რა მოხდება 29 აპრილს თბილისში - არის თუ არა ყველაზე მძიმე სცენარის განვითარების საფრთხე?! - კვირის პალიტრა

რა მოხდება 29 აპრილს თბილისში - არის თუ არა ყველაზე მძიმე სცენარის განვითარების საფრთხე?!

პარლამენტის იურიდიული კომიტეტი დღეს მეორე მოსმენით იხილავს "უცხოური გავლენის გამჭვრივალობის" შესახებ კანონპროექტს. დღესვე, 20:00 საათზე პარლამენტის წინ მმართველი პარტიის მომხრეების შეკრებაა დაანონსებული.

28 აპრილს კანონის მოწინააღმდეგეებმა რესპუბლიკის მოედანზე აქცია გამართეს. აქციის ორგანიზატორებმა და ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა განაცხადეს, რომ 29 აპრილს პარალელური აქციის გამართვას არ გეგმავენ. თუმცა აქციის სპიკერმა რატი ამაღლობელმა განაცხადა, რომ თუ 29 აპრილს პარლამენტში მოულოდნელად დაინიშნება პლენალური სხდომა, აქციის ორგანიზატორები თბილისის სხვადასხვა ლოკაციაზე მოქალაქეებს შეკრებისკენ მოუწოდებენ.

თუმცა 28 აპრილს პარლამენტთან მდგომარეობა მაინც დაიძაბა. კერძოდ, აქციის მონაწილეებმა რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე მსვლელობა მოაწყეს. შემდეგ პოლიტიკოსთა ნაწილმა პოლიციელებს მიმართეს, რომ რამდენიმე ახალგაზრდა იმ სცენაზე აეშვათ, სადაც 29 აპრილს "ოცნების" გამომსვლელები უნდა გამოსულიყვნენ. ეს ჯაჯგურში, ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, ადგილზე მობილიზებული იყო სპეცრაზმი...ბოლო ინფორმაციით, აქცია გრძელდება თუმცა ვითარება შედარებით განიმუხტა.

რაც შეეხება 29 აპრილს და იმას, დაინიშნება თუ არა დღეს პარლამენტის სხდომა. მმართველი პარტიის არც ერთ წარმომადგენელს არ გაუკეთებია განცხადება, რომ დღეს პლენალური სხდომის ჩანიშვნაა მოსალოდნელი. პარლამენტის რეგლამენტით, თუ დაჩქარების მექანიზმები არ ჩაირთო, იურიდიულმა კომიტეტმა კანონპროექტი ჯერ მეორე მოსმენით უნდა განიხილოს, შემდეგ მესამე მოსმენით და პარლამენტის პლენარულმა სხდომამ კანონპროექტს კენჭი სადღაც მაისის შუა რიცხვებში უნდა უყაროს.

თეორიულად, პარლამენტის ბიუროს უფლება აქვს ხმათა უმრავლესობით სხდომა ჩანიშნოს. თუმცა ექსპერტთა თქმით, ეს რიგგარეშე სხდომა იქნება და რეგლამენტით, ამ სხდომაზე დეპუტატებს ახალი კანონპროექტის განხილვის უფლება არ აქვთ.

იმედია, ასეც იქნება და უმრავლესობა დაიცავს რეგლამენტს და სხვადასხვა არგუმენტებით არ ჩანიშნავს სხდომას. წინააღმდეგ შემთხვევაში, იზრდება ყველაზე ცუდი სცენარის განვითარების რისკი - პარალელური აქციების ერთმანეთთან დაპირისპირების საფრთხე. ამან რა შედეგი შეიძლება მოგვიტანოს, ამის განხილვას აღარ დავიწყებთ. ვიტყვით მხოლოდ იმას, რომ ეს მთელ ქვეყანას დააზიანებს და გაახარებს ერთადერთი ძალის გულს, რომელიც საქართველოში ქაოსსა და დესტაბილიზაციას გულშემატკივრობს და ახალისებს. ამ ძალის მისამართია - მოსკოვი, კრემლი, პუტინი.