„ხელისუფლება ყველაფერზეა წამსვლელი“ - კვირის პალიტრა

„ხელისუფლება ყველაფერზეა წამსვლელი“

ვეყანაში მიმდინარე მთავარ მოვლენებზე საქართველოს უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერებისა და საერთაშორისო­ ურთიერთობების პროფესორ ლაშა ძებისაშვილს­ ვესაუბრეთ.

- პოლიტტექნოლოგიურად რა ფენომენია­ მმართველი გუნდის მიერ მომხრეების შეკრება და რატომ მიმართავს ხოლმე მას თითქმის ყველა ხელისუფლება?

- ხელისუფლება, რომელიც კონტრაქციას მიმართავს, უკვე წაგებულია, კრიზი­სშია, გრძნობს საკუთარი პოლიტიკური­ მდგო­მარეობის სისუსტეს, იცის, რომ მოსა­ხლეობაში ლეგიტიმაციის დაბალი ხარი­სხი აქვს და ცდილობს გარეგნულად მაინც მოაჩვენოს თავის მომხრეებს, რომ თითქოს მის მხარეს ბევრი ხალხია. სხვათა­ შორის, ეს მოსახლეობის დაყოფის ძალიან ცუდი მეთოდია, რადგან ხელისუფლება, რაც არ უნდა სხვა პოლიტიკურ პროგრამას თუ იდეოლოგიას წარმოადგენდეს, ჯამში­ მთელი ქვეყნის მთავრობა და ხელისუფლებაა და მისი ამოცანაა გაერთიანება და დემოკრატიული მეთოდებით კონსენსუსის მიღწევა, განსაკუთრებით იმ პრინციპულ საკითხებში, რასაც ჰქვია ქვეყნის უსაფრთხოება, საგარეო პოლიტიკა,­ ქვეყნის მომავლის განსაზღვრა. ეს ხელისუფლება ცდილობს დაგვანახოს, აი, ჩვენ უფრო მეტნი ვართ, ვიდრე თქვენო. ამასვე აკეთებდნენ წინა ხელისუფლებებიც. ეს ფენომენი მეტყველებს, რომ ხელისუფლება უკიდურეს დაპირისპირებასა და მოსახლეობის დაყოფაზე მიდის - როცა ხალხი ერთმანეთზეა­ გადაკიდებული, ხელისუფლებისთვის არავის სცალია და მას შეუძლია გააგრძელოს თავისი მავნე პოლიტიკა. ძალაუფლების შენარჩუნების და გამდიდრების­ ერთადერთი შანსი ის არის, რომ მოსახლეობა უკიდურესად დაყოს და საბოლოოდ ქვეყანა კრიზისში ჩააგდოს. ამისთვის ცდილობს გარე ფაქტორებიც მოიშველიოს და გააგრძელოს თავისი უზრუნველი ცხოვრება ისევ და ისევ ჩვენი მოსახლეობის ხარჯზე. "ქართული ოცნება" ცდილობს აჩვენოს, თითქოს რეალურად მეტი მომხრე ჰყავს, რაც მტკნარი სიცრუეა და ეს თავადაც­ კარგად იციან. "ოცნებას" დაავიწყდა, რომ როცა მთავრობას წარმოადგენ, რაოდენობით მანიპულირება პოლიტიკური ჰარაკირია. შენ უმრავლესობას კი არ უნდა წარმოადგენდე, არამედ ერის გამაერთიანებელი პოლიტიკა უნდა გაატარო. "ოცნებას" ეს პოლიტიკური ანაბანა არ ესმის, რაც კიდევ უფრო დაეხმარება მისი დასასრულის დაჩქარებაში...

ხელისუფლება ყველაფერზეა წამსვლელი და ეტყობა, სხვადასხვა სცენარი აქვს მომზადებული ვითარების მაქსიმალურად ასარევად. როცა ხელისუფლებაში ყველა მეთოდით დარჩენა გსურს, პროვოკაციები და სამოქალაქო დაპირისპირება არ უნდა გამოვრიცხოთ. დააკვირდით იმ ძალადობრივი ჯგუფების და წრეების განცხადებებს, გადახედეთ "ოცნების" მომხრეთა სოციალურ ქსელებს, დაწყებული დიტო სამხარაძით და დამთავრებული "ალტინფოთი" და ვითომ კონსერვატიული პარტიის წარმომადგენლებით, რომლებიც კარგ სიმბიოზში არიან "ქართულ ოცნებასთან". მათ მესიჯებში დიდი განსხვავება არ არის. ეს ჯგუფები ძალადობასა და რადიკალიზაციაზე არიან მომართული და, ბუნებრივია, მათი შენახვა-გამოზრდა-შენარჩუნება ტყუილუბრალოდ არ ხდება. იმედია, ხელისუფლებას ეყოფა ჭკუა და გონიერება, ქვეყნის მომავალზე ზრუნვის რაღაც გრძნობა მაინც გაუჩნდება და ამ მომენტს სამოქალაქო დაპირისპირებამდე არ მიიყვანს. ამ დღეს ახალგაზრდები მაქსიმალურად უნდა მოერიდონ მათ. მათი მორალური მხარე ისედაც გამოჩნდება აქციაზე. როცა საპროტესტო აქციებზე ხედავ ახალგაზრდო­ბას, რომელიც მონაწილეთა­ 90%-ია, წაგებული გაქვს. ეს ის თაობაა, ვისაც რუსულ მომავალს ვერ "შეტენიან". რაც უნდა ვუმტკიცოთ, ევროპა არა, დასავლეთი არა, მაშინ ალteრნატივა რა გვაქვს - რუსეთი? თუ დავუბრუნდებით რუსეთის ორბიტას, ვინც დღეს რუსულ მომავალს გვიქადაგებს, მათაც ნაკლებად უნდა ჰქონდეთ იმის იმედი, რომ ხელისუფლებაში ისევ დარჩებიან. ისინი ჩანაცვლდებიან უფრო პრორუსული, მოსკოვისთვის ლოიალური, უფრო დამჯერი, რადიკალური და უხეში ძალით.

- რატომ არის ეს კანონი ხელისუფლებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი?

- ეს მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ იძლევა სამართლებრივ გზასა და მექანიზმებს, რათა ის უამრავი საზოგადოებრივი აქტივისტი, ორგანიზაცია და ინსტიტუცია გზიდან ჩამოიცილონ, ჩამოყალიბდეს აბსოლუტურად უკონტროლო ხელისუფლება, ყველაფერი მოისპოს, რაც კი ხელისუფლებას აკონტროლებს, მაქსიმალურად ხელ-ფეხი გაეხსნათ დიქტატორული ხელისუფლების შესაქმნელად და ყოველგვარი კონტროლის გარეშე­ მივიდნენ არჩევნებამდე, გააკეთონ ის, რაც სურთ, და გაინაღდონ შემდგომი პერიოდი, როგორც თვითონ ამბობენ, 2030 წლამდე. პრაქტიკულად, ჩამოყალიბდება რუსული ტიპის პოლიტიკური რეჟიმი, სადაც გვეყოლება ერთი მმართველი და მისი მომსახურე პოლიტიკური კასტა, დანარჩენი მოსახლეობა იქნება მომსახურე პერსონალისა და მონების როლში. ეს კანონი ხელისუფლებას სჭირდება იმისთვის, რომ სახელმწიფოსა და ხელისუფლების მოქმედების კონტროლი აღკვეთოს. წარმოიდგინეთ, ეს ორგანიზაციები თუ გაქრება, არავინ იქნება მაკონტროლებელი და ინფორმაციის მიმწოდებელი, ხელისუფლება ყველა აკრძალულ ხერხს გამოიყენებს, რათა მოიგოს არჩევნები. ჩვენი პრობლემა ამ ორგანიზაციების დაფინანსება კი არაა (მით უმეტეს, ისინი ფინანსდებიან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან, რომელთაც მართლაც აინტერესებთ, რომ ამ ორგანიზაციების მეშვეობით დადგინდეს, სად იხარჯება საქართველოს მოქალაქეების ფული), არამედ ის, რომ ჩვენი ხელისუფლება მილიარდობით ფულს ხარჯავს არამიზნობრივად, კერძო მიზნებისთვის.

- "ქართულმა ოცნებამ" ეკონომიკური სარგებლის მიღების მოტივით დაჩქარებული წესით შეიტანა საგადასახადო კოდექსში ცვლილებები, რომლითაც ოფშორული ზონებიდან ბიზნესის საქართველოში გადმოტანაზე საგადასახადო შეღავათი გავრცელდება. ოპოზიციის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ კანონი ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ერგება. სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე?

- ირონიაა, როცა, ერთი მხრივ, ამბობენ, გამჭვირვალობას ვითხოვთ და ამ ორგანიზაციების დაფინანსება გვაინტერესებსო, მეორე მხრივ, ისეთ კანონს იღებენ, რითაც წარმოუდგენელი რაოდენობით ფულის შემოტანა უნდათ საქართველოში. ბრიყვი უნდა იყო, რომ ვერ მიხვდე, რასთან გვაქვს საქმე. ოფშორებიდან მატერიალური რესურსის მოზიდვის შესახებ კანონი არის პირდაპირი დარტყმა ჩვენი საფინანსო და საბანკო სექტორისთვის იმიტომ, რომ ევროკავშირთან ინტეგრაცია გამორიცხავს ამ კუთხით ამ კანონის არსებობას და დაუდგენელი წარმოშობის ფინანსური სახსრების შემოსვლას საქართველოში (იგულისხმება არა მარტო ქართველი, არამედ უცხოელი ოლიგარქების თუ უცხოური კრიმინალური წარმოშობის ორგანიზაციების აქტივები). ეს ყველაფერი პირდაპირ ურტყამს ევროკავშირის პოლიტიკას. პირიქით, ევროკავშირი გვეუბნება, რომ მაქსიმალურად დავალაგოთ, გავწმინდოთ ჩვენი ფინანსური, საბანკო სფერო, სადაც მკაფიოდ უნდა იყოს აკრძალული მსგავსი თანხების ბრუნვა. ჩვენ პირიქით ვაკეთებთ, ვეუბნებით, რომ მნიშვნელობა არა აქვს, რა წარმოშობის იქნება, მთავარია, ფული შემოვიდეს. პრაქტიკულად, ჩვენ გადავიქცევით ერთ დიდ ოფშორულ ზონად, სადაც გლობალური მასშტაბით ფული უნდა გათეთრდეს. თუ აქამდე რუსეთის მასშტაბით ეს იყო ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი, სადაც რუსეთი ახერხებდა კრიმინალური ფულის გათეთრებას, ახლა ეს ზონა გავრცელდება მთელ საქართველოზე.

ის ეკონომიკური თანამშრომლობისა და ფინანსური პროექტები, რასაც ევროკავშირი ხშირად ჩვენთან ერთად ახორციელებს, ბუნებრივია, ეჭვქვეშ დადგება. ეს დარტყმას მიაყენებს ჩვენს საფინანსო და საბანკო სექტორს, ჩვენს ვალუტას და ა.შ. ევროპული ინვესტიციების შემოსვლაზე საუბარი ზედმეტია. შეიძლება ეს ოფშორული კანონი იმიტომ შემოიღეს, რომ ევროკავშირთან დაპირისპირების შემთხვევაში სწორედ ევროპული ინვესტიციების შემცირება რაღაცით დაბალანსდეს და ამიტომ სჭირდებათ შავი ფულის შემოტანა, მაგრამ ამას ექნება მოკლევადიანი შედეგი: ის ფული შემოვა და შეიძლება დააბალანსოს ის, რომ ევროპული ფული აქ აღარ იქნება, სამაგიეროდ, ქვეყნის ფინანსური და საბანკო სისტემა დასანქცირდება. ორივე კანონის მიღება ძალზე სერიოზულ საფრთხეს გვიქმნის.

- ევროპარლამენტმა მძიმე რეზოლუცია მიიღო, რომელიც მოლაპარაკებების შეჩერებას, ვიზა-ლიბერალიზაციის გადახედვასა და ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას გულისხმობს. დოკუმენტს, რომელსაც ხელისუფლებამ "ჩალის ფასი" დაადო, რეკომენდაციის ხასიათი აქვს და არავინ იცის, რას გადაწყვეტს ევროკომისია.­ ხელისუფლებამ თუ არ შეცვალა პოზიცია, რას მოუტანს ეს საქართველოს?

- გაცემულია რეკომენდაცია და თუ ამ კანონს მიიღებენ, ჩვენთან აღარ დაიწყებენ მოლაპარაკებას. მარტო ეს კანონი ხომ არაა, 9 პუნქტიც არ დაგვავიწყდეს, რაც შესასრულებელი გვაქვს. ამ გზით თვითონ "ოცნება" მიზანმიმართულად აგდებს მოლაპარაკების პროცესს, ანუ საბოტაჟს ეწევა.

ცალსახაა, რომ ევროკავშირიც და დასავლეთიც საქართველოსა და მისი საზოგადოების მხარეს დგას და მაქსიმალურად ცდილობს ამ სანქციებმა და მისმა პოლიტიკამ არ დააზარალოს ქვეყანა, მოსახლეობა, რაც პირდაპირ იკითხება მათ განცხადებებში. მათი დახმარება კიდევ უფრო გაიზრდება, თუ საზოგადოებასა და პოლიტიკურ ოპოზიციაში უფრო ნათლად გამოიკვეთება პოლიტიკური კონსოლიდაცია, რაც დასავლეთს გაუადვილებს მათთან თანამშრომლობას და ოლიგარქიული კლანისა და წრის წინააღმდეგ მოქმედებას.

ევროპარლამენტის რეზოლუციას აქვს სარეკომენდაციო ხასიათი, ევროპული საბჭო და ევროკომისია არ ვიცით, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. ამასთან, ეჭვი მეპარება, ამან რამენაირად შეცვალოს "ოცნების" რადიკალურად გახისტებული პოზიცია.

ჩვენს შიდა ფრონტზე უპირველესი ამოცანაა ოპოზიციის კონსოლიდაცია, ერთიან ცენტრად ჩამოყალიბება და ამ ცენტრისთვის კონსოლიდირებული საზოგადოებრივი­ მხარდაჭერა. ამისთვის წინააღმდეგობის გაწევა გაურთულდება როგორც "ოცნებას", ასევე რუსეთისთვისაც გასაგები გახდება, რომ ასე მარტივი არ არის საქართველოში­ მოგება. თუ რუსეთმა გადაწყვიტა ძალოვანი მეთოდებით სიტუაციის მოგვარება, ეს სულ სხვა სცენარში გადაგვაგდებს. ეს ნიშნავს, რომ ქართული სახელმწიფო და საზოგადოება ერთ მხარეს იქნებიან, ხოლო "ოცნება" და რუსეთი - მეორე მხარეს.