"მაკდონალდსის" ქსელის მფლობელის ოჯახში ვმუშაობდი...გიჟი მეძახეს, საქართველოში დაბრუნება რომ გადავწყვიტე" - კვირის პალიტრა

"მაკდონალდსის" ქსელის მფლობელის ოჯახში ვმუშაობდი...გიჟი მეძახეს, საქართველოში დაბრუნება რომ გადავწყვიტე"

თინა იდიძე, თუში ახალგაზრდა ქალი, ღვთაებრივ თუშეთში ჯერ კიდევ 2009 წელს გავიცანი. მაშინ პატარა გოგო იყო, გეგმებს აწყობდა, მიზნებს ისახავდა. ერთ დღეს მითხრა, აქ არაფერი გამოდის, ემიგრაციაში მივდივარ, მაგრამ დავბრუნდებიო. ვიფიქრე, ემიგრაციის დიდ ტალღაში დაიკარგებოდა, მაგრამ ზუსტად ორ წელიწადში დაბრუნდა და მთიელის ხასიათით ისეთი ამბები დაატრიალა, ტურიზმის სფეროში დასაქმებული მისი მეგობრები ვულკანს უწოდებენ. თინა საქართველოში პირველი სერტიფიცირებული საფე­ხმავლო და საცხენოსნო გამყოლი ქალია, ქალი, რომელსაც ცხენების რემა ჰყავს და მსურველებისთვის ველურ ბუნებაში დაუვიწყარ ტურებს მართავს. რომ გავიცანი, ერთიც არ ჰყავდა, ახლა კი მისი რემა, სანამ საცხენოსნო ტურიზმის სეზონი დადგება, ვაშლოვნის დაცულ ტერიტორიაზე ბალახობს. ამ დროს თინას უქმად რა გააჩერებს და გუდაურში მუშაობს. თუმცა ამბობს, რომ კი არ მუშაობს, ცხოვრობს და ძალიან მოსწონს, როგორც ცხოვრობს.

ბიძგი

- ალვანში დავიბადე. 2 წლის ასაკში­ თუშეთში წამიყვანეს საცხოვრებლად და მხოლოდ სასკოლო ასაკში დამაბრუნეს ალვანში. მერეც, არდადეგების დაწყებისთანავე, მთაში ვბრუნდებოდით და მთელი­ ოჯახი მესაქონლეობას ვეწეოდით. კარგად­ მახსოვს­ მთაში ზამთარში ცხოვრების კადრები. უდარდელი და ლაღი ბავშვობა გვქონდა, თან მძიმე იყო იქაური ყოფა. სკოლას რომ ვამთავრებდი, ერთ წვიმიან დღეს, ძროხას რომ ვწველიდი, მისი სხეული­დან ჩამოცურე­ბული წვეთები სახელოში ჩამდიოდა და მაჟრჟოლებდა. იმ დღემ მიბიძგა, ქალაქში წავსულიყავი და მესწავლა. ჯერ შეშინდა ოჯახი, რადგან სწავლა დიდ ხარჯს უკავშირდებოდა, არდადეგებზე მეც შეგეშველებით-მეთქი, დავუფრთხე შიში და ქალაქში ჩამოვედი. ინგლისური ენის ფილოლოგის სპეციალობაზე დავიწყე სწავლა. სკოლის პედაგოგობისთვის ვემზადებოდი და სულ არ მიფიქრია, რომ ბედი სხვას მიმზადებდა.

გიჟი, რომელმაც ესპანეთში ცხოვრებაზე უარი თქვა

- სწავლის პერიოდში ფინანსური პრობლემების გამო იძულებული გავხდი ემიგრაციაში წავსულიყავი. ვთქვი, რომ მხოლოდ ორი წლით მივდიოდი. დამცინეს, ყველა ეგრე ამბობსო. მე მიზანი მქონდა და უცხოეთშიც მიზნის ასასრულებლად მივდიოდი. ამიტომ ორი წლის შემდეგ მართლა ბილეთი რომ ვიყიდე და საქართველოში წამოვედი, ჯერ ყველა სახტად დარჩა, მერე გიჟი მეძახეს, რადგან ესპანეთში იდეალურ გარემოში ვიყავი - "მაკდონალდსის" ქსელის მფლობელის ოჯახში ვმუშაობდი. რადგან ესპანეთში ინგლისურენოვანი კადრები ჭირდა, თუ დავრჩებოდი, ბევრ სიკეთეს მპირდებოდნენ, მათ შორის, ლეგალურად ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას. მათი პირობები რომ მიმეღო, საქართველოში ჩამოსვლას იშვიათად შევძლებდი და თანაც ორ კვირაზე მეტი ხნით ვერა. ნოსტალგია ისე მტანჯავდა, რომ საქართველოში ყველაფრის ნულიდან დაწყება ვარჩიე.­ ისიც გავთვალე, ბინას რომ შევიძენდი, ისევ დამიდგებოდა ფინანსური პრობლემები. არადა, ესპანეთში ლეგალურად მუშაობის უფლება თუ მექნებოდა, ცხადია, ისევ უკან დავბრუნდებოდი, ამიტომ ესპანურ საბუთებზეც უარი ვთქვი.

საქართველოში სად არ ვცადე მუშაობის დაწყება, ამაოდ. ერთ დღესაც გამოჩნდა­ ტურისტული ორგანიზაცია, რომე­ლიც გერმანელებთან ერთად ცხვრის ჩამორეკვის ტურს აკეთებდა. ინგლისურენოვანი გიდები უჭირდათ, დღეში 80 ლარს იხდიდნენ, 2013 წელს ეს კარგი ფული იყო, თან მე დამწყები ვიყავი. ვიფიქრე, ერთი კვირით წავალ-მეთქი. მამაჩემმაც მიბიძგა. მომეწონა გიდობა, სერტიფიკატიც ავიღე­. მერე სერტიფიცირებული სომელიეც გავხდი­ - თუ გიდი ხარ, ღვინოც აუცილებლად უნდა იცოდე. მერე იყო ცხენები, თხილამურები და ა.შ. ქალი ტურიზმში საიმედო დასაყრდენია. ჩვენ სხვანაირი პასუხისმგებლობა გვაქვს წვრილმან დეტალებზე, რასაც კაცები შესაძლოა ყურადღებას არ აქცევდნენ...

2c92a8d5-8797-4545-8583-c15f8041fcb2-1714322218.jpg

"ჩემს ცხენს რომ ვინმემ რამე ატკინოს, ძალიან მეწყინება"

მახსოვს, თინა რომ გავიცანი, ცხენით ისეთი ილეთები შეასრულა, შეუძლებელი იყო აღტაცება დაგეფარა. ბევრი ვაჟკაცი მხედარი ჩამოუტოვებია, დაუჯაბნია, მაგრამ ამბობს, რომ რაც იყო, წარსულში დარჩა.

თინა: - მხედართან ერთად ყალყზე შემდგარი ცხენი დაცემისას დიდ ტკივილს გრძნობს. ეს რომ გავიგე, შემრცხვა, თურმე როგორ ვტკენდი ჩემი უვიცობის გამო. ახლა ჩემი რემიდან რომელიმეს ასე რომ მოექცნენ, ძალიან მეწყინება. ცხენი ადრეული ასაკიდან შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში. სოფლიდან სოფელში ერთადერთი გადამყვანი იყო. შემოგვისხამდნენ ბიჭები გოგონებს უკან და დაგვაქროლებდნენ ბილიკებზე. იყო ერთი ჟრიამული, მაგრამ სულ უკმაყოფილო ვიყავი, ჩემი ცხენის ყოლა მსურდა. პიანინოს ვუკრავდი კარგად, მაგრამ თუშეთში ამ ინსტრუმენტს ვერ ავიტანდით, მე კი მინდოდა მთებშიც მემღერა და ვიშოვე ერთი ძველი, დანგრეული გიტარა და დაკვრა ვისწავლე. ისეთი ძველი იყო, სისხლი მდიოდა თითებიდან, მაგრამ ჩემი მიზნისთვის მჭირდებოდა და ვიტანდი. თუშეთში დღეობებში ყველა მომღერალ გიტარიან თინას ეპატიჟებოდა და მეც ვაცხადებდი, არსადაც არ წამოვალ, თუ ჩემი ცხენი არ მეყოლება-მეთქი. მომართმევდნენ ცხენს და ასე გავლაღდი უნაგირზე.

"შენი ქვეყანა უნდა გიყვარდეს"

- სამწუხაროდ, ტურიზმში დასაქმებულთა შორის ნახავთ ადამიანებს, რომლებიც ლანძღავენ ქართველებს, ჩვენს ადათებს, წესებს. არ მესმის ამ ხალხის და ვერ ვხვდები, ტურიზმში როგორ შეიძლება იყო, თუ შენი ქვეყანა არ გიყვარს?! რამე არ მოგწონს? მის გაუმჯობესებაში წვლილი შეიტანე, ნუ ლანძღავ. ჩემთვის ყველა კუთხეში, ყველა სოფელში მისვლა ზეიმია, მიყვარს სხვადასხვა ადგილების თავისებურებების აღმოჩენა. ჩემთვის ტურიზმი იდეალური საშუალებაა საქართველოს ყველაზე მივარდნილი, მიტოვებული ადგილები აღმოვაჩინო და წვლილი შევიტანო მათ განვითარებაში. ვიცი ბაზრები, სადაც შეიძლება გავყიდო ისეთი მარგალიტები, რაც ზემო სვანეთის უკიდურესი ნაწილის სოფლებშია. ქვემო სვანეთი, ლენტეხის რაიონი ხომ აღმოუჩენელი და ულამაზესია.

რას ნიშნავს მწვანე, პასუხისმგებლიანი და მზოგავი ტურიზმი

- ევროპასა და ამერიკაში ძალიან საინტერესო ტენდენცია გაჩნდა, ე.წ. პასუხისმგებლიანი, მწვანე, მზოგავი მოგზაურობა. რაც ნიშნავს შემდეგს: მწვანე ანუ კლიმატის­ კუთხით არაფერი არ უნდა შეიცვალო, მზოგავი­ - მასპინძელი თემი მასობრივი ტურიზმით არ უნდა დაბინძურდეს (როგორც, მაგალითად, ყაზბეგში, მესტიაში და სხვაგან) და პასუხისმგებლიანი - სტუმრების მასპინძლობისთვის დიდი ხარჯი არ უნდა გაიღონ. ამ იდეის მიზანია მასპინძელ თემში ხალხისთვის ადგილზე დამაგრებაში ხელშეწყობა. არ უნდა გსურდეს ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, რჩები სახლში, ოჯახთან ერთად, ჩვეულებრივ პირობებში, მათთან მუშაობ, საუზმობ, ვახშმობ, მათ ყოველდღიურობას ესწრები და ეცნობი.­ ავთენტური რაც ხვდებათ, ტურისტები იმით ტკბებიან. ასეთი ტიპის მოგზაურთა ჯგუფი დიდი ვერ იქნება, ყველაზე ბევრი 6 კაცია. დავდივართ სოფლიდან სოფელში ფეხით ან ცხენებით. ამ ტიპის ჯგუფის მოთხოვნაა მიიღოს ნატურალური და არა თეატრალიზებული რეალობა.

ერთხელ გერმანელების ჯგუფი მყავდა მეცხვარეებთან, რომლებიც ცხვარს პარსავდნენ. მეცხვარეები ხან მოღუშულები იყვნენ, ხანაც ხარხარებდნენ, ერთმანეთს ეხუმრებოდნენ. როდესაც უკან მოვდიოდით, ერთმა გერმანელმა მითხრა, რომ შეიძლებოდეს, ამ ნატურალურ ემოციებს ბოთლში შევაგროვებდი და მთელი წელი გამოვიზოგავდიო. მათ სილაღე, უშუალობა მოსწონთ. ხშირად შემკითხვიან, მძღოლი ხომ ნამდვილად ადგილობრივიაო. მეტიც, გადაუმოწმებიათ, მძღოლისთვის უკითხავთ. მასპინძლებისგან ყიდულობენ ისეთ ნივთებს, რაც არ სჭირდებათ, მაგრამ ყიდულობენ, რათა ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებაში წვლილი შეიტანონ.

6bfbbd03-f9cb-48c3-b713-ad0043238cd8-1714322218.jpg

- როგორი პოტენციალი აქვს ტურიზმს საქართველოში?

- უზარმაზარი. საქართველო ტური­ზმში ყველა სეზონზე უამრავი მიმართულებით შეიძლება იყოს ჩართული. სათავგადასავლო ტურიზმის პოტენციალი ხომ ამოუწურავია. საცხენოსნო ტურიზმიც­ ვითარდება. მსოფლიო ამ კუთხით არც კი გვიცნობდა. იუ-სე-იდი დაგვეხმარა,­ საერთაშორისო საცხენოსნო ფედერაციის ტრენინგი გაგვატარა და გიდები მოგვამზადა. საფრანგეთშიც ჩაგვიყვანეს, ფედერაციასთან წარგვადგინეს. ამ კუთხით თანდათან ჩნდება ინტერესი ჩვენ მიმართ. კანიონინგსაც დიდი პოტენციალი აქვს. პერსპექტიულია სამთო ტურიზმი, ალპინიზმი.

ბოლო ხანებში ზამთრის ტურიზმი უფრო ავითვისეთ. მეც თხილამურის ინსტრუქტორობა ვისწავლე, მაგრამ ამ სფეროში ძალიან რთული სიტუაციაა. თუ ვინმე უცხოელი თხილამურებზე შედგა, გუდაურსა და ბაკურიანში ჩამოვიდა და ინსტრუქტორობა დაიწყო. ასე ადგილობრივი კადრი უმუშევარი რჩება და ტურისტსაც არა აქვს უსაფრთხოების გარანტია. ბოლო ორი წელია ეს მიმართულება­ უკონტროლოა.

საქართველოში ტურიზმი ჯერაც განვითარების დაბალ საფეხურზეა. სწორი ხედვები ჩამოუყალიბებელია და გრძელვადიანი განვითარების სტრატეგია არ არსებობს. გვაქვს კანონები, მაგრამ არა მათი აღსრულებისა და კონტროლის მექანიზმი. არ არსებობს საცხენოსნო ტურიზმის დაზღვევა. მივედი სადაზღვევოში, ვთხოვე, 12-წლიანი მუშაობის სტაჟი მაქვს და საცხენოსნო ტურის დაზღვევა მინდა-მეთქი, უარი მითხრეს, რამე ცუდი რომ მოხდეს, მაგას ვერ დავაზღვევთო! ხომ დაუჯერებელია? ამ საქმეში საჭიროა სახელმწიფოს ჩართვა, სავალდებულო უნდა გახდეს საცხენოსნო ტურების დაზღვევა და მერე სადაზღვევო კომპანიაც ვერ გამცემს მსგავს პასუხს. მეტიც, თვითონ შემომთავაზებს პაკეტებს. ძალიან ბევრი პრობლემაა ამ სფეროში, მაგრამ ეს არის ჩემი ცხოვრება და მე ის ძალიან მომწონს. მრავალფეროვანია, ყველგან ვარ, რასაც ვაკეთებ, ბოლომდე ვაკეთებ და თვითონ მიკავია კონტროლის პულტი.

ახლა იმის გამო, რომ საცხენოსნო ტურიზმში სერტიფიცირებული და ინგლისურად მოლაპარაკე გიდი მხოლოდ მე ვარ, ვამბობ ხოლმე, აბა, ტურში მე რომ არ წავიდე, ვინ წავა-მეთქი? თითქოს თავს ვიმართლებ, რომ საველე ცხოვრებისკენ მეწევა გული. ერთ დღეს მომიწევს სხვას გადავულოცო ეს მოვალეობა და ძალიან არ მინდა მაგ დღის წარმოდგენა. ჯერ ვცდილობ საოფისე საქმეებიც ველზე ვაკეთო. ამიტომაც მუდმივად თან დამაქვს ზურგზე მოკიდებული მსუბუქი ლეპტოპი.