"დედა მტკივა, დავიღალე, როდის არ მეტკინება? რა ვქნა, დედა?" - 3 წლის სანდროს საზოგადოების დახმარება სასწრაფოდ სჭირდება - კვირის პალიტრა

"დედა მტკივა, დავიღალე, როდის არ მეტკინება? რა ვქნა, დედა?" - 3 წლის სანდროს საზოგადოების დახმარება სასწრაფოდ სჭირდება

3 წლის სანდრო ღლონტს საზოგადოების დახმარება სჭირდება. პატარა თითქმის სამი წელია კლინიკიდან კლინიკაში დაჰყავთ. მართლაც ურთულესი დღეები გამოიარა. 2 წელზე მეტი დასჭირდა ოჯახს იმის დასადგენად, თუ რა დაავადება სჭირდა უსაყვარლეს სანდროს. როგორც გაირკვა, ბავშვს ექიმებმა არასწორი დიაგნოზი დაუსვეს და თავიდანვე არასწორად მკურნალობდნენ. შარშან, ზაფხულში გახდა ცნობილი, რომ ბავშვს იშვიათი დაავადება - ჰირშპრუნგი ჰქონდა. ეს დაავადება აზიანებს მსხვილ ნაწლავს და იწვევს მონელების პრობლემებს, რაც გამოწვეულია მსხვილი ნაწლავის კუნთებში ნერვული უჯრედების არარსებობით.

"დედა მტკივა, დავიღალე, როდის არ მეტკინება, რა ვქნა დედა, კიდევ მტკივა", – ეს სიტყვები ისე ხშირად ესმის დედას სანდროსგან, რომ ხშირად, მარიამი სიტყვებს ვერ პოულობს, ყელში "ბურთი ეჩხირება" და თავის პატარას გულში ძლიერ იკრავს, რომ დედის სითბომ და სიყვარულმა გაუნელოს ტკივილი. სანდრო სვამს სპეციალურ წამლებს იმისთვის, რომ მისმა ნაწლავმა ნორმალური ფუნქციონირება დაიწყოს, რაც იწვევს სპაზმებს, ტკივილს...

მარიამ ციცხვაია, სანდროს დედა:

- ჩემი სანდრო 3 წლის არის, მას დაბადებიდან აქვს ჯანმრთელობის პრობლემა, დიაგნოზია ჰირშპრუნგი - ეს დაავადება აზიანებს მსხვილ ნაწლავს და იწვევს მონელების პრობლემებს, ეს გამოწვეულია ბავშვის მსხვილი ნაწლავის კუნთებში ნერვული უჯრედების არარსებობით. სამწუხაროდ, ამ დაავადების დადგენა ძალიან დაგვიანებით მოხდა. 2 წლის განმავლობაში თბილისში დასმულმა არასწორმა დიაგნოზებმა და შესაბამისად, არასწორმა მკურნალობამ გამოიწვია ის, რომ შარშან, ზაფხულში, უკვე ძალიან კრიტიკული მდგომარეობით, ბავშვი თურქეთის კლინიკაში წავიყვანეთ, სადაც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. არადა, რეალურად ამ დიაგნოზის დასმა დაბადებიდან 48 საათის განმავლობაში ხდება.

- პრობლემა როდის დაიწყო?

- სანდრო გაჩნდა ნაადრევად, 32 კვირაზე, შესაბამისად, კიდევ 1 თვე და 3 კვირა ინკუბატორში იმყოფებოდა, მაშინ უკვე მონელების პრობლემა ჰქონდა და ისმებოდა ბევრი გაუგებარი კითხვა, ბოლოს, არასწორი დიაგნოზით გამოწერეს კლინიკიდან, გვითხრეს, რომ ბავშვს აქვს გრძელი ნაწლავი, რომელიც ზრდასთან ერთად ნორმაში ჩადგებოდა. ახლა უკვე რომ გავეცანი ამ დაავადებას, ჰირშპრუნგს, თურქეთის პროფესიონალი ექიმებისგან მივიღე ინფორმაცია, რომ ამ დაავადების დიაგნოსტირება ინკუბატორში ყოფნის დროსვე იყო შესაძლებელი, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. კლინიკის გამგეს რომ ვესაუბრეთ, პასუხად მივიღეთ, რომ ეს უშუალოდ მისი ბრალი არ არის და იმ ქირურგებს უნდა მოვთხოვოთ პასუხი, ვინც მაშინ მათ კლინიკაში ბავშვი გასინჯა. ამ ქირურგების სახელი და გვარებიც მოგვახსენა, რომ თვითონ აერიდებინა პასუხისმგებლობა თავიდან. 1 თვე და 3 კვირა პრობლემური ბავშვი, ფაქტობრივად, ტყუილად იმყოფებოდა ინკუბატორში, ზოგჯერ ვფიქრობ, მხოლოდ სახელმწიფო დაფინანსების გამო წელავდნენ ბავშვის იქ ყოფნის ვადებს, პრობლემის მოგვარებას კი საერთოდ არც ცდილობდნენ და ჩემს მიტანილ დედის რძეს აბრალებდნენ ბავშვის გაუვალობას.

სამშობიაროდან გამოყვანის შემდეგ სანდროს მდგომარეობა ნელ-ნელა უარესდებოდა, რამდენჯერმე მოვხვდით თბილისის სხვადასხვა კლინიკაში, მაგრამ აქაც სამშობიაროდან გამოტანილი დიაგნოზით ხელმძღვანელობდნენ ექიმები. ბოლოს, საბედნიეროდ, ერთ-ერთმა პედიატრმა მოგვცა მიმართულება და გვირჩია, ბავშვი თურქეთის კლინიკაში წაგვეყვანა, სადაც სანდროს ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია, 27 000 დოლარის ღირებულების. ამ თანხის ძირითადი ნაწილი მაშინ კეთილი ადამიანების დახმარებით შევაგროვეთ, თორემ წარმოუდგენელი იქნებოდა ჩვენი ოჯახისთვის ამ პრობლემასთან მარტო შეჯახება.

იმის გამო, რომ 2 წლის განმავლობაში სანდროს თბილისში არასწორი მიმართულებით მკურნალობდნენ, მისი დაავადება ძალიან რთულ ეტაპამდე მივიდა, იმდენად დაზიანდა ნაწლავის ძირითადი ნაწილი, რომ მისი რეაბილიტაცია ახლაც რთულად მიმდინარეობს. პირველი ოპერაციის დროს ამოიკვეთა ნაწლავის 13 სანტიმეტრი. ეს დაავადება თავის დროზე რომ აღმოეჩინათ, მარტივი ოპერაციით მოგვარდებოდა პრობლემა, მაგრამ თურქეთში ჩატარებული პირველი ოპერაციის შემდეგ, სანდროს კიდევ 5-ჯერ დასჭირდა ქირურგიული ჩარევა, ისევ თურქეთის კლინიკაში.

ახლა მას კიდევ ესაჭიროება დამატებითი პროცედურების და კვლევების ჩატარება, ისევ თურქეთის კლინიკაში მყავს წასაყვანი, რომ საბოლოო გამოჯანმრთელებამდე მივიდეთ, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.

- ოპერაციულმა ჩარევამ შედეგი მოგცათ?

- დაგვემატა ერთი პრობლემა, სანდროს დაუდასტურდა ცელიაკია - გლუტეინის აუტანლობა, რაც კიდევ უფრო ართულებს ჰირშპრუნგის მიერ დაზიანებული ნაწლავის რეაბილიტაციას, ამიტომაც, ახლა სპეციალური პროცედურებით ცდილობენ თურქი ექიმები ნაწლავის ფუნქციის დაბრუნებას. თითოეული ჩასვლა თურქეთის კლინიკაში საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, არადა, მათ გარეშე დავიღუპებოდით.

მალე ისევ გვიწევს სანდროს წაყვანა თურქეთში, ისევ სჭირდება კვლევები, ისევ მკურნალობა. სანდროს ჯერ კიდევ რთული და გრძელი გზა აქვს გასავლელი, იბრძვის.

ისევ ხალხის იმედად ვართ დარჩენილი.

კეთილო ადამიანებო, თქვენი დახმარების გარეშე არაფერი გამოვა. ოჯახს არანაირი რესურსი აღარ გვაქვს, ამიტომ გთხოვთ, დაგვეხმარეთ, რომ შევძლოთ საჭირო თანხის შეგროვება და მისი წაყვანა თურქეთში.

თქვენ ვერ წარმოიდგენთ ყველა წასვლის წინ როგორ ვნერვიულობ იმაზე, როგორ მოვიძიო თანხები, როგორ ვიშოვო ექიმის და წამლის ფული. იმაზე მძიმე არაფერია მშობლებისთვის, როცა იცი, ფულია მთავარი, რომ საკუთარ შვილს დაეხმარო. მართლა ძალიან რთული პერიოდები გავიარეთ ტკივილებით, დისკომფორტებით და ნერვიულობებით სავსე. ამაზე საუბარიც მიჭირს, ყველაფერთან ერთად, საჭირო თანხის მოძიებაზე ნერვიულობა მართლაც მთლიანად მაცლის ძალას და გულს მიყინავს. შვილის ტკივილიან და ცრემლიან თვალებს როცა ვუყურებ, ეს მანადგურებს.

ამ ფოტოებს სოციალურ ქსელში შეგნებულად არ ვაზიარებ. ახლობლები მეუბნებიან, რომ დავდო ეს ტკივილიანი ფოტოები და მეტი ადამიანი მიიტანს გულთან თქვენს გასაჭირსო, მაგრამ ეს არ შემიძლია, არ მინდა, სანდროს ცრემლიანი თვალები და ნატანჯი სახე ადამიანებს მეხსიერებაში ჩაგრჩეთ. ძალიან რთული გასაძლებია ამის ყურება...

ამ ტკივილების იქით, სანდრო ძალიან კეთილი, მხიარული და ღონიერი ბიჭია და როცა არ სტკივა და იღიმის, სწორედ მაშინ ვიღებ ფოტოებსაც. სხვა გზა არ მაქვს, თითოეული ლარი მნიშვნელოვანია ჩემი შვილისთვის.

თქვენი დახმარება ისევ ძალიან გვჭირდება. უამრავი მაგალითის მომსწრე ვარ, თქვენი ერთობით გადარჩენილი ბევრი ადამიანი მინახავს. მეც ბევრჯერ გამომიწოდეთ ხელი და მთელი ცხოვრება მადლიერი ვიქნები.

გთხოვთ, ნუ მიგვატოვებთ შუა გზაში, აქამდე თქვენი გვერდში დგომით მოვედით, გთხოვთ, ჩვენთვისაც გაერთიანდით კიდევ ერთხელ და დაგვეხმარეთ სანდროს ტანჯვის დასრულებაში.

თითოეული გაზიარება და თითოეული ლარი მართლა ძალიან მნიშვნელოვანია სანდროს გამოსაჯანმრთელებლად.

იმედი მაქვს, თქვენი გვერდში დგომით შევძლებთ სანდროს კარგად ყოფნას და მთელი ცხოვრება მადლიერი ვიქნები.

უფალმა შეგიწიროთ.

თიბისი ბანკი / TBC Bank :

#GE82TB7222745064300039

საქართველოს ბანკი / Bank of Georgia :

#GE45BG0000000499299255

მიმღები: ნატო ციცხვაია