პუტინის საიდუმლო სპეცოპერაცია ევროპარლამენტისა და უკრაინის წინააღმდეგ - უცნაური ტრიო:პაპი, ვიქტორი და ვოვა - კვირის პალიტრა

პუტინის საიდუმლო სპეცოპერაცია ევროპარლამენტისა და უკრაინის წინააღმდეგ - უცნაური ტრიო:პაპი, ვიქტორი და ვოვა

აპრილისთვის არნახულად დაცხა საქართველოში. ტემპერატურა, როგორც პირდაპირი მნიშვნელობით, ასევე პოლიტიკურადაც, „დუღილის“ დონეს გადასცდა. თუმცა ეს მხოლოდ პრელუდიაა: ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე „პოლიტიკური ტემპერატურა“ მაქსიმუმს მიაღწევს. მანამდე კი, ივნისის დასაწყისში, ევროპარლამენტის საიუბილეო, მეათე არჩევნები უნდა ჩატარდეს.

მიმდინარე მოწვევის ევროპარლამენტი ამ კვირაში გამართავს თავის ბოლო პლენარულ სხდომას. პირდაპირ უნდა ითქვას: ევროპარლამენტმა გადამწყვეტი როლი ითამაშა რუსეთის აგრესიული ომის საპასუხოდ უკრაინის ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერის ევროპული პოლიტიკის ფორმირებასა და გატარებაში. უკანასკნელი ორი წლის მანძილზე მიღებულ იქნა 40 – ზე მეტი რეზოლუცია უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით. 2024 წლის თებერვლის ბოლოს ევროპარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერის გაძლიერებისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების შესახებ. ევროპარლამენტარებმა ასევე მოუწოდეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს დაუყოვნებლივ დაიწყონ დიალოგი იარაღისა და საბრძოლო მასალის მწარმოებელ კომპანიებთან, რათა უზრუნველყონ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის საბრძოლო მასალის, ჭურვებისა და სამხედრო აღჭურვილობის წარმოებისა და მიწოდების გაზრდა.

ორი თვის წინ ევროპარლამენტმა ასევე სთხოვა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას, რომ ყოველგვარი შეფერხების გარეშე გადაეცათ უკრაინისთვის დიდი ხნის განმავლობაში შეჩერებული სამხედრო დახმარების პაკეტი. გარდა ამისა, ევროპარლამენტმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებისკენაც მოუწოდა. ევროპარლამენტის ეს რეზოლუცია 451 ხმით იქნა მიღებული, წინააღმდეგი იყო 46, ხოლო 49 დეპუტატმა თავი შეიკავა. შედარებისთვის გავიხსენოთ 2016 წლის 23 ნოემბერს ევროპარლამენტის მიერ რუსული პროპაგანდის გავრცელების წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება: მაშინ ევროპის ქვეყნებისთვის ყველაზე დიდ საფრთხედ რუსული დეზინფორმაციის გავრცელება და მოსკოვის „რბილი ძალის“ მთავარი გამტარებლები Sputnik–ი და Russia Today დასახელდა. კენჭისყრაში მონაწილე 691 დეპუტატიდან 304-მა მხარი დაუჭირა დოკუმენტს, 179 წინააღმდეგი იყო, ხოლო 208 თავი შეიკავა. ეს ციფრები კარგად ასახავს განვლილ პერიოდში რუსეთის მომხრე ევროდეპუტატების რაოდენობის მნიშვნელოვან შემცირებას. პუტინიც მშვენივრად ხედავს ამას, ამიტომ 2024 წლის ივნისში უნდა რევანშის აღება და ევროპარლამენტში ნაყიდ–გადაბირებულ–დაშანტაჟებული ხალხის გაყვანა.

rek-1714125113.jpg

ვიქტორ ორბანი და ვლადიმერ პუტინი: ერთად წარსულში?

ასე რომ, 2024 წლის 6–9 ივნისი არა მარტო ევროპის, არამედ მთელი მსოფლიოს პოლიტიკური მომავლისთვის გადამწყვეტი პერიოდი იქნება. რუსეთის ხელისუფლება ტრადიცულად მიზნის მიღწევის ორ მეთოდს იყენებს: დემაგოგიურ – პოპულისტურ თემებზე აგებულ ღია პროპაგანდას და ასევე რუსეთის სპეცსამსახურების მიერ მათთვის სასურველი ევროდეპუტატობის კანდიდატების ფარულად დაფინანსებასა და მათთვის „გზის გასუფთავებას“. პუტინის მთავარი ამოცანაა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ერთიანობაში ბზარის შეტანა, რის შემდეგაც შემცირდება უკრაინის სამხედრო–ფინანსური დახმარება და შესუსტდება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები.

გუშინ ორი მოწოდება გაისმა მშვიდობის დასამყარებლად. რომის პაპმა ფრანცისკმა უკრაინასა და ღაზაში მიმდინარე ომის შესახებ განაცხადა: მოლაპარაკებების გზით მიღწეული მშვიდობა უკეთესია, ვიდრე უსასრულო ომიო. მშვიდობის წინააღმდეგი არავინ არაა, თუმცა ეს უკრაინის კაპიტულაციის ხარჯზე არ უნდა მოხდეს, იმიტომ რომ ეს აგრესორი იმპერიის და დიქტატორი პუტინის წახალისება იქნება. დამნაშავე დაუსჯელი არ უნდა დარჩეს! მეორე მოწოდების ავტორი კი პუტინის ევროპელი „დოსტი“, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანია. მან ომის შეწყვეტის და „მშვიდობის დამყარების“ ფორმულა თურმე კარგად იცის და ამისთვის, ორბანის აზრით, საჭიროა, რომ ევროპარლამენტის მომავალ არჩევნებში „მშვიდობის მომხრე უმრავლესობამ“ გაიმარჯვოს. არც მეტი და არც ნაკლები.

„ევროპული ცხოვრების წინაშე ბევრი კითხვის ნიშანი და პრობლემა დგას. ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი დღეს ომია. ჩვენ წინაშე ორი გზაა: ვიყოთ მშვიდობის მომხრეები ან ომის მომხრეები. ბრიუსელში ბიუროკრატები არიან ომის მომხრეები. უნგრელი მემარცხენეები ომის მომხრეები არიან. ისინი თავიანთ ფულს ბრიუსელიდან იღებენ, სხვანაირი პოზიცია ვერც ექნებათ. ჩვენ მშვიდობის მომხრეები ვართ. ევროპელი ხალხი მშვიდობის მომხრეა. ჩვენ გვჭირდება ევროპაში მშვიდობის მომხრე უმრავლესობა. ეს დევს ფსონზე ამ არჩევნებზე“, – განაცხადა ორბანმა.

საინტერესოა ვინ არის „მშვიდობის მომხრე უმრავლესობა“ , ისინი ხომ არა ვინც ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვენ? დღეს სწორედ ესაა პუტინის ოცნება: შერჩეს ჩადენილი დანაშაული და ოფიციალურად გადაიფორმოს მიტაცებული უკრაინის ტერიტორია. უსამართლო მშვიდობა ფაქტიურად მონობაა, აგრესორის ზეიმი და წახალისებაა მომავალი უსამართლობისკენ. „მაინც ხომ შემრჩება“ – ასე ფიქრობს რუსეთის დიქტატორი.

ევროპარლამენტზე შეტევის „მეორე ფრონტი“ რუსეთის სპეცსამსახურებს აქვთ გახსნილი. მათ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ევროკავშირისა და ჩრდილო–ატლანტიკური ალიანისის წინააღმდეგ საიდუმლო სპეცოპერაციების პლაცდარმად ჩეხეთი აირჩიეს და სწორედ ამ ქვეყანაში, რომელსაც ტერიტორიული მდებარეობის გამო „ევროპის გულსაც“ უწოდებენ, შექმნეს მძლავრი სადაზვერვო ბაზა. ამ ჯაშუშურ ქსელში გაერთიანებული იყვნენ, როგორც დიპლომატის საფარქვეშ მოქმედი რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის და გე–ერ–უს მზვერავები, ასევე რუსეთის საელჩოს ტექნიკური პერსონალი და არალეგალური აგენტები. რუსი ჯაშუშები მჭიდრო კოორდინაციაში მოქმედებენ ჩეხეთში კარგად ფეხმოკიდებულ რუსულ მაფიასთან. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში სამხედრო შეჭრის შემდეგ, ჩეხეთში, ისევე, როგორც ევროპის სხვა ქვეყნებში, მინმიმუმამდე შეამცირეს რუსი დიპლომატების რაოდენობა, „მგელი არ მაშლის მგლობასა“! 2024 წლის აპრილის დასაწყისში ჩეხეთის კონტრდაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ გამოავლინეს რუსეთის ჯაშუშური ქსელი, რომელიც მუშაობდა პოლონეთის, უნგრეთის, გერმანიის, საფრანგეთის, ბელგიისა და ნიდერლანდების პოლიტიკოსებთან, რათა გავლენა მოეხდინა ევროპარლამენტის მომავალ არჩევნებზე.

ამ ინფორმაციის შემდეგ ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრ დე კროუმ განაცხადა, რომ რადგანაც ბრიუსელშია ევროპარლამენტის ძირითადი

rek-1714125069.jpg

ალექსანდრ დე კროუ კიევში ჩავიდა ვლოდიმირ ზელენსკისთან შესახვედრად

სტრუქტურები, ევროპარლამენტის მომავალ არჩევნებში რუსეთის ჩარევის არსებული ფაქტების გამოძიება ბელგიის ხელისუფლებამ უნდა აწარმოოსო.

ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ისიც განმარტა, რომ ამ ქვეყნის სპეცსამსახურები მჭიდროდ თანამშრომლობენ ჩეხ კოლეგებთან. მისივე სიტყვებით, ბელგიის სადაზვერვო სამსახურებმა დაადასტურეს რუსული სადაზვერვო ქსელის არსებობა, რომელიც მოქმედებს ევროპის რამდენიმე ქვეყანაში და მიზნად ისახავს შეარყიოს ევროპული მხარდაჭერა უკრაინის მიმართო.

ალექსანდრ დე კროუმ პირდაპირ განაცხადა: „ჩვენი დაზვერვის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მოსკოვის მიზანი ძალიან ნათელია. ეს არის ევროპარლამენტში, რაც შეიძლება მეტი პრორუსული კანდიდატის არჩევა და ამ ინსტიტუტში პრორუსული ნარატივების გაძლიერება“.

ივნისში ევროპარლამენტის არჩევნების წინ, ევროკავშირმა პრიორიტეტად დაასახელა რუსული დეზინფორმაციის მზარდი ტალღის წინააღმდეგ ბრძოლა. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები ასევე ამზადებენ ერთობლივ მოქმედებებს ინფორმაციის მანიპულაციისა და არჩევნებში ჩარევის წინააღმდეგ საბრძოლველად. ევროკავშირის ოფიციალური პირები განსაკუთრებით შეშფოთებულნი არიან იმ გარემოებით, რომ სოციალური მედია პლატფორმებზე უკვე იმატა რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის შემცველმა კონტენტებმა, რაც პირდაპირ კავშირშია ევროპარლამენტის მომავალ არჩევნებთან.

როგორ ემზადება რუსეთი საქართველოში საპარლამენტო არჩევნებისთვის?

(მეოთხე ნაწილის დასასრული)