„ცოტაც და, ისევ გავფრინდები“ - კვირის პალიტრა

„ცოტაც და, ისევ გავფრინდები“

"ფრენის სურვილი ჩვენმა წინაპრებმა გადმოგვცეს, რომლებიც შურით უყურებდნენ ზეცაში თავისუფლად მონავარდე ფრინველებს", - წერდა ლეონარდო და ვინჩი, რომელმაც 5 საუკუნის წინ პირველი საფრენი აპარატის ესკიზი შექმნა. ჩვენი სტუმარი, მომხიბლავი და ენერგიული შორენა­ ტატიშვილიც მიიჩნევს, რომ ფრენა­ ადამიანთა მრავალსაუკუნოვანი ოცნების ხორცშესხმაა:

- ძნელი წარმოსადგენია, რომ იყო დრო, როცა ადამიანებს ფრენა შეუძლებლად ეჩვენებოდათ, მაგრამ დღეს ის ჩვეულებრივ ამბად იქცა. უფრო მეტიც, ადამიანებმა სხვადასხვა საფრენი აპარატი შექმნეს, რომელთა შორის მე ჩემი ფავორიტი მყავს­ და მას პარაპლანი ჰქვია. პარაპლანით ფრენისას იმდენი განსხვავებული განცდა გეუფლება, იმდენი ადრენალინი გამოიყოფა, რომ გინდა სულ იფრინო.

პანდემიამდე მე და ჩემი მეგობრები გუდაურსა და სიღნაღში პარაპლანით დავფრინავდით. კარგა ხანს სადაზღვევო კომპანიაშიც ვიმუშავე, მაგრამ ფრენისთვის თავი არასდროს დამინებებია. ახლა კერძო სკოლაში ვმუშაობ და მხოლოდ იმიტომ არ დავფრინავ, რომ 1,8 წლის ბავშვი მყავს, მეორე შვილს ივნისში ველოდები.

- საინტერესოა, რა ღირს პარაპლანი?

- მთლიანი აღჭურვილობა 3-4 ათასი ევრო. სათადარიგო პარაშუტსაც თუ შეიძენთ, შეიძლება 5 ათას ევრომდეც ავიდეს.

პარაპლანით პირველად 2012 წელს დავინტერესდი, როცა "ფეისბუკზე" "საქართველოს პარაპლაიდინგის ფედერაციის" განცხადება ვნახე. მეგობართან ერთად წავედი და ეს იმდენად მომეწონა, მაშინვე გადავწყვიტე, რომ პარაპლანით უნდა მეფრინა. ვისწავლე, როგორ უნდა ამეწყო პარაპლანი, როგორ ამეღო სტარტი, როგორ შემერჩია ადგილი, სადაც დავეშვებოდი... პილოტმა ეს ყველაფერი კარგად უნდა იცოდეს, რადგან ნებისმიერ ადგილზე დაშვება არ შეიძლება.

7ee456a1-e4c3-4b67-86f5-c6224b572ba2-1714324951.jpg

- როდის დაიწყეს საქართველოში პარაპლანით ფრენა?

- პარაპლანის ბუმი კი 2013 წლიდან დაიწყო - სპორტის ამ სახეობით ბევრი ახალგაზრდა დაინტერესდა. მე, როგორც ფედერაციის წევრი, გუდაურში ახალგაზრდობას ფრენას ვასწავლიდი. ფედერაციამ კოლოსალური სამუშაო გასწია, რომ პარაპლანით ფრენა ქვეყანაში უსაფრთხო გამხდარიყო და რეგულაციები დაწესებულიყო.

- ამ სფეროს კონტროლი აუცილებელია?

- რა თქმა უნდა: მარტო ჩვენ ხომ არ დავფრინავთ? - ვერტმფრენები, თვითმფრინავები და დრონები, საზღვართან ახლოს ფრენაც არ შეიძლება. ყველაზე დიდი ხელშემშლელი ქარია. სადაც მოგვესურვება, იქ ფრენაც არ შეიძლება, რადგან გამოცდილმა პილოტებმა უნდა შეაფასონ, სად შეიძლება სტარტის აღება და სად დაფრენა, როგორია ქარის მიმართულება, როგორი ამინდია მოსალოდნელი... ექსტრემალურ სიტუაციაში სათადარიგო დასაჯდომიც უნდა გქონდეს. ძალიან ბევრი ნიუანსის გათვალისწინებაა საჭირო, მაგრამ მთავარი მაინც ამინდია. ამიტომ წინასწარ რამდენიმე ვებგვერდის პროგნოზს ვნახულობთ და ვაანალიზებთ, რომ ამინდი არ გაუარესდეს და ფრენა არ ჩაგვეშალოს.

- ალბათ, თქვენს ცხოვრებაში ბევრი მოულოდნელობა ყოფილა.

- ბევრი თავგადასავალი მქონია. ჯერ ერთი, სადღაც რომ მიდიხარ, ეს თავისთავად თავგადასავალია. ვინც პარაპლანით დაფრინავს, მისთვის ტრავმები ჩვეულებრივი ამბავია. ერთხელ ფრენისას რაღაც არასწორად გავაკეთე, გონება დავკარგე და ძირს ჩამოვვარდი. ფეხი მქონდა მოტეხილი და მენჯი გაბზარული, რეაბილიტაციისთვის ერთი წელი დამჭირდა. მეორედ არასწორი მიმართულებით წავედი, ტყეში ერთი პატარა ადგილი შევნიშნე, სადაც დაჯდომა შეიძლებოდა, მაგრამ ხეს დავეჯახე. მაშინ დიდი დაზიანებები არ მქონია, მხოლოდ ნეკნები მქონდა გაბზარული.

- საფრენად ყველაზე რთული ადგილები სად არის?

- თუნდაც გუდაურში, სადაც ნისლმა იცის სწრაფად ჩამოწოლა. ერთხელ ჩემმა მეგობარმა ორიენტაცია დაკარგა, სულ სხვა მიმართულებით წავიდა, მთის ქედზე დაჯდა და მაშველებს უხმო. ეს ექსტრემალური სპორტის სახეობაა და შეიძლება ისეთი რამ მოხდეს, რასაც წინასწარ ვერ განსაზღვრავ. თუ ყველა წესი დაცულია, სახიფათო შემთხვევები მინიმუმამდე დადის, მაგრამ 100-%-იანი უსაფრთხოების გარანტია ვერასდროს გექნება.

- იქნებ ამაშია მისი ხიბლი?

- ასეა! სხვათა შორის, ჩვენი შვილები თანატოლებისაგან განსხვავდებიან. მაგალითად, ერთი პილოტის შვილმა სკოლაში დავალებაზე ასეთი რამ დაწერა: ეს მამაჩემია, რომელიც ცაში დაფრინავს და მეც მასთან ერთად დავფრინავო... გაოცებულმა მასწავლებლებმა მშობლები დაიბარეს და უთხრეს, შვილი რაღაცებს იგონებს და ყურადღება მიაქციეთო. ჩვენს ოჯახშიც ასეა: მეუღლეც ჩემი ჭკუისა მყავს - პარაშუტისტია და არა მხოლოდ თვითმფრინავებიდან, არამედ კლდეებიდან და სხვა სახიფათო ადგილებიდან ხტება. ერთი შვილი უკვე წამოვზარდეთ, მეორეს ივნისში ველოდებით და ისიც რომ გაიზრდება, ჩემს საყვარელ საქმეს აუცილებლად დავუბრუნდები. ასე რომ, მალე ისევ გავფრინდები.

ხათუნა ჩიგოგიძე