა წააგებს, დასავლეთი სულ უფრო გაძლიერებული და სახიფათო რუსეთის წინაშე აღმოჩნდება, რაც სულ უფრო მეტ სისხლისღვრას და ფულს მოითხოვს.

სამწუხაროდ, რატომღაც გავრცელდა აზრი, რომ ევროპას უფრო მეტის გაკეთება არ შეუძლია - ჯერ კიდევ გასულ შემოდგომაზე განაცხადა ნატოს გაერთიანებულმა სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ნიდერლანდელმა ადმირალმა რობერ ბაუერმა: - ახლა უკვე კასრს ფსკერი გამოუჩნდაო ანუ რეზერვები გვიმთავრდებაო. შემდეგ ჩეხეთმა ითავა სადღაც, რომელიღაც ქვეყნის საწყობებში მიტოვებულ-მივიწყებული ჭურვების მოძებნა, ბოლოს კი ნატოს გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა უკრაინისათვის 100-მილიარდიანი დოლარის ფონდის შექმნის ინიციატივა წამოაყენა. ჯერჯერობით ეს ინიციატივები მაინცდამაინც დიდი იმედების ჩამნერგავები არ არიან - სტოლტენბერგის იდეამ, მაგალითად, ნატოს წევრების ყურადღება ნაკლებად დაიმსახურა და მისი განხილვა ვაშინგტონის სამიტისათვის გადაიტანეს.

ევროკავშირის ქვეყნების და ნატოს ევროპელი წევრების სამხედრო-სამრეწველო სექტორის 25-წლიანმა დაცემამ (ნატოს მთავარი მტრის - საბჭოთა კავშირის გაქრობის შემდეგ ევროპელები სამხედრო საკითხებზე, შეიძლება ითქვას, ნაკლებად ზრუნავდნენ) საქმე იქამდე მიიყვანა, რომ სამხედრო ქარხნები დაიხურა, დაიკარგა კვალიფიციური პერსონალი და შეიარაღების წარმოებაში ევროპა „სხვისი ხელების შემყურედ“ გადაიქცა.

თუმცა არის შესაძლებლობა, რომ ამერიკის დახმარებით ევროპამ სამხედრო ჩამორჩენა დაძლიოს და ბარიერები გადალახოს. ატლანტის ორივე ნაპირზე მდებარე ქვეყნების ლიდერებმა ამ მიმართულებით ხუთი ნაბიჯი უნდა გადადგან.

პირველი - ამერიკამ უნდა გააგრძელოს უკრაინისადმი დახმარების კოორდინირება, მაგრამ ლიდერობა ნატოს უნდა გადასცეს;

მეორე - ამერიკამ უნდა გააგრძელოს ლოჯისტიკის, დაზვერვის, დაკვირვების, ასევე, ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის უზრუნველყოფა, რათა ევროპას შესაძლებლობა მიეცეს, მასშტაბურად გაზარდოს თავისი სამხედრო პოტენციალი საბრძოლო მასალებისა და ტექნიკის წარმოებაში, უკრაინისათვის;

მესამე - ევროპელი მოკავშირეები უნდა ჩაერიონ საკუთარი სამხედრო კომპანიების მუშაობაში, რათა უკრაინისათვის განკუთვნილ შეკვეთებს პრიორიტეტი ჰქონდეთ;

მეოთხე - მოკავშირეებს მოუწევთ, ხელი შეუწყონ გრძელვადიანი კონტრაქტების დადებას ასევე გრძელვადიანი გარანტიული დაფინანსებით. თუ ასე არ იქნება, სამხედრო კომპანიები შიშობენ, რომ გაზრდილი საწარმოო სიმძლავრეები შეიძლება გაიყინონ ახალი მთავრობების ხელში;

და ბოლოს, მეხუთე - ვაშინგტონმა უნდა გააძლიეროს და გააფართოვოს თავისი სამხედრო ყოფნა ევროპაში. ასეთი ნაბიჯი ევროპელ პარტნიორებს უფრო მეტ რწმენას შეჰმატებს და უფრო ღრმად შეისწავლიან თავიანთ სამხედრო რეზერვებს უკრაინისათვის გადასაცემად.

დასავლეთის წინაშე მდგარი პრობლემის მასშტაბი ძალიან დიდია - იმდენად დიდი, რომ ევროპა მას ვაშინგტონს ვერ გადასცემს, მაგრამ ვაშინგტონს შეუძლია, დაეხმაროს ევროპას მისი თავდაცვის პოტენციალის მთლიანად რეალიზებაში.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ