ნანა ჯორჯაძის პოლიტიკური ინტერვიუ - "დღეს პერსონა ნონ გრატა ვარ ჩვენი ხელისუფლებისათვის" - კვირის პალიტრა

ნანა ჯორჯაძის პოლიტიკური ინტერვიუ - "დღეს პერსონა ნონ გრატა ვარ ჩვენი ხელისუფლებისათვის"

რეჟისორი, მსახიობი და სცენარისტი ნანა ჯორჯაძე პირველი ქართველი შემოქმედია, რომლის ნამუშევარიც "ოსკარზე" საუკეთესო ფილმის ნომინანტი გახდა. კულტურული ინტროსპექტივა, ახალგაზრდული გატაცება, წარსულით რეფლექსია თუ ქართული კულინარია - ჯორჯაძის შემოქმედებითი ხაზი თემატურად მრავალფეროვანი, კომპოზიციურად კი ყოველთვის დახვეწილია. ის პირველი ქართველი რეჟისორია, რომელიც ევროპის კინოაკადემიის და ამერიკის კინოაკადემიის წევრად მიიწვიეს. სწორედ ამ აკადემიის წევრები განსაზღვრავენ კენჭისყრის გზით „"ოსკარის“ და ევროპის საუკეთესო ფილმის" ლაურეატებს. ქალბატონი ნანა რამდენიმე დღით თბილისში იმყოფებოდა და სიამოვნებით გვესაუბრა.

- ქალბატონო ნანა, ყოველთვის ველოდებით თქვენგან სიახლეებს. ამჟამად რით ხართ დაკავებული?

- როცა ფილმს ვამთავრებ, სულერთია­ - მხატვრულია, დოკუმენტური, მოკლემეტრაჟიანი თუ სერიალი, მთავრდება ჩემი ცხოვრების ძალიან დიდი, მნიშვნელოვანი ეტაპი, და როცა რაღაც მთავრდება, უზარმაზარი სიცარიელე ჩნდება სულში, სიცარიელე კი ბუნებაში შეუძლებელია. ამიტომ ყოველთვის რაღაც ახალი იწყება.

მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, საქართველოში არავინ დააფინანსებს ჩემს ფილმებს, მე მაინც ვმუშაობ. კინო ჩემთვის პროფესია ხომ არ არის, ცხოვრების წესია. ჰოდა, სანამ ცოცხალი ვარ, კინოთი ვცოცხლობ. ახლაც რამდენიმე პროექტზე ვმუშაობ ერთდროულად - მხატვრულზე და დოკუმენტურზე. ბევრი უნდა ვცადო, რამდენიმედან ერთი მაინც რომ შედგეს.

სამწუხაროდ, დღეს ისეა დაყენებული საკითხი, რომ ხელოვნება და პოლიტიკა ერთმანეთთანაა გადაბმული. თუ არა ხარ მმართველი პარტიის წევრი, მისი ლოტბარი და მაქებარი, არაფერი გამოვა. მე ეს არ შემიძლია. ამიტომ დღეს პერსონა ნონ გრატა ვარ ჩვენი ხელისუფლებისათვის. ჩემთვის არა აქვს მნიშვნელობა პარტიულ კუთვნილებას, მთავარია როგორ ემსახურები ქვეყანას და ერს.

- სამწუხაროა ამის მოსმენა ნანა ჯორჯაძისგან...

- რას ვიზამთ, ასეთ დროში ვცხოვრობთ. მაგრამ იცით, რა მამშვიდებს და მაძლევს იმედს? ჩემი სიცოცხლის მანძილზე იმდენი მთავრობა, იმდენი პოლიტიკური პარტია, იმდენი მინისტრი შეიცვალა, რომ მივხვდი, ისინი მიდან და მოდიან. იცვლებიან. მთავარია, ქვეყანა დაგვრჩეს და ადამიანებმა ღირსება არ დავკარგოთ.

- თქვენ ალბათ ადევნებთ თვალყურს მიმდინარე მოვლენებს. როგორ ფიქრობთ, კანონი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რამდენად შეეხება ჩვენი კულტურის მოღვაწეებს?

- ჩვენ მალე გავხდებით მოწმენი, როგორ შემოიტანენ ამ კანონში შესწორებებს­ და საერთოდ ჟანგბადს გადაგვიკეტავენ. მმართველ პარტიას თავისი გეზი აქვს აღებული და სამწუხაროდ, ხალხის ხმა არ ესმის. ტყუილია, რომ ეს კანონი გამჭვირვალობისთვის არის საჭირო, ისედაც ყველაფერი გამჭვირვალეა. კანონი ერთ სიბრტყეზე აყენებს ჩვენს მეგობარ და მტრულ სახელმწიფოებს და უცხოეთის გავლენის პირებად მოიხსენიებს იმ ხალხს, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე ზრუნავს. ეს კანონი კალკით არის გადმოტანილი. ალბათ, ასეთი დავალება აქვთ.

ხელოვნება ჩემთვის პოლიტიკასთან არანაირ კავშირში არ არის, გარდა ემოციურისა. ვფიქრობ, პოლიტიკას ძალიან დიდი, სპეციალური განათლება სჭირდება, რომელიც მე არა მაქვს. მიკვირს ხოლმე, როგორ აძლევენ თავს ამის უფლებას დღევანდელი ჩვენი პოლიტიკოსები, რომლებსაც პოლიტიკური განათლება კი არა, საშუალო სკოლაც არა აქვთ დამთავრებული.­ გასაოცარია, როგორ მართავენ ქვეყანას? ასი ნაბიჯით წინ უნდა შეგეძლოს ყველაფრის გათვლა, რათა არ იყო ჭანჭიკი ვიღა­ცის ხელში. შენს გადაწყვეტილებაზე, შენს პოზიციაზე, ქვეყნის ბედია დამოკიდებული. თავს ვერასოდეს მივცემ უფლებას, რომ პოლიტიკოსობა დავიწყო ან ჩავერიო. სამწუხაროდ, დღეს ისეა დაყენებული საკითხი, რომ ხელოვნება და პოლიტიკა ერთმანეთთანაა გადაბმული. იმის მაგივრად, რომ ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე იყოს აქცენტი, ისეთი კანონი შემოდის, რომელიც ამ პრობლემებს უფრო აღრმავებს და რაც ყველაზე საგანგაშოა, საქართველოს ევროპას აშორებს.

ახლახან ბერლინში ვიყავი და ქართველი მხატვრების ფანტასტიკური გამოფენები­ ვნახე. გადავდიოდი გალერეიდან გალერეაში, გამოფენიდან გამოფენაზე. აღარავინ აპირებს დაბრუნებას, იქ აფასებენ, პატივს სცემენ, პერსპექტივა აქვთ. ყველა გარბის ამ ქვეყნიდან, რომელშიაც ვერანაირ მომავალს ვერ ხედავენ. ნუთუ ეს არის ჩვენი დღევანდელი ქვეყნის მთავრობის მიზანი? ჩემი ბოლო ფილმიც ამაზეა. თუმცა მე მაინც იმედიანად ვარ.

- რას ფიქრობთ იმ რეფორმაზე, რომელიც კულტურის სამინისტროს მიერ ტარდება?

- "რეფორმა" ლათინური სიტყვაა და ცვლილებას, გარდაქმნას ნიშნავს, რომელიც როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ნიშნით არსებობს. დღევანდელი რეფორმა კულტურაში საბჭოთა კავშირში დაბრუნებაა, თანაც გაუარესებული. საბჭოთა კავშირის პერიოდში ნამდვილი პიროვნებები ახერხებდნენ ერისთვის, თავისი ქვეყნისთვის მაქსიმალური სამსახური გაეწიათ. გავიხსენოთ ბატონი ოთარ თაქთაქიშვილი, კულტურის მინისტრი, დიდი კომპოზიტორი, დირიჟორი, პიანისტი, პედაგოგი, განათლებული ინტელიგენტი, ბატონი რეზო ჩხეიძე, ნიჭიერი კინორეჟისორი, მენეჯერი, ტელეფილმების სტუდიის დამაარსებელი და ხელმძღვანელი, კინოსტუდია "ქართული ფილმის" დირექტორი 1973 წლიდან, პირველმა საბჭოთა კავშირის ურთულეს ცენტრალიზებულ, ტოტალიტარულ სახელმწიფოში 1974 წელს გახსნა ქართული კინოსკოლა, კინოსტუდია "დებიუტი", მიხეილ თუმანიშვილის ხელმძღვანელობით კინოსტუდიის ტერიტორიაზე დააარსა კინომსახიობთა თეატრი, ააშენა დიღომში ახალი კინოსტუდიის კომპლექსი და კიდევ ბევრი რამ... ორივე იყო განათლებული პიროვნება, ერის კაცები, პროფესიონალები, რომლებიც ფიქრობდნენ ქვეყანაზე, მის კულტურაზე. ბევრ კომპრომისზე მიდიოდნენ პირად ცხოვრებაში, მთავრობასთან დიპლომატიური ურთიერთობის ლავირებაში, ორივე კომუნისტური პარტიის წევრი იყო, მაგრამ პარტიას კი არ ემსახურებოდნენ, მასთან დიდ ბრძოლებს იგებდნენ - მთავარი საქმის, ერისა და ქვეყნის კულტურის არა მარტო გადასარჩენად, არამედ განვითარებისთვის.

იმას, რასაც საბჭოთა კავშირმა 70 წლის განმავლობაში გატარებული რეპრესიებით, ნგრევით, პროპაგანდითა და განადგურებით ვერ მიაღწია, დღეს ჩვენი ხელით ვაკეთებთ. კულტურის სამინისტროს აბსურდული ბრძოლა აქვს გამოცხადებული შემოქმედებთან. ერთი მხარე იბრძვის მმართველი პარტიის ძალაუფლებისთვის, მეორე კულტურის გადარჩენისთვის. ამიტომ სხვადასხვა, ერთმანეთისთვის გაუგებარ­ ენაზე ვლაპარაკობთ, სხვადასხვა მიზანი გვაქვს, რაც ასეთი პატარა ერისთვის დამღუპველია.

- თქვენ არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი ხართ, გაიხსენეთ თქვენი პირველი მთავარი ჯილდო და კანის ფესტივალი.

- კანის ფესტივალი განსაკუთრებული ადგილია, ცალკე სამყაროა. საქართველო კინემატოგრაფიულ ქვეყნად მიაჩნიათ. კანში პირველად "რობინზონიადით" ჩავედი და დებიუტისთვის მთავარი პრიზი - ოქროს კამერა მოვიპოვე. მერე იყო - "შეყვარებული კულინარის ათას ერთი რეცეპტი", შემდეგ 3 წელი ვიყავი კანის ფესტივალთან არსებულ „სინემა ეტ ლიბერტე“- ს პრეზიდენტი. ვიყავი მთავარი კონკურსის ჟიურის წევრი. ასე რომ, ძალიან სერიოზული და მჭიდრო ურთიერთობა მაქვს კანთან. წელსაც მიიწვიეს ჩემი ფილმი "რობინზონიადა" კანის კლასიკაში, მაგრამ, სამწუხაროდ, აქ ასლი ვერ დამიბეჭდეს.

- რატომ?

- იმიტომ, რომ კანის ფესტივალმა უნდა მოგვწეროს წერილი ასლის დაბეჭდვის თხოვნით, ცალკე კულტურის მინისტრს, ცალკე კინოცენტრის დირექტორს და ცალკე კინოსტუდიასო. როდესაც ქართული კინო კანის კინოფესტივალის ისტორიის კლასიკაშია შეტანილი და მე ამ დროს ასლს არ მიბეჭდავენ, ცოტა უცნაურია, არა? მიუხედავად ამისა, მე მაინც მივდივარ, რადგან კანში ამერიკის კინოაკადემია მეპატიჟება თავის საღამოზე, როგორც წევრს. აგრეთვე ევროპის კინოაკადემიაც მეპატიჟება და აუცილებლად უნდა წავიდე.

- თქვენ ხომ იქ საქართველოს სახელით გადიხართ.

- კულტურის სამინისტროს ქართული კინოს ბედი რომ აინტერესებდეს, ჩვენს ფანტასტიკურ და ნიჭიერ ახალგაზრდებს­ მისცემდნენ ფილმების გადაღების საშუალებას. კინოს სათავეში პროფესიონალები უნდა იყვნენ, პიროვნებები, რომ­ლებიც ქვეყნის ერთგული, ღირსეული ადამიანები არიან და რაც მთავარია - კულტურას დაფინანსება და თავისუფლება სჭირდება. სახელმწიფო საკმარისად არ ან ვერ აფინანსებს და სამწუხაროდ, საქართველოში მეცენატების ინსტიტუციაც ფაქტობრივად არ არსებობს.

ისტორიის მანძილზე საქართველო არაერთხელ ყოფილა უმძიმეს სიტუაციაში, მაგრამ დღემდე მოვაღწიეთ. ქალბატონ მარიკა ლორთქიფანიძეს მის ბოლო ინტერვიუში ვკითხე, ამდენი უბედურება გადავიტანეთ და რამ გადაგვარჩინა-მეთქი. არ ვიციო, მიპასუხა. მერე უცებ გააგრძელა, რამ გადაგვარჩინა და, ნამდვილმა რწმენამ, და რაც მთავარია, საქართველოს სხვადასხვა­ ცოდნის, განათლების, ინტელექტის მეფეები ჰყავდა, მაგრამ საქართველოს მეფე მოღალატე არ ჰყოლია! და დღეს? - აი, ამ კითხვით დაამთავრა ინტერვიუ ქალბატონმა მარიკამ.

არ მახსოვს, სად გამიგონია თუ წამიკითხავს, მრგვალ მაგიდას 20 ღირსეული, ქვეყნის ერთგული, კეთილშობილი ადამიანი თუ შემოუსხდება, ქვეყანას გადაარჩენენო. იცით, აი, იქ, ზეციურ საქართველოში ბევრი მეგულება, ვინც ამ მრგვალ მაგიდას შემოუსხდებოდა. დღეს საქართველოში შეიკრიბება ასეთი ოცი კაცი? არ ვიცი...

რუსუდან შაიშმელაშვილი