მძიმე პოლიტიკური გაზაფხული - კვირის პალიტრა

მძიმე პოლიტიკური გაზაფხული

გასულ კვირას ვწერდით, თუ რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო კომპრომისის მოსაძებნად, რათა საქართველოში პოლიტიკური ტურბულენტობა დასრულებულიყო. სამწუხაროდ, კომპრომისზე საუბარიც არ არის და მთავარი მწვავე მოვლენები წინ გველოდება. კიდევ უფრო სამწუხარო ის არის, რომ ბანაკებად მხოლოდ პოლიტიკოსები­ არ არიან დაყოფილი - პოლარიზაცია საზოგადოებასაც შეეხო. შვილები და მშობლები სოცქსელში ყველას დასანახად არჩევენ საქმეებს. საზოგადოების პოლარიზაცია რამდენად სახიფათოა და როგორ შეიძლება ამით ისარგებლოს ჩვენმა მტერმა, ეს მილიონჯერ დაგვიწერია და აღარ გავიმეორებთ, რათა ისე არ გამოვიდეს, თითქოს ვინმეს თავზე დავჩხავით.

რას გვიპირებს დასავლეთი?!

24 აპრილს ევროპარლამენტში საქა­რთველოს საკითხზე დებატები გაიმართა. მთავარი თემა, რა თქმა უნდა, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანო­ნპროექტი იყო. გამომსვლელთა დიდმა ნაწილმა, სხვა ყველაფერთან ერთად, მოითხოვა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, საქართველოსთან ვიზა-ლიბერალიზაციის გადახედვა და სხვა საკითხები. თუმცა იმავე დღეს ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ რეზოლუციის პროექტში ზემოხსენებული სამი საკითხი არ იყო. ყველაზე მწვავე მონაკვეთი ის იყო, რომ თუ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს საქართველოს პარლამენტი დაამტკიცებს, ქვეყნისთვის ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების სივრცე არ გაიხსნება. თუმცა 25 აპრილს დამტკიცებულ რეზოლუციაში ივანიშვილის, სააკაშვილისა და ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხები აისახა. სავარაუდოდ, ამ თემის "ლობისტებმა" კულუარებში კარგად წაიმუშავეს.

საბოლოოდ, რეზოლუციამ ასეთი სახე მიიღო ("ინტერპრესნიუსი"): "გა­ნიხილონ ბიძინა­ ივანიშვილისთვის­ პირადი­ სანქციების დაწესება. ამასთან, ევრო­პარლამენტი იმეორებს მოწოდებას საქართველოს ხელი­სუფლების მიმართ, გაათავისუფლოს ყოფილი­ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჰუმანიტარული ნიშნით და დაუშვას მისი საზღვარგარეთ სათანადო მკურნალობა. გარდა ამისა, ევროპარლამენტი მოუწოდებს, დროულად შეაფასოს საქართველოს მიერ დაგეგმილი "უცხოელი აგენტის" კანონის გავლენა საქართველოს მიერ ვიზა-ლიბერალიზაციის კრიტერიუმების უწყვეტ შესრულებაზე. ევროპარლამენტის დამტკიცებ­ულ შესწორებაში ასევე საუბარია ლგბტ-ს შესახებ კანონპროექტზე. კიდევ ერთი შესწორებით, ევროპარლამენტს მიაჩნია, რომ კანონმდებლობის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს, ვინც ხმა მისცა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის სასარგებლოდ... ევროპარლამენტი გმობს საქართველოს ერთადერთი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის პირად როლს მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისსა­ და კიდევ ერთ მცდელობაში, შეარყიოს დასავლეთზე ორიენტირებული ქვეყნის კურსი რუსეთისკენ მიბრუნების სასარგებლოდ, კიდევ ერთხელ მოუწოდებს საბჭოსა და ევროკავშირის დემოკრატიულ პარტნიორებს განიხილონ ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლისთვის და მისი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ მუშაობისთვის.

ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ იმეორებს თავის მოწოდებას საბჭოს მიმართ, განიხილოს პარტია "ქართული ოცნების" საპატიო ლიდერის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება; მოუწოდებს კომისიას, საქართველოსთვის ყველა ფინანსური დახმარება განაპირობოს ამ კანონის საქართველოს სამართლებრივი დღის წესრიგიდან ამოღების პირობით, მისი მიღების შემთხვევაში".

რეზოლუცია სარეკომენდაციო ხასიათი­საა. ევროკავშირის აღმასრულებელმა სტრუქტურებმა უნდა გადაწყვიტონ, აღასრულონ თუ არა ის. მოკლედ განვიხილოთ ევროკავშირის სტრუქტურა:

ევროპარლამენტთან ერთად, არსებობს ევროკავშირის საბჭო, რომელიც საკან­ონმდ­ებლო ფუნქციებს ინაწილებს ევროპარლამენტთან. ევროკავშირის უმაღლესი ორგანო არის ევროპის საბჭო, რომელშიც შედიან ამ გაერთიანების წევრ-სახელმწიფოების სახელმწიფო მეთაურები და მთავრობების ხელმძღვანელები. სწორედ ამ ორგანომ უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება, რომელიც უნდა აღასრულოს ევროკომისიამ.

შესაბამისად, საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციის აღსრულება-არაღსრულება დამოკიდებულია იმაზე, თუ ევროპის საბჭოში შემავალი ქვეყნების ხელისუფლებებს ინდივიდუალურად რა ურთიერთობები აქვთ საქართველოს ხელისუფლებასთან და რა პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებენ ისინი. უმთავრესია პოლიტიკური გადაწყვეტილება. ყველაზე დიდი დარტყმა ქვეყნისთვის იქნება, თუ საქართველოს შეუჩერდება ვიზა-ლიბერალიზაცია. ზოგიერთი პოლიტიკოსისა და ექსპერტის მოსაზრება მცდარია, თითქოს ამის გაკეთების საშუალებას ევროკავშირს რეგლამენტი არ აძლევს. დიახ, რეგლამენტის­ ძირითადი ნაწილი იმაზეა აგებული, რომ ვიზა-ლიბერალიზაციის შეჩერება შესაძლებელია, თუ ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოდან ("მესამე ქვეყანა") გაიზარდა მიგრაცია, კრიმინალი ან ეს ქვეყანა არღვევს ხელშეკრულების პირობებს. თუმცა სულ ახლახან რეგლამენტს დაემატა ერთი პუნქტი - ვიზა-ლიბერალიზაცია შეიძლება შეჩერდეს იმ შემთხვევაშიც, თუ ევროკავშირსა და "მესამე ქვეყანას" შორის ურთიერთობა­ გაუარესდა. მექანიზმი ასეთია - ქვეყანას უჩერდება ვიზა-ლიბერალიზაცია (9-იდან 12 თვემდე, რომელიც შემდგომში შესაძლოა გახანგრძლივდეს 24 თვემდეც) და შემდეგ ევროკომისია ამ სახელმწიფოსთან იწყებს მოლაპარაკებებს, რათა "ხარვეზები"­ გამოსწორდეს და ისევ აღდგეს უვიზო რეჟიმი. თუმცა "ხარვეზების გამოსწორება" და "მოლაპარაკებები" გრამოფონში იქნება, ისეთი პოლიტიკური შტორმი ამოვარდება საქართველოში.

თუ საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაცია შეუჩერდა, ეს გამოიწვევს ქვეყანაში­ ისეთ სუპერპოლარიზაციას, რომ შესაძლოა საპარლამენტო არჩევნების მშვიდობიანად ჩატარებას საფრთხე შეექმნას. ქვეყანა ძალიან მიუახლოვდება ქაოსისა და დესტაბილიზაციის ზღვარს, რაც პირდაპირ კრემლის წისქვილზე ასხამს წყალს. გარდა ამისა, გაიზრდება ანტიდასავლური რუსული ჰიბრიდული პროპაგანდა, რომ "ევროპამ საქართველო გაწირა", "ევროპამ საქართველოს ინტერესი დაკარგა" და ა.შ. საბოლოო ჯამში, იზრდება საფრთხე, რომ არეულობის ფონზე რუსეთმა საქართველოზე კონტროლი ერთხელ და სამუდამოდ დაამყაროს (გავიხსენოთ 90-იანი წლების გაკვეთილები).

არის სხვა საკითხიც - მიხეილ სააკაშვი­ლის თემა. საინტერესოა, იციან თუ არა ევროპარლამენტში, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ დიახ, სააკაშვილი­ ციხეში უნდა იჯდეს. სურათი­ ასეთია - სააკაშვილი კიევიდან არავის მოუტაცია და საქართველოში საბარგულით­ არ ჩამოუყვანია, რათა მისი უფლებების რაღაც საშინელ დარღვევებზე გვესაუბრა. სააკაშვილი თვითონ ჩამოვიდა საქართველოში და თან ძალიან კარგად იცოდა, რომ მასზე რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული და აუცილებლად დააკავებდნენ. შესაბამისად, დასავლეთიდან სააკაშვილის გათავისუფლების თემაზე მუდმივად პედალირება საზოგადოების ნაწილში გაკვირვებას და უსამართლობის განცდას იწვევს.

ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვე­ყ­ნების ხელმძღვანელებს მოუწევთ პოლი­ტიკური გადაწყვეტილების მიღება - მიუახლოონ თუ არა საქართველო რისკის ზონას, რომლის იქითაც პუტინის ყურები ჩანს. ყველაფერი ზემოთქმულიდან გამომდინარე, დიდია მოლოდინი, რომ ევროკავშირი ასეთ ხისტ ნაბიჯებზე არ წავა. თუმცა­ აუცილებლად გადადგამენ რაღაც ნაბიჯებს. რადიო "თავისუფლების" ჟურნალისტმა რიკარდ იოზვიაკმა სოცქსელში­ დაწერა, რომ საქართველოში შექმნილი მდგომარეობა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს და "იყო მოწოდება", რომ ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ჩამოსულიყვნენ საქართველოში ან საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი წასულიყო ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე. შესაბამისად, დიდია ალბათობა, რომ საქართველოში ჩამოვიდეს დელეგაცია (შესაძლოა რამდენჯერმეც), რომელიც ქვეყნის ხელმძღვანელობას პირისპირ დაელაპარაკება. ეს ალბათ, იქნება ყველაზე კარგი გამოსავალი, რადგან პირდაპირი დიალოგისას შეთანხმების შანსები იზრდება.

სააკაშვილის ახალი იდეა

ბოლოდროინდელი საპროტესტო აქცი­ების მთავარი ნიშანი ის არის, რომ ახალგაზრდები ტრიბუნას პოლიტიკოსებს არ უთმობენ. ამასობაში კი მიხეილ სააკაშვილი ცდილობს ოპოზიციას თავს მოახვიოს ახალი იდეა, რომელიც ასე გამოიყურება: უნდა შეიქმნას „ნეიტრალური პარტია“ და ოპოზიციამ ერთიანი სიით მიიღოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა. სააკაშვილის მიზანი გასაგებია - სურს მოირგოს ოპოზიციის გამაერთიანებლის მანტია, დიდი გაერთიანების ლიდერად წარმოჩნდეს და აიძულოს ეს გაერთიანება დაასახელონ პრემიერობის კანდიდატად.

ამ ყველაფერში საინტერესო ის არის, რომ სააკაშვილის იდეას გამოხმაურება თვით "ნაცმოძრაობაშიც" არ მოჰყოლია, ამ პარტიის "ლიდერშიფი" თავს არიდებს­ ამ საკითხზე საუბარს, ისევე როგორც მეორე საკითხზე - მიშამ თავის პარტიას მოუწოდა, სასწრაფოდ შექმენით ბორდი, რომლის თავმჯდომარე მე ვიქნები, ჩემი მოადგილე კი სოფო ჯაფარიძეო. ამასაც "ნაცმოძრაობის" სრული დუმილი მოჰყვა. ეს ყველაფერი მრავლისმეტყველია სააკაშვილისთვის - ჯერ გაარკვიოს, რა ხდება მის პარტიაში, სანამ ოპოზიციის ლიდერობას მოინდომებს.

ოპოზიციური პარტიების ლიდერები კი რამდენიმე დღეში ერთხელ იკრიბებიან და გეგმებზე მსჯელობენ. კი მაგრამ, გეგმა რა უნდა იყოს? - ან ხელისუფლება აქციებით უნდა აიძულო უკან დაიხიოს, ან უნდა კონცენტრირდე საპარლამენტო არჩევნებზე. თუმცა ბოლოდროინდელი მოვლენების გამო საზოგადოების ნაწილის გაღიზიანება ხელისუფლებით ავტომატურად არ "ითარგმნება" ოპოზიციური პარტიებისთვის რეიტინგის ზრდად. ამიტომაც ოპოზიციას რაღაც ახალი აქვს მოსაფიქრებელი.

მაგალითად, ის, ხომ არ დაფიქრდებოდნენ კიდევ ერთხელ "არანაცური" პარტიები გაერთიანებაზე (რომელთაც მეტ-ნაკლებად ესინჯებათ რეიტინგი, და პლუს რამდენიმე ლიდერი უფრო პატარა პარტიებიდან)? ეს სიახლეც იქნებოდა და ამომრჩეველში გაჩნდებოდა განცდა, რომ სერიოზული ძალა გამოჩნდა, რომელიც, ერთი მხრივ, მმართველ გუნდს უპირისპირდება, და მეორე მხრივ, ხელისუფლებაში აღარ დააბრუნებს "ნაცმოძრაობას". არსებული ვითარების გათვალისწინებით, ასეთი გაერთიანების წარმატების შანსი გაიზრდებოდა. თუმცა, როგორც იტყვიან ხოლმე, შანსი არის, იმედი არაო.

გიორგი კვიტაშვილი