"ყოფილი სიდედრი ჩემს ოჯახურ ცხოვრებაში ძალიან ცუდად ერეოდა: ლოთი ქმარი ჰყავდა, რომელსაც გაშორდა. შემეცოდა და ვუთხარი, საცხოვრებლად ჩვენთან გადმოსულიყო. მან კი ჩემი ოჯახის დანგრევა დაიწყო" - კვირის პალიტრა

"ყოფილი სიდედრი ჩემს ოჯახურ ცხოვრებაში ძალიან ცუდად ერეოდა: ლოთი ქმარი ჰყავდა, რომელსაც გაშორდა. შემეცოდა და ვუთხარი, საცხოვრებლად ჩვენთან გადმოსულიყო. მან კი ჩემი ოჯახის დანგრევა დაიწყო"

"ჩვენს ეპოქაში კაცი ძალიან დაჩაგრულია, რადგან მას არა აქვს ყველაზე მთავარი საყრდენი - საკმარისი შემოსავალი, რომ ოჯახი არჩინოს და შეინახოს. ადვილი დასანახია, რომ ყველა იმ ოჯახში, სადაც მამაკაცს სამყოფი ფული არა აქვს, საქმე ცუდადაა"

რას ფიქრობს ბიძინა მახარაძე ოჯახსა და ურთიერთობებზე

"მე თუ მკითხავთ, გონიერმა ქალმა ქმარი ზედმეტად არ უნდა აკონტროლოს და მარწუხებში არ უნდა მოაქციოს"

მსახიობ ბიძინა მახარაძეს საქართველოში ყველა იცნობს - მისი იუმორისტული სკეტჩები და სხარტულები ხალხში სწრაფად ვრცელდება და უმეტესობამ ზეპირად იცის. ამჯერად, პოპულარული იუმორისტი ცხოვრებისეულ თემებზე გვესაუბრება:

- ბატონო ბიძინა, ალბათ, ერთეულები ხუმრობენ სიდედრებზე ისე მოსწრებულად და ბუნებრივად, როგორც თქვენ, ამას როგორ ახერხებთ?

- ქართულ ესტრადაზე სიდედრების თემა ისე მწვავე და აქტუალური არ იყო, როგორც რძალ-დედამთილისა, მაგრამ თანდათან ეს თემაც შემოვიდა. ჩვენთანაც იგივე ხდება, რაც ყველგან: თითქმის ყველა სიდედრს თავისი შვილი ანგელოზი ჰგონია, რომელიც ცოლად შეუფერებელ, უხეირო კაცს გაჰყვა. ამავე დროს, თითქმის ყველა სიდედრს ეჩვენება, რომ მის შვილს ჩაგრავენ. მე ეს თემა რუსული ესტრადიდან გადმომყვა, სადაც წლების განმავლობაში ვსაქმიანობდი, რადგან ჩვენს სამშობლოშიც აიტაცეს, ესე იგი, ეს პრობლემა საქართველოშიც ყოფილა.

როგორ ვხუმრობ სიდედრებზე ასე ბუნებრივად? - ალბათ, ეს ბუნებრიობა საკუთარი გამოცდილებიდან მოდის: ყოფილი სიდედრი ჩემს ოჯახურ ცხოვრებაში ძალიან ცუდად ერეოდა: ლოთი ქმარი ჰყავდა, რომელსაც გაშორდა. მე შემეცოდა და ვუთხარი, საცხოვრებლად ჩვენთან გადმოდი-მეთქი. არ უნდა მეთქვა, რადგან კარგად ვიცოდი ფროიდის ცნობილი ფრაზა: ყველა ქალი, რომელმაც საკუთარი ოჯახი ვერ ააწყო, სხვისი ოჯახის ნგრევას იწყებსო... სულ ერთია, ის "სხვა" მისი შვილია, მეზობელი თუ ახლო ნათესავი. იმ ქალმაც, ჩემი ოჯახის დანგრევა დაიწყო. მარტო სიდედრებს კი არა, დიდი მნიშვნელობა აქვს დაქალებს და მათ ზეგავლენას, ამიტომ, ჩემი აზრით, ოჯახი სხვებისგან დისტანცირებული უნდა იყოს. თუ ცოლ-ქმარს უსიამოვნება მოუვა, უმჯობესია, ყველაფერი ერთმანეთთან გაარკვიონ, ამ დროს სხვების ჩარევა საქმეს ართულებს და აუარესებს. ოჯახი მარტივი მოვლენა არ არის, ეს ორი სამყაროს შეერთებაა და მასში უცერემონიოდ ჩარევის უფლება არავის უნდა ჰქონდეს.

- რას ფიქრობთ ქალებზე, რომლებიც ოჯახის დანგრევის შემდეგ, შვილებს მამასთან ურთიერთობას უშლიან?

- ჯერ ერთი, ეს - გაბრაზებაა, მიტოვებული ქალი ფიქრობს, რომ ის არ აღიარეს, როგორც ქალი და მეორე: ქალი მამა-შვილის ურთიერთობას იმიტომ ბლოკავს, რომ მამამ არ თქვას, სინამდვილეში რა მოხდა. ჩემს შემთხვევაშიც, სწორედ ასე მოხდა. თანაც, ყველამ ვიცით, რომ ბავშვების უმრავლესობას დედა უფრო უყვარს და იქ, სადაც უპირობო სიყვარულია, არგუმენტები და ლოგიკა ვერაფერს ცვლის. ამიტომ, მე ჩემს შვილებს არაფერს ვეუბნები, თუ დედასთან ყოფნა ურჩევნიათ, ერჩივნოთ, მე არ დავუშლი.

- თქვენი აზრით, რამდენჯერ შეიძლება შეუყვარდეს ადამიანს?

- მე ვფიქრობ, რომ ამ მხრივ, ქალი უფრო შეზღუდულია. მამაკაცი ამ საკითხში უფრო თავისუფალია, რადგან ის თავისი ბუნებითაა ასეთი - უფრო მრავალფეროვნების მომხრეა... ამიტომ, მე თუ მკითხავთ, გონიერმა ქალმა ქმარი ზედმეტად არ უნდა აკონტროლოს და მარწუხებში არ უნდა მოაქციოს. ამის დასტურად, კონფუცის მოვიშველიებ, რომელიც ამბობდა: თუ გსურთ, ოჯახი შეინარჩუნოთ, კაცმა ბორდელში უნდა იაროსო. დიმიტრი უზნაძეც ამას ადასტურებდა, რადგან კაცის ბუნებაა ასეთი: ის სხვადასხვა ქალთან უნდა იყოს, ოღონდ, მისი ბორდელში ყოფნა სულაც არ ნიშნავს, რომ ოჯახს მიატოვებს, ან ცოლი აღარ უყვარს.

- ხომ იცით, რომ ამ სიტყვების გამო, ფემინისტები გაგიწყრებიან?

- ისევ მწარე სიმართლე უნდა ვთქვა: ფემინიზმი დაჩაგრულთა თავშესაფარია. აბა, როგორ შეიძლება ქალი და მამაკაცი, ანუ ძლიერი და სუსტი, ყველაფერში თანასწორნი იყვნენ? ქალებს რა ხანია უჩიჩინებენ, რომ მამაკაცი მათი თანასწორია, მათაც ენა ამოიდგეს, რასაც კარგი არაფერი მოჰყოლია. მარტივი მაგალითი ავიღოთ: მე საზოგადოებრივი ტრანსპორტით დავდივარ და ხშირად ვხედავ - ზის ავტობუსში ახალგაზრდა კაცი და თავზე გოგონა ადგას. ამგვარ სიტუაციაში უმეტესობა ადგილს არ უთმობს და მართალიცაა: თუ გენდერული თანასწორობა გინდა, რატომ უნდა დაგითმოს? - არ დაგითმობს! მე ძალიან ვწუხვარ, რომ რაღაც წესები და კანონები პირდაპირ გადმოგვაქვს უცხოეთიდან და ამასობაში ჩვენსას ვკარგავთ. ეს ძალიან არ მომწონს, რადგან ჩვენ კავკასიელები ვართ და რაც კარგი გვაქვს, არ უნდა დავკარგოთ. ცუდია, რომ უცხო ქვეყნებიდან ცუდი ჩვევები, ან გარყვნილება გადმოგვაქვს და არა ის, რაც მართლა გადმოსაღებია.

- 30-40 წლის წინანდელ საქართველოში, ოჯახის დანგრევას ტრაგედიად აღიქვამდნენ, დღეს, ეს ჩვეულებრივ ამბად იქცა. ამის მიზეზი რა არის?

- ახალმა ეპოქამ ადამიანთა ურთიერთობა ძირეულად შეცვალა: ადრე ისიც იშვიათობა იყო, ოჯახს ქალი რომ არჩენდა, მაგრამ დღეს ეს აღარავის უკვირს. რატომ? - ადრე ფაბრიკები და ქარხნები მუშაობდა, სოფლის მეურნეობაშიც უამრავი ადამიანი იყო დასაქმებული და მამაკაცის შრომას ფასი ჰქონდა. დღეს, ჩვენს ქვეყანაში კაცის შრომა დაუფასებელი და გამოუყენებელია, ის ხშირად, უმუშევარი და არარეალიზებულია მაშინ, როცა ქალი წავიდა, დამლაგებლად მოეწყო, ან სხვა სამსახურში დაიწყო მუშაობა და შემოსავალი გაუჩნდა.

ჩვენს ეპოქაში კაცი ძალიან დაჩაგრულია, რადგან მას არა აქვს ყველაზე მთავარი საყრდენი - საკმარისი შემოსავალი, რომ ოჯახი არჩინოს და შეინახოს. ადვილი დასანახია, რომ ყველა იმ ოჯახში, სადაც მამაკაცს სამყოფი ფული არა აქვს, საქმე ცუდადაა. თუ ქალი მატერიალურად ქმარზე ძლიერია და მეტს შოულობს, ასეთ ოჯახებშიც სერიოზული ბზარი ჩნდება ხოლმე. ვიცი, რასაც მკითხავთ - კი მაგრამ, ყველაფერი ფულზე ხომ არ არის დამოკიდებულიო, მაგრამ როგორ არ არის? - რაც უნდა მუშტები ვიბრაგუნოთ მკერდზე და ვიმეოროთ, მთავარი სულიერებააო, ეს - ზღაპარია. ადამიანები ომებსაც კი, ფულის გამო იწყებენ - ხან რას აბრალებენ, ხან - რას, მაგრამ მთავარი საფუძველი მაინც ფული და ეკონომიკაა. ოჯახის სიმტკიცესაც ეკონომიკური სტაბილურობა განსაზღვრავს და უფულობა ყველაზე მტკიცე ოჯახსაც ძირს უთხრის! რას ვიზამთ, ეს მწარე სიმართლეა, მაგრამ სიმართლეა. სიდუხჭირე არა მხოლოდ ურთიერთობის დანგრევის მიზეზი ხდება: მას უამრავი ადამიანის ფსიქიკა ვერ უძლებს. იცით, რამდენმა კაცმა მოიკლა თავი იმის გამო, რომ ოჯახი ვერ არჩინა და ამ ცხოვრებას ვერ გაუძლო - ძალიან ბევრმა!

- და ბოლოს, რას ურჩევთ ახალგაზრდებს, რომლებიც ოჯახს ახლა ქმნიან და ურთიერთობის შენარჩუნება სურთ?

- იმის გამო, რომ მამაკაცის ფსიქოლოგიას საკმაოდ კარგად ვიცნობ, აუცილებელია, ქალმა მეუღლეს გარკვეული თავისუფლება მიანიჭოს. იმას არ ვამბობ, რომ საყვარელი გაიჩინოს, მაგრამ როცა ცდილობ, რომ ადამიანი მარტო შენზე ფიქრობდეს და მთლიანად შენზე იყოს მიჯაჭვული, მისგან საპირისპირო რეაქციას მიიღებ.

და კიდევ: ნუ ეცდებით, ყველაფერში მისი თანასწორი იყოთ.

კანონზომიერებაა, რომ ბუნებაში ძლიერი და სუსტი ყოველთვის იყო, არის და იქნება, ისიც კანონზომიერებაა, რომ ძლიერი სუსტზე ყოველთვის დომინირებს. შესაძლოა, ევროპაში უკვე მივიდნენ ქალსა და მამაკაცს შორის სრულ თანასწორობამდე, მაგრამ ჩვენს სიტუაციაში, ეს ნაადრევი მგონია. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვფიქრობ და არც თუ უსაფუძვლოდ.

ხათუნა ჩიგოგიძე

(სპეციალურად საიტისთვის)