„ძალიან დაძაბული დღეები გველოდება - ხელისუფლება არ აპირებს უკან დახევას, არც ახალგაზრდები აპირებენ...“ - კვირის პალიტრა

„ძალიან დაძაბული დღეები გველოდება - ხელისუფლება არ აპირებს უკან დახევას, არც ახალგაზრდები აპირებენ...“

საპროტესტო აქციები გრძელდება. ევროპიდან და ამერიკიდან მწვავე შეფასებები გვესმის, "ქართულ ოცნებას" მოუწოდებენ, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი უკან გაიწვი­ოს, ევროპარლამენტმა რეზოლუციაც მიიღო...­ როგორ განვითარდება მოვლენები, ზვიად ძიძიგური გვესაუბრება. ის ოთხი მოწვევის დეპუტატი იყო. ამჟამად კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ასოცირებული პროფესორია და შესაძლოა პოლიტიკაში ისევ აქტიურად გამოჩნდეს.

- არ ვიცი, რა მიზანს ემსახურებოდა ამ კანონის უკან შემოტანა, რატომ გამოიწვია ხელოვნურად ხელისუფლებამ ასეთი დაძაბულობა, მაგრამ მოსალოდნელი იყო, რომ ევროკავშირის რეზოლუცია მკაცრი და კრიტიკული იქნებოდა. ფაქტობრივად, ეს ვითარება­ ბიძინა ივანიშვილმა შექმნა. რა მიზნით, მხოლოდ მან იცის და არც კობახიძეს, არც პაპუაშვილს არა აქვს წარმოდგენა, რა თამაშს თამაშობს. ფაქტია, რაღაც ტრიუკებს ატარებს.

- მაინც რას ვარაუდობთ?

- ყველა ვერსია გვაქვს მოსმენილი, რომ ეს რუსეთმა დაავალა, რომ ეს არის არასამთავრობოების გასაჩუმებლად ან რევანში შარშანდლისთვის, მაგრამ მხოლოდ თვითონ იცის, რატომ დასჭირდა ეს ქარტეხილი. არის ასეთი ვარიანტიც, ეშინია, რომ დასავლეთი დაასანქცირებს მის ქონე­ბას, ანგარიშებს და სურს დაანახოს სხვებს,­ რა ძლიერია და როგორ შეუძლია ზეგავლენა ქვეყნის საგარეო კურსზე... რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, რაც გააკეთა, იმას ჰგავს,­ საკუთარ ფეხში რომ ისროლო ტყვია.

- არა გვყავს ძლიერი ოპოზიცია,­ ამიტომ­ აქამდე მუდმივად ისმოდა, რომ "ქართულ­ ოცნებას" არჩევნებში გამარჯვების დიდი შანსი­ აქვს. ახლა რა შედეგია მოსალოდნელი?

- "ქართული ოცნება" იმ მხარდამჭე­რების ხმებს დაკარგავს,­ რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ქვეყნის ევრო­ინტეგრაცია აუცი­ლებელია, და ეს პატარა პროცენტი ნამდვილად არ იქნება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გააქტიურდნენ ახალგაზრდები, ეს ის სეგმენტია, რომელიც არჩევნებში არ მონაწილეობს, არადა, 18-დან 25 წლამდე ასაკის 600-700 ათასი კაცია. ეს არ არის ცოტა ციფრი, ნახევარმაც რომ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, ეს "ოცნების" სასარგებლოდ არ იქნება. თუ საარჩევნოდ გაიტანეს ეს კანონი, არჩევნებზე ჰიპერაქტიურობაში გადაიზრდება და სწორედ ეს ახალგაზრდები გადაწყვეტენ "ოცნების" ბედს, იმიტომ, რომ ევროპულ გზაზე გადაწყვეტილება მიღებულია. ამას ჯერ კიდევ ეროვნული მოძრაობიდან, 90-იანი წლების ბოლოს, ასიათასობით კაცი უჭერდა მხარს. ვფიქრობ, არჩევნებზე ქართველი ხალხი სამუდამოდ წერტილს დაუსვამს ამას.

- თქვენი აზრით, უმტკივნეულოდ მივალთ არჩევნებამდე?

- როცა ხელისუფლება აცხადებს, რომ კონტრაქციას ატარებს, ეს აუცილებლად დაძაბავს ვითარებას... 80-იანი წლები­დან მოყოლებული, სადაც ახალგაზრდობა­ ჩაერთო, ხელისუფლებამ ყოველთვის უკან დაიხია. ხომ ხედავთ, ყოველგვარი ორგანიზების გარეშე როგორ მიმდინარეობს აქციები. თუ განსჯის უნარი შერჩენია ხელისუფლებას, უკან უნდა წაიღოს ეს კანონი.

გამჭვირვალობა თუ გვინდა, ეს ღრიანცელის გარეშეც შეგვიძლია გავაკეთოთ. ეს კანონი გამჭვირვალობას არ ეხმაურება, ამით არასამთავრობო ორგანიზაციების ერთხელ და სამუდამოდ დადუმება სურთ, როგორც რუსეთში გააკეთეს, მაგრამ რუსეთში არასამთავრობო სექტორი და სამოქალაქო საზოგადოება გაცილებით სუსტია, ვიდრე საქართველოში. გაიზარდა თაობა, რომელსაც რუსეთისკენ გახედვა არ უნდა, რომელსაც ვერ წაიყვან შენს ჭკუაზე, ამიტომ შეუძლებელია ახალგაზრდებს გამოუცხადო ომი. აქციებზე შეკრებილია არა მარტო ლიბერალური ან კონსერვატიული ახალგაზრდობა, სრულიად ახალგაზრდობაა, რომელსაც ევროპის იქით საქართველოს მომავალი ვერ წარმოუდგენია. ახალგაზრდობა ყველაზე უხერხული მეტოქეა ხელისუფლებისთვის. რამდენადაც ადვილად გაუმკლავდა თავის ოპონენტებს, იმდენად ვერ მოახერხებს ამ გულწრფელ, ანთებულ ახალგაზრდებთან დაპირისპირებას, იმიტომ, რომ ისინი მართლები არიან. როცა ხელისუფლებას პირდაპირ აქვს დავალებული ხალხისგან ევროინტეგრაცია, ნატოში გაწევრება, ეს კონსტიტუციაშიც წერია და საწინააღმდეგოდ იქცევა, სავსებით გასაგებია ახალგაზრდობის საქციელი. სრულიად გაუგებარია ივანიშვილის ეს ნაბიჯი, მით უმეტეს, არ დარჩენილა არც ერთი თანამდებობის პირი, ევროკომისრები, ევროპარლამენტი, ის სტრუქტურა, რომელშიც გაწევრებისკენ ისწრაფვის საქართველო,­ არ დაეგმო ეს ნაბიჯი. როცა ყველა შენი მოწინააღმდეგეა ამ საქმეში, როგორ გინდა­ გაასაღო, რომ ეს არის ევროპული ღირებულებების თანხვედრი ნაბიჯი. ამიტომ ურჩევნია გაიტანოს ეს კანონი. ამით მისი რეიტინგი დაზარალდება, მაგრამ ორ უარესს შორის შეუძლია ნაკლებად უარესი აირჩიოს.

ძალიან დაძაბული დღეები გველოდება. ხელისუფლება არ აპირებს უკან დახევას, არც ახალგაზრდები აპირებენ და ღმერთმა ქნას, ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიაროს.

- ხელისუფლება ამბობს, კანონი არა აქვთ წაკითხული და არ იციან, რას ითხოვენო.

- 2012 წელს რუსეთის დუმამ მიიღო კანონი, რომელიც სიტყვასიტყვით ემთხვევა ქართულ კანონს. ამ კანონით პუტინმა მოახერხა შეეზღუდა ყველა, ვინც აქტიურობდა­ პოლიტიკურ ცხოვრებაში, მედია, არასამთავრობო სექტორი და ა.შ. ბოლოს მივიღეთ ის, რომ მან 21-ე საუკუნეში ომები­ დაიწყო­ - ჯერ საქართველოს დაესხა თავს, ახლა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი აქვს. პუტინს­ იმხელა ძალაუფლება აქვს, რომ თავს აძლევს უფლებას თავისუფალ სამყაროს ომი გამოუცხადოს ტერიტორიების წასართმევად. მოდი და მელაპარაკე ამის შემდეგ, რომ ეს ამერიკული და ევროპული კანონია, როცა მხოლოდ რუსებს მოსწონთ. რაც შეეხება­ გამჭვირვალობას, ბიძინა ივანიშვ­ილს სურს თავისი კონტროლიდან გასული­ არასა­მთავრობოები და მედიასაშუალებები­ მივიდნენ და ნებით ჩაწერონ, რომ თითქოსდა უცხო ქვეყნის აქტორები არიან. ამას მოჰყვება სხვა შეზღუდვები, რეგულაციები­ და ამით ხელისუფლება შეეცდება გააკონტროლოს მთელი სეგმენტი. მთავრობა ახლა აკონტროლებს სასამართლოს, ბიზნესს,­ მედიის­ დიდ ნაწილს, მერე კი ყველაფერს გააკონტროლებს­.

- თავის დროზე დიდი როლი ითამაშეთ­, რომ "ქართული ოცნება" მოსულიყო ხელისუფლებაში... რატომ მოვედით აქამდე?

- ახლა რომ იყოს 2012 წელი, იმავეს გავაკეთებდი. გაიხსენეთ, რა რეალობაში ვიყავით, რის გამო იყო სააკაშვილი მიუღებელი ქართველი საზოგადოებისთვის, რისთვისაც ვიბრძოდით, სწორედ იმის გამოა დღეს ივანიშვილი მიუღებელი. ერთადერთი, პატიმრების გაუპატიურებაზე სკანდალი­ არ გაგვიგონია, თორემ სხვა ყველაფერს ერთიერთში იმეორებს - არჩევნების გაყალბება გინდა, მოსმენები გინდა, ჯიბეში ჩადებული სასამართლო, პარლამენტი ჯიბეში. სახელისუფლებო პარტიას წლების­ განმავლობაში ისეთი ოპოზიცია ჰყავდა, რომლის უკან დაბრუნება ქვეყნის მოსახლეობის ძალიან სოლიდურ ნაწილს არ უნდოდა და ამიტომ იგებდა არჩევნებს­ დიდი უპირატესობით. როცა საკონსტიტუციო უმრავლესობით დაიწყო არჩევნების­ მოგება, ამის შემდეგ ივანიშვილს აბსოლუტური ძალაუფლება ჩაუვარდა ხელში, ეს კი რყვნის. არ შეიძლება სულ ერთი პარტია იყოს ხელისუფლებაში. ფრთიანი ანგელოზიც რომ იყო, როცა მუდმივად ხელისუფლებაში ხარ, აუცილებლად რქები, კუდი და ჩლიქები გამოგივა. არ არსებობს ისე მართო ქვეყანა, რომ ხალხის მაგივრად საკუთარი მუცლის გამოტენაზე არ იფიქრო. ამის ძალიან ცუდი მაგალითები, ძალიან ცუდი კორუფციული სქემები არსებობდა და ივანიშვილის მმართველობის მეთორმეტე წლისთავზე საქართველო ბრეჟნევისეული მმართველობის პერიოდს დაემსგავსა, სადაც პოლიტიკურ სივრცეში არანაირი პერსპექტივა არ ჩანს და კორუფციამ წალეკა მთელი ქვეყანა. ჩვენ რატომ ვებრძოდით სააკაშვილის ხელისუფლებას? იმიტომ, რომ ბიზნესი და სასამართლო ჯიბეში­ ჰყავდათ, არჩევნებს უშიშროებისა და შს სამინისტროს ძალები ატარებდნენ, ტელევიზიები და მედია შეზღუდული იყვნენ. ადამიანის უფლებები საშინლად ირღვეოდა. ივანიშვილს ძალიან მოეწონა ისევ ჯიბეში ჩასმული სასამართლო, მედია, ბიზნესი­ და ყველა სტრუქტურა. სააკაშვილის მმართველობას დაემსგავსა, ბევრ რამეში გაასწრო კიდეც.

- პაპუაშვილი ევროპარლამენტის რეზოლ­უც­იაზე ამბობს, რომ ეს არის მხოლოდ პოლიტი­კური განაცხადი, ვერც ვიზა­ლიბერა­ლი­ზაციას შეექმნება საფრთხე და ვერც ვერაფერს.

- პაპუაშვილის ნათქვამს კაპიკის ფასი აქვს, ისევე როგორც იმას, რას ამბობენ კობახიძე და "ოცნების" ყველა მოლაპარაკე თავი. ყველამ იცის, რომ იდიოტობას უჭერენ მხარს, მაგრამ რა გააკეთონ, პაპუაშვილი ცხოვრებაში ვერასდროს გახდებოდა პარლამენტის თავმჯდომარე, ვერც კობახიძე პრემიერი, რომ არა ბიძინა ივანიშვილი, და რასაც ივანიშვილი ავალებს, იმას აკეთებენ.

- იმასაც ამბობენ, რუსეთი აკეთებინებს მათ ამ ყველაფერს, წინააღმდეგ შემთხვევაში,­ ემუქრებაო.

- თუ რუსეთს სურს ივანიშვილი დიდხანს იყოს ხელისუფლებაში, ასეთი დარტყმის ქვეშ დაყენება იმ ხელისუფლების, რომელიც შენს მოკავშირედ მიგაჩნია, დიდი უტვინობაა, ამიტომ არა მგონია, ეს რუსეთის დავალება იყოს. ეს ივანიშვილის ტრიუკია, რატომ გააკეთა ეს, მხოლოდ მან იცის. სავარაუდოდ, მიიღებენ ამ კანონს და ამ არჩევნებზე მაქსიმალურად მივა ის ელექტორატი, ვინც აპროტესტებს ამ ყველაფერს, "ქართული ოცნების" დაკარგული ხმები გადანაწილდება სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიაზე და ხელისუფლება ყელმოღერებით რომ ამბობდა, 60 პროცენტს ავიღებთო, დიდი კითხვის ნიშანი დაესმება ხელისუფლებაში მათ დარჩენას. მთავარ დარტყმას ოქტომბრის არჩევნებზე მიიღებენ.

- საზოგადოება დაბნეულია, ხშირად ისმის,­ არ მივცემთ ხმას "ქართულ ოცნებას", მაგრამ ის არ ვიცით, ვის მივცეთო. ამ მოკლე დროში შეიძლება ახალი ძალა გამოჩნდეს?

- ქართველი საზოგადოება იმდენად არის ჩახედული პოლიტიკაში და იმდენად აქტიურია, ძალიან ნათელ პასუხს იძლევა. ხმა უნდა მისცენ ისეთ პარტიას, რომელიც 5-პროცენტიან ბარიერს ყველა ვარიანტში­ გადალახავს. "ნაცმოძრაობის" გარდა, გამოკვეთილია რამდენიმე პარტია. თუ პროცესები ასე განვითარდა, შეიძლება მათი რიცხვი კიდევაც გაიზარდოს, ამიტომ დარწმუნებული ვარ, ქართველი საზოგადოება აირჩევს ისეთი ტიპის ხელისუფლებას, რომელიც ქვეყანას სწორი მიმართულებით წაიყვანს.

- თქვენ აპირებთ აქტიურ პოლიტიკაში მოსვლას?

- ისეთი პოლიტიკური ვითარებაა ქვეყანაში, ღმერთს ვთხოვ, მშვიდობიანად ჩაიაროს. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, როცა მივიღებ ამაზე გადაწყვეტილებას, გაცნობებთ მედიის წარმომადგენლებს.