ბოლო გაფრთხილება ანუ რა შეიძლება მოჰყვეს ევროპარლამენტის რეზოლუციას?! - კვირის პალიტრა

ბოლო გაფრთხილება ანუ რა შეიძლება მოჰყვეს ევროპარლამენტის რეზოლუციას?!

25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, სადაც ნათქვამია, რომ საქა­რთველოსთან ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებები­ არ უნდა გაიხსნას, ვიდრე ე.წ. აგენტების კანონი ძალაში იქნება. გარდა ამისა, ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა შესწორებებს, რომლებითაც ევროპარლამენტი ივანიშვილის სანქცირებას­ და სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს. "ევროპარლამენტი კვლავ უცხადებს ურყევ მხარდაჭერას ქართველ ხალხს "ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებების მისა­ღწევად", მკაცრად გმობს "უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტის ხელახლა ინიცირებას და ხაზს უსვამს, რომ ის შეუსაბამოა ევროკავშირის ღირებულებებთან, ღალატობს ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის მისწრაფებებს, ეწინააღმდეგება საქართველოს ამბიციებს ევროკავშირში გაწევრებაზე, აზიანებს ქვეყნის რეპუტაციას და საფრთხეში აგდებს მის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ასევე გმობს იმ "ფაქტს, რომ საქართველოს ხელისუფლება შთაგონებულია რუსეთის მსგავსი ძალიან პრობლემური კანონმდებლობით, რუსეთის უცხოეთის აგენტების კანონით". რეზოლუციაში აქცენტირებულია, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა დათქმით, რომ გადაიდგმება შესაბამი­სი­ ნაბიჯები, მათ შორის სამო­ქა­ლაქო საზოგადოების თავისუფლად ფუნქც­იონირები­სთვის და ევროკავშირსა­ და მის ღირებულებებზე დეზინფორმაცია­სთან საბრძოლველად, "აგენტების კანონის" ხელახალი­ ინიცირება კი ამ ვალდებულების საწინააღმდეგო ნაბიჯებია. სწორედ ამიტომ მოუწოდებს ევროკომისიას, შეაფასოს საქართველოს პროგრესი ცხრა რეკომენდა­ციის შესრულების გზაზე და მოამზადოს შუალედური შეფასება. მოუწოდებს "ქართულ ოცნებას", დაუბრუნდეს­ ევროპულ გზას, ისევ გაიწვიოს კანონპროექტი და აღარ წარადგინოს არც ის და არც რაიმე სხვა ცვლილება, რომლებიც­ დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება. მათი აზრით, ვიდრე ასეთი კანონი ძალაში იქნება, არ უნდა გაიხსნას გაწევრების მოლაპარაკებები საქართველოსთან. ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკომისიას, შეაფასოს ამ კანონის გავლენა­ საქართველოს მიერ სავიზო ლიბერა­ლიზაც­იის კრიტერიუმების შესრულებაზე, განსაკუთრებით, ფუნდამენტური უფლებების მხრივ. ევროპარლამენტი ევროკავშირის საბჭოსა და ევროკავშირის პარტნიორებს მოუწოდებს, ივანიშვილს დაუწესონ სანქციები, რადგან ის "კიდევ ერთხელ ცდილობს ძირი გამოუთხაროს ქვეყნის დასავლურ კურსს რუსეთისკენ გადახრის სასარგებლოდ" და "საკუთარი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს". "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს, გაიწვიოს საკონსტიტუციო ცვლილებების პრო­ექტი, რომელიც "ზღუდავს ლგბტ-ს უფლებებს­ და არის თავდასხმა არა მხოლოდ ლგბტ-ს თემზე, სიტყვის თავისუფლებასა­ და თავისუფალ საზოგადოებაზეც". მოუწოდებს ხელისუფლებას, დაიცვას მოქალაქეთა­ უფლებები და შეშფოთებას გამოხატავს საპოლიციო ძალის არაპროპორციულად გამოყენების გამო დემონსტრანტების დაშლისას. მოუწოდებს ხელისუფლებას, გამოიძიოს ყველა ასეთი საქმე და პასუხისმგებელი პირები დაისაჯონ. ეუთო/ოდირს კი მოუწოდებს, არჩევნებისთვის საქართველოში გაგზავნოს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია.ასევე მოუწოდებენ ხელისუფლებას, გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი "ჰუმანიტარული საფუძვლით და მისცენ საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობა".რეზოლუციას მხარი დაუჭირა 425-მა ევროპარლამენტარმა, წინააღმდეგი იყო 25, თავი შეიკავა 30-მა. ევროპარლამენტის რეზოლუცია არ არის სავალდებულო ხასიათის. სანქციების­ დაწესების შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ უნდა მიიღოს, ევროკომისიამ კი უნდა გადაწყვიტოს, შეისწავლის თუ არა სავიზო ლიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებაზე კანონის გავლენას."როგორც ადრე ჰქონდა ამ რეზოლუციებს ჩალის ფასი, ახლაც ჩალის ფასი აქვს, უფრო მეტიც, ჩალის ფასიც არა აქვს. ქართველ ხალხთან შანტაჟის ენა არ ჭრის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ...

რა შეიძლება მოჰყვეს ევროპარლამენტის ამ რეზოლუციას, ამ საკითხებზე იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის მკვლევარს, საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორ ბიძინა ლებანიძეს,­ "საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" (GIP) დირექტორს, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორ კორნელი კაკაჩიასა და "საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის" (GFSIS) დირექტორ კახა გოგოლაშვილს ვესაუბრეთ.

"სააკაშვილის ფაქტორი არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ევროკავშირისთვის"

ბიძინა ლებანიძე: - ევრო­პარლამენტის­ შეფასებები უფრო მკაცრია ხოლმე, რადგან მათ მეტი მოქნილობა აქვთ, ვიდრე­, მაგალი­თად, ევროკომისიას ან ევროპის საბჭოს. ამიტომ ეს რეზოლუცია არ ნიშნავს, რომ ევროსაბჭო მომავალ თვეში უკვე რაღაც გადაწყვეტილებას მიიღებს. თუმცა, თუ ამ კანონს მიიღებენ, ევროკავშირში საქართველოს შესახებ აზრი ბევრად უარყოფითად შეიცვლება და ეს პირდაპირპროპორციულად აისახება ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობაზე.

- ანუ ამ რეზოლუციას მაინც აქვს გამაფრთხილებელი ეფექტი?

- დიახ. ჯერ გამაფრთხილებელია, თუ რა შეიძლება მოჰყვეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის უფრო გაფუჭებას.

- ხელისუფლება უკან დახევას არ აპირებს, ამ კანონს მაინც მიიღებენ და მერე რა მოხდება? ევროკავშირი რას გააკეთებს?

- ერთი, ალბათ, რაც დარწმუნებით ვიცით, ის არის, რომ გაჩერდება საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესი. თუ ამ კანონს მიიღებენ, საქართველოს შემდეგ ეტაპზე აღარ გადაიყვანენ - არანაირი გეოპოლიტიკური ბონუსი, რაც ჰქონდა საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, აღარ იმუშავებს. ამის შემდეგ კი საკითხავია, რამდენად შორს წავა, ვთქვათ, ევროკავშირი საქართველოს სხვადასხვა ფორმით დასანქცირებაში. თუ იქნება პოლიტიკური ნება, ევროკავშირს აქვს მთელი არსენალი, რაც შეიძლება გამოიყენოს. მაგალითად, შეიძლება სანქციები დაუწესონ საქართველოს ხელისუფლების ცალკეულ პირს, ან ვთქვათ, უვიზო რეჟიმის­ შეჩერება გადაწყვიტონ და ა.შ. გეოპოლიტიკური მომენტები დიდ როლს თამაშობს და საქართველოს ჰქონდა და აქვს ბევრი სარგებელი ევროკავშირისგან სწორედ ამ გეოპოლიტიკური თანამშრომლობის და ლოიალურობის გამო. მაგრამ, თუ ევროკავშირი საქართველოს აღარ ჩათვლის თავის გეოპოლიტიკურ პარტნიორად, ეს სარგებელი, ბუნებრივია, გადაიხედება.

- უვიზო რეჟიმის შეჩერების რა შანსია?

- თავიდან უვიზო რეჟიმის შემოღებასაც ჰქონდა ძლიერი პოლიტიკური მდგ­ენელი - ანუ საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ უვიზო რეჟიმი რომ მიიღეს, მაშინ ერთ-ერთი არგუმენტი ის იყო, რომ რუსეთი არ ყოფილიყო უკეთეს პირობებში, რადგან მაშინ ევროკავშირს რუსეთთან უფრო გამარტივებული სავიზო რეჟიმი ჰქონდა, ვიდრე ამ სამ ქვეყანასთან. ეს გეოპოლიტიკური ფაქტორები დღესაც ძალიან დიდ როლს თამაშობს ევროკავშირის გადაწყვეტილებებში, განსაკუთრებით რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ. ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი, თუ რატომ მოქმედებს საქართველოსთან უვიზო რეჟიმი და არა, მაგალითად, სომხეთთან, რომელიც არ აღიქმება ევროკავშირის გეოპოლიტიკურ პარტნიორად. ამიტომ თუ ევროკავშირი გადაწყვეტს, რომ საქართველო აღარ არის მისი მოკავშირე, რა თქმა უნდა, შესაძლებელია ესეც გადაიხედოს. მაგრამ ამას აქვს მეორე ფაქტორიც - როდესაც ევროკავშირი იყენებს სანქციების მექანიზმებს, ყურადღებას აქცევენ იმასაც, რომ დაისაჯოს ხელისუფლება, მაგრამ არ დაისაჯოს მოსახლეობა. შესაძლებელია ამ მიდგომამ აჯობოს საქართველოს საკითხში - თუ გადაწყვეტენ სანქციების მექანიზმის გამოყენებას, ვთქვათ, იყოს უფრო ტარგეტირებული ხელისუფლებაზე და არ შეეხოს მოსახლეობას.

- ხელისუფლება იმაზე აპელირებს, რომ ეს არის რამდენიმე პარლამენტარის "ქართველ­ ხალხზე შურისძიება", მიუხედავად იმისა, რომ ხმა ძალიან ბევრმა მისცა. პრემიერ-მინისტრმა კიდევ გაიმეორა, რომ ამ რეზოლუციას "ჩალის ფასიც არა აქვს". მათი თქმით, გადაწყვეტილებას იღებს ევროკომისია კონსენსუსით და როგორც ჩანს, ორბანის იმედი აქვთ. ეს რამდენად სწორ გათვლად მიგაჩნიათ? ასეთი განცხადებები რა გავლენას იქონიებს ევროკავშირის საქართველოსთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებზე?

- რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ რამდენიმე პარლამენტარის გადაწყვეტილება არ არის და ამის ნახვა ყველას შეუძლია. შესაძლოა შესწორებები კი იყო რამდენიმე პარლამენტარის მიერ ინიცირებული, მაგრამ რეზოლუციას 425-მა პარლამენტარმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი სულ 25 იყო, ხოლო თავი 30-მა შეიკავა. რაც შეეხება იმას, რომ ევროპარლამენტი არ იღებს გადაწყვეტილებას, ეს მართალია, მაგრამ იმის გარანტიაც არ არსებობს, რომ მაგალითად, ევროსაბჭო საქართველოს წინააღმდეგ ამ ნაბიჯებს არ გადადგამს. მას არ სჭირდება კონსენსუსი და ყველაფერს არ სჭირდება ორბანის თანხმობა. მაგალითად, უვიზო რეჟიმის დროებით შეჩერებას ჯერ 9 და მერე 18 თვით სჭირდება ევროკავშირის საბჭოს წევრთა უბრალო უმრავლესობის­ ინიციატივა და შემდეგ კომისიას შეუძლია ავტომატურად გააჩეროს უვიზო რეჟიმი­. რაც შეეხება ორბანს,­ მასზე ჩამოკიდება არ არის პოლიტიკურად გამჭრიახი ნაბიჯი, რადგან ორბანი ძალიან პრაგმატული პოლიტიკოსია და შეუძლია ნებისმიერ მომენტში გაყიდოს. არც საქართველოს ხელისუფლებაზე გიჟდება, ძალიან ოპორტუნისტული ურთიერთობა აქვს და თუკი რაღაც გაყინული თანხის ნაწილს მისცემენ, ისიც მარტივად დათანხმდება საქართველოს ხელისუფლების დასანქცირებასაც და სხვა გადაწყვეტილებასაც. ორბანი სანდო პარტნიორი არავისთვის არ არის და არც საქართველოს ხელისუფლებისთვის იქნება.

- სააკაშვილის ფაქტორის ამ რეზოლუციაში მოხვედრას როგორ აფასებთ? ამან უფრო მეტად არ გააფუჭა საქმე?

- გავითვალისწინოთ, რომ ეს იყო დამატება და თან აქაც ძალიან მსუბუქი ფორმულირებაა - საუბარია ჰუმანიტარული მიზნით სადმე გაშვებაზე. სააკაშვილის საკითხი არის პაკეტში, როდესაც აკრიტიკებენ საქართველოს, მაგრამ, ჩემი აზრით, სააკაშვილის ფაქტორი არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ევროკავშირისთვის. რამდენიმე დღის წინ ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთმა­ განაცხადა, სააკაშვილი და ივანიშვილი არც ერთი არ არის საქართველოს ნათელი მომავალიო. გერმანიაში თავის დროზე ძალიან კრიტიკული დამოკიდებულება ჰქონდათ "ნაცმოძრაობის" მიმართ და დღესაც არ ეხატებათ გულზე. ცალკეული განცხადებები სააკაშვილის შესახებ სწორედ ჰუმანიტარული მიზნებიდან გამომდინარეა, მაგრამ თუ დააკვირდებით, ბოლო პერიოდში ესეც ძალიან შემცირდა. გასაგებია, რომ ამას ჩვენთან პოლარიზაციისთვის იყენებენ, მაგრამ ევროკავშირისთვის ნამდვილად არ არის სააკაშვილი ყველაზე მნიშვნელოვანი.

"ხელისუფლების ასეთი განცხადებები უფრო ნეგატიურად განაწყობს ევროპარლამენტარებს"

კორნელი კაკაჩია: - ეს არის გაფრთხილება საქართველოს ხელისუფლებისთვის და, ალბათ, ბოლოც, რათა ეს გადაწყვეტილება უკან წაიღოს და საქართველო მართლა დაადგეს დემოკრატიზაციის გზას, თუ მართლა უნდა ევროკავშირისკენ წასვლა. თუ არადა, დაიწყება ის პროცესები, რაზეც ამ რეზოლუციაშია საუბარი. მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილებები არ არის სავალდებულო და მას არა აქვს აღმასრულებელი ფუნქცია, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს გადაწყვეტილება უმრავლესობით არის მიღებული და, რა თქმა უნდა, ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანო ამას ყურადღებას მიაქცევს. განსხვავება ის არის, რომ ამას შესაძლოა დრო დასჭირდეს, მაგრამ თუ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა უფრო დაიძაბა, არ არის გამორიცხული, რაც რეზოლუციაში ჩაიწერა, საშუალოვადიან პერსპექტივაში უკვე რეალური გახდეს. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება ამ კანონთან დაკავშირებული მოვლენები. მეორე ფაქტორი იქნება არჩევნები, თუ იქამდე მივედით.

- თუ ხელისუფლება გაითვალისწინებს შენიშვნებს, პრობლემა გარკვეულწილად მოიხსნება, მაგრამ დავუშვათ ასეთი სცენარი: "ოცნებამ" მიიღო ეს კანონი, გაიმარჯვა არჩევნებშიც,­ რომელიც მეტ-ნაკლებად სტანდარტების დაცვით ჩატარდა და კითხვები არ გააჩინა ხელისუფ­ლების ლეგიტიმურობაზე. ადვილი მისახვედრია­ ამ კანონს აღარ შეცვლიან, უფრო თუ არ გააუარესებენ. ამის შემდეგ რა მოხდება?

- მაშინ შეგვიძლია დავივიწყოთ გაწევრების შესახებ მოლაპარაკება, რაც უკრაინამ და მოლდოვამ უკვე დაიწყეს. მეტიც, შეიძლება დაიწყოს ვიზა-ლიბერალიზაციის შეჩერების საკითხიც და ამაზე მინიშნება რეზოლუციაშიც არის. ძალიან ბევრი ქვეყანა გადახედავს საქართველოს ე.წ. უსაფ­რთხო ქვეყნის სტატუსსაც, რაც ნიშნავს, რომ შეიძლება ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხსაც შეეხონ.

- ვიზა-ლიბერალიზაციის გაუქმების ან შეჩერების მექანიზმი როგორ შეიძლება ამოქმედდეს? ან როდის შეიძლება ეს გადაწყვეტილება იქნეს მიღებული და რა დრო დასჭირდება?

- კანდიდატის სტატუსის უკან წაღების­ პრეცენდენტი არ ყოფილა, მაგრამ თუ ვიზალიბერალიზაციის საკითხი რომელიმე ერთმა სახელმწიფომ დააყენა, ცხადია, მას სხვებიც უნდა დაეთანხმონ, მაგრამ თუ ერთი სახელმწიფო ამ საკითხს რამდენჯერმე წამოსწევს და მუდმივად სერიოზული მსჯელობის საკითხი გახდება, არ არის გამორიცხული, დაიწყოს ვიზა-ლიბერალიზაციის შეჩერების პროცედურა. თუ ევროკავშირმა ჩათვალა, რომ საქართველო უკვე დაშორდა დასავლურ ფასეულობებს, გასცდა დემოკრატიული განვითარების სტანდარტებს და მიდის რუსეთისკენ, მაშინ ყველაფერია შესაძლებელი. საქართველოს კანდიდატის სტატუსი იმიტომ კი არ მისცეს, რომ 12-ვე ვალდებულება შევასრულეთ, ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ მხოლოდ 3 პუნქტი შევასრულეთ, ამიტომ რეზოლუციაში ხაზგასმულია, დათქმა არ ნიშნავს, რომ მუდმივად­ ასე იქნება, თუ ვალდებულებებს არ შეასრულებ. ელოდნენ, რომ ხელისუფლება დათქმებს შეასრულებდა, მაგრამ არათუ ეს მოლოდინი არ გამართლდა, ფაქტია, ქვეყანა სხვა მიმართულებით მიდის.

- ხელისუფლება ამბობს, რომ "ეს არის რამდენიმე ევროპარლამენტარის რევანში საქართვ­ელოს მოსახლეობაზე და მას ჩალის ფასიც კი არა აქვს". ქვეყნის პირველი პირების ასეთ რიტორიკას რა შეიძლება მოჰყვეს?

- ასეთი განცხადებები უფრო ამწვავებს სიტუაციას და ნეგატიურად განაწყობს ევროპარლამენტარებს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ. ამიტომ ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს აგრესიული რიტორიკისგან, რადგან ამით საქართველო ვერაფერს მოიგებს და ძალიან საზიანოა იმ მიზნების მისაღწევად, რაც ქვეყანას სჭირდება. შესაძლოა არ მოგწონდეს ეს რეზოლუცია, მაგრამ ასეთი თავდასხმა არა მგონია, სწორი სტრატეგია იყოს. თუმცა ჩვენი ხელისუფლება მაინც არ ჩერდება და სულ მეტ გამწვავებაზე მიდის.

- აქცენტი იმაზე, რომ ევროპარლამენტი­ არ არის გადაწყვეტილების მიმღები და ამ რეზოლუციას "ჩალის ფასიც კი არა აქვს", ვისზეა გათვლილი?

- ევროპარლამენტი ხალხის არჩეულია და მეტი რა უნდა იყოს, მისი უმრავლესობა რომ რაღაცაზე მიგითითებს, როგორ შეიძლება არაფრად ჩააგდო. მით უმეტეს, იმის თქმა, რომ ევროკომისია ევროპარლამენტის აზრს არ ითვალისწინებს, სრულიად უსაფუძვლოა. როდის გაითვალისწინებს, სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგრამ ისე ნამდვილად არ არის, თითქოს ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდეს. ევროპარლამენტი ამტკიცებს ბიუჯეტს, ევროპარლამენტია ჩართული მნიშვნელოვანი­ გადაწყვეტილებების მიღებაში, ისევე, როგორც საქართველოს პარლამენტი, და მაშინ ამის მთქმელებს ისე გამოსდით, საქართველოს პარლამენტსაც არ ჰქონია ჩალის ფასი.

- რეზოლუციაში სააკაშვილთან დაკავში­რებული პუნქტის მოხვედრამ არ ითამაშა ნეგატიური როლი? რამდენად მიზანშეწონილი იყო, რომ ქვეყნისთვის ასეთ მნიშვნელოვან საკ­ითხზე მსჯელობისას სააკაშვილის საკითხიც­ მოხვედრილიყო? გასაგებია, რომ პირადად მას და მის მომხრეებს ყველაზე მეტად ეს ადარდებთ, მაგრამ საერთოდ სხვა საკითხია პრობლემა...

- არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროპარლამენტში არის პოლიტიკოსთა სხვადასხვა სპექტრი, მათ შორის ლობისტები, EPP-ის წევრები, რომელთა წევრიც არის "ნაცმოძრაობა". ეს მთლიანობაში ერთად შეიკერა... "ოცნებასაც" სწორედ ის სურს, ისე წარმოაჩინოს, თითქოს ეს ბრძოლა იმიტომ მიმდინარეობს, რომ სააკაშვილი დაბრუნდეს და ხალხს ამით აშინებენ.

"ვიზა-ლიბერალიზაციის შეჩერება მყისიერად შეუძლიათ"

კახა გოგოლაშვილი: - მთავარი შედეგი, ალბათ, ის იქნება, რომ გაწევრებაზე მოლაპარაკებებს ვერ დავიწყებთ ვერც წელს და ვერც მომავალ წელს. მეორე ის არის, რომ შესაძლოა სხვადასხვა მიმართულებით დამატებითი პრობლემები გაგვიჩნდეს, მათ შორის ვიზა-ლიბერალიზაციის. ასევე შესაძლებელია შეგვიმცირდეს ევროკავშირის დახმარება და მხარდაჭერა.

როგორც კი "ქართული ოცნება" ამ კანონს დაამტკიცებს, ვიზა-ლიბერალიზაციის შეჩერების გადაწყვეტილების მიღება მყისიერად შეუძლიათ. რაც შეეხება მოლაპარაკებებს, ჩათვალეთ, რომ უკვე მიღებული აქვთ გადაწყვეტილება, რომ არ დაიწყება. უბრალოდ, ევროკავშირის ანგარიში უნდა იყოს, რომელიც ოქტომბრის დასაწყისში გაკეთდება და იქ უკვე კონკრეტულად ჩაიწერება, რომ საქართველო არ არის მოლაპარაკებებისთვის მზად. რაც შეეხება დახმარების პროექტების შემცირებას, ამაზე ევროკომისიამ უნდა იმუშაოს. რადგან ევროპარლამენტმა დაავალა, ევროკომისია აუცილებლად გააკეთებს შეფასებას და ცხადია, ადვილად მონახავს სხვადასხვა კრიტერიუმის დარღვევის ფაქტებს და შეიმუშავებს წინადადებას, როგორ შემცირდეს საქართველოსთვის დახმარების პროგრამები და პროექტები. ესეც შეიძლება საკმაოდ სწრაფად მოხდეს. ყოველ შემთხვევაში, მომავალი წლიდან უკვე შეიძლება შემცირდეს კონკრეტული პროგრამებისა და პროექტების დაფინანსება.

- უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცედურაზე რას იტყვით?

- ევროკომისიას შეუძლია დღესვე შეაჩე­როს ვიზა-ლიბერალიზაცია 9 თვით და რამდენიმე თვეში მიიღებს ახალ რეგულაციას, რომლითაც უკვე 18 თვით შეეძლება შეჩერება, ყოველგვარი ჩარევის გარეშე. წევრი ქვეყნების გადაწყვეტილება არც დასჭირდება.

- საქართველოს ხელისუფლების შეფასებები რას ნიშნავს ამ სიტუაციაში? თქვენი აზრით, ცეცხლზე ნავთს რატომ ასხამენ?

- რა გითხრათ, მათ შეფასებებს მართლა ჩალის ფასი აქვს. ეს ყველაფერი იაფფასიან დემაგოგიაში რომ გადაიზარდა, ხომ ყველა ვხვდებით? ყველა განცხადება, გნებავთ, კობახიძის და გნებავთ, პარლამენტის­ თავმჯდომარის, აბსოლუტურ დემაგოგიაში გადაიზარდა და აზრი არა აქვს ექსპერტულ განხილვას. მათი რიტორიკა მხოლოდ პროპაგანდისტულია და კავშირი არა აქვს არც საღ აზრთან და არც რეალობასთან. შეიძლება ქვეყანაში მიიღონ რაღაც დამაზიანებელი კანონი, მაგრამ დისკუსიის სივრცე დარჩეს, ესენი კი დისკუსიისთვის სივრცეს არ ტოვებენ. როგორ უნდა გამართონ დისკუსია, როდესაც მხოლოდ სიცრუითა და დემაგოგიით მოქმედებენ? არანაირ არგუმენტებს აღარ აქვს მნიშვნელობა, მხოლოდ პროპაგანდისტული მესიჯებით მოქმედებენ. ახლა მოსახლეობაზეა დამოკიდებული, როგორი საუბრის უფრო სჯერა. მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც ავტომატურად იწოვს ყველაფერს, რასაც ეუბნებიან რომელიღაც ორგანოებიდან გარკვეული პირები, ცხადია, უყოყმანოდ წაჰყვება "ოცნებას", მოსახლეობის ის ნაწილი კი, რომელიც აზროვნებს და რომელიც ასე მარტივად არავის ენდობა და აქვს კითხვები, ამოწმებს და თვითონ აკეთებს დასკვნებს, მონაწილეობს უფრო ფართო საუბრებში, ჩართულია დისკუსიაში თუნდაც თავის წრეში, რა თქმა უნდა, დაუჯერებენ მათ, ვინც მეტ არგუმენტებს წარმოადგენს. ვფიქრობ, "ქართულ ოცნებას" დარჩა­ ლოიალურობის რაღაც რესურსი, რაც განპირობებულია სულ სხვა რაღაცით და არა იმით, რომ ქვეყნისთვის სიკეთეს აკეთებენ, არამედ არსებობს პირადი გამორჩენის რაღაც რესურსი და მგონი, მათი მხარდამჭერების უმეტესობა ამას მიჰყვება.

რუსა მაჩაიძე