უკრაინულმა დრონებმა რუსულ ბომბებს რუსულ აეროდრომზევე ფრთები „დააჭრეს“... - კვირის პალიტრა

უკრაინულმა დრონებმა რუსულ ბომბებს რუსულ აეროდრომზევე ფრთები „დააჭრეს“...

თავად უკრაინელი სამხედროებიც აღარ მალავენ, რომ რუსული შეიარაღებიდან ფრონტის ხაზზე მათთვის ერთ-ერთ ყველაზე სახიფათოს „დაფრთიანებული“ და „დაჭკვიანებული“ ბომბები წარმოადგენენ ანუ ის 250,500 და 1 500 კგ კალიბრის საბჭოთადროინდელი უმართავი საავიაციო ბომბები, რომლებსაც რუსმა ოკუპანტებმა უკვე ამ ომის დროს დაუყენეს УМПК - „პლანირებისა და კორექციის უნივერსალური მოდული“ გასაშლელი ფრთებით და ГЛОНАСС-ით (გლობალური ნავიგაციის თანამგზავრული სისტემა, ამერიკული GPS-ის რუსული ანალოგი), რაც რუსული საფრონტო ბომბდამშენების Су-34-ების ეკიპაჟებს საშუალებას აძლევს ფრონტის ხაზიდან 50-70 კმ-ის დაშორებით (უკრაინის საჯარისო საჰაერო თავდაცვის სისტემების მოქმედების ზონაში შესვლამდე) ჩამოაგდონ გასაშლელი ფრთებით აღჭურვილი ეს ბომბები, რომლებიც ოციოდე მეტრის სიზუსტით ხვდებიან მიზანს...

თუ რას ნიშნავს, თუნდაც ბეტონირებული ბუნკერის თავზე 500-იანი და მითუმეტეს 1 500 კგ-იანი ფუგასური და „ვაკუუმური“ ბომბის აფეთქება, უკვე ბევრ უკრაინელ მებრძოლს აქვს თავის თავზე მწარედ გამოცდილი, რომელთაგან ნაწილი ვერ გადარჩა...

ამიტომაც უკრაინის გენშტაბისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს, როგორმე აღკვეTონ ამ რუსული „ფრთიანი“ ბომბების თავდასხმები.

2-k-1714229695.png
ფრთებგაშლილი და პლანირების რეჟიმში გადასული УМПК -იანი საავიციო ბომბები

ამისთვის სამი გზა არსებობს:

პირველი - უკვე ჩამოგდებული და პლანირების რეჟიმში გადასული ბომბების დაზიანება/აფეთქება საზენიტო რაკეტების გამოყენებით, მაგრამ მათი ჰაერში აღმოჩენა ძალიან რთულია და ამასთან უკრაინას არ გააჩნია საზენიტო რაკეტების დიდი მარაგი.

მეორე - „ფრთიანი“ ბომბების ჩამომგდებ რუსულ საფრონტო ბომბდამშენებამდე Су-34-ბამდე „მიწვდენა“ ფრონტის ხაზიდან 50-70 კმ-ის სირღმეში, რაც უკრაინელმა მეზენიტეებმა „მომთაბარე პეტრიოტით“ რამდენჯერმე წარმატებით კიდევაც შეძლეს, მაგრამ მერე, ფრონტის ხაზთან ახლოს „მიჩოჩებული“ „პეტრიოტის“ ორი სარაკეტო გამშვები მობილური დანადგარი რუსულმა საჰაერო დაზვერვამ აღმოაჩინა და ზუსტი სარაკეტო დარტყმით გაანადგურა.

მესამე -უშუალოდ იმ რუსულ აეროდრომზე საჰაერო შეტევების განხორციელება, საიდანაც „ფრთიანი“ ბომბებჩამოკიდებული Су-34 საფრონტო ბომბდამშენები ფრინდებიან...

3-k-1714229695.jpg
მიწაზე ჩამოვარდნილი და არ აფეთქებული ბომბი УМПК -ათი...

და, აი, 27 აპრილის გამთენიისას უკრაინამ რუსეთის კრასნოდარის მხარეს რამდენიმე ათეული კამიკაძე-დრონით ერთდროულად შეუტია - რუსეთი აცხადებს, რომ წარმატებით ჩამოაგდო 66 მათგანი, თუმცა სახეზეა ზუსტი დარტყმებიც: კუბანის სლავიანსკში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის რექტიფიკაციურ სვეტს დრონი ზუსტად დაეჯახა და ააფეთქა,ხოლო მეორე დაუპატიჟებელი სტუმრობა რუსულ სამხედრო აეროდრომ „კუშჩიოვსკაიაზე“ შედგა...

კრასნოდარის მხარის სამხედრო აეროდრომ „კუშჩიოვსკაიაზე“ საბჭოთა პერიოდში მომავალ სამხედრო მფრინავებს ამზადებდნენ, მათ შორის აფრიკიდან და აზიიდანაც, მაგრამ მას შემდეგ რაც ეს ომი დაიწყო, რუსეთის საჰაერო-კოსმოსურმა ძალებმა იქ Су-34 ტიპის საფრონტო ბომბდამშენები განათავსეს, უკრაინისთვის საჰაერო დარტყმების, მათ შორის „ფრთიანი“ ბომბების გამოყენებით, განსახორციელებლად.

4-k-1714229695.png
კრასნოდარის მხარის სამხედრო აეროდრომ „კუშჩიოვსკაიას“ თანამგზავრული ფოტო

ეს აეროდრომი უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრიდან მხოლოდ 120 კმ-ით იყო დაშორებული, ხოლო ახლა ფრონტის ხაზიდან 200 კმ-ი აშორებს.

უკრაინული კამიკაძე-დრონების ჯგუფურმა თავდასხმამ ამ აეროდრომზე (რუსული მხარის მტკიცებით, კრასნოდარის მხარის თავზე გამოჩენილი 66 უკრაინული დრონიდან სამხედრო აეროდრომ „კუშჩიოვსკაიაზე“ საჰაერო იერიში ათმა მაინც მიიტანა) თავისი შედეგი გამოიღო, რომელიც კარგად გამოჩნდება შემდგომ დღეებში გადაღებულ თანამგზავრულ ფოტოებზე, თუმცა ინტერნეტსივრცეში უკვე „გაჟონა“ ვიდეოკადრებმა, რომელზეც ასახულია ამ აეროდრომზე გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის პროცესი...

დაკვირვებული თვალი ამ ვიდეოკადრებში ამოიცნობს მიწაზე მიმოფანტულ УМПК -ებს ანუ უმართავ საავიაციო ბომბებზე დასაყენებელ „პლანირებისა და კორექციის უნივერსალურ მოდულებს“...

5-k-1714229797.png
„კუშჩიოვსკაიას“ რუსულ აეროდრომზე უკრაინული კამიკაძე-დრონის მიერ აფეთქებული საწყობი,რომელშიც УМПК -ს მოდულები ინახებოდა...

გამოდის, რომ უკრაინელებმა რუსულ УМПК -ებთან ბრძოლის მესამე გზაც გამოსცადეს და რუსულსავე აეროდრომზე ააფეთქეს ის საწყობი, სადაც ეს მოწყობილობები ინახებოდა ანუ ამით ფრონტის ხაზზე სანგრებში მსხდომი არაერთი უკრაინელი მებრძოლის სიცოცხლე გადაარჩინეს...

უკრაინული კამიკაძე-დრონების დილანდელ საჰაერო თავდასხმას კრასნოდარის მხარის სამხედრო აეროდრომ „კუშჩიოვსკაიაზე“ შეიძლება იქვე მდგომი Су-34 საფრონტო ბომბდამშენების დაზიანებაც მოჰყვა,თუმცა დეტალები ალბათ მოგვიანებით გაირკვევა, რაც მთავარია უკრაინულმა დრონებმა რუსულ ბომბებს რუსულსავე აეროდრომზე ფრთები „დააჭრეს“...

ვიდეო - „კუშჩიოვსკაიას“ რუსულ სამხედრო აეროდრომზე თავდასხმის შემდეგ...