"არც ერთი მეომარი არ ფიქრობს, რომ ამ ომში დამარცხდება" - კვირის პალიტრა

"არც ერთი მეომარი არ ფიქრობს, რომ ამ ომში დამარცხდება"

"ჯერ ადრეა შამპანურის გახსნა", - უთხრა ამერიკელმა დემოკრატმა სენატორმა რიჩარდ ბლუმენტალმა ვლადიმირ პუტინს მას შემდეგ, რაც აშშ-ის სენატმა 95 მილიარდი დოლარის მოცულობის დახმარების პაკეტი დაამტკიცა უკრაინისთვის, ისრაელისა და ტაივანისთვის (61 მლრდ უკრაინისთვის, 26 მლრდ-ზე მეტი ისრაელისთვის და 8 მლრდ-ზე მეტი ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებისთვის). ჩNN-ის ინფორმაციით, პაკეტი აერთიანებს ოთხ კანონპროექტს, რომელთაგან მეოთხე ზრდის სანქციებს რუსულ აქტივებზე და ჩინურ კომპანია BყტეDანცე-ს დაახლოებით ცხრა თვეს აძლევს თიკთოკ-ის გასაყიდად, წინააღმდეგ შემთხვევაში აპლიკაცია ამერიკულ აპპ სტორეს-ში აიკრძალება. საკანონმდებლო პაკეტს აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი უკვე მოაწერა.

ახალმა ამბავმა გამარჯვების იმედი გაუმყარა მებრძოლებს. ჩვენ დავუკავშირდით "კავკასიური ლეგიონის" მებრძოლებს­ და მათ ამერიკულ დახმარებასა, ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებასაე და ბრძოლის მოტივაციაზე ვესაუბრეთ.

ნიკა ბიჩახია:

- ამაზე უკეთესს ვერაფერს ვინატრებდით. მართლა ნაადრევად დაიწყეს რუსებმა შამპანურის გახსნა, ჯერ ყველაფერი წინ არის.

sdpsd-1714570883.jpg
ნიკა ბიჩახია

ბესო მანუკოვი:

- მოუთმენლად ველოდით ამერიკის დახმარებას. ძალიან გვიჭირს იარაღი, რუსეთს კი ბევრი აქვს საბჭოთა კავშირის დროიდან შემორჩენილი, 2014 წელს უკრაინიდანაც ბევრი იარაღი გაიტანეს. ეს არ არის ომი მხოლოდ უკრაინის გადასარჩენად, რუსეთი საფრთხეა ყველა მეზობელი და არამეზობელი ქვეყნისთვის. ღმერთმა არ ქნას, თუ უკრაინა დამარცხდება, შემდეგი საქართველო იქნება.

untitled-1714570921.jpg
ბესო მანუკოვი

ილო ლომიძე:

- სამწუხაროდ, რუსები დაწინაურდნენ, ჩვენ კი იარაღის გარეშე რა შეგვიძლია! თუ შარშან ამ დროს ჩვენი საარტილერიო დანადგარები დღეში ათ ჭურვს ისროდნენ, ახლა ორს ძლივს ისვრიან.

pghphphpg-1714570978.jpg
ილო ლომიძე

ბესო მანუკოვი: - რუსები ძალიან აქტიურობენ როგორც სხვადასხვა სისტემის რაკეტებით, ასევე კამიკაძე-დრონებით. ჩვენ ჭურვების დეფიციტი გვაქვს. ნატოს სტანდარტის იარაღი ძალიან კარგია, მაგრამ ამას ტყვია-წამალი, ჭურვი და ნაღმიც სჭირდება. ბევრი რამ არ გვაქვს. ძირითადად, ცოცხალი ძალის ფასად ვაკავებთ რუსებს.

ნიკა ბიჩახია: - კარგი იქნება, თუ ამერიკა გააკონტროლებს, სად მიდის მისი ფული და იარაღი. ერთხანს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკელები აღარ აპირებდნენ იარაღის მოწოდებას და ამ ამბავმა მხოლოდ უკრაინელები კი არა, აქ მყოფი ყველა ეროვნების მებრძოლი გააღიზიანა.

ილო ლომიძე: - ძნელია იმის ფიქრი, რომ შეიძლება მეგობარმა თუ პოლიტიკურმა პარტნიორმა გადამწყვეტ მომენტში მიგატოვოს. ამის შიში ნამდვილად გვქონდა. ჩვენ ერთი რამ გვაქვს გათავისებული - რაც არ უნდა მოხდეს, ბოლომდე უნდა დავუდგეთ უკრაინას გვერდით, თუ არ გვინდა შემდეგი ოკუპაციის მსხვერპლი საქართველო იყოს.

- ამ გაჭიანურებული ომის განმავლობაში შინ დაბრუნებაზე არასდროს გიფიქრიათ?

- ერთი თვით მომიწია ფრონტის ხაზის დატოვებამ და ერთი სული მქონდა, უკან როდის დავბრუნდებოდი. სულ იმის ფიქრში ვიყავი, ვინ იცის, ახლა როგორ ვჭირდები ჩემს ძმებს-მეთქი.

ნიკა ბიჩახია: - წუთითაც კი არ მიფიქრია ამაზე. მართალია, ეს ბრძოლა ძალიან რთულია, ღალატიც ბევრია, მაგრამ თავისუფლებისთვის ბრძოლა ყველაზე მნიშვნელოვანია. დედა უკრაინელი მყავს, უკრაინაში დავიბადე და გავიზარდე, ჩემი სამშობლოს დაცვაში არასდროს დავიღლები. შეიძლება ვიღაცას შეუძლია მტერს თავი დაუხაროს ან ბრძოლის ველიდან გაიქცეს, მაგრამ მე ამას არასდროს ვიზამ. უკრაინელები კარგი მებრძოლები არიან, მაგრამ ქართველები საუკეთესოები. რაც ლადო გამსახურდია გავიცანი, ქართული დროშით ვიბრძვი და ეს ძალიან მეამაყება.

ილო ლომიძე: - 2022 წლიდან ვიბრძვი. ცხინვალიდან ვარ, 6 წლის ვიყავი, რუსებმა ჩემი ოჯახი რომ დაარბიეს და ღია ცის ქვეშ დაგვტოვეს. ხან ერთ ნათესავთან ვიყავით შეფარებული, ხან მეორესთან, მერე დროთა განმავლობაში მამაჩემმა გორში შეძლო სახლის აშენება. სამხედრო იმიტომ გავხდი, რომ მინდოდა წართმეული უკან დამებრუნებინა. ათი წელი ვიმსახურე ქართულ ჯარში, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეც ვარ. როგორც კი უკრაინაში შეიჭრა რუსეთი, მაშინვე გადავწყვიტე აქ გამეგრძელებინა მტრის წინააღმდეგ ბრძოლა, მით უფრო, რომ დედა მეც უკრაინელი მყავს. რუსეთი ჩემს ორივე სამშობლოს ანადგურებს და მე სახლში რა გამაჩერდება?!

ბესო მანუკოვი: - მალე ორი წელი შესრულდება, რაც აქა ვარ. 14 წელი ვიმსახურე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, ავღანეთის მისიაშიც მაქვს მონაწილეობა მიღებული. სამწუხაროდ, ქართველები არც რიცხობრივად ვართ იმდენი და არც შესაბამისი შეიარაღება გვაქვს, რომ რუსებს სათანადო წინააღმდეგობა გავუწიოთ. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისას დავინახე, რომ ჩემი ქვეყნის დამაქცევრის წინააღმდეგ ბრძოლის შესაძლებლობა მეძლეოდა და ეს შანსი გამოვიყენე. ამ ლეგიონის შესახებ ლეგენდები დადის, ბევრ კარგ საქმეს აკეთებენ და მეც ამ ლეგიონის სახელით ვიბრძვი ყველაზე დაუნდობელი და უღირსი მტრის წინააღმდეგ. მე რუსებს მეომრებად არ მივიჩნევ, რუსეთი არ არის მეომარი სახელმწიფო, ეს არის ტერორისტული ქვეყანა. დასახლებულ პუნქტებს ურტყამენ, მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავენ მხოლოდ იმიტომ, რომ ხალხი ისე დააგლახაონ, საკუთარ ხელისუფლებას კაპიტულაცია მოსთხოვონ. რაც წლებმა და გამოცდილებამ მასწავლა, ის არის, რომ რუსი არც მეგობრად ვარგა და არც პოლიტიკურ პარტნიორად, გაიძვერები არიან. შესაძლებლობას არ გაუშვებენ, რომ ზურგში დანა არ ჩაგცენ. ერთნაირად დაუნდობელი იყო და არის საქართველოშიც, ჩეჩნეთშიც, უკრაინაშიც და სირიაშიც.

- მას შემდეგ, რაც უკრაინის თავდაცვის უწყებას ოლექსანდრ სირსკი ხელმძღვანელობს, რა შეიცვალა ბრძოლის სტრატეგიაში?

ილო ლომიძე: - ფრონტის ხაზზე არაფერი შეცვლილა, უბრალოდ, ზალუჟნის მიმართ უფრო სხვა განწყობა გვქონდა, ის უფრო მიგვაჩნდა ლიდერად. მხოლოდ ერთს ვიტყვი - ზალუჟნი უფრო ეფექტური იყო. იმედია, ამერიკული დახმარების შემდეგ ბევრი რამ შეიცვლება.

- როგორც ვიცი, უკრაინის დაზვერვას აქვს ინფორმაცია, რომ რუსები აპრილის ბოლოს ან მაისის შუა რიცხვებში აპირებენ შეტევაზე გადმოსვლას...

- უკვე არიან შეტევაზე გადმოსული, ავდეევკის მიმართულებაზე, ჩრდილოეთით და კიდევ ბევრი სხვა მიმართულებით მნიშვნელოვანი ტერიტორიები დაიკავეს. ძალიან კარგია, რომ ამერიკამ გადაწყვიტა იარაღის მოწოდება, მაგრამ დასავლეთის სხვა ქვეყნების აქტიურობაც ძალიან მნიშვნელოვანია. ყველამ უნდა იცოდეს - თუ უკრაინა დამარცხდება, ევროპის ქვეყნები რიგრიგობით გახდებიან რუსული ოკუპაციის სამიზნეები. სხვათა შორის, ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორიც გასათვალისწინებელია - რუსები ამ ბრძოლაში უფრო დაიხვეწნენ, სტრატეგიაც შეცვალეს და გაცილებით ბრძოლისუნარიანები არიან, ვიდრე ომის დაწყების პირველ თვეებში იყვნენ. ამის მიუხედავად, დამერწმუნეთ, არც ერთი მეომარი არ ფიქრობს, რომ ამ ომში დამარცხდება. ჩვენ გამარჯვების მოლოდინში ვართ.

ნიკა ბიჩახია: - უკრაინას გავათავისუფლებთ, საქართველოსაც და მერე მთლიან კავკასიასაც. შეიძლება ვიღაცას ახლა ეს შეუძლებლად მიაჩნია, მაგრამ მალე იხილავთ კავკასიას რუსების გარეშე.

ხათუნა ბახტურიძე