ზელენსკი პუტინს ამერიკულ ტანკებს უმალავს - რატომ გაჰყავთ უკრაინელებს "აბრამსები" ფრონტის ხაზიდან? - კვირის პალიტრა

ზელენსკი პუტინს ამერიკულ ტანკებს უმალავს - რატომ გაჰყავთ უკრაინელებს "აბრამსები" ფრონტის ხაზიდან?

დასავლეთის მასმედია და მათ შორის - ავტორიტეტული Associated Press-ი, ორ ინკოგნიტო ამერიკელ მაღალჩინოსან სამხედროზე დაყრდნობით, ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, უკრაინის გენშტაბმა ფრონტის ხაზიდან მოხსნა და ზურგში გადაიყვანა „აბრამსის“ ტიპის ძირითადი საბრძოლო ტანკები, რადგან მათი დაცვა რუსული FPV-დრონების თავდასხმებიდან შეუძლებელი გახდა და არანაკლებ ოთხი-ხუთი „აბრამსი“ იქნა აფეთქებული. აშშ-ის შტაბების მეთაურების გაერთიანებული კომიტეტის უფროსის მოადგილის, ადმირალ ქრისტოფერ უინსტონ გრეიდის განცხადებით, უკრაინელი და ამერიკელი სამხედროები ერთობლივად ეძებენ გამოსავალს „აბრამსების“ უკეთესად დასაცავად რუსული FPV-დრონების შეტევებისგან...

M1A1SA საექსპორტო მოდიფიკაციის 31 ერთეული Abrams-ის ტიპის ტანკი უკრაინის არმიამ ამერიკელებისგან მხოლოდ 2023 წლის შემოდგომაზე მიიღო, ისიც - თეთრი სახლის ერთწლიანი ყოყმანის შემდეგ, რადგან პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და მისი ადმინისტრაცია კრემლის საპასუხო ქმედებებს უფრთხოდა. ლოგიკური იქნებოდა, რომ ამერიკულ მხარეს უკრაინელებისთვის ნატოს სტანდარტით გათვალისწინებული ერთი სატანკო ბატალიონი გადაეცა, რომელიც 54 ერთეულ ტანკს მოიცავს, მაგრამ პენტაგონმა კიევს საბჭოთა სტანდარტით ანუ 31 ერთეულით განსაზღვრული „აბრამსების“ ბატალიონი გაუგზავნა...

შედეგად ამ „აბრამსებმა“ ვერ ჩამოუსწრეს 2023 წლის ივნისში დაწყებულ უკრაინულ კონტრშეტევას და დიდად ვერაფრით დაეხმარნენ უკრაინის დამცველებს, შესაბამისად, კრემლის საპასუხო რეაქციაც მხოლოდ სიტყვიერი დამუქრებებით შემოიფარგლა.

„აბრამსები“ პირველად ფრონტის ხაზზე მხოლოდ 2024 წლის თებერვალში გამოჩნდნენ, აღმოსავლეთის ფრონტზე, ავდეევკასთან გამართულ დაძაბულ ბრძოლებში, როდესაც უკრაინელ სამხედროებს ძალიან გაუჭირდათ...

1-a1-1714124951.jpg
„აბრამსებმა“ უკრაინის ფორნტზე ვერ გაამართლეს, ისინი ბრძოლის ველიდან გამოჰყავთ...

სამთვიან ეპიზოდურ საბრძოლო მოქმედებებში ამერიკულმა „აბრამსებმა“ დიდად ვერაფრით გამოიჩინეს თავი, სამაგიეროდ არანაკლებ ოთხი-ხუთი „აბრამსი“ დაზიანდა/განადგურდა...

სიმართლე რომ ითქვას, 31 „აბრამსიდან“ 4-5 მათგანის დაკარგვა ისეთ ბრძოლის ველზე, სადაც ტანკებს ემუქრებათ ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები, მართვადი კუმულაციურქობინიანი რაკეტები და რომლებსაც უკვე FPV-დრონებიც დაემატნენ, არც თუ ისე კატასტროფულად მოჩანს, თუნდაც იმის ფონზე, რომ ამ ომში რუსმა ოკუპანტებმა 2 930 ტანკი დაკარგეს და მათ შორის - 79 Т-90М-ი, ყველაზე თანამედროვე მოდიფიკაციის სერიული წარმოების რუსული ტანკი...

მაგრამ აქ სხვა დიდი პრობლემა გამოჩნდა, რისი წინასწარ პროგნოზირებაც არც თუ ისე ძნელი გახლდათ...

2-a-1714125156.png
რუსული FPV-დრონის ზემოდან დარტყმით აფეთქებული უკრაინელების ამერიკული „აბრამსი“...

საქმე ის არის, რომ დასავლურ ძირითად საბრძოლო ტანკებს, მათ შორის - ამერიკულ „აბრამსებსა“ და გერმანულ „ლეოპარდ-2-ებს" სატანკო ჭურვების მარაგი კოშკურის უკანა მხარეს, სპეციალურ შეჯავშნულ ნაკვეთურში აქვთ განთავსებული, რაც გამორიცხავს მათ დეტონაციასა და ათტონიანი კოშკურის ჰაერში ატყორცნას, როგორც ეს საბჭოთა/რუსულ T-64-ებს, T-72-ებს, T-80-ებსა და T-90-ებს მოსდით, რადგან მათი ჭურვები უშუალოდ კოშკურის ძირში, ქვემეხის ავტომატური დატენვის მექანიზმშია ჩაწყობილი და მათი დეტონაცია (განსაკუთრებით კი -ჭურვის ჰილზების) ძალიან ადვილად ხდება ტანკსაწინააღმდეგო ნაღმზე აფეთქებისას ან ტანკსაწინააღმდეგო რაკეტის კუმულაციური ჭავლის კოშკურაში შეღწევის შემთხვევაში, რის შემდეგაც ტანკის ეკიპაჟის სამივე წევრი განწირულია...

თუმცა ის, რაც პირველი ცივი ომის დროს ნატოს ტანკების უპირატესობად მოჩანდა, რუსეთ-უკრაინის ომში მათ უდიდეს ნაკლად გადაიქცა, რადგან ბრძოლის ველის თავზე ათასნაირი FPV-დრონი გამოჩნდა, რომლებიც ტანკებს ზემოდან უტევენ და „აბრამსების“ სატანკო ჭურვების შესანახი სპეციალური ნაკვეთურიც ზემოდან უფრო ადვილად დასაზიანებელი აღმოჩნდა.

ჭურვების შესანახი ეს ნაკვეთური ზემოდან დაფარულია ორი შეჯავშნული ხუფით, რომლებიც ჭურვების დეტონაციის შემთხვევაში, ჰაერში გაიტყორცნებიან, რათა აფეთქების ძალა არ იყოს მიმართული უშუალოდ კოშკურის შიდა მხარისკენ - რუსული FPV-დრონები კი სწორედ ამ გასატყორცნ შეჯავშნულ ხუფებს უმიზნებენ...

3-a-1714125194.png
„აბრამსის“ კოშკურის უკან დამონტაჟებული ჭურვების შესანახი სპეციალური ნაკვეთური ორი ჯავშანხუფით, რომლებიც რუსული დრონების ზემოდან შეტევის წერტილოვანი სამიზნე ხდებიან...

არის თუ არა გამოსავალი, რომ ათმილიონიანმა „აბრამსებმა“ თავი დაიცვან ათასდოლარიანი FPV-დრონებისგან?

რა თქმა უნდა -„აბრამსების“ თავზე ისეთივე ცხაურების დამონტაჟება, რომლებიც FPV-დრონების კუმულაციური ქობინების ნაადრევ დეტონაციას გამოიწვევენ, ტანკის სახურავიდან არანაკლებ ერთ მეტრში და, შესაბამისად, კუმულაციური ჭავლის სიმძლავრეც ნაკლებად მიაღწევს ჭურვების შესანახ ნაკვეთურის სახურავამდე.

ამ მეთოდს დიდი ხანია, იყენებენ, როგორც რუსი, ისე - უკრაინელი ტანკისტები, როგორც საბჭოთა წარმოების ტანკების ზემოდან დასაცავად, ისე -გერმანული „ლეოპარდების“ უსაფრთხოების გასაძლიერებლად (ეს კი არა და, ისრაელის „ცახალმაც“ არ დაიზარა და ღაზას სექტორში შეყვანილ თავის „მერკავებსაც“ კი დაადგა ასეთი ცხაურები, „ჰამასის“ დრონებიდან ჩამოგდებული მინიბომბებისგან დასაცავად).

მაშინ რა პრობლემა გახდა, რომ ოცდაათიოდე „აბრამსზე“, რომლებიც ამინდს ნამდვილად არ ქმნიან ფრონტის ხაზზე, ასეთივე ცხაურები დაეყენებინათ ზემოდან და ბორტებზეც?

4-a-1714125185.png
სპეციალური რკინის ცხაური, რომელიც ნებისმიერი ტიპის ტანკს მეტ-ნაკლებად იცავს FPV-დრონების ზემოდან თავდასხმისგან - თუკი მისი დაყენება უკრაინელებმა ბრიტანულ „ჩელენჯერ-2-ზე" შეძლეს, რამ დაუშალათ იმავე სახით ამერიკული „აბრამსებიც“ დაეცვათ?!

აქ საქმე შეიძლება არა ტექნიკურ პრობლემასთან, არამედ - პოლიტიკურ საკითხში იყოს - თეთრმა სახლმა განაახლა უკრაინის სამხედრო დახმარება და თანაც უფრო სერიოზულ დონეზე, მაგრამ აღარ სურს „აბრამსების“ ახალი პარტიების მიწოდება უკრაინელებისთვის, რადგან მათმა საბრძოლო ექსპლუატაციამ ბევრი პრობლემა გამოავლინა -დაწყებული 62-ტონიანი დიდი მასით და დამთავრებული მათი სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფისა და საველე პირობებში რემონტის მნიშვნელოვანი სირთულეებით.

სიმართლე რომ ითქვას, ამერიკელები თავიდან არც აპირებდნენ „აბრამსების“ გადაცემას უკრაინელებისთვის და ეს, ძირითადად, მხოლოდ იმიტომ გააკეთეს, რომ გერმანელებისთვის მაგალითი მიეცათ, უკრაინაში „ლეოპარდ 2-ების" გასაგზავნად...