"ვერაფრით ვისწავლე კერძების მომზადება. დათო კვირცხალიამ ოჯახში პირველად რომ დამპატიჟა, ატყდა ამბავი, გრიშა კაკაჩიას ლამარა მოვიდაო. ეგონათ, მეგრული ელარჯისა და ღომის მომზადების მასტერკლასს ჩავატარებდი" - კვირის პალიტრა

"ვერაფრით ვისწავლე კერძების მომზადება. დათო კვირცხალიამ ოჯახში პირველად რომ დამპატიჟა, ატყდა ამბავი, გრიშა კაკაჩიას ლამარა მოვიდაო. ეგონათ, მეგრული ელარჯისა და ღომის მომზადების მასტერკლასს ჩავატარებდი"

შენს პროფესიაში როგორი წარმატებულიც უნდა იყო, უბრალოება თუ გაკლია, არაფერია შენი ფასი", - ამბობს მსახიობი მარინა დარასელია. როგორ შეცვალა ერთმა შემთხვევითმა შეხვედრამ მისი მომავალი პროფესიაში, რა ვერ ისწავლა დღემდე, რომელი თვისება მოსწონს საკუთარ ხასიათში, რას მიიჩნევს დიდ სისუსტედ, რა არის მისი სავიზიტო ბარათი, რის გამო აქვს სინანული და რა აბედნიერებს? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1961 წლის 9 აპრილი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...გამომძიებელი. მსახიობობაზე არ ვოცნებობდი, ჩემი ოჯახის წევრების უმრავლესობა იურისტები იყვნენ. მამა მილიციის უფროსი გახლდათ, ბაბუა - უშიშროების, ძმას და მამიდასაც იურიდიული ჰქონდათ დამთავრებული. ბავშვობაში მეც გამომძიებლობაზე ვოცნებობდი, მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი ღვთის ნებით ხდება. მამა კატეგორიულად წინააღმდეგი იყო, არ უნდოდა იურიდიულზე ჩამებარებინა. სულ მეუბნებოდა, რომ ძალიან გამიჭირდებოდა, რომ ურთულესი სისტემა იყო, მით უმეტეს - გოგოსთვის. როცა სკოლას ვასრულებდი, იმ წელს, სრულიად შემთხვევით, ჩემი ოჯახის ახლობელ პოეტს და ჟურნალისტ რამაზ კუპრავას ახლობლის ოჯახში შევხვდი. იქ ვიმღერე, ვიცეკვე, ვიმხიარულე. მკითხა, - სად აბარებო? ვუპასუხე, რომ მინდოდა, გამომძიებელი გამოვსულიყავი. - არ შეცდე, შენ უკვე პატარა მსახიობი ხარო. ერთ საათში ამ ადამიანმა მიმართულება რადიკალურად შემიცვალა. გადავწყვიტე თეატრალურზე ჩამებარებინა, ჩემი არჩევანით მამამ ძალიან გაიხარა. 1982 წლიდან ზუგდიდის თეატრს ვემსახურები. ახლა აქ რემონტია, პერიოდულად შევაფარეთ ხოლმე თავი სხვადასხვა სივრცეს, მაგრამ დასს ძალიან გვიჭირს, ფაქტობრივად ღია ცის ქვეშ ვართ. ყველას ვთხოვ, ვისაც ეს ეხება, იქნებ შემოდგომისთვის მაინც შევძლოთ ჩვენს შენობაში შესვლა.

- თვლით, რომ პროფესიაში სწორი არჩევანი გააკეთეთ?

- დიახ და ამით ძალიან ბედნიერი ვარ.

- ჩემზე ამბობენ...

- ...თბილი, კეთილი და მხიარული ადამიანიაო. ადამიანობა უპირველესია. შენს პროფესიაში როგორი წარმატებულიც უნდა იყო, უბრალოება თუ გაკლია, არაფერია შენი ფასი. მადლობა ეკა მჟავანაძეს "ჩემი ცოლის დაქალებში" თამაშის შესაძლებლობა რომ მომეცა. ტელევიზიას დიდი ძალა აქვს. დათო კვირცხალია ამბობდა, - იმდენი როლი მაქვს ნათამაშები და მაყურებლის დიდმა ნაწილმა გრიშა კაკაჩიათი გამიცნოო. ამ სერიალში კარგი პარტნიორები მყავდა, რაც მსახიობისთვის დიდი ბედნიერებაა. გიორგი ლიფონავა უნიჭიერესი ადამიანია, ვეხუმრები ხოლმე: შენ იცი, ასეთი ნიჭიერი რატომ ხარ? მეგრელი ხარ და იმიტომ-მეთქი.

- ბედნიერი ვარ...

- ...ქუჩაში რომ მივდივარ და მაყურებელი მცნობს. ზუგდიდი პატარა ქალაქია და აქ ყველა ერთმანეთს იცნობს, მაგრამ საინტერესოა ქუჩაში როგორ გხვდებიან ადამიანები, როგორ სალამს გეუბნებიან. ადამიანების სახეებს რომ დააკვირდე, უმრავლესობა დაღვრემილი დადის. დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორი ემოციით შეხვდები, შენგან სიყვარულს, სითბოს რომ იგრძნობენ, თითქოს თვალები უბრწყინდებათ. მეუბნებიან ხოლმე, - მარი, მოდი რა, ცოტა ხნით დამელაპარაკეო. ბათუმსა და თბილისშიც ხშირად მაჩერებენ ქუჩაში და ფოტოს გადაღებას მთხოვენ. უბედნიერესი ქალი ვარ. უნდა ნახოთ, ემიგრანტები როგორ მეხმაურებიან, რას მწერენ. დაბადების დღე ახლახან მქონდა და უამრავი მოლოცვა მივიღე.

- როგორც ვიცი, ახალ პროექტში ჩაერთეთ, ამის შესახებ მიამბეთ.

- ეს არის "ხარხარ-შოუ", იდეის ავტორი კახა ფირცხალაიშვილია. მოგეხსენებათ, კახა აჭარის ტელევიზიის თანამშრომელია. მან დამირეკა და საკუთარი იდეა გამანდო. მითხრა, ჩაფიქრებული გვაქვს, ამ დღეს სცენაზე საქართველოს ყველა კუთხიდან გვყავდეს წარმომადგენლები, იქნებ შენ და სესე მიქავამ მეგრული სკეტჩი მოიფიქროთ და დადგათო. ამასთან, ნუგზარ ერგემლიძეს აქვს ხვიჩა კვარაცხელიაზე ტექსტი და მუსიკა დაწერილი, მეგრელებმა უნდა იმღეროთო. უკვე დავაანონსეთ, ეს საღამო ბათუმში 3 და 8 ივნისს ჩატარდება. ერთ-ერთი თანაწამყვანი ნუგზარ კვაშალი იქნება. ეს კლასიკური იუმორისტული შოუს ფორმატი არ გეგონოთ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მაყურებელს განსხვავებული და ძალიან კარგი საღამო ელოდება.

- ჩემი სავიზიტო ბარათია...

- ...სიყვარული, რომელიც დეფიციტური გახდა. სანამ ცოცხლები ვართ, ყველანი ერთმანეთს ჩავეხუტოთ, მივეფეროთ.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...პატიების უნარი მაქვს.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...

- ...ზოგჯერ გაჯიუტება ვიცი, ძალიან ემოციურიც ვარ. ყოფილა შემთხვევა, ადამიანისთვის ცოტათი მწარე სიტყვაც მითქვამს, მაგრამ მერე ერთი თვე ვნერვიულობ, ეს რატომ წამომცდა, ღმერთმა მაპატიოს-მეთქი.

- ვნანობ...

- ...იმას, რომ ოჯახი არ შევქმენი. ამის აუცილებლობა ძალიან გვიან გავაცნობიერე.

- სიყვარული ეს...

- ...რა არის, ვერ ავხსნი. უსასრულო რაღაცაა, ბედნიერებაა, სიცოცხლეა... სიყვარულისთვის დათმობს ადამიანი სიცოცხლეს, სიყვარული სასწაულია.

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ...21 წლის ვიყავი, ის ბიჭი ექიმი იყო. 3 წელი ვიყავი შეყვარებული. პლატონურად მიყვარდა, დღესაც კი... ვმეგობრობდით, მაგრამ ვგრძნობდი, მას არ ვუყვარდი.

- თქვენ რომ გიყვარდათ, იცოდა?

- მისთვის პირადად არ მქონდა ნათქვამი, მაგრამ როგორ არ იცოდა, მისი საძმო ჩემი მეგობრები იყვნენ. ოჯახი რომ შეგვექმნა, არ ვიცი, როგორ განვითარდებოდა ჩემი მომავალი, შეიძლება ეთქვა, - არ მინდა მსახიობი ცოლი მყავდესო და პროფესიის მიტოვება ეთხოვა, მაგრამ არა მგონია, ასეთი კომპლექსიანი ყოფილიყო.

- რომ ეთხოვა, დათმობდით?

- აუცილებლად! მე ის იმდენად მიყვარდა, ალბათ არც დავფიქრდებოდი. თუნდაც არ დამლაპარაკებოდა, ოღონდ მის გვერდით ვყოფილიყავი, ესეც კი მაბედნიერებდა. ძალიან მიყვარდა, მაგრამ ხანდახან იმასაც ვფიქრობ, ოჯახი რომ შემექმნა, გარანტირებულად მექნებოდა ბედნიერება? არავინ იცის.

- დღეს სად არის ის ადამიანი?

- გარდაიცვალა. ასაკში იყო, ოჯახი რომ შექმნა. მისმა მეუღლემ იცოდა, რომ მე ის მიყვარდა. ერთი შვილი შეეძინათ, ისიც ექიმია. ალბათ ესეც ღვთის ნება იყო, ასე აეწყო ჩემი ცხოვრება. დედა არ ვარ, მაგრამ ჩემი დისშვილი ჩემი გაზრდილია, დის შვილიშვილიც ჩემი გაზრდილია, დეიდას ხომ დედის სუნი აქვს.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...მიმნდობი ვარ. ადამიანს ძალიან მარტივად ვენდობი. დღეს გაცნობილზეც კი მგონია, წლებია ვიცნობ, მაგრამ ახლა ისეთი დროა, ყველას ჩემსავით არ უნდა ენდო, შეიძლება უკნიდან დანაც ჩაგარტყან.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...ოჯახი რატომ არ შექმენიო? ამას მეუბნება დედის, ჩემი ძმის და ჩემი თაობა.

- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- ...ისევ საკუთარმა თავმა, შინაგანმა ხმამ, განწყობამ. ბედნიერი ვარ, ეს პროფესია რომ ავირჩიე. მსახიობი რომ არ ვყოფილიყავი, არ ვიცი, რა და როგორ იქნებოდა ჩემს ცხოვრებაში. როცა სცენაზე გადიხარ, ყველანაირი პირადი პრობლემა უნდა დაივიწყო.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...უბედნიერესი ვარ, ჩემს სიხარულს საზღვარი არ აქვს.

- მეშინია...

- ...სიკვდილის. ჩემი დისშვილი მეუბნება ხოლმე, - შენ მორწმუნე ადამიანი ხარ, რატომ გეშინია, უფალთან იქნებიო. ეს შიში ვერაფრით გადავლახე. დედა რომ გარდამეცვალა, ძალიან პატარა ვიყავი - 9 წლის, დედა 39-ის იყო. ძმა 40 წლის ასაკში გარდამეცვალა, ძმისშვილი - 42 წლის. მშიშარა გავხდი, ფოციანი. სპექტაკლში "შაშვი, შაშვი მაყვალი" ეთეროს როლის შესრულებისთვის, ფესტივალზე გიორგი გეგეჭკორმა ჩემი სახელი და გვარი რომ წარმოთქვა და "ქალის როლის საუკეთესო შემსრულებლის" პრიზი გადმომცეს, უბედნიერესი ვიყავი, მაგრამ ყოველი პრემიერის წინ დიდი შიში მაქვს, სულ ვფორიაქობ. როგორც კი სცენაზე გავდივარ, ყველანაირი ღელვა მეხსნება.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...კერძების მომზადება, სამარცხვინო ვარ. სტუდენტობის წლებში ბებია და ბიცოლა მიმზადებდნენ, ახლა - დისშვილი. შინ რომ ვბრუნდები, სულ ვიღაც მახვედრებს გამზადებულს და ვერასდროს ვისწავლე. არასდროს დამავიწყდება დათო კვირცხალიამ ოჯახში პირველად რომ დამპატიჟა, მას იმერელი მეუღლე ჰყავს, არაჩვეულებრივი ქალბატონი, სიდედრის დაბადების დღე ჰქონდა, საზოგადოებისთვის ბევრი ცნობილი სახე იყო სტუმრად მისული. მივედი და ატყდა ამბავი, გრიშა კაკაჩიას ლამარა მოვიდაო. ეგონათ, ჩემი პერსონაჟის მსგავსად, მეგრული ელარჯისა და ღომის მომზადების მასტერკლასს ჩავატარებდი. დათო და ქეთი ცალკე გავიყვანე სამზარეულოში, - თავი არ მომჭრათ, არაფრის გაკეთება მთხოვოთ, არ შემიძლია-მეთქი. ეს ამბავი მერე იმით გამოვასწორე, რომ ვიმღერე, ვიცეკვე. ოჯახში საგარეო საქმეთა და ფინანსთა მინისტრი ვარ, ჩემი დისშვილი კი საშინაო საქმეებს განაგებს.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...ისევ თავად ვშველი საკუთარ თავს. როგორი რთული პერიოდიც უნდა გქონდეთ, სარკის წინ დადექით და თქვით, ღმერთის წყალობით კარგად ვიქნები, ჩემი საქმე კარგად წავა! ამ დროს ლოცვას უდიდესი ძალა აქვს.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...გურამ საღარაძე მეტყველებას მასწავლიდა. ის მეტყოდა ხოლმე, ლექსს კითხულობ თუ პროზას, შენ შინაგანად ის გულისტკივილი თუ არ განიცადე, რაც იმ სტრიქონებშია, ემოციას მაყურებლამდე ვერაფრით მიიტან, ჩათვალე, რომ შენ ვერ და არ კითხულობო. ეს სიტყვები სულ მახსოვს, გულიანად ვმღერი, გულიანად ვყვები. ეს გურამ საღარაძემ მასწავლა.

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...სიყვარულის ძალიან დიდი დეფიციტია ჩვენს საზოგადოებაში, ეს უნდა გამოვასწოროთ. მინდა ჩვენი საქართველო იყოს ერთიანი. ერთმანეთს გავუფრთხილდეთ. ადამიანებო, ყველას გეფერებით!

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი "გზა"