მზის მოტივტივე ფოტოელექტრული სადგური - საქართველოს აქვს უდიდესი პოტენციალი ამ მიმართულებით - შეუძლებელია არ დავაფასოთ ეს ინოვაცია - კვირის პალიტრა

მზის მოტივტივე ფოტოელექტრული სადგური - საქართველოს აქვს უდიდესი პოტენციალი ამ მიმართულებით - შეუძლებელია არ დავაფასოთ ეს ინოვაცია

შესაძლოა გამკიცხოთ, ამ ალიაქოთში რა დროს ეს არისო, მაგრამ მე პირიქით ვფიქრობ, ქმედებები, სადაც სიმართლე ჩაკარგულია, ფარავს მართლაც საინტერესო და ქვეყნისთვის აქტუალურ საკითხებს. ჰოდა, ურაპატრიოტიზმს ჯობს გაიხსენოთ 1897 წელს, მარკ ტვენის მიერ მახვილგონივრულად ნათქვამი, რომ "ყველა საუბრობს ამინდზე, მაგრამ რეალურად არავინ არაფერს აკეთებს ამინდისთვის".

არა, არა, ამინდზე არ ვწერ დღეს. გლობალურ დათბობაზე, რომელზეც თითქმის ყოველდღე უნდა ვსაუბრობდეთ საკმაოდ საინტერესო ამბებს დავწერ მოკლე მომავალში, მაგრამ ამ მიმართულებით ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ეკოლოგიური, ანუ, მწვანე ენერგია.

გამონაბოლქვის პრობლემა მწვავედ უდგას მთელ მსოფლიოს. ემისიების 13% შენობებზე მოდის, რომელიც უდიდეს გავლენას ახდენს გლობალურ დათბობაზე. თუ რამდენად ინტენსიურად ხდება ელექტრო ენერგიის ჩანაცვლება მწვანე ენერგიით, ეს ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. მსოფლიო ენერგეტიკაში მზის ფოტოელექტრული ენერგეტიკა ითვლება ყველაზე სწრაფად და დინამიურად განვითარებად დარგად და სწორედ ამ საკითხზე და ერთობ ინოვაციურ პროექტზე ვწერ დღეს.

ბოლო წლებში მზის ელემენტების მიღების ტექნოლოგიების განვითარებამ შესაძლებელი გახადა მათი მარგი ქმედების კოეფიციენტის გაზრდა 17-18%-დან 20-22%-მდე. შესაბამისად, მოხდა ერთი ვატი სიმძლავრის ფასის მკვეთრი შემცირება. თანამედროვე ტექნოლოგიებით აგებული მზის ელსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია უკვე კონკურენციას უწევს ტრადიციული გზით მიღებულ ელექტროენერგიას.

როგორც სპეციალისტები გვეუბნებიან, ბოლო წლებში ამ სფეროში ცნობიერება საგრძნობლად ამაღლდა. მომრავლებულია მზის ელექტრო სადგურებიც, რომლებიც თავისთავად უკეთ მოქმედებს საზოგადოების ცნობიერებაზე.

ამ საქმის პიონერი, ერთ-ერთი მზის ელექტრო სადგურის დამფუძნებელი კოტე კობახიძეა, რომელთანაც საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ მქონდა გასულ პერიოდში. ამჯერადაც, სწორედ მისმა კომპანიამ USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის მხარდაჭერით განახორციელა კიდევ ერთი ინოვაციური და უპრეცენდენტო პროექტი - გარდაბნის რაიონის სოფელ ლემშვენიერაში – პირველად საქართველოში, მოეწყო წყალზე მოტივტივე მზის ფოტოელექტრული სადგური. იგი 216 კვტ. სიმძლავრისაა, რომლის ანალოგი აქამდე არ არსებობდა.

საპილოტე პროექტი ყოველწლიურად 300 000 კვტ.სთ. ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რაც ყოველწლიურად დაახლოებით 32.400 აშშ დოლარის დანაზოგს უზრუნველყოფს.

216 კვტ. მოტივტივე მზის ელექტროსადგური სადგურის აირების წლიურ გაფრქვევას (ემისიას) 31,200 კგ. CO2 ეკვივალენტით შეამცირებს.

ეს არის აქტიური მხარდაჭერა სოფლის მეურნეობის სექტორისადმი.

წყალზე მოტივტივე მზის ფოტოელექტრული სადგური წარმოადგენს ინოვაციას მზის ენერგეტიკის დარგში, რომელიც თავისი უნიკალური თვისებების და მნიშვნელოვანი უპირატესობების გამო, მზარდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოში.

მზის მოტივტივე ფოტოელექტრულ სადგურებს გააჩნიათ მთელი რიგი უპირატესობები, რომელიც შეუძლებელია, რომ არ აღვნიშნოთ. მანამდე კი გეტყვით, რომ გაოცებული დავრჩი ამ დანადგარის ხილვით, ეს არის ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც უდიდეს შეღავათს შექმნის ემისიების დაზოგვასთან დაკავშირებით.

ახლა კი მის უპირატესობებზე: ტრადიციული მზის ფოტოელექტრული სადგურები ხშირად აწყდებიან გამოწვევებს მიწის ნაკვეთის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით. წყლის ზედაპირის ათვისებით მოტივტივე მზის ფოტოელექტრული სადგურები ჭრიან ამ პრობლემას. დეფიციტური მიწის ტერიტორია კი თავისუფლდება აგრო მეურნეობისა და სხვა მიზნებისთვის გამოსაყენებლად.

წყლის გამაგრილებელი ეფექტი ხელს უწყობს მზის პანელების გაგრილებას, რაც მათ გამომუშავებას და სიცოცხლის ხანგრძლივობას მნიშვნელოვნად ზრდის.

წყლის ამრეკლი ზედაპირი ხელს უწყობს მზის პანელების მიერ მეტი სინათლის მიღებას, რაც მიწის სადგურებთან შედარებით, ენერგიის უფრო მაღალ გამომუშავებას უწყობს ხელს.

თავის მხრივ მზის მოტივტივე ფოტოელექტრული სადგური იცავს წყალს აორთქლებისაგან, რითაც მნიშვნელოვნად ზოგავს წყლის რესურსს.

წყალსაცავებში წყალმცენარეების ზრდის შეჩერებით აღნიშნული სადგური აუმჯობესებს წყლის ხარისხს, რაც მეტად მნიშვნელოვანია სატუმბი საირიგაციო სისტემებისთვის.

ხმელეთზე დამონტაჟებული მზის სადგურებისგან განსხვავებით, მოტივტივე ფოტოელექტრო სადგური უფრო გამძლეა ისეთი სტიქიური მოვლენების მიმართ, როგორიცაა ქარიშხალი და წყალდიდობა.

იგი ზრდის წყალსაცავის მდგრადობასა და ეფექტურობას, რაც დამატებით ეკონომიკურ და ეკოლოგიურ სარგებელს იძლევა.

30-წლიანი ფუნქციონირების პერიოდში გამოიმუშავებს იმ რაოდენობის ენერგიას, რომელიც იქნება შემდეგი ეკოლოგიური ეფექტის ექვივალენტური:

3 500 ტონა ნახშირორჟანგის დაზოგვა;

80 ჰექტარზე გაშენებული ტყის ეფექტი.

მზის სადგურის ძირითადი ტექნიკური მონაცემები:

პიკური სიმძლავრე – 216 კვტ.

გამომუშავებული ელექტროენერგია – 300 000 კვტ/სთ წელიწადში...

დღეს, როდესაც ასე ყოველ ფეხის ნაბიჯზე მეზობელი ქვეყნები იბრძვიან მზის სისტემის მწარმოებლის ლიდერობის მოპოვებისთვის, მსოფლიო კი ლაპარაკობს მწვანე ენერგიის გავრცელების დაჩქარებაზე, საქართველოს კი აქვს უდიდესი პოტენციალი ამ მიმართულებით, შეუძლებელია არ გავამახვილოთ ყურადღება და არ დავაფასოთ ის ინოვაციები, რაც ამ მიმართულებით ჩვენს ქვეყანაში ხდება.