მდუმარე სოფლის მარტოსული მცველი - კვირის პალიტრა

მდუმარე სოფლის მარტოსული მცველი

ლია ჩლაჩიძე ერგნეთში, საოკუპაციო ხაზიდან 200 მეტრში ცხოვრობს. ომგამოვლილ სოფელ ერგნეთს, რომელიც დღეს სანიმუშოდ უზრუნველყოფილი და გამაგრებული უნდა იყოს, უამრავი პრობლემა აქვს. აქ არ არის მაღაზია, საცხობი, აფთიაქი, არც ტრანსპორტი დადის ნორმალურად. შიშისა და საყოფაცხოვრებო პირობების გამო, სოფელი ყოველდღიურად იცლება. ლია ჩლაჩიძე აგვისტოს ომის მუზეუმის დამფუძნებელია - სახლის (რომელიც 2008-ში ოკუპანტებმა გადაუწვეს) სარდაფში გახსნილი მუზეუმისა, რომელიც ომის ისტორიას ინახავს. მას იმედი აქვს, რომ ერთ დღესაც, როცა მავთულხლართები დაინგრევა, ამ სივრცეში ოსები და ქართველები მშვიდობის ენით ისაუბრებენ.

- ცხინვალში დავიბადე და გავიზარდე... ცხინვალში არსებული ორი ქართული სკოლიდან, მე პირველი საშუალო სკოლა დავამთავრე. მას ცნობილი პიროვნება და მასწავლებელთა მასწავლებელი, ვახტანგ კასრაძე ხელმძღვანელობდა და სკოლას ვახტანგის სკოლად მოიხსენიებდნენ. უმაღლესიც ცხინვალში დავამთავრე - პედაგოგიური ინსტიტუტის, ფილოლოგიის ფაკულტეტი. შემდეგ განაწილებით მუშაობა დავიწყე და 25 წელი სკოლაში ვიმუშავე. 26 წლის უკვე სკოლის დირექტორის მოადგილე ვიყავი, ხშირად დირექტორის მოვალეობასაც ვასრულებდი. მაშინ ვფიქრობდი, რომ სკოლის გარდა სხვა სამყარო არ არსებობდა. თუმცა შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, სკოლიდან წამოვედი, ჟურნალისტიკაში, შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებში... საჯარო სექტორშიც ვიმუშავე, გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გახლდით, ადგილობრივი საკრებულოს ორგზის წევრი...

შვიდი წლის წინ ოკუპანტების მიერ დამწვარი ჩემი სახლის სარდაფში აგვისტოს ომის მუზეუმი დავაარსე. მყავს სამი შვილი და ორი შვილიშვილი... 1991 წლის 23 ნოემბერს სეპარატისტები რუსების ხელშეწყობით გიორგობა ღამეს ცხინვალს ბომბავდნენ და მეუღლე დაბომბვისას დაიღუპა, 45 წლის იყო.

გული მტკივა, ქართულ-ოსური ურთიერთობები ასე რომ შეიცვალა. ერთად ვცხოვრობდით ქართველები, ოსები, რუსები, სომხები, ებრაელები... დედამ საკუთარი შვილივით გამოზარდა ოსი ოჯახის ქალიშვილი, რომელსაც ოჯახის მხარდაჭერა აკლდა. არაჩვეულებრივი, ლამაზი ქალი დადგა, ჩემი შვილის ნათლიად ავირჩიეთ. ცხინვალში ჩემს მეზობლად ერთ მხარეს სომხები, მეორეზე კი ოსები ცხოვრობდნენ. ასეთ გარემოცვაში, როდესაც ერთი კედელი გვყოფდა, იმის სურვილი გვექნებოდა, ერთმანეთის მტრები გავმხდარიყავით? მესამე ძალამ ისე იმოქმედა, სიტუაცია ისე წაიყვანა, საშინელებები დაატრიალა. ახლა რაც დრო გადის, ყინული ლღვება, მაგრამ იყო დრო, ერთმანეთის დანახვის სურვილიც აღარ გვქონდა.

ერთ ამბავს გიამბობთ, რომელსაც ძალიან იშვიათად ვყვები, ჩემთვის ძალიან მგრძნობიარე თემაა და გული საშინლად მტკივა... 2008 წელს ერგნეთში, სადაც საკონტროლო-გამშვები პუნქტი იყო, გზა გადაიკეტა. ეს იყო ერთადერთი არტერია, რომლითაც ოსური და ქართული მხარე ერთმანეთს უკავშირდებოდა. იმ დროს ჩემმა მეგობარმა დამირეკა, რომელიც ცხინვალში მილიციის მაღალჩინოსანი იყო. დილის ექვს საათზე მისგან ზარი ძალიან გამიკვირდა და შემეშინდა... თურმე მისი ძმა, რომელიც ცხინვალის ახლო სოფელში მარტო ცხოვრობდა, ღამით გარეთ გავიდა და მგლებმა საშინლად დაკბინეს, ცხვირის ნაწილი და ყური მთლიანად მოჭმული ჰქონდა... ცხინვალში უთქვამთ, ჩვენ ვერაფერს ვუშველით, ვლადიკავკაზამდე კი ვერ ჩაასწრებს ცოცხალიო. პრობლემა ის იყო, ჩემს მეგობარს გამოუცხადეს, როგორც კი სამხრეთ ოსეთის კუთვნილ ტერიტორიას დატოვებ, ვეღარც უკან დაბრუნდები და, რასაკვირველია, სამსახურსაც დაკარგავო. ორ ცეცხლშუა ჩააგდეს ეს უაღრესად პატიოსანი ადამიანი და მთხოვდა, იქნებ მიშველო, როგორმე გაიყვანოო. მეც ურთულეს მდგომარეობაში აღმოვჩნდი. წარმოიდგინეთ, როგორია ჩაკეტილი სივრციდან მომაკვდავი ადამიანი გამოიყვანო, რომელიც ან გადარჩება, ან ვერა, მისიანებს რა პასუხი უნდა გასცე?! მაგრამ უკან ვერ დავიხევდი... სოფელ ტყვიავში დავრეკე, სადაც სასწრაფო დახმარების სადგური იყო. როცა ვუთხარი, ცხინვალში უნდა ჩავსულიყავით, შეშფოთებით მიპასუხეს, რას ამბობთ, ცხინვალში როგორ წამოვალთო. იმ დროს მარატ კულახმეტოვი იყო აქ სამშვიდობო ძალების სარდალი, რომელიც დღეს რუსეთის ფედერაციის ელჩია ეგრეთ წოდებულ ,,სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში"... მასაც დავუკავშირდი... მაშინ შერეული საკონტროლო კომისიის ჟურნალისტად ვმუშაობდი, კულახმეტოვთან შეხვედრა ხშირად გვიწევდა და გამოვიყენე სამსახურებრივი მდგომარეობა... კულახმეტოვმა მითხრა, სასწრაფო დახმარების მანქანა მოიყვანეთ, ცხინვალიდან გაგაყვანინებთ და უკანაც გამოგაცილებთო. სასწრაფოს ექიმები ძლივს დავითანხმე, რომ წამოსულიყვნენ... ცხინვალიდან ისეთი ავადმყოფი წამოვიყვანეთ, რომელსაც სიცოცხლის ნიშანწყალი აღარ ჰქონდა. თბილისში გადაყვანას ვეღარ ვასწრებდით და გორის სამხედრო ჰოსპიტალში მივიყვანეთ. დირექტორმა, უკეთილშობილესმა ადამიანმა, ბატონმა ნუკრი ჯოხაძემ მთელი ჰოსპიტალი ფეხზე დააყენა, პაციენტი სასწრაფო ოპერაციაზე შეიყვანეს... იმ კაცის ამბის გასაგებად ერგნეთიდან გორში ყოველდღე მივდიოდი. ტელეფონზე ძმასაც დავალაპარაკე...

და, ზუსტად იმ დროს, 8 აგვისტოს, ავადსახსენებელი ომი დაიწყო. ორი დღე და ღამე ჩემი შვილები სარდაფში იყვნენ გამოკეტილი. სანამ გავიყვანეთ და დავბინავდით, რამდენიმე დღე გავიდა და ის კაცი რომ ისე უპატრონოდ მიმრჩა, გული მტკიოდა. თურმე როგორც კი გორის დაბომბვა დაიწყო, ჰოსპიტალმა ევაკუაცია გამოაცხადა, თბილისში სხვადასხვა ლოკაციაზე განლაგდნენ... დავიწყე ძებნა, ხილიანზე, ინფექციურ საავადმყოფოში და სამწუხაროდ, უკვე გარდაცვლილი ვიპოვე. იმ კაცს თურმე ცოფი დაემართა და გარდაიცვალა. როგორი იყო, მისი ძმისთვის რომ უნდა დამერეკა და ეს ამბავი მეთქვა! ეს ყველაზე საშინელი წუთები იყო ჩემი ცხოვრებაში... როგორც კი დავრეკე, მიხვდა და მითხრა, არ მითხრა, რომ ჩემი ძმა ცოცხალი აღარ არისო. გორიდან რომ მიჰყავდათ, თურმე გონებაზე ყოფილა და უთქვამს, როგორმე ერგნეთამდე ჩამიყვანეთ, იქ ერთი ქალია, რომელმაც გადამარჩინა და ცხინვალში გამგზავნისო. რა იცოდა, აქაურობა როგორ იბომბებოდა... შემდეგ ეს მიცვალებული ქართველ ჯარისკაცებში გაიცვალა.

- ცხინვალში სახლი დატოვეთ?

- სახლი ცხინვალში მშვიდობიანობის დროს გავყიდეთ, მაგრამ კავშირს არ ვწყვეტდი... შემდეგ ათ წელზე მეტხანს ცხინვალში არ ვყოფილვარ. როდესაც ერგნეთის ბაზარი გაიხსნა, ჩემი მეგობრები გადმოდიოდნენ და მეც ჩასვლა 1995 წელს გავბედე.

მეუღლე 45 წლის იყო, რომ მოკლეს და მე 38 წლისა დავქვრივდი, მაგრამ ხომ იცით, რაც არ გკლავს, გაძლიერებსო, და მეც სხვა გზა არ მქონდა, უნდა გავძლიერებულიყავი, ჩემი სამი შვილი და მეუღლის მოხუცი მშობლები მე შემომყურებდნენ. რა ურთულესი წლები, საშინელი გაჭირვება გამოვიარეთ...

- ერგნეთში როდის დაბრუნდით საცხოვრებლად?

- 2000 წელს. აქ მხოლოდ ჩემი მეუღლის დედა, მოხუცი ქალი იყო დარჩენილი. მას შემდეგ აქედან აღარც წავსულვარ...

2004 წელს მუშაობა ცხინვალის ეუთოს ოფისში დავიწყე - ეს ერთადერთი ლეგიტიმური ორგანო იყო, შერეული საკონტროლო კომისია, რომელიც ქართულ-ოსურ კონფლიქტს არეგულირებდა. ომის დაწყების წინა დღეებში ცხინვალში ვიყავი. ქალაქის მოედანზე უამრავი სამარშრუტო ტაქსი, ავტობუსი და მანქანა იყო ჩამომდგარი. მოხუცები, ქალები, ბავშვები დიდი ჩანთებით მოდიოდნენ, ყველა საოცრად დაღვრემილი იყო... რუს ჯარისკაცს რომ ვკითხე, ამდენი ხალხი სად მიგყავთ-მეთქი, მიპასუხა, დასასვენებლადო. დასასვენებლად მთელი ქალაქი ერთ დღეს როგორ მიგყავთ-მეთქი, რაზეც რუსმა ჯარისკაცმა ძალიან უხეშად მომიგო, ეგ შენი ჭკუის საქმე არ არისო. მაშინ მივხვდი, რომ რაღაც დიდი და საშინელი იწყებოდა. რვა დღეში დაიწყო კიდეც ომი... ერგნეთში 11 აგვისტოს შემოვიდნენ რუსი ოკუპანტები, რომლებსაც სეპარატისტები შემოჰყვნენ და მთლიანად გააპარტახეს აქაურობა, 160 სახლი გადაწვეს, ხალხი დახოცეს, ჩვენი მეზობელი 90 წლის გიგო პაპა საკუთარ ლოგინში გამოწვეს...

სოფელში 19 აგვისტოს დავბრუნდი. ომი შეწყვეტილი იყო, მაგრამ გორამდე ისევ რუსი ჯარისკაცები პატრულირებდნენ. სამარშრუტო ტაქსით მეზობელ სოფლამდე ჩამოვედი და იქიდან შვიდი კილომეტრი ფეხით ვიარე. ენით აუწერელი საშინელება დამხვდა. ნიავი სახურავების დამწვარ თუნუქებს აჭრიალებდა. ერგნეთში ყველაფერი გადამწვარი იყო, სახლი და ყველა ნივთი ფერფლად გადაქცეული. აქაურობის სანახავად ჩამოვდიოდი, საცხოვრებლად კი 2009 წლის ბოლოს დავბრუნდი. დანიის ლტოლვილთა საბჭომ ეზოში ერთოთახიანი კოტეჯები აგვიშენა, სადაც ღამის გათევა შეიძლებოდა. მათი ძალიან დიდი მადლობელი ვართ. შვიდი წლის შემდეგ დანიის ლტოლვილთა საბჭომ ევროკავშირის დაფინანსებით ეტაპობრივად 160 სახლი აღადგინა. ჩვენი პოლიტიკოსები ახლა ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით რომ გამოდიან, მაშინ საერთოდ მიგვატოვეს. როცა სჭირდებოდათ, კარგად გამოიყენეს ევროკავშირის, არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსები და დღეს თურმე ჩვენ ვყოფილვართ უცხო ქვეყნების ინტერესების გამტარებლები. პარლამენტის, დღევანდელი მთავრობის წარმომადგენლებს­ შეეკითხეთ, როდის იყვნენ ერგნეთში ჩამოსული?

- დღეს რამდენად უსაფრთხოა აქ ცხოვრება?

- ძალიან საშიშია. აბა, რა იქნება, საოკუპაციო ხაზი ორას მეტრშია. მეზობელი არა მყავს, რამე რომ გამიჭირდეს და დამეხმაროს, თანაც აქ მკაცრი ზამთარი იცის.

პატრიარქის მოწოდებას ყოველთვის ვასრულებ, შობას ღამით ფანჯარასთან სანთელს ვანთებ, შარშან კი, სადაც შემეძლო, ყველა მეზობლის სახლთან მივედი და მათ ფანჯრებთანაც ავანთე. ღმერთს ვთხოვე, მე მაინც შემაძლებინე ამ ფანჯრებთან სანთლების ანთება და იქნებ აქაურობა ისევ აღორძინდეს-მეთქი.

- მუზეუმი როდის გახსენით?

- 2017 წელს... ჩემი იდეა იყო, შთაგონება კი კასპის ოკუპაციის მუზეუმმა მომცა. ამ სარდაფში რვა ქვევრია. ჯერ მინდოდა მარანი გამეკეთებინა, მაგრამ ომის შემდეგ ჩვენი სარწყავი და სასმელი წყლის რეზერვუარები ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩა და ხეხილი, ვაზი გამიხმა... მეგობრებისა და კიდევ ბევრი ადამიანის ძალისხმევით საერთო-სახალხო მუზეუმი გამოვიდა. ეს არის მუზეუმი მშვიდობისათვის. აქაურობას ძალიან ბევრი ვიზიტიორი ჰყავს, განსაკუთრებით უცხოელები. ქართველი მაღალჩინოსნებიდან აქ არავინ ყოფილა, უცხოელი ელჩებიდან კი ძალიან ბევრი. მაგალითად, გვესტუმრა გაერთიანებული სამეფოს ელჩი, რომელსაც დიდ პატივს ვცემ, მეტად თავმდაბალი პიროვნებაა. ყველაფერი დაათვალიერა, ძალიან ყურადღებით გვისმენდა. შემდეგ თქვა, დაუკმაყოფილებლობის გრძნობა დამრჩა და თუ შეიძლება კიდევ ჩამოვალო. ამერიკის სამივე ელჩი იყო. გვეწვივნენ ესტონეთის ომის მუზეუმის დირექტორი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელი, უკრაინელი ქალების დელეგაცია.

მუზეუმში არტეფაქტებია, სურათები თუ სხვა რამ, ყველაფერი რეალურია... მაგალითად, ბავშვის ფოტო, რომელიც 7 აგვისტოს დაიბადა. როდესაც ჰოსპიტალი დაბომბეს, დედამ ჩვილი ხალათში გაახვია და მეორე სართულიდან გადმოხტა. გვაქვს დამწვარი სახლიდან გამოტანილი გამურული აკვანი, რომელიც ვარიანიდან მეგობარმა გამომიტანა.

- მთავრობამ რა უნდა გააკეთოს, სოფელში­ ასეთი ურთულესი მდგომარეობა რომ არ იყოს?

- სასწრაფოდ უნდა შეიმუშაოს ადმინისტრაციული ხაზის მიმდებარე სოფლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამა, მოკლევადიანიც და გრძელვადიანიც, რათა აქ ხალხი დაბრუნდეს და ვინც აქ არის, დამაგრდეს. სოფლები მოხუცების პენსიის იმედზე ცხოვრობენ. 26 სოფელზეა საუბარი. ყველგან ერთი და იგივე სიტუაციაა. მაღაზია, აფთიაქი, პურის საცხობი თუ სხვა საყოფაცხოვრებო მომსახურების პუნქტი აქ აღარ არის. ტრანსპორტიც ჭირს. მხოლოდ რამდენიმე სამარშრუტო ტაქსი დადის. მოკლედ, ჯოჯოხეთია აქ ცხოვრება.

ცხინვალში ყველა ქართულ ტელეარხს უყურებენ, ხედავენ, რაც ხდება და მათ ჩვენთან ცხოვრება მოუნდებათ? აქედან ხალხი აიყარა და წავიდა, საზღვარს ვინ დაიცავს?! რამდენი ხანია ჩვენს უბანში ბავშვი არ დაბადებულა.

- სკოლა როგორ მდგომარეობაშია?

- ომის შემდეგ ერთმა ბანკმა აღადგინა. როგორც იქნა, მეზობელ სოფელში­ ორი სოფლის ერთობლივი საბავშვო ბაღი აშენდა.

- თქვენ ერგნეთიდან წასვლას არ აპირებთ?

- სტუმარი მყავდა ომის მუზეუმში შორეული ლიბანიდან, „ალ-ჯაზირას“ ჟურნალისტი ქალი. სანამ ოპერატორი კადრებს იღებდა, ჩვენ ყავასთან საუბარს შევყევით. მოიხიბლა აქაურობის სილამაზით, სიწყნარით, სიმშვიდით... მთხოვა, ფულს გადავიხდი და ორი დღით დავრჩებიო, არც ერთი კაპიკი მინდა თქვენი, რამდენი ხანიც გინდათ, დარჩით-მეთქი. მას ხმაური ყელში ჰქონდა ამოსული, სიმშვიდეს ეძებდა, მე ადამიანის დანახვა მენატრებოდა. არ მითქვამს, ხალხისგან დაცლილ უბანში რომ იყო. მკითხა, აქ ცხოვრების არ გეშინიაო? კი, როგორ არ მეშინია-მეთქი. გაოცდა, მერე რატომ არ მიდიხარო. მწარედ გამეღიმა... ამ მიწა-წყალს შეეწირა ჩემი მეუღლე და მე სად უნდა წავიდე?!