"არ იფიქროთ შაჰ-აბასით ირანში ბევრი ამაყობდეს, სისასტიკეში საამაყო არაფერია" - რას ჰყვება საქართველოზე შეყვარებული ირანელი გოგონა - კვირის პალიტრა

"არ იფიქროთ შაჰ-აბასით ირანში ბევრი ამაყობდეს, სისასტიკეში საამაყო არაფერია" - რას ჰყვება საქართველოზე შეყვარებული ირანელი გოგონა

ავა ვალიზადეჰი, 18 წლის ირანელი გოგონა, საქართველოში სწავლობს, ორიგინალში კითხულობს "ვეფხისტყაოსანს", ვაჟას, ილიას, გალაკტიონს…და სხვა უცხოელებს ასწავლის ქართულს, ქართული ენის დამახინჯებას კი უპატიებელს უწოდებს. იმდენად სუფთა ქართულით ლაპარაკობს, რომ სულ მცირე ნიუანსითაც ვერ გაარჩევ გენეტიკურად ქართველის მეტყველებისაგან. Aავა პირველად საქართველოში 13 წლისა, დედასთან ერთად ტურისტად ჩამოვიდა.

- ძველი თბილისის ქუჩებში რომ დავდიოდი, მეგონა, შინ ვიყავი. იმ დროს ქართულად ერთი სიტყვაც არ ვიცოდი. თუმცა ყველასგან სითბოს ვგრძნობდი - ტაქსის მძღოლით დაწყებული, გამვლელებით დამთავრებული. თბილისი ჩემს მშობლიურ ქალაქ სარის მივამსგავსე, სადაც სიმწვანე და ზღვაა. მაშინ დედამ მითხრა, აქ ახალგაზრდები ბევრად ლაღები არიან, ვიდრე ჩვენთანო. ჩემს ამ პირველ ემოციებს უდიდესი როლი ჰქონდა იმაში, რომ გადავწყვიტეთ თბილისის რომელიმე ევროპულ სკოლაში მესწავლა. ამჟამად ათასწლეულის სკოლაში ვსწავლობ. თუმცა იქამდე იყო ერთი ცუდად გასახსენებელი მომენტი, როდესაც ერთ-ერთ სკოლაში იმდენად არ უნდოდათ ჩემი მიღება, რომ ამან თავი უხერხულად მაგრძნობინა.

- რაც შეეხება ევროპულ განათლებას, დაახლოებით ორი საუკუნის წინათაც ხშირად გზავნიდნენ სპარსეთიდან შვილებს საქართველოში. ირანის პირველი კონსული, მირზა რეზა ხანიც თბილისის ფრანგულ პანსიონში სწავლობდა. თუმცა ქართველებს სპარსეთთან მტრობა და შაჰ-აბასიც ახსოვთ. ამიტომ, იმედია, სკოლის საქციელი წყენად არ ჩაგრჩა.

- არ იფიქროთ შაჰ-აბასით ირანში ბევრი ამაყობდეს, სისასტიკეში საამაყო არაფერია.

მოკლედ, ქართული რომ არ ვიცოდი, სწორედ იმიტომ გამიჭირდა ისეთი სკოლის მოძებნა, სადაც ვისწავლიდი. პანდემიის დროს ქართული ერთ წელიწადში ვისწავლე. რაც შეეხება სკოლას, ახლა უკვე აქ იმხელა სითბოს ვიღებ, არც ვიცი, როგორ გამოვხატო.

- არაერთი ქართველი, რომელიც შენს უნაკლო ქართულს მოისმენს, იფიქრებს, რომ ქართული გენი გაქვს, ენის შექმნაში სამეტყველო აპარატიც მონაწილეობს, შენი სამეტყველო აპარატი თითქოს აწყობილია ქართულ ენაზე.

- ეგ სხვებმაც მითხრეს. ამიტომ თავადაც ვეძებე ჩემში ქართული გენეტიკა. ფერეიდანი და მისი ქართველობა ჩემს მშობლიურ ქალაქთან 10 კილომეტრითაა დაშორებული. ამჟამადაც დიდი კავშირები მაქვს,…მაგრამ ვერაფერი აღმოვაჩინე.

- როგორც ვიცი, ხუთ ენას ფლობ, როგორ გამოიყურება მათ შორის ქართული?

- ქართული ძლიერი ენაა. როდესაც ქართველები ერთმანეთს ესაუბრებიან, თითქოს ამ საუბარშიც იბრძვიან. სანამ ქართული არ ვიცოდი, ბევრჯერ მეგონა, რომ მოსაუბრეები ჩხუბობდნენ. ქართული ენის შესწავლა, მისი დამწერლობისაგან განსხვავებით, ძნელია. არაერთ უცხოელს ვასწავლი ქართულ ენას. როდესაც ანბანს ნახავენ, ჰგონიათ, რომ მის სწავლას წლებს მოანდომებენ, ამასობაში წერას სამ დღეში სწავლობენ. იმიტომ, რომ ქართული სრულყოფილი ანბანია: ერთ ასოში ორი ასოს მნიშვნელობის ძებნა არ არის საჭირო, რაც დაწერილია, სიტყვაც სწორედ ისეთია. რაც უფრო მეტს ვკითხულობ ქართულ წიგნებს, ამას მით უფრო ვხვდები.

დიდ დიღომში ვცხოვრობ და იმდენად დამაინტერესა ვისი სახელები ერქვა აქ ქუჩებს, ვინ იყო ნესტან-დარეჯანი, ავთანდილი ან გულანშარო, რომ გადავწყვიტე "ვეფხისტყაოსნის" კითხვა დამეწყო. ძალიან საინტერესოც აღმოჩნდა. ქართულ სიტყვებს წიგნებში კიდევ უფრო ეტყობა, რომ ძველი და ღრმაა.

სამწუხაროდ, ქართული ენა ბევრი უცხოური სიტყვით ზიანდება. შეიძლება ამაზე იმიტომაც მიფიქრია, რომ დედა ხშირად მეუბნება, იმდენად ბევრი არაბული და ეგვიპტური გაერია სპარსულს, ჩვენ ნამდვილ სპარსულზე აღარ ვლაპარაკობთო. ამიტომაც ვცდილობ არ შევურიო ქართულს უცხო სიტყვები. არ მესმის, რატომ უნდა თქვა უცხოური სიტყვები, როდესაც ქართულ ენაში ყველაფრის მარაგია. მაგალითად, რატომ უნდა მიესალმო ადამიანს "პრივეტით", როდესაც არსებობს სიტყვა "გამარჯობა", რომელიც გამარჯვებას უსურვებს ადამიანს და ამით სიამოვნებასაც ანიჭებს.