დიპლიპიტოს ერთადერთი ქალი ოსტატი - კვირის პალიტრა

დიპლიპიტოს ერთადერთი ქალი ოსტატი

"ფატი თურმანიძემ უძველესი ინსტრუმენტის, დიპლიპიტოს დამზადების ტრადიცია აღადგინა, რომელიც ორქოთნიანი დასარტყამი ინსტრუმენტია", - ამ სიტყვებით შევიდა ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი წიგნში სახელწოდებით, "ქალთა როლი იუნესკოს მიერ აღიარებულ ევროპულ ტრადიციულ სასიმღერო პრაქტიკებში". ფატი თურმანიძე საქართველოში ჯერ ერთადერთი ქალია, ვინც უძველეს ქართულ დასარტყამ საკრავს, დიპლიპიტოს ამზადებს, აკეთებს დაირასაც, რომელსაც გამორჩეული ბგერა აქვს. მეტიც, ახალი საავტორო ინსტრუმენტი - დარპლიპიტო შექმნა, დიპლიპიტოსა და დაირის სინთეზი. სწორედ ამის გამო ის სახელმწიფო საარქივო ფონდშია შეყვანილი. მსახიობი და ხატმწერი აქსესუარებსაც ამზადებს...

- გილოცავთ ამ დიდ აღიარებას.

- გმადლობთ. სოციალური ქსელის დახმარებით ამ წიგნის შემდგენლები დამიკავშირდნენ. ბუნებრივია, გამიხარდა და თანამშრომლობაზე დავთანხმდი.

არის მომენტები, როცა საკუთარი თავის არ გჯერა, რომ ეს შეძელი და გააკეთე. დიპლიპიტოს დამზადებისკენ თითქოს ზებუნებრივმა ძალამ მიბიძგა. თითქოს უხილავად ვიღაც მეხმარებოდა. ალბათ, ეს ჩემი გენეტიკური მეხსიერებაა.

- ეს გასაგებიცაა. ბაბუა ლოტბარი გყავდათ, მამა კი არაჩვეულებრივად უკრავდა ფანდურზე...

- მამა მშენებელ-ინჟინერი იყო, თუმცა­ ერთ დღესაც მოუვიდა იდეა, თუთის ხის მორისგან ფანდური გამოეკვეთა.­ ეს იყო საოცარი ბგერისა და ჟღერადობის ინსტრუმენტი. ბაბუაჩემი, რამიზ თურმანიძე, ცნობილი ლოტბარი გახლდათ და თაობები აღზარდა. ფოლკლორის­ ეროვნულ ცენტრში დაცულია ჩონგურზე მისი დაკრული "ხორუმი". მასზე ცნობების მოძიება პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაშია შესაძლებელი.

დღემდე უცნობია, საიდან მოდის ცეკვა "განდაგანა" და მისი სახელწოდება. "განდაგანა" ქორეოგრაფმა ენვერ ხაბაძემ 1946 წელს პირველად წარადგინა ამ სახელწოდებით და მას შემდეგ ეს ცეკვა მის სახელს დაუკავშირდა. თუმცა ამ ცეკვის ფესვები სწორედ ბაბუაჩემს უკავშირდება. როდესაც ბაბუა ქედის კულტურის სახლის ხელმძღვანელი გახდა, იმხანად პოპულარული იყო ოლიმპიადები, რომელთა დროს ბაბუა რეჟისორობასაც ითავსებდა. ოლიმპიადისწინა გენერალურ რეპეტიციებზე თურმე დაქანცულ მონაწილეებზე, დასვენებას რომ ცდილობდნენ, იტყოდა, დაუძახეთ ერთი იმათ, შემოვიდნენ, განდაგან რომ დადიანო.­ ამის მერე ბაბუას ხუმრობა აიტაცეს და თავდაპირველად ხუმრობით შეარქვეს ცეკვას "განდაგანა". როცა ბაბუასთან სოფელში ჩავდიოდი, ეზოში სულ ილეთებს ვიმეორებდი ხოლმე. ერთხელაც ეზოში ვვარჯიშობ და თან ვიძახი: "განდაგანა და განდაგანა"... ამ დროს გამოიარა მეზობელმა შუქრი ბაბუმ. გავიხედე, მიყურებს და იცინის. იცი, მაგ ცეკვას "განდაგანა" რატომ ჰქვიაო? არა-მეთქი, ვუპასუხე. წაი სახლში და ბაბუაშენი გეტყვისო. აი, ასე გავიგე ბაბუასგან ეს ისტორია. არავის ვედავები საავტორო უფლებებზე, უბრალოდ, ჩემს მოვალეობად მიმაჩნია, ბაბუას სულის წინაშე­ პირნათელი ვიყო და მის ბიოგრაფიაში შევიტანო ეს ამბავი.

- თქვენი გვარიც, თურმანიძე, საქართველოში ყველამ კარგად იცის.

- საქვეყნოდაა ცნობილი თურმანიძის მალამო... დედით თავაძე ვარ და დედის გვარიც ძალიან მეამაყება. დედაჩემის ძალიან მადლიერი ვარ, ვინაიდან დიდი შრომა ჩადო ჩემს განათლებაში.

ფილმში "თოჯინები იცინიან" მთავარი როლის­ Dშემსრულებელი მსახიობი და რეჟისორი მერაბ­ თავაძე ჩემი ბიძაშვილია დედაჩემის მხრიდან. ჩვენ შორის დიდი ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, მერაბთან ყოველთვის მეგობრული ურთიერთობა მქონდა და დღემდე ასეა. მას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში. ფილმი "თოჯინები იცინიან" რომ გამოვიდა, მაშინ ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობდი. ჩვენებიდან მეორე დღე მოულოდნელად მერაბი სკოლაში გამომეცხადა. გერმანიიდან ახალი ჩამოსული იყო და საჩუქრები ჩამომიტანა. დღემდე მახსოვს: სათვალე, საათი, კომპასი და მხარზე გადასაკიდი საფულე-ჩანთა, რომელიც თმის სამაგრებით იყო სავსე. როგორც აღმოჩნდა, მერაბს სახლში­ არ დავხვდი, არადა, პირადად უნდოდა საჩუქრები გადმოეცა და ამიტომ მომაკითხა. უნდა გენახათ, მასწავლებლებისა და ბავშვების სახეები. ტელევარსკვლავი, რომელიც გუშინ ტელევიზორიით იხილეს, ცხადში გამოეცხადათ!

- თქვენც საბოლოოდ სამსახიობო ხელოვნებას გაჰყევით, მაგრამ სამსახიობო კარიერაზე უარი თქვით.

- კულტურული მემკვიდრეობის აღდგენა და გადარჩენა ჩემთვის მნიშვნელოვან საქმედ იქცა, ამ ეტაპზე ერთადერთი ოსტატი­ ვარ, ვინც დიპლიპიტოს ამზადებს. ამიტომ თავს ვალდებულად ვთვლი, რომ ამ საქმიანობას მივუძღვნა ჩემი რესურსები და დავტოვო თაობა, ვინც ამ ტრადიციას გააგრძელებს. ბოლო წლებია კულტურის სამინისტროს საგრანტო კონკურსში სამგზის გავიმარჯვე. ხალხური საკრავების ოსტატები თითზე ჩამოსათვლელები არიან და ამ ხალხს ხელშეწყობა სჭირდება.­ წინ კიდევ მაქვს გეგმა - მინდა სახელოსნო, რომელიც კულტურის სამინისტროს დახმარებით უკვე მაქვს, სრულად აღვჭურვო. მაგალითად, გამოსაწვავი ღუმელი მჭირდება, რათა თავად დავიწყო დიპლიპიტოს ქოთნების დამზადება. ქოთნები მოვხატო და მოვაჭიქურო ქართული ხალხური ორნამენტებით.

- ქალისათვის საკმაოდ რთულია ამაზე მუშაობა.

- ძალიან ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია: ტყავის დამუშავება, დაჭრა, თოკებად ქცევა, ქოთნების დამუშავება... ეს საკრავი თავდაპირველად ძველი საკოლექციო დიპლიპიტოს მიხედვით აღვადგინე­. ახლა კი 2, 3 და 4-ქოთნიან დიპლოპიტოებს ვამზადებ. აუცილებლად გავაკეთებ 8-ქოთნიანსაც ანუ მთლიანად ერთ ოქტავას. ამ ეტაპზე ვსწავლობ თიხაზე მუშაობას არაჩვეულებრივ პროფესიონალ ლევან გელოვნიშვილთან. დიპლიპიტო იგივე ნაღარაა, საომარი საკრავი, იყენებდნენ ნადირობის დროსაც, ახლა კი სათანმხლებო-საანსამბლო საკრავია. პოპულარიზაციისთვის დიპლიპიტოს სუვენირებსაც ვამზადებ. უცხოელები ამბობენ, რომ მსგავსი საკრავი არსად გვინახავსო.

- უახლოესი გეგმა რა გაქვთ?

- როგორც კი სახელოსნოს მოწყობას დავასრულებ, მოსწავლეებს მივიღებ. ვაპირებ რეგიონებში ვორქშოპების ჩატარებას და რეგიონულ კულტურის ცენტრებთან თანამშრომლობას. ძალიან მინდა სახელოსნო ტურისტულ სქემაში ჩავსვა - ტურისტები მესტუმრებიან ხოლმე, გაეცნობიან ამ ინსტრუმენტს და მის ისტორიას.

რუსუდან შაიშმელაშვილი