„ბოინგის“ ნოუ-ჰაუს საბრძოლო ფიასკო - რატომ ვერ გაამართლა „რაკეტა-ბომბმა“ უკრაინის ფრონტზე? - კვირის პალიტრა

„ბოინგის“ ნოუ-ჰაუს საბრძოლო ფიასკო - რატომ ვერ გაამართლა „რაკეტა-ბომბმა“ უკრაინის ფრონტზე?

რამდენიმე დღის წინ, გლობალური უსაფრთხოების თემაზე მიძღვნილ მორიგ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ შესყიდვებისა და მომარაგების დარგში ბილ ლაპლანტემ ძალზე საინტერესო ინფორმაცია გააჟღერა...

პენტაგონის მაღალჩინოსნის თქმით, ერთმა კომპანიამ „ჰაერი-ხმელეთი“ კლასის შეიარაღების სახმელეთო ვარიანტი დაამზადა, რომლის გაშვება მიწიდან შეიძლებოდა 140 კმ-ზე შორს... ეს იარაღი უკრაინაში გააგზავნეს, მაგრამ მან იქ არ იმუშავა... სამჯერ სცადეს, მაგრამ უშედეგოდ და შემდეგ მიაგდეს...

მიუხედვადა იმისა, რომ აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა არც ამ კომპანიის სახელი დაასახელა და არც ამ შეიარაღების ტიპი გაშიფრა, ისედაც გასაგები გახდა, რომ უკრაინის ფრონტზე საბრძოლო ფიასკო განიცადა საქვეყნოდ ცნობილი ამერიკული კონცერნის „ბოინგის“ მიერ შექმნილმა ნოუ-ჰაუმ - „რაკეტა-ბომბის“ ნაჯვარმა GLSDB-მ, არადა რამხელა იმედები მყარდებოდა მასზე...

ეს საინტერესო და ამასთან ცოტა უცნაური ისტორია კი ასე იწყებოდა...

ჯერ კიდევ 2022 წლის შემოდგომაზე აეროკოსმოსურმა კონცერნმა „ბოინგმა“ პენტაგონს შესთავაზა ახალი სახის შეირაღების შექმნა, რომელიც ძალზე გამოადგებოდათ უკრაინის დამცველებს - ეს არის ამერიკული "ბოინგისა" და შვედური "სააბის" ერთობლივი არაორდინარული შეიარაღების სახეობა, რომლის ანალოგები მსოფლიოში, მგონი, არც არსებობს.

თავად განსაჯეთ - წარმოიდგინეთ საავიაციო ბომბი, რომელსაც ბომბდამშენი თვითმფრინავი კი არ აგდებს, არამედ... "ჰაიმარსის" რაკეტა მიწიდან უშვებს და 130 კგ-იანი ბომბი 150 კმ-მდე მიფრინავს (პლანირებს) და უძრავ მიზანს ერთი-ორი მეტრის სიზუსტით ხვდება.

საქმე ის არის, რომ "ჰაიმარსიდან" 45, 84, 150 და 300 კმ-ზე მფრენი სხვადასხვა კალიბრის მართვადი რაკეტების გაშვება შეიძლება, მაგრამ თითოეული ასეთი რაკეტა ძალიან ძვირად ფასობს, ამერიკელმა და შვედმა ინჟინრებმა კი საინტერესო გამოსავალს მიაგნეს - აიღეს "ჰაიმარსის" 227 მმ კალიბრის რაკეტის სამარშო-სარაკეტო ძრავა, მასზე დაამაგრეს პლანირებადი საავიაციო ბომბი GBU-39 და ასეთ სიმბიოზს უწოდეს GLSDB - ხმელეთიდან გასაშვები მცირე დიამეტრის ბომბი.

რაკეტის ძრავისა და საავიაციო ბომბის "ნაჯვარი" სტარტს იღებს "ჰაიმარსის" დანადგარიდან, განსაზღვრული სიმაღლის მიღწევის შემდეგ 130 კგ-იანი ბომბი შორდება სარაკეტო ძრავას, ხსნის ორიგინალური კონსტრუქციის ფრთებს და იწყებს პლანირებას უძრავი მიზნისკენ, საითაც გზას GPS-ის დახმარებით მიიკვლევს.

2-b-1714308457.png
GLSDB-ის ბომბრაკეტის „ნაჯვარს“ მოცილებული და ფრთებგაშლილი მართვადი საავიაციო ბომბი GBU-39-ი პლანირებისას…

ამ პლანირებადი საავიაციო ბომბის ჩვეულებრივი ვარიანტი კი, რომელიც დიდი რაოდენობით დამზადდა, მხოლოდ 40 ათას დოლარამდე ღირს, რაც ბევრად იაფია 150 კმ-ზე მფრენ "ჰაიმარსის" ER GMLRS-ის ტიპის თანამედროვე რაკეტაზე, რომლის ფასი 168 ათას დოლარს აღწევს, ხოლო 300 კმ ფრენის რადიუსის მქონე ოპერატიულ-ტაქტიკური მართვადი აერობალისტიკური რაკეტის ATACMS-ის ფასი კი ერთ მილიონ დოლარს აჭარბებს.

GLSDB-ის კიდევ ერთი ძალზე მნიშვნელოვანი უპირატესობაა ის, რასაც "ჰაიმარსის" ყველაზე "ჭკვიანი" რაკეტაც ვერ შეძლებს - თუკი მოწინააღმდეგის პოზიცია მთის უკანა კალთაზეა, მისი დაზიანება რაკეტით ურთულესია, რადგან რაკეტის ფრენის ტრაექტორია ასე მკვეთრად ვერ შეიცვლება მთის წვერის გადაფრენის შემდეგ, GLSDB-ისთვის კი ეს პრობლემა არ არის, რადგან სარაკეტო ძრავას მოცილებული საავიაციო ბომბი პლანირებას იწყებს, შეუძლია მკვეთრი მანევრის შემდეგ გამობრუნდეს და მთის კალთაზე შეფარებულ მოწინააღმდეგეს ზურგის მხრიდან (საიდანაც არავინ ელოდება) დაეცეს.

3-b-1714308457.png
რუსული შორი მოქმედების რადიოელექტრონული ბრძოლის მობილური კომპლექსი Красуха-4, რომლებსაც რუსეთის საოკუპაციო ძალები აქტიურად იყენებენ უკრაინის ფრონტზე...

მოკლედ, ძალიან დიდ იმედებს კი იძლეოდა GLSDB-ი, მაგრამ თავად პენტაგონის აღიარებით მან უკრაინის ბრძოლის ველზე ვერ გაამართლა და პირველ რიგში თურმე იმიტომ,რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა შესძლეს GPS-ის სიგნალის ჩახშობა თავიანთი მნიშვნელოვანი ობიექტების გარშემო და დამიზნების მხოლოდ ინერციული სისტემის ამარა დარჩენილ ამ „რაკეტა-ბომბებს“ მიზანში მოხვედრის სიზუსტე 30-50 მ-მდე დაეცათ,მაშინ,როდესაც GPS-ით 1-3 მ-ის სიზუსტით ხვდებოდნენ მიზანს...

თუკი ეს მართლაც ასეა,მაშინ გამოდის რომ ათი ათასობით GBU-39/B Small Diameter Bomb-ი(სწორედ ის არის „რაკეტა-ბომბის“ მეორე შემადგენელი ნაწილი,რომელიც სამიზნეს ეცემა),რომლებიც შესყიდული აქვთ ისრაელს, იტალიას, ნიდერლანდებს, ავსტრალიას, საუდის არაბეთს, სამხრეთ კორეასა და შვედეთს, ასევე ადვილად ასაცილებელი გახდება, თუკი მოწინააღმდეგემ რადიოელექტორონული ბრძოლის ძლიერი საშუალებებით მათ GPS-ის სიგნალის მიღება ჩაუხშო?

ან თუკი მართლაც ასეთი მძლავრად ახშობენ რუსი ოკუპანტები GPS-ის სიგნალს, მაშინ როგორღა ხვდებიან სამიზნეებს „ჰაიმარსის“ მართვადი რაკეტები, რომელთა ზუსტი დამიზნებაც ასევე გლობალური პოზიციონირების სისტემის გამოყენებით ხდება?

იქნებ იმიტომ, რომ „ჰაიმარსის“ რაკეტას ბევრად უფრო მეტი სიჩქარე აქვს და მიზნამდე ინერციით მიდის GPS-ის სიგნალის გათიშვის მიუხედავად, მაშინ, როდესაც პლანირებადი საავიაციო ბომბის GBU-39-ს ფრენის სიჩქარე ბევრად ნაკლებია?

ბევრი კითხვა იბადება, თუმცა ნათელია, რომ მართვად ბომბებსა და რაკეტებს მიზანში წერტილოვნად მოხვედრისთვის აღარ კმარათ დამიზნების ინერციული სისტემის ქონა, რომელიც დროდადრო GPS-ის სიგნალით კორექტირდება, დასამატებელია რადიოლოკაციური და ოპტიკურელექტრონული დამიზნების სისტემებიც, რაც დამატებით გააძვირებს ისედაც არაიაფფასიან მართვად შეიარაღებას, მაგრამ სამაგიეროდ მნიშვნელოვნად გაზრდის მიზანში ერთ-ორი მეტრის სიზუსტით მოხვედრის ალბათობას, მიუხედავად იმისა, ჩაახშობს თუ არა მოწინააღმდეგე მხარე GPS-ს სიგნალს...