ერმიტაჟის ქართული საგანძური - კვირის პალიტრა

ერმიტაჟის ქართული საგანძური

16-21 აპრილს საზოგადოებრივი გაერთიანება "საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის" ორგანიზებით გაიმართა გამოფენა "ქართული ექსპონატები საზღვრებს გარეთ" (რეკონსტრუქცია), სადაც პირველად საქართველოში წარმოდგენილ იქნა ერმიტაჟის მუზეუმში დაცული ქართული საგანძური. ექსპოზიციას საფუძვლად უდევს სამეცნიერო ნაშრომი "შუა საუკუნეების ქართული­ ტორევტიკა - ერმიტაჟის კოლექციაში გამოკვლევა და ატრიბუციები", რომელიც ერთადერთი ნაშრომია ერმიტაჟში დაცული ქართული ექსპონატების შესახებ. ნაშრომი 2016 წელს გამოიცა ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებათა კანდიდატის ალვიდა მირზოიანის ავტორობით, იდეის ავტორია ისტორიულ-კულტურული ფონდის "ერთიანი რწმენით, ქართველი თავადაზნაურობა სანქტ-პეტერბურგში" პრეზიდენტი ფატი წერეთელი. ალვიდა მირზოიანი მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა ერმიტაჟში, ის ქართულ და სომხურ საგანძურს იცავდა. გამოფენა "ქართული ექსპონატები საზღვრებს გარეთ" ეძღვნება ერმიტაჟში დაცული ქართული ძეგლების ერთ ნაწილს - ქრისტიანული ეპოქის ჭედური ხელოვნების ნიმუშებს. 16-21 აპრილს საზოგადოებამ პირველად გაიცნო ქართული ჭედურობის ის ძეგლები, რომელთაც სავალალო ბედი ხვდათ წილად და ფართო საზოგადოება აქამდე არ იცნობდა. რა გზა განვლო პროექტმა და როგორ გაიმართა ექსპოზიცია, "კვირის პალიტრას" "საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის" წევრი ირაკლი მამალაძე­ უამბობს:

2dca0243-8ea3-48a2-82f6-77b96438d60b-1714321889.jpg

- იდეა ჯერ კიდევ 2020 წელს გაჩნდა, როდესაც წამოვიწყეთ ონლაინკამპანია, სახელწოდებით "უცხოეთში დაცული ქართული საგანძური", რაც მიზნად ისახავდა მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმში დაცული ქართული ექსპონატების პოპულარიზაციას. მოძიებულ იქნა ინფორმაცია ერმიტაჟის მუზეუმში დაცული საგანძურის შესახებ, მოგვიანებით კი გადავწყვიტეთ გაგვემართა გამოფენა და სასტუმრო "შერატონში" ერთი კვირის განმავლობაში გამოფენილი იყო უნიკალური ექსპონატები. თითოეულს ურთულესი გზა აქვს განვლილი საქართველოდან ერმიტაჟამდე. ეს არტეფაქტები ყველას დააფიქრებს, თუ როგორი რუდუნებით ქმნიდნენ შედევრებს ჩვენი წინაპრები. პროექტი "ქართული ექსპონატები საზღვრებს გარეთ" აუცილებლად იმოგზაურებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.

გამოფენაზე წარმოდგენილ 8 ექსპონატს შორის არის რამდენიმე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როგორც მხატვრული, ასევე ისტორიული თვალსაზრისით, ესენია ქრისტეს პინაკი საიდუმლო სერობიდან, ზარზმის მონასტრის ფერისცვალების ხატის მოჭედილობის ფრაგმენტები, ჯუმათის მონასტრის გაბრიელ მთავარანგელოზის დაკარგული ხატის მოჭედილობის ფრაგმენტი და მინანქრის კვადრიფოლიები.

1fcc8dc9-8ff7-4f9c-bedb-286fca2a69c1-1714321890.jpg

ქრისტეს პინაკი "საიდუმლო სერობიდან"

ჩვენამდე ფრაგმენტის სახით მოაღწია ვერცხლის მოოქრულმა ფირფიტამ პინაკის­ მოჭედილობიდან. ლეგენდის მიხედვით, ხის პინაკი (პატარა ჯამი), რომელიც იესო ქრისტემ და მისმა მოწაფეებმა უკანასკნელი სერობის დროს გამოიყენეს, X საუკუნეში საქართველოში მოხვდა. დავით აღმაშენებლის ბრძანებით პინაკი ქვათახევის მონასტერს გადასცეს, სადაც ის ვერცხლის მოოქრულ ჩარჩოში ჩასვეს. პინაკის მოჭედილობა ქართული პლასტიკის ერთ-ერთი­ შედევრია. ისევე როგორც რელიკვიების უმრავლესობამ­, მან ჩვენამდე ფრაგმენტულად მოაღწია. თავად პინაკი დაკარგულია, მაგრამ შემორჩენილია ამ მოჭედილობის შვიდი ფრაგმენტი. ექვსი მათგანი მოსკოვში სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის ძვირფასი მეტალების განყოფილებაშია დაცული. ისინი მეცნიერმა რუსუდან­ ყენიამ გამოავლინა და მანვე გააკეთა ფრაგმენტების ატრიბუცია. მეცნიერმა ამ ფრაგმენტებს მოჭედილობის კომპოზიციაში ადგილი მიუჩინა და ნამუშევარი XI-XII საუკუნის პირველი ათწლეულით დაათარიღა. პინაკის მოჭედილობის ფრაგმენტი ერმიტაჟის მუზეუმში 1893 წელს მეცნიერებათა აკადემიის აზიური მუზეუმიდან შევიდა. როგორ მოხვდა იქ, სამწუხაროდ, უცნობია.

7dd358b6-147a-4cd7-a383-f23b9ce5f045-1714321889.jpg

ზარზმის მონასტრის ფერისცვალების ხატის მოჭედილობის ფრაგმენტები

- ერმიტაჟში ასევე დაცულია ფერი­სცვალების უძველესი და სახელგანთქმული ჭედური ხატის შვიდი ვერცხლის ფირფიტა. ისტორიამ შემოგვინახა ცნობები, თუ როგორ შეიქმნა ფერისცვალების ხატი და როგორ გადაჰქონდათ ის უსაფრთხოების მიზნით ერთი მონასტრიდან მეორეში. საქართველოდან უამრავი შედევრი უკვალოდ დაიკარგა, მაგრამ ფერისცვალების ხატმა, თუმცა დაზიანებულმა, ჩვენამდე მოაღწია და დღეს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში სიწმინდეების დარბაზშია გამოფენილი. წმინდა სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში ასახულია ბევრი ფაქტი ამ ხატის შესახებ - IX საუკუნის დამდეგს სერაპიონი ქვეყანაში ფერისცვალების სასწაულმოქმედი ხატით მოგზაურობდა; მან დააარსა ზარზმის­ მონასტერი და უფლის ფერისცვალების დღესასწაულს მიუძღვნა, ხატი კი მონასტ­რის მთავარ სიწმინდედ იქცა. 886 წელს ხატი მოჭედეს - ვერცხლის მოოქრული ფირფიტებით დაფარეს. XVI-XVII საუკუნეებამდე ის ზარზმის მონასტერში იყო. სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში თურქ-ოსმალების გაბატონების შემდეგ მონასტერმა შეწყვიტა ფუნქციონირება და იქაური განძეულობა გურიაში, შემოქმედის მონასტერში გადაიტანეს. იქ ჩაჰქონდათ სიწმინდეები საქართველოს სხვადასხვა ეკლესია-მონასტრიდანაც. XIX საუკუნის შუახანებში მონასტერი რამდენჯერმე გაიძარცვა. მეცნიერი დიმიტრი ბაქრაძე წერდა: "ამბობენ, რომ ეს ყველაფერი გაიტაცეს აჭარლებმა 1861 წელს, მას შემდეგ, რაც შემოქმედის მონასტერი გაძარცვეს. მაშინ როდესაც ნაძარცვით უკან ბრუნდებოდნენ, მათ აჭარის უღელტეხილზე დაეწიენ და ნაძარცვი დააბრუნებინეს", როგორც ჩანს, 1861 წელს მონასტრიდან გატაცებულ ნივთებს შორის იყო ამ ხატის ჭედურობის ფრაგმენტები. მოგვიანებით ზოგიერთი მათგანი თბილისის­ ბაზარზე გამოჩნდა. ტექნიკური ხატვის ცენტრალური­ სასწავლებლის ყოფილი მუზეუმის (პეტერბურგი) საინვენტარო წიგნში ამ შვიდი ფირფიტის ჩამონათვალის გასწვრივ ეწერა: "შეძენილია თბილისის ბაზარზე მისხალში სამ მანეთად". ეს ფრაგმენტები ერმიტაჟში 1924 წელს გადაიტანეს.

9db974cd-4ed9-40fa-90d8-054f0ba5327c-1714321889.jpg

ჯუმათის მონასტრის გაბრიელ მთავარანგელოზის დაკარგული ხატის მოჭედილობის ფრაგმენტი და მინანქრის კვადრიფოლიოები

- ერმიტაჟის მუზეუმში დაცულია ჯუმათის მონასტრის გაბრიელ მთავარანგელოზის გამოსახულების ნაწილი და მინანქრის ორი კვადრიფოლიო. ხატი პირველად 1873 წელს მეცნიერმა დიმიტრი ბაქრაძემ დაასურათა და თავის პუბლიკაციაში აღწერა.

ცნობილი ფაქტია, რომ ხატს საბინ-გუსმა შემოაძარცვა მოჭედილობა და სხვა საგანძურთან ერთად კოლექციონერებს მიჰყიდა. ფოტოგრაფი საბინ-გუსი 1887-1892 წლებში საქართველოს ეგზარქოს პალადი რაევთან მსახურობდა და თავს მხატვრადაც ასაღებდა. პალადი რაევის მიერ უფლებამოსილი საბინ-გუსი დადიოდა დასავლეთ საქართველოს მონასტრებში და დაუბრკოლებლად გაჰქონდა ის ძვირფასეულობანი, რაც ადრინდელ ეგზარქოსებს გადაურჩათ. მრავალი ხატი გაიტანეს "რესტავრაციის" მიზნით, მათ შორის მარტვილის, ხობის, ჯუმათისა და შემოქმედის ეკლესიებიდან. გაბრიელ მთავარანგელოზის ხატის გადარჩენილი მცირე ფრაგმენტები ცნობილ კოლექციონერსა და საიმპერატორო სამხატვრო აკადემიის საბჭოს წევრთან მიხაილ ბოტკინთან მოხვდა, იქიდან კი ერმიტაჟში...

13cec27b-f150-48e7-92eb-a56c1265193d-1714321889.jpg

"ვიცი, რომ ერმიტაჟის საცავებში არის ადრექრისტიანული ექსპონატები..."

ისტორიულ-კულტურული ფონდის პრეზიდენტი ფატი წერეთელი წლების განმავლობაში გეგმავდა პუბლიკაციის გამოქვეყნებას ქართული სიწმინდეების შესახებ. ერმიტაჟის ქართულ საგანძურზე "კვირის პალიტრას" ქალბატონი ფატი წერეთელი­ მოუთხრობს:

- 1970 წელს ჩავედი პირველად პეტერბურგში. ჩემმა მამამთილმა წმინდა ვასილის კუნძულზე ქართულ ეკლესიაში წამიყვანა, რომელიც რუსებმა საქართველოდან დროებით ჩასულ თავადაზნაურობას დაუთმეს. მან მითხრა: "იცოდე, აი, ეს არის ჩვენი საგანძური". იქ გამოკრულ მარმარილოს დიდ დაფაზე ჩამოთვლილია წმინდა ანდრიას ტაძრის ეზოში დაკრძალული ქართველების სახელები და გვარები. მეორე ადგილი, სადაც წამიყვანა, ერმიტაჟი იყო და მითხრა, აქ არის ქართული ნამუშევრები, ძველ ქართულიც, არტეფაქტებიც და კიდევ რაღაც, რომელიც არავინ იცის და არც არასდროს გამოფენილაო. მას შემდეგ 50-მა წელმა განვლო და ამ ხნის განმავლობაში სულ მინდოდა შემექმნა პუბლიკაცია ქართული საგანძურის შესახებ. ჩემი მამამთილი, პეტერბურგში ძალიან ცნობილი პიროვნება, სულ მეუბნებოდა, შენ აქ ჩამოხვედი იმისთვის, რომ ქართული მემკვიდრეობა არ დაიკარგოს, ეს შენი მისიააო.

7503cf40-89a4-44ee-9229-89b4e2cd5a08-1714321888.jpg

- როგორ შეიქმნა 2006 წელს ერმიტაჟში ქართული საგანძურის მუდმივი ექსპოზიცი?

- ვფიქრობ, ეს ერმიტაჟის დირექტორის ბორის პიოტროვსკის დამსახურებაა. ახლა მისი შვილი, მიხაილ პიოტროვსკია დირექტორი.

- ალვიდა მირზოიანი წლების განმავლობაში იცავდა ქართულ და სომხურ საგანძურს ერმიტაჟში, ის არის კვლევის ავტორი.

- როდესაც გავიგე, რომ საცავები გაიხსნა და მზის შუქი იხილა ქართულმა ექსპონატებმა, ვთხოვე ერმიტაჟის გენერალურ დირექტორს, დამეხმარეთ ამ ქართულ საქმეში, რადგან ეს ჩემი ვალია-მეთქი. გაუკვირდა, როგორო, რადგან მუზეუმების წესია, არ შევიდეს მათ სივრცეში სხვა მეცნიერი მათი თანამშრომლის გარდა. ვუთხარი, ალვიდა მირზოიანს ვთხოვ, ის ჩემი მეგობარია და ვიცი, რომ აქვს ნამუშევარი ქართულ საგანძურზე-მეთქი. ერმიტაჟის დირექტორი დამთანხმდა. მას შემდეგ კიდევ გავიდა დიდი დრო და, როგორც იქნა, 2016 წელს შევძელით პუბლიკაციის გამოცემა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმს გავუგზავნეთ.

d7d9465c-3a5f-4d25-8c77-3f34e5fcea44-1714321888.jpg

- ერმიტაჟის საცავებში კიდევ თუ არის სხვა ქართული ექსპონატები?

- ვიცი, რომ საცავებში არის ადრექრისტიანული ექსპონატები, თუმცა არასდროს მინახავს.

- შეიძლება მომავალში იხილონ დღის სინათლე?

- არ ვიცი, წინასწარ თქმა შეუძლებელია. მე დიდი იმედი და სურვილი მაქვს, რომ ისინიც გამოიფინოს მუდმივ ექსპოზიციაში.