შესაძლებელია თუ არა განცხადების დაწერის გარეშე კერძო კომპანიიდან წამოსვლა - კვირის პალიტრა

შესაძლებელია თუ არა განცხადების დაწერის გარეშე კერძო კომპანიიდან წამოსვლა

გაზეთ "კვირის პალიტრაში" გრძელდება მკითხველებისთვის საინტერესო კითხვებზე პასუხების გაცემა. ამჯერად სამართლებრივ რჩევებს მოგცემთ როგორც სისხლის სამართალში, ასევე სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში ლიცენზირებული ადვოკატი გიორგი ქათამაძე.

თიბისი ბანკში მაქვს ვალი და ბანკმა კერძო კომპანიას გადასცა. არც ბინა მქონია ჩადებული. ბინა მეუღლის სახელზეა გაფორმებული და თან ის ბინა სახელმწიფომ მოგვცა, რადგან ვარ დევნილი. შეუძლიათ თუ არა ბინა რომ გამიყიდონ?

- საკრედიტო ვალდებულების შეუსრულებლობის გამო კერძოსამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ პირს, რომელსაც საკრედიტო ვალდებულება აქვს, შესაბამისად, პასუხისმგებელი პირი საკრედიტო ვალდებულებებისთვის პასუხს აგებს მხოლოდ თავისი მოძრავი/უძრავი ქონებით. თუ ქონება არ ეკუთვნის მსესხებელს/მოვალეს, ცხადია, სხვა პირის ქონების ხარჯზე კრედიტორი ფულად მოთხოვნას ვერ დაიკმაყოფილებს.

თუ საკითხი ისეთ ქონებას ეხება, რომელიც თანასაკუთრებაა, მაგალითად, თუ უძრავი ქონება ეკუთვნის ერთ-ერთ მეუღლეს და ამათგან ერთს აქვს საკრედიტო დავალიანება, კრედიტორს შეუძლია იმ მეუღლის უძრავი ქონების წილის რეალიზაციის საკითხი დააყენოს, რომელიც მსესხებელს ეკუთვნის.

2005-2006 წლებში იყო თუ არა შესაძლებელი სატელიტური ფოტოების მოპოვება? თუ დღეს მოიპოვებს ვინმე მაშინდელ სატელიტურ ფოტოებს და ამის საფუძველზე შევიტანთ საჩივარს სასამართლოში, ჩათვლის თუ არა ამ მასალებს სასამართლო ახალ გარემოებად?

- მოცემული საკითხი საჭიროებს დაზუსტებას. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, თუ რა კუთხით უნდა დაზუსტდეს, ორთოფოტო საქართველოს რომელი რეგიონის შესახებ ესაჭიროება. 2006-2007 წლების ორთოფოტოები იძებნება, მაგრამ იმ მიზნებისთვის გამოდგება თუ არა, რისთვისაც შეიძლება იყოს საჭირო, ეს ცალკე საკითხია. რაც შეეხება მეორე საკითხს, ორთოფოტოები ჩაითვლება თუ არა სასამართლოსთვის ახალაღმოჩენილ გარემოებად, ამ საკითხზეც ზოგადი პასუხი უნდა გაიცეს, ვინაიდან მოცემული თემა ეხება საპროცესო ნორმას, ხოლო იმის შეფასება, სასამართლო ჩათვლის თუ არა ახალაღმოჩენილ გარემოებად, იქნება არასწორი იმ თვალსაზრისით, რომ აღნიშნული საკითხი საჭიროებს ფაქტობრივი გარემოების დეტალურ შესწავლას. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლო ახალაღმოჩენილ გარემოებად არ მიიჩნევს ისეთ მტკიცებულებას, რომლის წარდგენა სამართალწარმოებაში მონაწილე მხარეს შეეძლო სასამართლოში საკითხის განხილვის დროს.

უცხოეთის მოქალაქემ შეიტანა განაცხადი მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებაზე. ჩააბარა ყველა გამოცდა, მაგრამ კომისიისგან მაინც უარი მიიღო. შეგვიძლია თუ არა გამოვითხოვოთ კომისიის სხდომის ოქმი და დასკვნა, რათა გავარკვიოთ, რის საფუძველზე ეთქვა უარი და შემდეგ სად შეიძლება ამის გასაჩივრება?

- უარი უნდა გასაჩივრდეს სასამართლოში უარის თქმიდან 30 დღის ვადაში. საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტების გამოთხოვა უნდა მოხდეს სასარჩელო წარმოების ფარგლებში, შუამდგომლობით.

თიბისი ბანკის იპოთეკით ვიყიდეთ ბინა, სრული სესხი არ ამიღია, თანხის ნაწილი მქონდა და ნაწილი ავიღე ბანკიდან. ვიხდიდი ჩვეულებრივად. ეს იპოთეკიანი ბინა გავუფორმეთ ჩემს არასრულწლოვან შვილს, მაგრამ სესხი ყოფილი მეუღლის სახელზეა ბანკიდან გამოტანილი. ახლა დავშორდით ერთმანეთს. ბავშვი ჩემი შვილია, რომელიც პირველი ქორწინებიდან მყავს. ხელი არა გვაქვს მოწერილი და ოფიციალურად არაფერი გაგვიფორმებია. მე რომ გავაგრძელო სესხის გადახდა, მას ხომ არ შეუძლია ბინა წამართვას? როგორ მოვიქცე? მე ჩემს სახელზე ვერ გავიფორმებ ბინას, რადგან ყადაღა მადევს და თავის დროზეც ჩემს არასრულწლოვან შვილს ამიტომ გავუფორმე.

- მოცემულ შემთხვევაში უძრავი ქონება არის ბავშვის საკუთრება და გამოყენებულია მამის სესხის უზრუნველსაყოფად - იპოთეკით არის დატვირთული. უპირველეს ყოვლისა, ბინა რომ იქნეს შენარჩუნებული და არ დადგეს მისი რეალიზაციის საკითხი სასესხო ვალდებულების შესრულებისთვის, სესხი უნდა დაიფაროს, ხოლო საკრედიტო ვალდებულების დასრულების შემდეგ იქმნება შემდეგი გარემოება - იპოთეკის არსებობას საფუძველი აღარ ექნება და ბინა იპოთეკისგან გათავისუფლებული რჩება ბავშვის საკუთრებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ყოფილ მეუღლეს ბინის გაყოფის მოთხოვნის უფლება არ წარმოეშობა სამართლებრივად. ამიტომ მთავარია საკრედიტო ვალდებულების შესრულება, ხოლო შემსრულებელი ვინ იქნება, მნიშვნელოვანი არ არის.

მეუღლემ ჩუქებით გამიფორმა სოფელში არსებული სახლის თავისი წილი, ახლა ჩემთან ოფიციალურად განქორწინდა. შეუძლია ჩუქება გააუქმოს?

- განქორწინება არ არის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველი. სამართლებრივად, ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საფუძვლები არის, როდესაც დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ ჩუქება შეიძლება გაუქმდეს ერთი წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მჩუქებელი შეიტყობს იმ გარემოების შესახებ, რომელიც მას ჩუქების გაუქმების უფლებას აძლევს.

საკუთარი ავტოფარეხის წინ ბარიერი გავაკეთე, მეზობლები ამის გამო სულ მეჩხუბებიან, რომ ეს არ არის კანონიერი, არადა, როცა მოვდიოდი, მანქანა ვერ შემყავდა. იქნებ თქვენ ამიხსნათ ამით რას ვარღვევ?

- ამ საკითხის განსახილველად აუცილებელია იმ გარემოების ცოდნა, რომ ავტოფარეხი მისი მფლობელის საკუთრება არის თუ არა, ანუ შეიძლება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობისგან იყოს გადაცემული მხოლოდ მფლობელობაში და არა საკუთრებაში. ამასთან, თუ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო ფართობზე მოხდა მსგავსი ბარიერის აღმართვა, გამოდის, საერთო სარგებლობის ამხანაგობის ფართობს თვითნებურად დაეუფლეთ, მაშინ როდესაც ამისათვის ამხანაგობის ნებართვაა საჭირო. აქვე უნდა ითქვას, რომ მოცემული მსჯელობა არის სავარაუდო, ვინაიდან საკითხთან დაკავშირებული ზუსტი დეტალები უცნობია.

თიბისი ბანკში მაქვს ვალდებულება, რომელიც ვადაგადაცილების გამო გადავიდა იურიდიულ კომპანიაში. 2 წელია ვერ ვიხდი. დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ თუ სასწრაფოდ არ დავიწყებ გადახდას, საქმე გადავა სასამართლოში, ამ სამართალწარმოების გადახდაც მე მომიწევს. ვერ ვახერხებ თანხის შეტანას. რისი გაკეთება შემიძლია? თუ არის შესაძლებელი, რომ მხოლოდ თანხის ძირი გადავიხადო და ჯარიმა და პროცენტები დაკორექტირდეს?

- უპირველეს ყოვლისა უნდა გადამოწმდეს, სესხი არის თუ არა ხანდაზმული. საკრედიტო-საფინანსო ორგანიზაციები მეტ შემთხვევაში ყიდიან მოთხოვნებს პრობლემური აქტივების მართვის ორგანიზაციებზე, ვინაიდან მიაჩნიათ, რომ კრედიტის დაბრუნება გარკვეულ რისკებს შეიცავს. ამიტომ აღნიშნულის გასარკვევად უნდა მოიძიოთ ყველა საჭირო დოკუმენტი, რომელთა მიხედვითაც გადამოწმდება სესხის ხანდაზმულობა. რაც შეეხება ჯარიმების პატიებას, შეგიძლიათ მიმართოთ სასამართლოს. მოსამართლეს აქვს უფლება საპატიოდ ჩათვალოს ჯარიმები და შეამციროს, ან უკეთეს შემთხვევაში არ დაუკმაყოფილოს სარჩელი ჯარიმის ნაწილში მოსარჩელეს, ასევე ჯარიმების პატიება შესაძლებელია კრედიტორთან მოლაპარაკების გზითაც. რაც შეეხება პროცენტს, ბანკები, როგორც წესი, ვერ ახდენენ პროცენტის კორექტირებას, ხოლო თუ მოთხოვნა პრობლემური აქტივების მართვის კომპანიას აქვს, მათ შეიძლება შეამცირონ, რაც ინდივიდუალურია, დამოკიდებულია შემთხვევაზე.

ბინა მქონდა დაქირავებული, მაგრამ მოულოდნელად მესაკუთრემ შემიცვალა ბინის საკეტი და აღარ შემიშვა ბინაში. ჩემი ნივთები მიისაკუთრა. რა შეიძლება გავაკეთო?

- როგორც წესი, დღევანდელი კანონმდებლობის გათვალისწინებით, საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლება ხდება სასამართლოს გადაწყვეტილებით. ამ საკითხის განსახილველად აუცილებელია იმის ცოდნა, ქირავნობის ხელშეკრულება კანონით დადგენილი წესით შეწყვეტილი იყო თუ არა, ანუ დამქირავებელს ისევ ჰქონდა თუ არა სამართლებრივად ბინაში ყოფნის უფლება. რაც შეეხება ბინაში დარჩენილ ნივთებს, სასამართლო გზით შეიძლება ნივთები გამოთხოვილ იქნეს უკანონო მფლობელობიდან. თუმცა საჭიროა იმ მტკიცებულების არსებობა და აღწერა, თუ რა ნივთები იყო ბინაში, რომელიც გამქირავებელმა მიისაკუთრა.

სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული და ყადაღა ადევს მესამე პირის ქონებას. ადვოკატთან გავიარე კონსულტაცია, მაგრამ ნორმალურად ვერ გამაგებინა, როგორ უნდა მოვიქცე. სამოქალაქო წესით უნდა ვიდავო, რომ გამოვათავისუფლო ეს ქონება?

- სისხლის სამართლის საქმეზე ყადაღა შეიძლება არსებობდეს იმ საფუძვლით, რომ ქონება გამოყენებული იყო აღმკვეთი ღონისძიების ფარგლებში, ხოლო ბრალდებულმა დაარღვია ღონისძიების პირობები. ასევე, თუ გამოძიება მიიჩნევს, რომ ქონება უკანონო საქმიანობით არის მოპოვებული, აყადაღებს ქონებას ზიანის ასანაზღაურებლად. თუ ყადაღა ედო აღკვეთის პირობების გამო და საქმე დასრულებულია, სასამართლოს განაჩენში ნამსჯელი ექნება მოსამართლეს ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების საკითხი, ამ შემთხვევაში განაჩენი უნდა წარედგინოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს; ხოლო, თუ გამოძიებამ მიიჩნია, რომ ქონება უკანონო საქმიანობით არის შეძენილი ან მოპოვებული, მაშინ, როგორც წესი, საქმის სრულად დასრულებამდე ყადაღა არ იხსნება.

მაქვს პრობლემური სესხი, თუმცა ახალი გრაფიკით ვადაგადაცილების გარეშე ვიხდი. ახლა უძრავი ქონების გაფორმება მინდა ჩემს სახელზე და მაინტერესებს, სახლს ყადაღას ხომ არ დაადებენ ამ ვალის გამო?

- თუ სესხი გრაფიკშია და არ არსებობს სესხის ხელშეკრულების შეწყვეტისა და მისგან გამომდინარე სრული მოთხოვნის დაყენების წინა პირობა, ქონებაზე ყადაღის გამოყენების საფუძველიც არ არსებობს. შესაბამისად, მსგავსი მოთხოვნა რომც დააყენოს სასამართლოს წინაშე კრედიტორმა, სასამართლო არ დააკმაყოფილებს უსაფუძვლობის გამო.

შემიძლია თუ არა განცხადების დაწერის გარეშე პირდაპირ წამოვიდე სამსახურიდან, ვმუშაობ კერძო კომპანიაში. რა ბერკეტი აქვს ამ დროს კომპანიას? ხელშეკრულება არა მაქვს გაფორმებული.

- ამ საკითხზე ამომწურავი პასუხის გასაცემად საჭიროა მეტი დეტალის ცოდნა. მაგალითად, იმის, თუ რამდენ ხანს მუშაობდა დასაქმებული კონკრეტულ სამსახურში, გაეცნო თუ არა შინაგანაწესს და ორგანიზაცია მიიჩნევს თუ არა შინაგანაწესს შრომითი ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად. შრომის კოდექსის თანახმად, შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულების ფაქტობრივად დაწყების მომენტიდან. თუ დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის ურთიერთობა ჩაითვალა შრომითსამართლებრივ ურთიერთობად, მაშინ დასაქმებულმა უნდა შეატყობინოს დამსაქმებელს 30 კალენდარული დღით ადრე. მაგალითად, თუ არ შეატყობინა, იმის გათვალისწინებით, თუ რა პოზიციაზე მუშაობდა დასაქმებული, რამდენად მნიშვნელოვანია ორგანიზაციისთვის დასაქმებულის შემცვლელის ჩანაცვლება დროულად, შეიძლება ორგანიზაციას მიადგეს ზიანი სამსახურის თვითნებურად მიტოვების გამო და აღნიშნულმა წარმოშვას ახალი დავა მხარეთა შორის. ამიტომ მიზანშეწონილია, თუ დასაქმებული 30 კალენდარული დღით ადრე შეატყობინებს დამსაქმებელს სამსახურიდან წასვლის შესახებ.