"იმ საბედისწერო დღესაც ველაპარაკე ფიქრიას. მითხრა, მოლში რომ მიდიოდა" - ვინ იყო ქართველი მხატვარი, რომელიც სიდნეიში მოკლეს? - ახალი დეტალები - კვირის პალიტრა

"იმ საბედისწერო დღესაც ველაპარაკე ფიქრიას. მითხრა, მოლში რომ მიდიოდა" - ვინ იყო ქართველი მხატვარი, რომელიც სიდნეიში მოკლეს? - ახალი დეტალები

ავსტრალიაში, სიდნეის სავაჭრო ცენტრში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას ქართველი ქალის, 55 წლის ფიქრია დარჩიას სიცოცხლე ემსხვერპლა. იმ საბედისწერო დღეს, 13 აპრილს, როცა დანით შეიარაღებული თავდამსხმელი შენობაში შეიჭრა, ფიქრია სავაჭრო ცენტრში იმყოფებოდა. თავდასხმის შედეგად 6 უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა, 11 კი სხვადასხვა დაზიანებით კლინიკაში გადაიყვანეს, მათ შორის ერთი 9 თვის ბავშვია. ავსტრალიის პოლიციის თქმით, თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა და დამნაშავის ლიკვიდაცია ადგილზევე მოახერხეს. ის სავაჭრო ცენტრში მყოფმა პოლიციელმა მოკლა.

დამნაშავეს მიზანში ძირითადად ქალები ჰყავდა ამოღებული. ეს ვიდეოკამერებიდანაც ჩანს. 40 წლის ჯოელ ქაუჩის პირველი მსხვერპლიც ქალი იყო. დაცვის თანამშრომელმა მამაკაცმა მისი შეჩერება სცადა, თუმცა ამ დროს მას დამნაშავემ ჭრილობა მიაყენა და ისიც ადგილზე დაიღუპა. ამის შემდეგ სავაჭრო ცენტრში მყოფი სხვა ქალებიც გამოასალმა სიცოცხლეს. როგორც ამბობენ, ლამაზ ქალებს არჩევდა. სამწუხაროდ, თბილისელი ფიქრია დარჩიას მკვლელობა საგარეო საქმეთა სამინისტრომაც დაადასტურა:

"თავდამსხმელი ქალებზე იყო ფოკუსირებული და მამაკაცებს ერიდებოდა. არ ვიცით, ამ დროს რაზე ფიქრობდა. ამიტომაა მნიშვნელოვანი, დეტექტივებმა ჯოელ ქაუჩის ყველა ნაცნობი დაჰკითხონ", - ამბობს ადგილობრივ მედიასთან პოლიციის კომისარი. გამოძიება ვარაუდობს, რომ დამნაშავეს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. ამაზე ადგილობრივ მედიასთან დამნაშავის მამამ, ენდრიუ ქაუჩიმ ისაუბრა. ის ამბობს, რომ მის შვილს 17 წლიდან შიზოფრენიის დიაგნოზი აქვს და მკურნალობდნენ კიდეც. თუმცა რამდენიმე ხნის წინ მან წამლის მიღება შეწყვიტა და სახლიდან წავიდა, მას შემდეგ მანქანასა და ჰოსტელებში ათევდა ღამეს.

"თქვენთვის ის მონსტრია, ჩემს თვალში კი ძალზე ავადმყოფი ბიჭია. მას სურდა შეყვარებული ჰყოლოდა, მაგრამ სოციალიზაცია უჭირდა, არ ჰქონდა შესაბამისი სოციალური უნარები და ამიტომ იმედგაცრუებული, განადგურებული იყო," - ასე უპასუხა ჟურნალისტებს დამნაშავის მამამ. როგორც ახალი სამხრეთ უელსის ჯანდაცვის მინისტრმა რაიან პარკმა აღნიშნა, ჯანდაცვაში არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქაუჩი ახალ სამხრეთ უელსში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების გამო მკურნალობდა.

დაშავებული ადამიანები, რომელთა უმრავლესობა ქალია, კლინიკაში იმყოფებიან და ექიმები მათ გადასარჩენად ყველაფერს აკეთებენ. ამ უმძიმეს ფაქტს ავსტრალიის პრემიერ-მინისტრიც გამოეხმაურა. ენტონი ალბანესის შეფასებით, აღნიშნული ინციდენტი "სასტიკი ფორმით გენდერული დაყოფაა, რაც, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია". მისი თქმით, ექვსი დაღუპული ადამიანის ხსოვნის პატივსაცემად სავაჭრო ცენტრში მემორიალი აღიმართება.

ფაქტი სიდნეის ერთ-ერთ ყველაზე დიდ და ცნობილ სავაჭრო ცენტრში მოხდა და მთელი ავსტრალია შეძრა ამ ამბავმა, რადგან იქ მასობრივი დანაშაულები ძალიან იშვიათად ხდება. "ის იყო მხატვარი, დიზაინერი, საუბრობდა ქართულად, ინგლისურად და რუსულად. Sydney TAFE-ში სწავლობდა ბიზნესის ადმინისტრირებას. დამთავრებული ჰქონდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია", - წერს ფიქრია დარჩიაზე იქაური მედია.

ფიქრია დარჩიას საქართველოში ამ დღეებში ჩამოასვენებენ. ავსტრალიაში წლების განმავლობაში ცხოვრობდა. ჰქონდა ორმაგი მოქალაქეობა - ავსტრალიის და საქართველოსი. სიდნეიში საკუთარ ბინაში ცხოვრობდა. თურმე ამ სავაჭრო ცენტრში სიარული ძალიან უყვარდა. საქართველოშიც ხშირად ჩამოდიოდა. მოკლული ქალი გამორჩეული ქართველი ხელოვანის, ცნობილი მხატვრის, ალექსანდრე (შურა) ბანძელაძის შვილიშვილია. მისი ბაბუა დიდუბის პანთეონშია დაკრძალული. სწორედ მას მოუხატავს დიდუბის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი. მათი ოჯახი რეპრესიის მსხვერპლი ყოფილა. ამიტომაც ბაბუა, შურა ბანძელაძე ციმბირში დაიბადა, რადგან მისი მშობლები იქ იყვნენ გადასახლებული. ალექსანდრე ბანძელაძეს დედა ესტონელი ჰყავდა, მამა - ქართველი. 5 წლის ყოფილა, როცა ოჯახი ციმბირიდან საქართველოში, კერძოდ მშობლიურ ზესტაფონში დაბრუნდა. შემდეგ მან საინტერესო ცხოვრება განვლო, ჩააბარა სამხატვრო აკადემიაში და ამ გზას გაჰყვა. მათი ოჯახი კავსაძის ქუჩაზე, მხატვრების სახლში ცხოვრობს. ალექსანდრე ბანძელაძის შემოქმედება მრავალფეროვანია. ის იყო წიგნის ილუსტრატორი, ფერმწერი და გრაფიკოსი. მიჩნეულია, რომ დავით კაკაბაძის შემდეგ, სწორედ მან დაამკვიდრა საქართველოში აბსტრაქციონისტული მხატვრობა. აქტიურად მოღვაწეობდა ქართულ პრესაში. აღსანიშნავია, რომ ხელოვანის ცხოვრებაში უდიდესი ადგილი ეკავა საეკლესიო მხატვრობას. მისთვის მნიშვნელოვანი იყო როგორც მოხატულობა, ისე ხატწერა... ფიქრია მეგობრებთან თურმე ხშირად იხსენებდა, როგორ დაჰყავდა ის ბაბუას დიდუბის ეკლესიაში ტაძრის მოსახატად. ხელოვანების სახლში გაზრდილმა თავადაც ეს გზა აირჩია და სამხატვრო აკადემია დაამთავრა.

ფიქრიას მეგობარი გვიამბობს:

- კავსაძის ქუჩაზე, მხატვრების ეზოში ერთად გავიზარდეთ, სახელოსნოები ჰქონდათ ჩვენს მშობლებს, ბაბუებს და ბებიებს. ფიქრია ჩემი უახლოესი მეგობარი, მეგობარზე მეტი, ის ჩემი ნაწილი იყო. ერთ ეზოში გაზრდილებმა სამხატვრო აკადემიაც ერთად დავამთავრეთ. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლები დედამიწის სხვადასხვა ნაწილში ვცხოვრობდით, მეც ემიგრაციაში ვარ და ისიც სიდნეიში იყო, ჩვენი კავშირი არასდროს გაწყვეტილა. მუდმივად გვქონდა ერთმანეთთან კომუნიკაცია. ამ საშინელმა ტრაგედიამ არაჩვეულებრივი ადამიანი წამართვა. ნიჭიერი მხატვარი იყო, ცნობილი მხატვრების შთამომავალი. შვილებსა და შვილიშვილებზე მზრუნველი. სიტყვები ვერ აღწერს იმ ტკივილს, რაც მისმა ტრაგიკულად დაღუპვამ მომაყენა. ვაკეში დაბადებულ-გაზრდილ გოგოს ძალიან უყვარდა საქართველო და ხშირად ჩამოდიოდა. ორი კარგი შვილის დედაა, მისი ბიჭები საქართველოში ცხოვრობენ. ძალიან მძიმე ტრაგედიაა, მიჭირს მასზე წარსულში საუბარი. ბავშვობიდან ერთად მოვდივართ. კავსაძეზე, მხატვრების სახლში ახლაც ჰქონდა ბინა. ზაფხულში მეც ვიყავი საქართველოში და ერთად მოვიარეთ საყვარელი ადგილები. მისი ბაბუა ცნობილი ქართველი მხატვარი შურა ბანძელაძე დიდუბის პანთეონშია დაკრძალული, ერთად ვიყავით ბაბუების საფლავზე, დიდუბის პანთეონში. ფიქრია იხსენებდა, ბაბუა დიდუბის ტაძარს რომ ხატავდა, მეც მაკეთებინებდა რაღაცებს და ახლაც თვალწინ მიდგას ყველაფერიო. საოცრად კარგ გარემოში გაზრდილი გოგო იყო. მისი დეიდაც ცნობილი მხატვარია და თვითონაც ხელოვანი გახლდათ... რაც ჩემი თავი მახსოვს, მახსოვს ფიქრია და ვერ წარმომიდგენია მის გარეშე ყოფნა. ფიქრიც არ მინდა ამაზე. ძალიან დაბნეული ვარ და განვიცდი. მოკლეს არაჩვეულებრივი ადამიანი, სიცოცხლით სავსე, ენერგიული, ნიჭიერი და განათლებული გოგო. მიუხედავად იმისა, რომ არ ჰქონდა ადვილი ცხოვრება გავლილი, სიცოცხლის ხალისს არ კარგავდა. ერთ პერიოდში გარდაეცვალა ორი საყვარელი ადამიანი, მეუღლე და დედა. ქმარი მოულოდნელად, დედა ავადმყოფობდა. ერთდროულად ორი საყვარელი ადამიანის დაკარგვა დიდი ტკივილი იყო მისთვის. მიუხედავად ყველაფრისა, სიცოცხლით სავსე, პოზიტიური გოგო გახლდათ. ძალიან უყვარდა ცხოვრება.

- ავსტრალიაში როდის წავიდა?

- წლების წინ. ავსტრალია უყვარდა. ბევრი წელი იცხოვრა იქ, მაგრამ ხშირად ჩამოდიოდა თბილისში. უფროსი შვილი რომ გაუჩნდა, მაშინ ძალიან ახალგაზრდა იყო. ყველანი, მისი მეგობრები დავატარებდით და პატარაზე ვზრუნავდით. უმცროსი შვილი ავსტრალიაში დადიოდა სკოლაში, განათლებაც იქ მიიღო და მერე ისიც საქართველოში დაბრუნდა. სიდნეიში ჰქონდა ფიქრიას ბინა და "გემრიელად" ცხოვრობდა. ბოლოს ერთმანეთს დაუგეგმავად რომ შევხვდით თბილისში, ძალიან გავიხარეთ. ახლა სექტემბერში ვაპირებდით ისევ ერთად ჩასვლას. იმ საბედისწერო დღესაც ველაპარაკე ფიქრიას. მითხრა, მოლში რომ მიდიოდა. ჩვენ ოჯახებით ვმეგობრობდით. სოციალური ქსელით ხშირად ვკონტაქტობდით. ყავას ვსვამდით და ვსაუბრობდით ტკბილად. იმ მოლში უყვარდა სიარული. მეუბნებოდა, იქ მაქვს ჩემი ადგილები, სადაც ყავის დალევა მიყვარსო... არადა, ყველაზე დაცული ქვეყანაა თითქოს. ყველა ლამაზი ქალი იყო დამნაშავის სამიზნეო, - ასე წერს მომხდარზე იქაური მედია.

- ახლაც მხატვრობით იყო დაკავებული თუ სხვა პროფესია ჰქონდა?

- ბოლოს მითხრა, უფრო მსიამოვნებს ფანქრით პორტრეტების ხატვაო. არაჩვეულებრივად ნიჭიერი, ძალიან განათლებული გოგო იყო. მასთან ყველა თემაზე შეგეძლო მსჯელობა. ფილოსოფია უყვარდა ძალიან, წიგნები... ავსტრალიაშიც სულ სიახლეს ეძებდა, ცხოვრების ინტერესი ჰქონდა. არც ერთი წუთი არ დაუკარგავს უქმად. ის ბევრ ადამიანს უყვარდა და ბევრს დასწყვიტა გული. ვუსამძიმრებ ყველას, ვინც მას იცნობდა და ვისაც გული ეტკინა. მართლა დიდი დასაყრდენი დაკარგეს მისმა შვილებმაც. მათი დიდი მეგობარი იყო. აი, ასე ამოგლიჯა ცხოვრებიდან ვიღაცამ ჩვენი ლამაზი ყვავილი, რაც ძალზე გულსატკენია.

P.S. ჟურნალის "გზა" რედაქციაც უსამძიმრებს ფიქრია დარჩიას ოჯახს, მის ახლობლებსა და მეგობრებს მომხდარ ტრაგედიას.

თეა ხურცილავა

ჟურნალი "გზა"