„პოლიტიკური კრიზისია, ძალიან საგანგაშო სიგნალები მივიღეთ...“
გასულ კვირას ევროპარლამენტმა მიიღო უმწვავესი რეზოლუცია საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით. რეზოლუციის სრულ ტექსტთან ერთად, რომელიც ამბობს, რომ საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებები არ უნდა გაიხსნას, ვიდრე „აგენტების კანონი“ ძალაში იქნება, ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ორივე შესწორებას, რომლებითაც ევროპარლამენტი ბიძინა ივანიშვილის სანქცირებასა და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს. ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკომისიას, შეაფასოს "აგენტების კანონის" გავლენა საქართველოს მიერ სავიზო ლიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებაზე, განსაკუთრებით, ფუნდამენტური უფლებების, „რაც ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. პარალელურად, აშშ-ის სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა, 14-მა სენატორმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს 26 აპრილს წერილი გაუგზავნა, რომ თუკი ხელახლა ინიცირებული "უცხოური აგენტების კანონპროექტი" კანონი გახდება, ისინი იძულებულნი იქნებიან წაახალისონ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ. სენატორები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ უკან გაიწვიოს კანონი. "ჩვენ, როგორც კონგრესის წევრები, რომელთაც ღრმა პატივისცემა გვაქვს ქართველი ხალხის მიმართ, და ყოველთვის ვიყავით მძლავრი ორპარტიული და თქვენს ქვეყანასთან ორმხრივი კავშირების უპირველესი მხარდამჭერები, ძალიან იმედგაცრუებული დავრჩებით, თუ საქართველოს პარლამენტი მიიღებს კანონს "უცხოეთის აგენტების შესახებ", რომელიც ძირს გამოუთხრის საქართველოს ურთიერთობას შეერთებულ შტატებთან. თუ ეს კანონპროექტი მიღებული იქნება, ჩვენ იძულებული გავხდებით, წავახალისოთ შეერთებული შტატების პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ, რაშიც შეიძლება შედიოდეს მათი სანქცირება, ვინც პასუხისმგებელია საქართველოს დემოკრატიული განვითარების შეფერხებაზე ან მისი ევროატლანტიკური განვითარების ტრაექტორიის შეზღუდვაზე, შეერთებული შტატების პირდაპირი ფინანსური დახმარების გადახედვა და შეერთებულ შტატებში სავიზო აკრძალვების გაფართოება", - ვკითხულობთ წერილში. "ქართული ოცნების" ლიდერები ევროპარლამენტის რეზოლუციას „ფარატინა ქაღალდსა“ და „მაკულატურას“ უწოდებენ, სენატორებს კი „მუქარის ტონს“ უწუნებენ. ისედაც რთულ ვითარებას ეს კონფრონტაციული განცხადებები უფრო ამძიმებს. ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი გიორგი გობრონიძე გვესაუბრება:

- თუნდაც დავუშვათ, რომ საქართველომ დაიწყო გეოპოლიტიკური ვექტორის შეტრიალება რუსეთისკენ, უცნაურია და ყოვლად გაუგებარი, რა განაპირობებს ჩვენი ხელისუფლების ამგვარ სიხისტეს. რა გახდა საფუძველი იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლების ლექსიკა დასავლეთის შესახებ, პირდაპირ შეიძლება ითქვას, იმაზე ხისტი და მკაცრია, ვიდრე აქვთ ირანის ისლამურ რეჟიმს, ჩრდილოეთ კორეას, ჩინეთს ან რუსეთს, ან ოთხივეს ერთად. წარმოგიდგენიათ, ჩვენი ხელისუფლების წევრები ლაპარაკობენ ისე, როგორც კიმ ჩენ ინიც კი არ ლაპარაკობს. ეს ჩემთვის დიდი გამოცანაა. ფაქტობრივად, შეუძლებელია ამის რაციონალური შეფასება. ეს არ ზის არც დიპლომატიის ჩარჩოებში, არც პარტნიორობისა და არც კონკურენციის... მეტიც, ეს ყველაფერი გეოპოლიტიკური ვექტორის ცვლილების ჩარჩოშიც კი არ ჯდება. შესაბამისად, კარგი იქნება, თუ ამას თვითონ ახსნიან, გვეტყვიან, რამ განაპირობა მათი იმგვარი ქცევა, რომ თითქოს ჩვენ ვიყოთ დასავლეთთან დაპირისპირებული დიდი სახელმწიფო, ბირთვული იარაღით, საავიამზიდო ფლოტით და კოსმოსური პროგრამით. არათუ არა ვართ ასეთი სახელმწიფო, ჩვენ ძალიან ვართ დამოკიდებული დასავლეთზე, ჩვენი სუვერენიტეტის გარანტია სწორედ აშშ-ისა და ევროპის მხარდაჭერაა. რატომ უარყო საქართველოს მმართველმა ელიტამ ყველანაირი დიპლომატიური ეთიკა და ეტიკეტი, რატომ გადავიდა ამგვარ დაპირისპირებაზე და რატომ საუბრობენ ასეთი შეურაცხმყოფელი ლექსიკით? ამის ახსნა მე არა მაქვს. იქნებ რამე ისეთი იციან, რაც ჩვენ არ გვესმის ან იქნებ რაიმე ისეთის იმედი აქვთ, რაც ჩვენ არ ვიცით.
ამ ვითარებაში მე საიმედოს ვერაფერს ვხედავ. არ მესმის, რატომ უნდა აკეთებდნენ ამ ყველაფერს, თუნდაც მაშინ, თუ მართლაც რუსეთის ორბიტაზე ბრუნდებიან. ჩვენ მივიღეთ ძალიან საგანგაშო სიგნალები როგორც ევროპარლამენტისგან, ისე აშშ-ის სენატისგან. სამარცხვინოა თქმა, რომ თურმე ამ რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს და მაკულატურაა. მშვენივრად იციან, რომ ასე არ არის და თუ კვლავაც ასე გააგრძელებს საქართველო ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობას, დიდი საფრთხეა, რომ მართლაც შეგვიჩერონ ვიზალიბერალიზაცია და ზურგიც შეგვაქციონ.
კიდევ ვიმეორებ, ამ რეზოლუციის გარდა, იყო ამერიკელი სენატორების არაორაზროვანი გაფრთხილებაც. ეს ყველაფერი საჭიროებს ძალიან სერიოზულ დაფიქრებასა და გაანალიზებას, თუ რას უქადის ამგვარი კონფრონტაცია საქართველოს გეოპოლიტიკურ მომავალს.
ვიმეორებ, მაშინაც კი, თუ დავუშვებთ, რომ ხელისუფლება საქართველოს აბრუნებს რუსეთის ორბიტაზე, მას, როგორც სახელმწიფოს, აქვს საერთაშორისო ვალდებულებები თავის პარტნიორებთან და უნდა შეასრულოს. ან საქმე გვაქვს გაუგებარ ეიფორიასთან, ან შიდა და გარე პოლიტიკას შორის წაშლილ ზღვართან, ან სრულ არაკომპეტენტურობასთან, ან საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიზანმიმართულ დივერსიასთან. რაციონალური საზომითა და თეორიული ჭრილით საქართველოს ხელისუფლების ამ მოქმედებების ახსნა შეუძლებელია. შესაბამისად, კარგი იქნება, თუ განმარტავენ, საიდან და რის საფუძველზე გადაწყვიტეს საერთაშორისო პარტნიორებთან მსგავსი ტონით საუბარი. ვიმეორებ, ამგვარად დასავლეთთან რუსეთის ფედერაციაც კი არ ლაპარაკობს, რომელიც, ფაქტობრივად, საომარ მდგომარეობაშია დასავლურ კოალიციასთან.
- დამეთანხმებით, როგორც ევროპარლამენტის რეზოლუცია, ასევე ამერიკელი სენატორების მიმართვა კობახიძისადმი, ძალიან სახიფათო გზავნილების შემცველია. თუ ხელისუფლებამ კვლავაც ამგვარად გააგრძელა დასავლეთთან ურთიერთობა, რა ელის ჩვენს სახელმწიფოს?
- სამწუხაროდ, ამან შეიძლება მიგვიყვანოს ქვეყნისა და მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობის სრულ იზოლაციამდე, როდესაც მმართველი ჯგუფი სრულიად მიუღებელი იქნება დასავლეთისთვის და ამასთანავე, ვერ გამოვრიცხავთ, რომ მიუღებლად იქცეს რუსეთისთვისაც. საქმე ის არის, რომ ღმერთმა დაიფაროს და, თუ დასავლეთმა მართლაც ზურგი შეგვაქცია, კრემლმა შესაძლოა საქართველოს ხელისუფლებაში კიდევ უფრო ყურმოჭრილი მონების მოყვანა მოინდომოს. სხვათა შორის, საინტერესოა, რომ ამ კანონპროექტს დაუჭირეს მხარი პუტინის ადმინისტრაციის პრეს-სპიკერმა პეშკოვმა, კრემლის პროპაგანდისტმა დუგინმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა... მეტიც, დუმის დეპუტატები საქართველოში მყოფ რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებდნენ, აქციებზე არ გახვიდეთო, რაც ნიშნავს, რომ ამ მხარდაჭერით კიდევ უფრო აღვივებენ ეჭვს, რომ ამ ყველაფრის უკან რუსეთი შეიძლება იდგეს. შესაბამისად, ძირს უთხრიან "ქართული ოცნების" ხელისუფლებას. კრემლში მშვენივრად იციან, რა რეაქციას იწვევს ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილში დუგინის, პესკოვის თუ ლავროვის მხარდაჭერა.
ფაქტია, მთელი ამ პროცესით კანონპროექტის ხელახლა ინიცირებით მმართველმა ძალამ უპირველესად საკუთარ თავს მიაყენა დიდი ზიანი. ვერ გამოვრიცხავთ, რომ მალე ისეთი ვითარება შეიქმნას საქართველოში, რაც 2003 წელს იყო, როდესაც საქართველოს ხელისუფლება მიუღებელი გახდა დასავლეთისთვისაც და რუსეთისთვისაც. რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რომ ხელი შეუწყოს პოლიტიკურ არასტაბილურობას, საზოგადოების პოლარიზაციასა და დემორალიზაციას. უნდა გვესმოდეს, როდესაც ვსაუბრობთ რუსულ საფრთხესა და რისკებზე, ჩვენ არ ვლაპარაკობთ რიგით პრობლემებზე, ეს არის რისკები, რაც უკავშირდება ჩვენს სახელმწიფოებრიობას. დემორალიზაციისა და სამოქალაქო დაპირისპირების შემდგომი ნაბიჯი იქნება ქვეყნის პირდაპირი ან ირიბი ანექსია. შეიძლება პირდაპირ საქართველოს დამოუკიდებლობა არ წაართვან, მაგრამ იქნება უკიდურესი ფორმალიზებული რუსული მმართველობის ქვეშ.
რისი იმედი ჰქონდა მმართველ პოლიტიკურ ძალას, როდესაც აბსოლუტურად არაფრისგან, ხელოვნურად შექმნა ეს პოლიტიკური კრიზისი. მოდი, გადავხედოთ ვითარებას ქვეყანაში ამ კრიზისამდე. საქართველოს ჰქონდა ძალიან კარგი დიპლომატიური წარმატება როგორც დასავლეთის, ისე აღმოსავლეთის მიმართულებით. ჩვენ შევძელით გაგვეჭრა შესაძლებლობების ახალი ფანჯარა ჩინეთისკენ, ასევე შევძელით მიგვეღო კანდიდატის სტატუსი და მეტიც, უფრო წინ შეიძლებოდა წავსულიყავით ამ გზაზე და გაგვეხსნა გაწევრების თაობაზე მოლაპარაკებები წელსვე. ამასთანავე, ბოლო წლებში ეკონომიკამ ცოტა წინ წაიწია და განწყობა საზოგადოებაში პოზიტიური იყო - ცოტა გაზვიადებულად თუ ვიტყვით, ჩვენს საზოგადოებას ერთადერთი პრობლემა ის ჰქონდა, როგორ წასულიყო ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგულშემატკივროდ და აი, მოწმენდილ ცაზე, ფაქტობრივად, არაფრისგან შექმნეს პოლიტიკური კრიზისი, თან არჩევნების წინ, რამაც ქვეყანაში შექმნა იმგვარი ტურბულენტობისა და რისკების საფრთხე, რომ შეიძლება არჩევნებზე ლაპარაკიც აღარც იყოს, ისე მძიმედ განვითარდეს მოვლენები.
- დაპირისპირებისა და არეულობის საფრთხეს კიდევ უფრო მეტად ზრდის ის, რომ ხელისუფლება დღეს თავისი მომხრეების შეკრებასა და კონტრაქციის ჩატარებას გეგმავს.
- თუ ხელისუფლება თავის პოზიციაში დარწმუნებულია, მას კონტრაქციების ორგანიზება არ სჭირდება. გვახსოვს 2003 წელი, როდესაც შევარდნაძის ხელისუფლებამ აქცია გამართა პარლამენტის წინ, ჩამოიყვანა აჭარიდან ხალხი და მხარდაჭერის იმიტაცია სცადა. გვახსოვს, ბატონი ჯემალ გოგიტიძე როგორ ეხვეწებოდა შევარდნაძეს, არ გადადგეო, ასევე კარგად გვახსოვს, როგორ დაასრულა შევარდნაძემ. გვახსოვს 2012 წელიც, როდესაც სააკაშვილის ხელისუფლების მხარდასაჭერად სტადიონი გადაავსეს, ჩაატარეს გრანდიოზული თავყრილობა, მაგრამ ვნახეთ, რა მოხდა მალევე, ოქტომბერში. ამგვარი აქციები შესაძლოა ხელისუფლებისთვის ერთგვარად დამამშვიდებლად მუშაობდეს, მაგრამ ეს არ ასახავს რეალობას.
ჩვენ პოლიტიკური კლასის პრობლემა გვაქვს. ჩვენთან ხომ არ შეუძლიათ კონსენსუსზე, კომპრომისზე, სამოქალაქო თანხმობაზე დაფუძნებული პოლიტიკის წარმოება. ეს ყველაფერი, რაც, წესით, უნდა იყოს პოლიტიკური სიძლიერის მაჩვენებელი, აღქმულია სისუსტედ, უკან დახევად. აქედან გამომდინარე, დღევანდელ ხელისუფლებას, ისევე, როგორც წინას, არა აქვს იმის შესაძლებლობა, უზრუნველყოს ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილიზაციისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა. შეიძლება ხელისუფლებამ ერთჯერადად შეძლოს კანონპროექტის გატანა, ძალის დემონსტრირებაც, მაგრამ საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ქმნის იმგვარ რისკებს, რაც ყველა პოლიტიკური ძალისთვის, განსაკუთრებით ხელისუფლებისთვის შესაძლოა სასიცოცხლო მნიშვნელობის აღმოჩნდეს.
მოდი, შევხედოთ ამ ე.წ. აგენტების კანონპროექტს და გამჭვირვალობის ყბადაღებულ თემას. უკვე ნათლად იკვეთება, რომ ხელისუფლებას რეალურად გამჭვირვალობა კი არ სურს, არამედ უნდა ძალაუფლების კონცენტრაცია საკუთარ ხელში და პოტენციური კრიტიკოსების გაჩუმება. მაგრამ უნდა გაითვალისწინონ ერთი რამ - საქართველოს არა აქვს იმის რესურსი, რომ დიდძალი პოლიტიკური თუ ეკონომიკური კაპიტალი დახარჯოს საზოგადოების ნების დათრგუნვაში. ამას გაჭირვებით ახერხებენ ისეთი ქვეყნები, როგორიც ირანი, რუსეთი და ჩინეთია... ვიმეორებ, საქართველოს ამის რესურსი არა აქვს, ამიტომაც არ არსებობს ჩვენთვის განვითარების სხვა ალტერნატივა, გარდა დემოკრატიული განვითარებისა, რომელიც ორიენტირებულია სამოქალაქო თანხმობასა და მშვიდობაზე. თუ ხელისუფლება უშვებს ამგვარ შეცდომას, ის ცეცხლს ეთამაშება. არ ვიცი, საქართველოს ხელისუფლებაში რამდენად გაცნობიერებული აქვთ თუ არა. სწორედ ხელისუფლების მოვალეობაა ქვეყანაში სუვერენიტეტის დაცვა, მშვიდობის შენარჩუნება და განვითარების ხელშეწყობა, თუნდაც ძალაუფლების დათმობის ფასად. სახელმწიფო არ არის ბავშვი, რომელიც ორმა ქალმა შუაზე უნდა გაგლიჯოს. სახელმწიფო არის ყველასი და ეს უნდა ესმოდეს უპირველესად იმას, ვინც გადაწყვეტილების მიმღებია.
მართლაც გასაოცარია, მაშინ, როცა ხელისუფლების პოლიტიკურ პოზიციას არაფერი ემუქრებოდა, მეტიც, მას მომავალ არჩევნებზე, ფაქტობრივად, გარანტირებული ჰქონდა გამარჯვება, რატომ გამოიწვია პოლიტიკური კრიზისი მოწმენდილ ცაზე?
იგივე ლგბტ თემასაც რომ შევეხოთ, ანუ მათ საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტს, რომელიც მკვდრადშობილია, რადგან მისი მიღებისთვის საჭირო ხმები არა აქვთ, შესაბამისად, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მემარჯვენე პოპულიზმი და არავითარი კავშირი არა აქვს არც ეკლესიის დაცვასთან, არც ოჯახის სიწმინდეზე ზრუნვასა და არც სხვა მაღალფარდოვან ტერმინებთან. თუ მართლაც ვინმეს აწუხებს ოჯახური ფასეულობების ბედი და მოზარდების დაცვა ამ ქვეყანაში, უპირველესად იმაზე იფიქროს, რომ ამ ქვეყანაში ათიათასობით გახლეჩილი ოჯახია, რომლის წევრი ქალები ემიგრაციაში არიან, ბავშვები კი უდედოდ იზრდებიან. იფიქრონ იმაზე, რომ ახალგაზრდები უსახსრობის გამო ვერ ახერხებენ დაოჯახებას ან ამის ნიადაგზე რომ ინგრევა ოჯახები. თუ ბავშვის დაცვა უნდათ მავნე იდეოლოგიისგან, რატომ ერთხელ არ უთქვამთ, რომ მათ დაიცავენ ქუჩის კრიმინალური იდეოლოგიისგან, რომელიც მოზარდებს სიძულვილისკენ, ძალადობისა და ნარკოტიკის მოხმარებისკენ უბიძგებს ანუ ყოველივე იმისგან, რაც ქრისტიანულ მოძღვრებას უპირისპირდება.თუ მაინც მიიღეს ეს კანონპროექტი და დასავლეთმა გადადგა ის ნაბიჯები, რაზეც უკვე დაიწყეს ლაპარაკი, მათ შორის თუ მართლაც გადახედეს ეკონომიკური დახმარების საკითხს, დაიწყება ისეთი ეკონომიკური რყევები, რაც აიძულებს ხელისუფლებას მოეგოს გონს. ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ჯერ კიდევ აქვთ იმედი, რომ ეს არ დასჭირდებათ, თუმცა თუ საქმე საქმეზე მიდგა და ამათ არ შეწყვიტეს ეს გაუგებარი პოლიტიკა, ისინი იძულებული იქნებიან გადადგან ეს ნაბიჯი. საქართველოს არა აქვს იმდენი რესურსი, რომ: პირველი - დათრგუნონ მოსახლეობის ნება, მეორე - ქვეყანამ გაუძლოს საგარეო ეკონომიკურ-პოლიტიკურ წნეხს და მესამე - შენარჩუნდეს ამ ყველაფრის გათვალისწინებით სტაბილურობა პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ ველზე. აქედან გამომდინარე, არ ვიცი, რისი იმედით აკეთებენ იმას, რასაც აკეთებენ.
- ერთი ვერსიით, უკრაინაში ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე, როდესაც აშშ-ის დახმარებამ მნიშვნელოვნად დააგვიანა და თითქოს რუსეთს წარმატების შანსი გაუჩნდა, "ქართულმა ოცნებამ" გადაწყვიტა თავი დაეზღვია და რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკიდან ერთგვარად მაამებელ პოზიციაზე გადასულიყო. თუმცა უკვე მიღებულია გადაწყვეტილება და უკრაინის დახმარების 61-მილიარდიან პაკეტს ბაიდენმა ხელი მოაწერა.
- უკრაინაში რუსეთის წარმატებას სად ხედავენ, არ ვიცი, სულელიც კი ხვდებოდა, ალბათ, რომ აშშ დახმარებას, ადრე თუ გვიან, აუცილებლად გამოყოფდა და ომის მიმდინარეობაც ვერაფრით შეიცვლებოდა რუსეთის სასარგებლოდ. თუნდაც ასე ყოფილიყო, რატომ ჯდება ჩვენი ხელისუფლება დენთის კასრზე და თვითონვე უკიდებს ცეცხლს?! არა აქვს მნიშვნელობა უკრაინის მოვლენებს, რუსეთი რომც იგებდეს და კიევი ალყაში იყოს, საქართველოს ხელისუფლება ასე მაინც არ უნდა იქცეოდეს. შესაბამისად, არანაირი რაციონალური ახსნა არა აქვს იმას, რაც დღეს ხდება. ფაქტია, ადეკვატურობის საზღვრებიდან არიან გასული.